საქმე№ას-594-553-2017 23 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. მ-ე, ქ. მ-ე, ვ. მ-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. დ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის აღებისა და უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
დ. დ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის, ქ. მ-ის და ვ. მ-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის აღებისა და უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის დავალდებულების თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით დ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ-ემ, ქ. მ-ემ და ვ. მ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით ნ. მ-ის, ქ. მ-ის და ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე #2-1712/15 შ. მ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის აღების დავალდებულების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. დ-ის სარჩელზე ნ. მ-ის, ქ. მ-ის, ვ. მ-ის მიმართ შ. მ-ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის აღების დავალდებულების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო; სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. მ-ემ, ქ. მ-ემ და ვ. მ-ემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის, ქ. მ-ისა და ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ 5 (ხუთი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული და ამავე კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის – 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
საპროცესო ვადის დადგენის შესახებ განჩინება კასატორებს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება რომ, კორესპოდენცია 2017 წლის 8 ივნისს ჩაბარდა ვ. მ-ეს (ტ.2. ს.ფ.264-265).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2017 წლის 9 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 13 ივნისს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. მ-ის, ქ. მ-ისა და ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური