№ ას-158-154-2016 10 თებერვალი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ. ხ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს კ-(მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ. ხ-ამ (შემდგომში „მოსარჩელე“, „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს კ-’-ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავალიანების, 150 000 აშშ დოლარისა და ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანის (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დავალიანების ძირითადი თანხის - 150 000 აშშ დოლარის 0,03 %-ის) ანაზღაურება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
2. 2006 წელს შპს „კ“-ს, ი. ა-ასა და ნ. ხ-ას შორის შედგა ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმად, მოპასუხის სახელით უნდა მომხდარიყო მოსარჩელის კუთვნილი თხილის ექსპორტი იტალიაში, რის შემდგომაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თხილის ღირებულება 150 000 აშშ დოლარი და მოგებული თანხის 50 %. შპს „კ“-მა ვერ უზრუნველყო მოსარჩელისთვის დაპირებული თანხის გადაცემა. აღნიშნულის შემდგომ, მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა მოპასუხის უძრავი ქონება, თუმცა 2014 წლის 9 ივნისის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, რადგან იგი მიჩნეულ იქნა იპოთეკის ხელშეკრულებად და მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ დავალიანება 150 000 აშშ დოლარი, მოპასუხის მიერ 2013 წლის თებერვლისთვისაც არ იყო გადახდილი. მოსარჩელის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით მან შეიტყო, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ ჰქონდა და რეალურად სახეზე იყო იპოთეკა. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, წარდგენილი სარჩელი არ იყო ხანდაზმული.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. კერძოდ, მხარეებს შორის დადებული იყო გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ დადგენილი მოთხოვნების დარღვევით. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, ვინაიდან ნივთის გადაცემას ჰქონდა ადგილი, თუმცა მოსარჩელე არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა მოგებული თანხის 50%, რადგან მხარეებს შორის პროცენტის გადახდა ხელშეკრულებით პირდაპირ არ ყოფილა განსაზღვრული.
4. მოპასუხის განცხადებით, ხელშეკრულების დადებიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია 3 წელზე მეტი, გარიგება კი განუსაზღვრელი ვადით არ დადებულა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
5. ზ-ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის საოქმო განჩინებით მოსარჩელე მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და განუხილველად იქნა დატოვებული წარდგენილი სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის გამოხმობის გამო.
6. ზ-ის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 150 000 აშშ დოლარის (გადახდის დღისათვის ეროვნულ ვალუტაში შესაბამისი კურსით) გადახდა.
7. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასჩივრა მოპასუხემ.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზ-ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. ზ-ში, მ.ს ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 2007 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულების, 150 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ქ. ზ-ში, მ.ს ქ. №...-ში (ს/კ ...) მდებარე 9 924.20 კვ.მ უძრავი ქონება.
11. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი:
ა) 2006 წელს მოპასუხეს, ი. ა-ასა და მოსარჩელეს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმად, მოპასუხის სახელით უნდა მომხდარიყო მოსარჩელის კუთვნილი თხილის ექსპორტი იტალიაში, რის შემდგომაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თხილის ღირებულება 150 000 აშშ დოლარი და მოგების 50 %;
ბ) მოსარჩელემ შეთანხმებისამებრ, 2006 წელში მოპასუხეს მიაწოდა პროდუქცია, რომლის ექსპორტი განხორციელდა იტალიაში, თუმცა მოპასუხის მიერ უცხოელი პარტნიორებისაგან პროდუქციის ღირებულების ამოღება ვერ მოხდა, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება 150 000 აშშ დოლარი;
გ) 2007 წლის 24 აგვისტოს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ, ქ. ზ-ში, მ.ს ქუჩა N...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები: ოფისი, ავტოპროფილაქტიკა და მაღაზია), რომლითაც დაიფარა რეალურად იმავე მხარეებს შორის შეთანხმებული იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც თხილის მიწოდების ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ფულადი ვალდებულების - 150 000 აშშ დოლარის შესრულებას უზრუნველყოფდა;
დ) 2008 წლის 3 ივნისს მოპასუხემ აიღო საბანკო კრედიტი სს „პროკრედიტბანკში“ 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა ზ-ში, მ.ს ქ. N...-ში იმ დროისათვის მოსარჩელის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომლის იპოთეკით დატვირთვას მოსარჩელე დათანხმდა მხოლოდ იმიტომ, რომ სესხად აღებული თანხით მოხდებოდა მისი დავალიანების გასტუმრება.
12. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოებულ სამოქალაქო დავაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 11 თებერვლის ხელწერილი წარმოადგენდა ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტს - მოპასუხის დირექტორის მიერ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში ქონების გამოთავისუფლების შესახებ გაფრთხილების მიღების დადასტურებას და არა ვალის აღიარების ხელშეკრულებას.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე კოდექის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში თხილის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ნასყიდობის საგნის საფასურის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის მომენტს წარმოადგენდა 2006 წელი, როდესაც ნ. ხ-ამ განახორციელა თხილის მიწოდება და ეს ვადა სრულდებოდა 2008 წელს, თუმცა როგორც მოპასუხემ მიუთითა, 2008 წელს, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა ვალდებულების შესრულების ახალი დრო, რაც დაკავშირებული იყო სს „პროკრედიტბანკიდან“ მოპასუხის მიერ საბანკო კრედიტის აღებასთან და რაც განხორციელდა კიდეც 2008 წლის 3 ივნისს. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ მისი ვალდებულება ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის თაობაზე არ შეასრულა.
14. ამდენად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გაყიდული თხილის ღირებულების 150 000 აშშ დოლარის გადაუხდელობისა და მისგან გამომდინარე უფლების დარღვევის თაობაზე მოსარჩელისთვის ცნობილი იყო 2008 წლის 3 ივნისს, როცა მოპასუხის მიერ აღებული საბანკო კრედიტის თანხა, როგორც თავად მოსარჩელე უთითებს, მას არ გადაცემია.
15. შესაბამისად, 2015 წელს წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა 2006 წელს გაყიდული თხილის ღირებულების - 150 000 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ ხანდაზმულად მიიჩნია.
16. პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის წერტილად მიჩნეულ იქნა მოპასუხის დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის ხელწერილით განსაზღვრული დრო - 2013 წლის 28 თებერვალი და აღნიშულთან დაკავშირებით განმარტა შემდეგი: მართალია, სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას ან თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში მითითებული ნორმებით გათვალისწინებულ გარემოებებს ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის ხელწერილი წარმოადგენდა მხოლოდ გაფრთხილების მიღების დადასტურებას (და არა ვალის აღიარებას).
17. რაც შეეხება შსს ზ-ის რაიონული სამმართველოს მიერ 2013 წლის 5 აპრილის N643793 გაფრთხილებით მოპასუხის მიმართ დაწყებულ ღონისძიებებს, პალატის განმარტებით, ისინი შეეხებოდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთას და არა ფულადი ვალდებულების შესრულებას. ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნა ხანდაზმულად ჩაითვლებოდა, ვინაიდან, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა შესაძლებელია მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არის გასული ხანდაზმულობის ვადა. მისი დასრულების შემდეგ, 2013 წელს განხორციელებული ნებისმიერი მოქმედებით კი ბუნებრივია შეწყვეტა ვეღარ მოხდებოდა.
18. პალატამ ასევე არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ თავისი უფლების დარღვევის თაობაზე შეიტყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, როდესაც მოპასუხის დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის ხელწერილი არ ჩაითვალა ვალის აღიარებად და დადგინდა, რომ იგი მხოლოდ გაფრთხილებას წარმოადგენდა და რომ ამ დრომდე მოსარჩელეს ობიექტურად არ გაუგია, რომ გააჩნდა უფლება მოპასუხისაგან მიეღო ვალი - 150 000 აშშ დოლარი.
19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მხარეთა შეთანხმებით ფულადი ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 3 ივნისი - სს „პროკრედიტბანკიდან” მოპასუხის მიერ საბანკო კრედიტის აღების თარიღი, ამ დროისათვის მოსარჩელისთვის უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო სახელშეკრულებო ვალდებულების ფაქტის დარღვევის თაობაზე და ამ დროიდან სამი წლის განმავლობაში შეეძლო მოეთხოვა ფულადი ვალდებულების იძულებითი შესრულება მოპასუხისაგან, რაც არ გაუკეთებია.
20. შესაბამისად, მისთვის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გავიდა 2011 წლის 3 ივნისს, ანუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოტანამდე და მოპასუხის დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის ხელწერილის შედგენამდეც.
21. პალატამ დამატებით მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები, მოსარჩელის მიერ კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება, ასევე ფაქტების არასათანადოდ შეფასება ვერ ჩაითვლებოდა ხანდაზმულობის ვადის გასვლით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძვლად. სასამართლოს მითითებით, ხანდაზმულობის საკითხის კვლევის ამგვარად გადაწყვეტა დადგენილი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკითაც (იხ. სუსგ №ას-547-515-2012, 11 ივნისი, 2012 წელი).
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ნ. ხ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
23. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება შემდეგი დასაბუთებით:
24. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის ასახული, თუ რატომ არ გაიზიარა სასამართლომ მოსარჩელის მიერ მითითებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საქმეზე #ას-45-44-2014 (23.02.2015წ), რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და მსგავს შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა არ იქნა მიჩნეული გაშვებულად. აღნიშნულ საქმესა და განსახილველ დავაში ფაქტობრივი გარემოებები იდენტურია, შესაბამისად, სამართლებრივი შეფასებაც იდენტური უნდა იყოს. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, განსახილველ სამართალურთიერთობას უფრო მეტად რატომ მიესადაგება უზენაესი სასამართლოს №ას-547-515-2012 განჩინებაში მოცემული შეფასება (რომელსაც დაეყრდნო სააპელაციო პალატა), ვიდრე მოსარჩელის მიერ მითითებული გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას ამ მხრივ, რის გამოც იგი არ არის საკმარისად დასაბუთებული.
25. კასატორის აზრით, განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის სააპელაციო სასამართლოს ამოცანა იყო დაედგინა როდიდან დაიწყო ხანდაზმულობის ვადის ათვლა, ვინაიდან აპელანტი შპს „კ“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობის ნაწილში ძირითადად ხანდაზმულობის ვადის დარღვევაზე მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ კი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განცხადების საფუძველზე მიიჩნია, რომ ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადა მხარეთა შორის განისაზღვრა 2008 წლის 3 ივნისით, როდესაც მოპასუხემ მიიღო იპოთეკური სესხი ნ. ხ-ას ქონების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების გზით, თუმცა ამ უკანასკნელისათვის თანხა არ მიუცია.
26. ზემოაღნიშნული გარემოებისა და იმ მოსაზრების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ თითქოს თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდნ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად და გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული, რაში გამოიხატა მოსარჩელის მხრიდან დაუდევრობა. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი დადგენილია ფაქტი, რომ მოსარჩელემ სწორედ ფულადი ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ მიიღო მოვალისაგან საკუთრებაში უძრავი ქონება, ანუ იმ მომენტისათვის დაიკმაყოფილა მოთხოვნა.
27. გადაწყვეტილება ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტის დადგომის შეფასების მხრივ არსებითად უსწოროა და ეწინააღმდეგება მსგავს საქმეზე დადგენილ სასამართლო პრაკტიკას.
28. კასატორი ყურადღებას ამახვილებს სუსგ #ას-45-44-2014 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეში მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის ადრე მოქმედ (2005 წ.) რედაქციაზე და აღნიშნა, რომ ამავე ნორმის მოქმედი რედაქციით კანონმდებელმა დაუშვა შესაძლებლობა, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, იპოთეკის საგანი გადაეცეს კრედიტორს საკუთრებაში. ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რაც განაპირობებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამოქალაქო ბრუნვის სფეროში. მოთხოვნის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კრედიტორს უქმნის რწმენას, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაშიც კი ამ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით შეძლებს საკუთარი მატერიალური უფლების დაცვასა და მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, ვალდებულების დარღვევისას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნას ამ ინსტიტუტის არსი და დანიშნულება, კერძოდ, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება უზრუნველყოფილი მოთხოვნის გარანტიას წარმოადგენს და მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი იკავებს ვალდებულების შესრულების ადგილს, რაც შეიძლება განხორციელდეს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების აუქციონზე რეალიზაციით მიღებული თანხის, ასევე ნივთის კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემით. ამდენად, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ფუნქცია შეუსრულებელი ვალდებულების შესრულებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვალისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრება უზრუნველყოფის საშუალებით ხორციელდება, ანუ მოვალის შესასრულებელ ვალდებულებას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ჩაანაცვლებს ( იხ.სუსგ №ას-1300-1320-2011).
29. ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, განსახილველი დავისა და შესაბამისად, ხანდაზმულობის საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ნასყიდობის ხელშეკრულების სწორი სამართლებრივი შეფასება და საქონლის მიწოდების ხელშეკრულებასთან ერთობლიობაში მისი განხილვა. მოსარჩელემ საქონლის მიწოდების ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებით დაიცვა საკუთარი მატერიალური უფლება და მის საკუთრებად აღრიცხა მოვალის კუთვნილი ქონება, შესაბამისდ მან იმ პერიოდისთვის დაიკმაყოფილა საქონლის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა. მოსარჩელისთვის სუბიექტურად, საქონლის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების დარღვევის თაობაზე ცნობილი გახდა, როდესაც გაუქმდა მისი საკუთრების უფლება უზრუნველყოფის საგანზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის აზრით, ხანდაზმულობის ვადის დენის საკითხი დაკავშირებულია მხარეთა შორის 2007 წლის 24 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარმოებული დავის შედეგთან. ვინაიდან მოსარჩელემ საქონლის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაიკმაყოფილა მოვალის ქონების ხარჯზე (იპოთეკის საგნით), ამ მოცემულობაში მას სესხის თანხის მოთხოვნის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. მას შემდეგ რაც გაბათილდა კრედიტორის საკუთრების უფლება უზრუნველყოფის საგანზე, სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშვა მას უფლება მოეთხოვა მოვალისაგან სესხის დაბრუნება. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული მსჯელობა სრულ შესაბამისობაშია დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად უსწოროა, ემყარება ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას და არასწორად განმარტავს ხანდაზმულობის ვადის დადგენასთან დაკავშირებულ სამოქალაქო კოდექსის ნორმების შინაარსს, რის გამოც არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით ნ. ხ-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
31. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
33. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზიების შესწავლით დასტურდება, რომ მხარე არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის განმარტებას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაწყების თაობაზე და თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რადგან მოთხოვნის ვადის დასაწყისს წარმოადგენს მოთხოვნის დადგომის ობიექტური ფაქტორი, რომელიც განსახილველ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან უნდა იქნას ათვლილი და არა სს „პროკრედიტ ბანკიდან“ მოპასუხის მიერ საბანკო კრედიტის აღების დღიდან - 2008 წლის 3 ივნისიდან.
34. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის შეფასების მიზნით ყურადღებას მიაქცევს საპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
35. 2006 წელს მოპასუხეს, ი. ა-ასა და მოსარჩელეს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმად, მოპასუხის სახელით უნდა მომხდარიყო მოსარჩელის კუთვნილი თხილის ექსპორტი იტალიაში, რის შემდგომაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თხილის ღირებულება 150 000 აშშ დოლარი და მოგების 50 %;
36. მოსარჩელემ შეთანხმებისამებრ, 2006 წელში მოპასუხეს მიაწოდა პროდუქცია, რომლის ექსპორტი განხორციელდა იტალიაში, თუმცა მოპასუხის მიერ უცხოელი პარტნიორებისაგან პროდუქციის ღირებულების ამოღება ვერ მოხდა, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება 150 000 აშშ დოლარი; აღნიშნული თანხა მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია.
37. 2007 წლის 24 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება შპს „კ“-ის საკუთრებაში არსებულ ქ. ზ-ში, მ.ს ქუჩა N...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები: ოფისი, ავტოპროფილაქტიკა და მაღაზია), რომლითაც დაიფარა რეალურად იმავე მხარეებს შორის შეთანხმებული იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც თხილის მიწოდების ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ფულადი ვალდებულების - 150 000 აშშ დოლარის შესრულებას უზრუნველყოფდა.
38. 2008 წლის 3 ივნისს მოპასუხემ აიღო საბანკო კრედიტი სს „პროკრედიტბანკში“ 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა ზ-ში, მ.ს ქ. N...-ში იმ დროისათვის მოსარჩელის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომლის იპოთეკით დატვირთვას მოსარჩელე დათანხმდა მხოლოდ იმიტომ, რომ სესხად აღებული თანხით მოხდებოდა მისი დავალიანების გასტუმრება.
39. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2007 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება იყო თვალთმაქცური გარიგება და იგი ბათილად იქნა ცნობილი. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით რეალურად დაიფარა მხარეებს შორის შეთანხმებული იპოთეკის ხელშეკრულება.
40. საკასაციო სასამართლო საკვანძო საკითხის სწორად შეფასების მიზნით მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს შემდეგს: სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ამასთან, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.
41. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად 2008 წლის 3 ივნისის (როდესაც მოპასუხემ მიიღო იპოთეკური სესხი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი ქონება) მიჩნევის თაობაზე და მიუთითებს შემდეგს:
42. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2007 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით (რომლითაც მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადავიდა მოსარჩელის საკუთრებაში) რეალურად დაიფარა იპოთეკის ხელშეკრულება. შესაბამისად, ეს ორი ხელშეკრულება უნდა შეფასდეს ერთობლიობაში და სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამოყენებული უნდა იქნას იპოთეკის ხელშეკრულების მიმართ მოქმედი წესები. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება გაბათილდა, მაგრამ არ გაბათილებულა იპოთეკის ხელშეკრულება.
43. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, შემდეგი: „მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რაც განაპირობებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამოქალაქო ბრუნვის სფეროში. მოთხოვნის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კრედიტორს უქმნის რწმენას, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაშიც კი, ამ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით შეძლებს საკუთარი მატერიალური უფლების დაცვასა და მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, ვალდებულების დარღვევისას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნას ამ ინსტიტუტის არსი და დანიშნულება, კერძოდ, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება უზრუნველყოფილი მოთხოვნის გარანტიას წარმოადგენს და, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი იკავებს ვალდებულების შესრულების ადგილს, რაც შეიძლება განხორციელდეს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების აუქციონზე რეალიზაციით მიღებული თანხის, ასევე ნივთის კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემით. ამდენად, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ფუნქცია შეუსრულებელი ვალდებულების შესრულებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვალისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრება უზრუნველყოფის საშუალებით ხორციელდება, ანუ მოვალის შესასრულებელ ვალდებულებას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ჩაანაცვლებს“ (იხ. სუსგ №ას–1300–1320–2011, 27 მარტი, 2012 წელი).
44. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ (კრედიტორმა) საქონლის მიწოდების ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებით დაიცვა საკუთარი მატერიალური უფლება და მოპასუხესთან (მოვალესთან) გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში აღირიცხა მოვალის (მოპასუხის) ქონება. შესაბამისად, მოსარჩელემ (კრედიტორმა) იმ პერიოდისთვის დაიკმაყოფილა მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა.
45. ამრიგად იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და გაუქმდა მოსარჩელის (კრედიტორის) საკუთრების უფლება უზრუნველყოფის საგანზე, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განსახილველ დავაში მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის დენის საკითხი დაკავშირებულია მხარეთა შორის სწორედ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარმოებულ დავის შედეგთან, ვინაიდან სუბიექტურად მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების დარღვევის თაობაზე მოსარჩელისთვის (კრედიტორისთვის) ცნობილი გახდა სწორედ ამ დროიდან. შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ვინაიდან მოსარჩელემ მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაიკმაყოფილა მოვალის ქონების ხარჯზე (იპოთეკის საგნით), ამ მოცემულობაში მას მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის მოთხოვნის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. ხოლო მას შემდეგ, რაც გაბათილდა კრედიტორის საკუთრების უფლება უზრუნველყოფის საგანზე, მოსარჩელეს წარმოეშვა მოვალისთვის სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება.
46. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს საკასაციო პრეტენზიას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მისი ათვლა უნდა დაიწყოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ თავისი დარღვეული უფლების შესახებ შეიტყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით, ხოლო სარჩელი მიწოდების ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში წარადგინა 2015 წლის 7 მაისს, რაც მისი მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის შესაძლებლობას გამორიცხავს.
47. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობა ხანდაზმულობის საკითხზე სრულ შესაბამისობაშია უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საქმეებზე დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. სუსგ №45-44-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).
48. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში პრაქტიკის სახით მითითებულ უზენაესი სასამართლოს განჩინებას საქმეზე №ას-547-515-2012 (11 ივნისი, 2012 წელი), რომლსაც იგი დაეყრდნო ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება არსებითად განსხვავდება წინამდებარე დავის გარემოებებისგან. კერძოდ, დადგენილია, რომ მითითებულ საქმეში მოსარჩელე ითხოვდა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევის გამო მოპასუხისთვის (საკასაციო საჩივრის ავტორი) პირგასამტეხლოს დაკისრებას, მოპასუხე კი მიუთითებდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხის საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული. საკითხის შეფასებისას სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: მხარეთა შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 2006 წლის 25 დეკემბერი; ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდა; ვალდებულება შესრულდა დაგვიანებით; 2009 წლის 28 დეკემბერს საქართველოს კონტროლის პალატის მიერ გაიცა ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელის ვალდებულება საჯარიმო სანქციის სახით პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ; აღნიშნული ვალდებულება მოპასუხის მიერ არ შესრულებულა.
49. საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ უფლების დარღვევის თაობაზე შეიტყო საქართველოს კონტროლის პალატის მიერ საჯარიმო სანქციის სახით მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ აქტის შედგენის დღიდან და მიიჩნია, რომ აღნიშნული აქტის შედგენის დროისთვის მოსარჩელისთვის უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტის თაობაზე. საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ დარღვეული უფლების თაობაზე შეიტყო მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ვადის გასვლისთანავე, რადგანაც ამ დროისთვის შემკვეთს მენარდისგან შეთანხმებული შესრულება მიღებული ობიექტურად არ ჰქონდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებთ, სასამართლომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიიჩნია ხელშეკრულების შესრულების ბოლო დღე - 2006 წლის 25 დეკემბერი.
50. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებულ საქმეში მოცემული გარემოებები არსებითად განსხვავდება წინამდებარე დავისაგან, სადაც ხანდაზმულობის საკითხის სწორად გადაჭრისათვის მნიშვნელოვანია სწორედ კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების არსებობის ფაქტი, რაც უზრუნველყოფილი მოთხოვნის გარანტიას წარმოადგენს და მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იკავებს ვალდებულების შესრულების ადგილს. სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ საქმეში კი მსგავსი გარემოებები არ იკვეთებოდა, რამაც განაპირობა კიდეც წარდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევა.
51. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც საკასაციო სასამართლო გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას, იგი არსებითად ამოწმებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მათი სამართლებრივი შეფასების მართებულობას.
52. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხისათვის თხილის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 150 000 აშშ დოლარს. ამასთან, დადგენილია, რომ აღნიშნული თანხის მოსარჩელისთვის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
53. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
54. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
55. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნით წარდგენილ სარჩელებში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და ის გარემოება, რომ დადგა ვალდებულების შესრულების დრო, ხოლო მოპასუხის მტკიცების ტვირთს საწინააღმდეგოს დადასტურება წარმოადგენს.
56. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა მიწოდების ხელშეკრულება. შესაბამისად, ამ ურთიერთობის შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნას მოცემულ ურთიერთობასთან შინაარსობრივად ყველაზე ახლოს მდგომი მატერიალური ნორმა - სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
57. განსახილველ დავაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა პროდუქცია - თხილი, რომლის ექსპორტი განხორციელდა იტალიაში, თუმცა მოპასუხის მიერ უცხოელი პარტნიორებისაგან პროდუქციის ღირებულების ამოღება ვერ მოხდა, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება 150 000 აშშ დოლარი; აღნიშნული თანხა მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია. შესაბამისად, არსებობს ვალდებულების შესრულების მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
58. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
59. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო პალატის მიერ მართებულად არის დადგენილი საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, საკასაციო საჩივარი კი მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას ემყარება, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თავად მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.
60. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ას საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
61. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილებით კი დადგენილია, რომ ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
62. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რა სასარჩელო მოთხოვნა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს შპს „კ-ს“ მოსარჩელე ნ. ხ-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - სულ 9000 ლარის ანაზღაურება, ხოლო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. შპს „კ“-ს ნ. ხ-ას სასარგებლოდ დაეკისროს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის (გადახდის დღისთვის ეროვნულ ვალუტაში შესაბამისი კურსით) გადახდა;
5. მოპასუხე შპს „კ“-ს (ს/კ: ...) დაეკისროს ნ. ხ-ას (პ/ნ: ...) სასარგებლოდ მის მიერ პირველი ინსტანციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 9000 (ცხრა ათასი) ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე