№ ას-697-668-2016 9 თებერვალი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ა-ა" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მ" ( მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს მ"-მ (შემოდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ა-ის" (შემდგომში „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. მოპასუხემ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
3. მოპასუხის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 13 ივლისს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს მ"-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ა-ას" შპს მ"-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6 850 ლარის გადახდა.
4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოპასუხეს სარჩელზე შესაგებლის წარდგენისათვის დაუნიშნა 10 (ათი) დღის ვადა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა 2015 წლის 29 ივნისს სასამართლოში წარადგინა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც ირკვეოდა, რომ გზავნილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოპასუხე შპს ა-ის“ თანამშრომელმა ჩაიბარა 2015 წლის 18 მაისს (რაც დასტურდებოდა გზავნილზე თანამშრომლის ხელმოწერით). შესაბამისად, მას შესაგებელი სასამართლოში უნდა წარედგინა 2015 წლის 28 მაისის ჩათვლით.
8. სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარემ შესაგებელი სასამართლოს წარუდგინა დანიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 10 ივნისს, ანუ ცამეტი დღის დარღვევით.
9. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ შესაგებლის ვადის დარღვევით წარდგენა გამოწვეული იყო სარჩელის არაუფლებამოსილი პირისათვის, ორგანიზაციის ერთ-ერთი ოპერატორისთვის ჩაბარებით, რომელმაც გვიან გადასცა დირექტორს აღნიშნული გზავნილი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარის განმარტებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიაში, როგორც წესი, ოპერატორი იბარებდა შემოსულ კორესპოდენციას, თუმცა ამ შემთხვევაში მან დააგვიანა კორესპოდენციის გადაცემა საწარმოს დირექტორისთვის. აღნიშნული გარემოება სასამართლომ არ მიიჩნია იმგვარ საპატიო მიზეზად, რის გამოც შესაძლებელი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და დაასკვნა, რომ გზავნილი მხარისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული წესის დაცვით იყო ჩაბარებული.
10. რაც შეეხება აპელანტის არგუმენტს, რომ სასამართლოს უნდა გამოეკვლია მოსარჩელე იყო თუ არა სათანადო პირი და არსებობდა თუ არა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებლად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველ მოსამართლეს გამოაქვს ამგვარი გადაწყვეტილება.
11. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა საპატიო მიზეზის გამო შესაგებლის ვადაში წარუდგენლობის ფაქტი. ამასთან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა აპელანტმა შპს ა-ა" და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13. კასატორის განცხადებით, სარჩელი ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, რომელმაც დაგვიანებით გადასცა იგი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, რამაც გამოიწვია შესაგებლის დაგვიანებით წარდგენა. შესაბამისად, მხარემ ვერ შეძლო მისთვის კონსტიტუციითა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპის განხორციელება.
14. საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოარკვია, მართლა არსებობდა თუ არა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებები. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე არ ირკვევა, რა პრინციპით მოხდა ზიანის ოდენობის დათვლა. ამრიგად, ამ ნაწილში განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შპს ა-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი უთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. კასატორი მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის ორი საფუძვლით: 1) მის მიერ შესაგებლის დაგვიანებით წარდგენა გამოიწვია სარჩელისა და თანდართული საბუთების არაუფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებამ, ვინაიდან გზავნილი ჩაიბარა ორგანიზაციის ოპერატორმა, რომელმაც გვიან გადასცა იგი ხელმძღვანელობას და 2) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს.
21. კასატორის პირველ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: შპს მ“-ის სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2015 წლის 18 მაისს. წერილობითი შესაგებლის წარსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა (2015 წლის 28 მაისის ჩათვლით) (იხ. ტ. 1. ს.ფ. 27, 39-40), თუმცა მას დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
22. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
23. საკასაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
25. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს და არც კასატორს წარმოუდგენია საწინააღმდეგო პრეტენზია (შედავება) იმასთან დაკავშირებით, რომ გზავნილის მიმღები პირი იყო ორგანიზაციის ოპერატორი, რომელიც, როგორც წესი, იბარებდა კომპანიაში შესულ კორესპონდეციას, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში მან დააგვიანა კორესპონდეციის გადაცემა საწარმოს დირექტორისთვის, რაც შესაგებლის დაგვიანებით წარდგენის მიზეზი გახდა.
26. საკასაციო სასამართლო კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას ვერ მიიჩნევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზეპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
27. დასახელებული ნორმის ანალიზით ჩანს, რომ კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს. ნორმის ამ ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად ჩამოთვლის იმ პირთა ვინაობის ზოგად დასახელებას, რომელთაც უფლება აქვთ შეტყობინება ჩააბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან.
28. საკასაციო პალატის განმარტებით, მიუხედავად გზავნილის მიმღები პირის თანამდებობისა, ის ფაქტი, რომ მხარე შრომით ურთიერთობაში იმყოფება შპს „ა-თან“ (რაც კასატორს სადავოდ არ გაუხდია), სწორედ მისი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის სუბიექტად მიჩნევის წინაპირობაა და სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ბარათზე ამ პირის მიერ ხელის მოწერა სასამართლოს აძლევს სრულ შესაძლებლობას, მხარე ჩათვალოს ინფორმირებულად და განახორციელოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.
29. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გზავნილის ჩამბარებელი პირი –არ წარმოადგენდა გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს, ვერ იქნება გაზიარებული.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა.
31. კასატორის მეორე პრეტენზია სარჩელის უსაფუძვლობას შეეხება. კერძოდ, კასატორი განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მის მიერ მოსარჩელისთვის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რა ხერხით მოხდა ზიანის დათვლა.
32. კასატორის აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკითხი იმის შესახებ თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები რა მტკიცებულებებით დასტურდება და საერთოდ შეასრულეს თუ არა ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, წარმოადგენს არსებითი მსჯელობის ეტაპზე და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველ საკითხს, ვინაიდან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, საქმის განმხილველ მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
33. მოცემულ შემთხვევაში წარდგენილ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელესა (შპს მ“) და მოპასუხეს (შპს „ა-ა) შორის 2012 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ აიღო ქ. თბილისში, უ-ის ქ. ...-ში მდებარე ობიექტის დაცვის ვალდებულება. 2014 წლის 7 ივნისს ღამით მოხდა ქურდობა და მაღაზიიდან მოიპარეს სხვადასხვა ღირებულების ანტიკვარული საათები, რომელთა ღირებულება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენით შეფასდა 6 850 ლარად. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მოპასუხეს ევალებოდა ინციდენტის შემთხვევაში ოპერატიული ჯგუფის ობიექტზე გაგზავნა სათანადო რეაგირებისათვის, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის, 6 850 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
34. როგორც უკვე აღინიშნა, სარჩელში მითითებული გარემოებები დადასტურებულად მიიჩნევა და ისინი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან სახეზეა ყველა ის მოცემულობა, რაც განსახილველ დავაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
35. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ თავად მოპასუხის მიერ დაგვიანებით წარდგენილი შესაგებლით შპს ა-ა“ სადავოდ არ ხდიდა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს, სარჩელს ნაწილობრივ ცნობდა და მიუთითებდა მხარეთა შორის მიღწეულ სიტყვიერ შეთანხმებაზე ზარალის ანაზღაურების შესახებ (იხ. ტ. 1, .ს.ფ. 29-36). ამრიგად, კასატორის მითითება, რომ არ დასტურდება მის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ეწინააღმდეგება მის მიერვე შესაგებელში მითითებულ პოზიციას და უსაფუძვლოს ხდის განცხადებას, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწილში საპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის დასაბუთებული და მასში არ არის მოცემული მსჯელობა სარჩელის იურიდიული დასაბუთების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არსებითად სწორია, რაც მისი გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობაზე მიუთითებს.
37. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, რადგან არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის საპროცესო სამართლებრივი შედეგები (იხ. სუსგ № ას-317-302-2015, 17 ივნისი, 2015 წელი; №ას-1082-1032-2014, 30 ივლისი, 2015 წელი; №ას-535-509-2013, 24 მარტი, 2014 წელი).
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 342.50 ლარის 70% – 239.75 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ა-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს შპს ა-ა“ (ს/კ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს №12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 342.50 ლარის 70% – 239.75 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე