Facebook Twitter

№ ას-1160-1115-2016 24 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ჩ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. ბ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ჩ-ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველი დარჩა .

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 25 ნოემბერს, 13:00 საათზე სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დანიშნული იყო გ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა, რის თაობაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა როგორც აპელანტს, ასევე მოწინააღმდეგე მხარეს, თუმცა სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსთვის. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ბ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

7. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მან სასამართლო პროცესზე გამოცხადება ვერ შეძლო ავადმყოფობის გამო, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მისმა მეუღლემ, ნ. ძ-მა იმავე დღეს გააგზავნა სასამართლოში ფოსტის მეშვეობით. ამრიგად, საჩივრის ავტორის მოსაზრებით ის დაუძლეველი ძალა, რამაც ხელი შეუშალა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულიყო, სასამართლოს უნდა მიეჩნია საპატიოდ, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც სხდომაზე არც მოწინააღმდეგე მხარე გამოცხადდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

11. გასაჩივრებული განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის სხდომაზე მხარეთა, მათ შორის, აპელანტის (კერძო საჩივრის ავტორის გ. ბ-ის) გამოუცხადებლობა.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

14. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

15. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბერს სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეუძლებელი იყო დასწრებოდა პროცესს, რის თაობაზეც, განცხადების მეშვეობით, იმავე დღეს აცნობა სასამართლოს. განცხადება კი სასამართლოში მისმა მეუღლემ, ნ. ძ-მა გააგზავნა.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

17. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2016 წლის 25 ნოემბერს 13:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად ინფორმირებული იყო პროცესის მონაწილე ორივე მხარე - აპელანტი გ. ბ-ი და მოწინააღმდეგე მხარე ზ. ჩ-ი (იხ. ტ. 2, ს.ფ. 72-80), თუმცა როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა არც ერთი მხარე და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსთვის (იხ. ტ. 2, ს.ფ. 82-86), რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. თუმცა კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს 2016 წლის 28 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შესულ აპელანტ გ. ბ-ის განცხადებას სხდომის გადადების თაობაზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გ. ბ-ის განცხადება სასამართლოში თელავიდან ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა სხდომის დღეს, 2016 წლის 25 ნოემბერს (ეს ფაქტი ასევე დასტურდება კერძო საჩივრის ავტორის მიერ საჩივარზე დართული საქართველოს ფოსტის რეესტრის ამონაწერიდან, სადაც მითითებულია, რომ გზავნილი სააპელაციო სასამართლოში თელავიდან გაიგზავნა 2016 წლის 25 ნოემბერს, 13:43 საათზე, გამგზავნი ნინა ძამუკაშვილია (იხ. ტ. 2, ს.ფ. 100). ამრიგად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სხდომის გადადების შესახებ განცხადება აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში გააგზავნა 2016 წლის 25 ნოემბერს, როდესაც დანიშნული იყო სასამართლო პროცესი.

18. რაც შეეხება განცხადებაზე დართულ სამედიცინო ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (რის საფუძველზეც მოითხოვა აპელანტმა სხდომის გადადება), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წარდგენილი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, გ. ბ-მა სამედიცინო დაწესებულებას - შპს „თელავის რეფერალურ ჰოსპიტალს“ მიმართა 2016 წლის 25 ნოემბერს, 09:05 საათზე. სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული მოკლე ანამნეზის მიხედვით, ავადმყოფი უჩიოდა თავის ტკივილს, გულისრევას, დაბუჟების შეგრძნებას კიდურებში. ჩივილები დაეწყო გამთენიისას, ჰქონდა ღებინება, თუმცა შვება არ ჰქონია და მიმართა კლინიკას თვითდინებით. სამედიცინო ჰოსპიტალში შესვლისას დაფიქსირდა წნევა T/A 210/112; დაესვა დიაგნოზი - ჰიპერტონული კრიზი; ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა მწვავედ; პაციენტს ჩაუტარდა ჰიპოტენზიური და სიმპტომური მედიკამენტური მკურნალობა; სტანციონარიდან გაეწერა იმავე დღეს 11:50 საათზე; გაწერისას პაციენტს მიეცა რეკომენდაცია უბნის ექიმის ამბულატორიული მეთვალყურეობის, მკურნალობის ბინაზე გაგრძელებისა და ჰიპოტენზიური მედიკამენტების რეგულარულად მიღების თაობაზე (იხ. ტ. 2. ს.ფ. 95).

19. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

20. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომის ჩატარების დღეს, 2016 წლის 25 ნოემბერს აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად გაუარესდა, რომ მას დაესვა დიაგნოზი მწვავე ჰიპერტონული კრიზი, გაეწია მედიკამენტოზური მკურნალობა და ამასთან, მიეცა მკურნალობის ბინაზე გაგრძელების რეკომენდაცია, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ქმნის დასაბუთებულ საფუძველს ვარაუდისთვის, რომ აპელანტს არ ჰქონდა შესაძლებლობა თელავიდან გამოცხადებულიყო თბილისში დანიშნულ სასამართლო პროცესზე ან წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის მისი პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის (ჯანმრთელობის გაუარესების) თაობაზე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტმა თელავის სამედიცინო დაწესებულებას მიმართა დილის 09:05 საათზე და ჰოსპიტალი დატოვა იმავე დღის 11:50 საათზე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო პროცესი დანიშნული იყო 13:00 საათზე, ანუ სხდომამდე რჩებოდა დაახლოებით ერთი საათი, რა დროშიც ობიექტურად შეუძლებელი იქნებოდა პროცესზე მხარის გამოცხადება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემდა მას გადაადგილების შესაძლებლობას.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა უზრუნველყო მისი საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულება აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, დამატებით უნდა აღნიშნოს, რომ პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ მტკიცებულების სასამართლოში გაგზავნა სააპელაციო საჩივრის ავტორმა უზრუნველყო პროცესის დღესვე, 2016 წლის 25 ნოემბერს, 13:43 საათზე, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის პოზიციას გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და საქმის განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე