№ ას-1149-1105-2016 24 თებერვალი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს ვ" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს-ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - შპს „G"
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ. ს-იმ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ვ"-ისა და შპს „G"-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 252 536 ლარის გადახდა, ხოლო უძრავი ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ვ"-მ და შპს „G"-მა. ასევე, შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. ს-იმ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ვ"-ისა და შპს „G"-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გ. ს-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სარჩელის დაკმაყოფილებისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს ვ“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 252 536 ლარის გადახდა; გ. ს-ის სარჩელი შპს „G"-ისათვის თანხის დაკისრებისა და უძრავი ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანის თაობაზე მოპასუხეებს შორის 2012 წლის 20 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; ასევე, განაწილდა პროცესის ხარჯები; დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; შპს „G"-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ვ"-ისა და შპს „G"-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გ. ს-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ს-ის სარჩელზე შპს „G"-სათვის შპს ვ“-სთან ერთად სოლიდარულად თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა; გ. ს-ის შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს ვ"-სა და შპს „G"-ს შორის 2012 წლის 20 სექტემბერს დადებული გარიგება უძრავი ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანის თაობაზე; შპს ვ“-ს გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 252 536 ლარის გადახდა.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს ვ"-მ და შპს „G"-მა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის განჩინებით შპს ვ"-სა და შპს „G"-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
11. 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ვ"-ის წარმომადგენლმა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის მითითებით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელემ მისი წარმომადგენლის, ტ. ი-ის საშუალებით მოპასუხისგან მიიღო 24 696 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოპასუხეს აღნიშნული თანხა არ უნდა დაკისრებოდა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით შპს „ვ"-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა შპს ბათუმის მთავარი სამმართველოდან ტ. ი-ის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმიდან მასალების გამოთხოვისა და მოწმის სახით რ. ც-ის დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „ვ"-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემული საქმის არსებითად განხილვის დროისთვის ერთ-ერთ სადავო საკითხს წარმოადგენდა შპს „ვ“-ის მიერ გ. ს-ან ნაყიდი, 528 010 თურქული ლირის ღირებულების საქონლის ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის ფაქტი. ამ გარემოების დასადგენად შეფასდა საქმეში არსებული მტკიცებულებები: სალაროს გასავლის ორდერები, სადაც დაფიქსირებულია საწარმოს სალაროდან თანხის გაცემის ფაქტი; შპს „ბ“-ის აუდიტორული დასკვნა, სადაც დაფიქსირებულია, რომ 2010-2012 წლებში რ. და ჯ. ც-ე გაცემულია 740 638.97 ლარი, ასევე კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით დაბეჭდილი, არაქართულ ენაზე შედგენილი ხელმოუწერელი დოკუმენტი, რომლის ნამდვილობასაც არ დაეთანხმა გ. ს-ი.
14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება, რომ მას გადახდილი აქვს მოსარჩელისთვის 24 969 აშშ დოლარი, რასაც თავის დროზე თითქოსდა უარყოფდა მოსარჩელე, საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა მსჯელობის საგანი. ამასთან, იმ ფაქტზე, რომ გ. ს-ის გადასაცემი თანხის ნაწილი მიიღო მისმა წარმომადგენელმა ტ. ი-იმ, მოპასუხეს საქმის განხილვისას არ მიუთითებია და არც წარდგენილ განცხადებაში განუმარტავს, რამ შეუშალა ხელი ამ გარემოებაზე მიეთითებინა.
15. რაც შეეხება განცხადებაში აღნიშნულ მტკიცებულებებს - პოლიციაში გ. ს-სა და მისი წარმომადგენლის ტ. ი-ის გამოკითხვის ოქმებს, სადაც განმცხადებლის მითითებით, გამოკითხულმა პირებმა აღიარეს 24 696 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, პალატამ აღნიშნა, რომ ეს მტკიცებულებები (გამოკითხვის ოქმები) შეიქმნა 2016 წელს და უშუალოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის დროს არ არსებობდა. ამიტომ, გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნის განცხადებასთან ერთად წარდგენილი რომც ყოფილიყო, ვერ მიიჩნეოდა ახლად აღმოჩენილ მტკიცებულებად და ვერ გახდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია ასევე განმცხადებლის შუამდგომლობა ბათუმის მთავარი სამმართველოდან ტ. ი-ის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმიდან მასალების გამოთხოვისა და განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტების დადასტურების მიზნით მოწმის სახით რ. ც-ის დაკითხვის თაობაზე.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ვ"-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
17. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მისი მოთხოვნა ეფუძნებოდა საქმეში წარდგენილი ხელწერილის ასლს, რომლის შესაბამისად, 117 000 აშშ დოლარიდან გ. ს-ის ბუღალტერმა ჯამში მიიღო 24 969 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელწერილის დედანი ინახებოდა შსს ბათუმის სამმართველოში. სწორედ ამიტომ იშუამდგომლა განმცხადებელმა სამმართველოდან საქმის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლომ კი გვერდი აუარა ამ უმთავრეს მტკიცებულებას და დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
22. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და მესამე ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
24. აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
25. მითითებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე.
26. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ განმცხადებელმა, შპს „ვ“-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით და მოცემული განცხადებით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებულ თანხაზე 24 696 აშშ დოლარით ნაკლები თანხის დაკისრება. განმცხადებელი თავის პრეტენზიას აფუძნებს განცხადებაზე დართულ „ხელწერილის“ ასლზე, რომლის შესაბამისად, მისივე განმარტებით, მოსარჩელე გ. ს-ის ბუღალტერმა მიიღო აღნიშნული თანხა, რაც უნდა გამოკლებოდა გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებულ თანხას. განმცხადებლისვე განმარტებით, დოკუმენტის დედანი ინახება შსს ბათუმის სამმართველოში და არ ჰქონდა მისი მიღების უფლება, რის გამოც იშუამდგომლა მისი გამოთხოვის თაობაზე.
27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის მოსაზრებას, რომ განმცხადებლის მიერ განცხადებაზე დართული დოკუმენტის შინააარსის საფუძველზე არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი. დადგენილია, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე, რომელიც არ არის დათარიღებული, გაკეთებულია სხვადასხვა სახის ჩანაწერები - მითითებულია ციფრები, თარიღები და სახელები (იხ. ტ. 11, ს.ფ.5-6), თუმცა განცხადების ავტორს არ მიუთითებია, როგორ ადასტურებს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა ტ. ი-იმ მიიღო სწორედ ის თანხა, რომელიც გ. ს-ის მიმართ მოსარჩელის დავალიანებას შეადგენდა. დოკუმენტის შინაარსიდან აღნიშნული გარემოება არ ირკვევა. უფრო მეტიც, საერთოდ გაურკვევლია მოცემული დოკუმენტის წარმომავლობა და მასში ასახული თანხების მიზნობრიობა.
28. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც წარდგენილი დოკუმენტის შინაარსი არ ადასტურებს განმცხადებლის მოთხოვნის მართებულობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძველს მოკლებულია მხარის შუამდგომლობა მოცემული დოკუმენტის დედნის შესაბამისი ორგანოდან სასამართლოს მიერ გამოთხოვისა და მოწმის დაკითხვის შესახებ.
29. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა საქმის წარმოების განახლებას უშვებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს მხოლოდ ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე, რასაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს - განმცხადებლის მითითება, რომ მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს აღიარებული აქვთ მისთვის გარკვეული თანხის გადაცემის ფაქტი, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტით არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სათანადოდ დადასტურებულ იმგვარ გარემოებად, რომელიც მხარის სასარგებლოდ გავლენას მოახდენდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგზე.
30. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ადამინის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX).
31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ვ“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე