№ ას-1193-1153-2016 24 თებერვალი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ლ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჯ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზ. ლ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჯ-ის მიმართ კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის თაოაბზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის საოქმო განჩინებით ზ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2016 წლის 15 ნოემბერს 15:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ინფორმირებული იყო აპელანტი ზ. ლ-ე, თუმცა იგი პროცესზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები.
6. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. ლ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
7. კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე მას არ უცნობებია სასამართლოსთვის. საჩივრის ავტორის განცხადებით, მან სასამართლო პროცესის წინა დღეს, 2016 წლის 14 ნოემბერს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს (განცხადების სარეგისტრაციო ნომერი: 3/6064, 14.11.2016წ, 15სთ. 57წთ.), წარადგინა 2016 წლის 11 ნოემბერს გაცემული საავადმყოფო ფურცელი და მოითხოვა ავადმყოფობის მიზეზით სხდომის სხვა დროისთვის გადადება. შესაბამისად, არსებობდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული.
11. გასაჩივრებული განჩინებით ზ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 15 ნოემბერს 15:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
15. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ აპელანტს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ნოემბრის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი აქტით ტელეფონოგრამის გადაცემის შესახებ, დასტურდება, რომ თ. ც-ს, რომელიც ზ. ლ-ის მიერ მის სახელზე განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობის საფუძველზე იცავდა აპელანტის ინტერესებს სასამართლოში (იხ. ს. ფ. 84-86), განემარტა სხდომის უწყების შინაარსი და ეცნობა სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე (ს.ფ. 418).
16. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოში მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე, 2016 წლის 14 ნოემბერს მან შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ავადმყოფობის გამო სხდომის გადადება მოითხოვა. აღნიშნულის დასადასტურებლად საჩივრის ავტორი კერძო საჩივარს ურთავს სააპელაციო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების სარეგისტრაციო ბარათს #3/6064, ასევე, სამედიცინო დაწესებულება შპს „მედიკომი ლაღიძის 8“-ის ოჯახის ექიმის მიერ 2016 წლის 11 ნოემბერს გაცემულ საავადმყოფო ფურცელს (იხ. ს.ფ. 430-431).
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ 2016 წლის 16 დეკემბრის #2ბ/65-41-15 წერილს, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ხათუნა არევაძის თანაშემწე თამთა მიქაიამ ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კანცელარიას მიმართა განცხადებით და მოითხოვა შემოწმება, შესული იყო თუ არა მათთან 2016 წლის 14 ნოემბერს ზ. ლ-ის #3/6064 განცხადება (იხ. ს.ფ. 436). იმავე დღეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სექტორის სპეციალისტმა მოსამართლის თანაშემწეს აცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანცელარიაში 2016 წლის 14 ნოემბერს შევიდა ზ. ლ-ის #3/6064 განცხადება ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე მანანა ჩოხელის სახელზე 2016 წლის 15 ნოემბერს ჩანიშნული სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნით და აღნიშნული განცხადება გადაეცა მოსამართლე ჩოხელის თანშემწეს (იხ. ს.ფ. 437).
18. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
19. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ ზ. ლ-ემ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მისი სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით 2016 წლის 15 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომამდე წარადგინა რაიმე სახის განცხადება სასამართლო პროცესის გადადების მოთხოვნით, ხოლო მის მიერ კერძო საჩივარზე დართული განცხადების რეგისტრაციის ბარათით, ასევე საქმეში არსებული სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სექტორის სპეციალისტის განცხადების პასუხით დგინდება აღნიშნული განცხადების სხვა საქმეზე (ადმინისტრაციულ საქმეზე) წარდგენის ფაქტი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მისი საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულება არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე