Facebook Twitter

№ ას-533-499-2017 23 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჩ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. ჩ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და საშვებულებო თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გამოუყენებელი შვებულების თანხის 153 (ას ორმოცდაცამეტი) ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

6. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

7. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მისთვის დაკისრებული 153 ლარის ნაწილში და აღნიშნული თანხა 1000 ლარზე ნაკლებია, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სსიპ შემოსავლების სამსახურმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

9. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საშვებულებო თანხის დაკისრების შესახებ არის კანონშეუსაბამო და სააპელაციო საჩივრით სწორედ აღნიშნული იყო სადავოდ გამხდარი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხე ორგანიზაციაში არ უმუშავია 11 თვე, რაც მას საშვებულებო თანხის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას მისცემდა. სასამართლომ არასწორად გამოიყენა აღნიშნული ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა და არ შეაფასა, არსებული დავის ფარგლებში ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს საერთოდ შვებულებით სარგებლობის უფლება. შესაბამისად, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება განუხილველად დაეტოვებინა წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.

10.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

14. გასაჩივრებული განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.

15. საკასაციო სასამართლო სავსებით ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული პრინციპი - სასამართლო ხელმისაწვდომობა, როგორც უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება მხოლოდ კანონისმიერ, ლეგიტიმურ შეზღუდვას ექვემდებარებოდეს (სსსკ 2.2 მუხლი). ამგვარ შეზღუდვებს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შეუძლებლობა, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება.

19. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ჩ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და საშვებულებო თანხის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საშვებულებო თანხის - 153 (ას ორმოცდაცამეტი) ლარის გადახდა. სწორედ ამ ნაწილშია გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად არასწორად გამოიყენა საშვებულებო თანხის ანაზღაურების მარეგულირებელი კანონმდებლობა, აღნიშნული ქმნიდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს. საჩივრის ავტორის ეს მოსაზრება უსაფუძვლოა და არ შეიძლება გაზიარებულ იქნას, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება და არა მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული საშვებულებო თანხის მართებულობა. შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს კერძო საჩივრის დავის საგანს, მან უნდა შეამოწმოს მართებულად იხელმძღვანელა თუ არა სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის სასარგებლოდ 153 (ას ორმოცდაცამეტი) ლარის დაკისრების შესახებ, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას (რადგან დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს) რაც ამ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე