№ ას-655-626-2016 17 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – უ. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უ. კ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ-ის (შემდგომში „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხისა და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის თანახმად, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2010 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხევში მდებარე უძრავი ქონება. ნასყიდობის თანხა განისაზღვრა 70 000 აშშ დოლარით. იმავე დღეს მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა 30 000 აშშ დოლარი, დანარჩენი 40 000 კი მოპასუხეს მისთვის უნდა გადაეხადა 2011 წლის მაისის ბოლოს.
3. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხემ მას სთხოვა, რომ ესესხებინა 40 000 აშშ დოლარი გარკვეული დროით და მოთხოვნის უზრუნველყოფით, რომელსაც ნასყიდობის ხელშეკრულებიდან დარჩენილ 40 000 აშშ დოლართან ერთად დააბრუნებდა 2011 წლის მაისის ბოლოსთვის. ამრიგად, მხარეთა შორის 2010 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 40 000 აშშ დოლარზე, რომლითაც ასევე განისაზღვრა ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%-ის გადახდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 40 000 აშშ დოლარის და სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 40 000 აშშ დოლარის, ასევე პირგასამტეხლოს, 120 000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელისთვის სრულად ჰქონდა გადახდილი ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. რაც შეეხება სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტს, მოპასუხემ უარყო მოსარჩელისგან თანხის მიღება და განმატა, რომ 2010 წლის 19 დეკემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებით უ. კ-ემ, პირიქით, მისგან ისესხა თანხა. ხელშეკრულებაშიც გამსესხებლად სწორედ მოპასუხეა მითითებული, ხოლო მოსარჩელე ცდილობს ხელშეკრულებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა (სადაც სახელებია არეული) გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მიიჩნია, რომ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე ცდილობდა უსაფუძვლოდ გამდიდრებას.
5. მოპასუხემ ასევე მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან გასულია სამ წელზე მეტი, შესაბამისად, დარღვეულია სახელშეკრულებო ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა შეამცირა 35 000 აშშ დოლარამდე.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 35 000 აშშ დოლარი; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის 40 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 120 000 აშშ დოლარის დაკისრებაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 521.5 ლარის ანაზღაურება.
8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის შუამდგომლობა აპელანტ ნ. კ-ის (მოპასუხე) გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა; ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის თანხის 40 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 20 000 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 2357.1 ლარის ანაზღაურება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 73-ე, 74-ე მუხლებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 30 მაისს დანიშნული სასამართლო სხდომის უწყება ნ. კ-ს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, არსებობდა მისი გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური წინაპირობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის საჭირო იყო კიდევ ერთი პირობის არსებობა, კერძოდ, აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში უ. კ-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ნ. კ-ისათვის სესხის თანხის 40 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 120 000 აშშ დოლარის დაკისრებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ როცა სესხის თანხა შეადგენს 40 000 აშშ დოლარს, მოთხოვნილი პირგასამტეხლო 120 000 აშშ დოლარი, იყო შეუსაბამოდ მაღალი და ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირებულიყო 20 000 აშშ დოლარამდე.
11. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და სასამართლო ხარჯები გადაწყვეტილების შეცვლილი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრა. ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯის, 3000 ლარის ანაზღაურება.
12. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით ნ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2016 წლის 30 მაისს 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე მხარეები ინფორმირებული იყვნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ უწყების ჩამბარებელი პირი არ იყო მისი ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი ან მასთან მცხოვრები პირი. საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გზავნილის მიმღებს, ქეთევენ კ-ს ადრე არაერთხელ ჩაბარდა სხდომის უწყება და საქმის მასალები, რასაც მოჰყვა მხარის მიერ შესაბამისი რეაგირება. შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული პოზიცია.
15. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში ნ. კ-ს სასამართლოსთვის არ უცნობებია მისამართის შეცვლის თაობაზე, შესაბამისად, მას უწყება გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ უწყება ჩაიბარა ადრესატის ოჯახის წევრმა (ბიძაშვილმა) ქ. კ-მა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ. კ-ს სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით.
16. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ აპელანტის საქართველოში არყოფნის გამო, როდესაც მისი წარმომადგენელი დაუკავშირდა სასამართლოს, აცნობეს, რომ სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2016 წლის 31 მაისს. სააპელაციო პალატამ აღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით საჩივრის ზეპირ განხილვაზე, 2016 წლის 20 ივნისის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხა მოსამართლის თანაშემწე, რომელმაც აღნიშნული ინფორმაციის გაცემა უარყო.
17. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის საფუძველზე დამტკიცებულად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. შესაბამისად, არსებობდა მისი ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. კ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
19. კასატორის განცხადებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მისთვის სასამართლო უწყების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაბარების ფაქტი. სასამართლომ ქ. კ-ი მიიჩნია ადრესატის ოჯახის წევრად, აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას კი დაეყრდნოი მხოლოდ გზავნილზე არსებულ ჩანაწერს და დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საქმეში წარდგენილი წერილი, რომელშიც ქ. კ-ი განმარტავს, რომ მას არ უცნობებია მხარისთვის სხდომის დღის შესახებ ერთის მხრივ, თავისი მძიმე მდგომარეობისა და მეორეს მხრივ, ადრესატის ქვეყანაში არყოფნის გამო, რის შესახებაც განუმარტა კიდეც კურიერს. შესაძლოა ქ. კ-ს არაერთხელ ჩაბარდა უწყება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი მხარის ნათესავია, აღნიშნული ბინა ეკუთვნის ნ. ჩ-ას, ნ. კ-ის შვილს და ქ. კ-ის ოჯახი დროებით ჩამოდის ხოლმე მასთან, რადგან მისი შვილიშვილი მკურნალობს თბილისში. ამასთან, თუნდაც სასამართლოს მიეჩნია, რომ უწყება ჩაბარდა ოჯახის წევრს, ფაქტია, რომ მისი შინაარსი ადრესატამდე არ მისულა (ვინაიდან ნ. კ-ი იმყოფებოდა საზღვარგარეთ). შესაბამისად, იგი ვერ აცნობებდა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზებს, ამიტომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით და გამოუცხადებლობა მიეჩნია საპატიოდ. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აპელანტს ჰყავდა წარმომადგენელი, რომელიც დაუკავშირდა სასამართლოს სასამართლო პროცესის თარიღის გარკვევის მიზნით. მას განუმარტეს, რომ სხდომა დანიშნული იყო 2016 წლის 31 მაისს, 12:00 საათზე, ხოლო როდესაც დათქმულ დროს გამოცხადდა სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწემ განუმარტა, რომ წინა დღეს იმავე საათზე ჩატარდა სხდომა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა გარემოება იმის შესახებ, თითქოს სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა მოსამართლის თანაშემწემ უარყო მხარისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება. მან დაადასტურა, რომ ხშირი კონტაქტი ჰქონდა წარმომადგენელთან, თუმცა არც დაადასტურა და არც უარყო ზემოაღნიშნული ფაქტი.
20. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, დაუსაბუთებელია ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ფაქტობრივი გარემოებების შეფასებასთან დაკავშირებით. სასამართლო ფაქტობრივ გარემოებად მიუთითებს სესხის ხელშეკრულების არსებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია მისი ყველა არსებითი პირობა. რომც მივიჩნიოთ, რომ იგი არსებობდა, ეს ფაქტი, მაინც ვერ გახდება სამართლებრივი შეფასებით მოთხოვნის დადასტურების საფუძველი, ვინაიდან სასამართლომ გვერდი აუარა ერთ მნიშვნელოვან გარემოებას - თანხის გადაცემის ფაქტს, რაზეც ვერც მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ მას გაუორმაგა დაკისრებული თანხა.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 აგვისტოს განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განჩინებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
23. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
25. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს, კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.
27. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა 387-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტი; ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ გარემოებათა კუმულაციურად არსებობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოიტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა, გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატამ ასევე უნდა შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი სხვა გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ 233-ე მუხლის პირველი ნაწილი).
28. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 30 მაისს 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის უწყება აპელანტ ნ. კ-ს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა მის მიერვე საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ძმ. ზ-ის ქ. ... - და ჩაბარდა ქ. კ-ს (ოჯახის წევრს). ჩაბარების დამადასტურებელ გზავნილზე კომენტარის სახით მითითებულია, რომ აღნიშნული პიროვნება არის ადრესატის ბიძაშვილი (იხ. ტ. 2, ს.ფ. 89).
29. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ (მეორე აპელანტმა) იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რის საფუძველზეც საქმეზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარზე უარის თქმისა და უ. კ-ის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
30. მოცემულ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ სახეზეა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური წინაპირობები - სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 30 მაისს, 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. განსახილველ დავაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების ფარგლებში არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები.
31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
32. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე იგი მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლო უწყება ჩაბარდა პირს, რომელიც არ იყო მისი ოჯახის წევრი ან ნათესავი.
33. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბრების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამდენად, ზემოთ დასახელებული საპროცესო ნორმებიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ ადრესატის ოჯახის წევრისთვის შეტყობინების დატოვება სრულ შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს მხარე ჩათვალოს ინფორმირებულად და განახორციელოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება (იხ. სუსგ №ას-125-119-2013, 20 მაისი, 2013 წელი).
34. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ საფოსტო შეტყობინება სასამართლომ გააგზავნა სწორედ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ძმ. ზ-ის ქ. ... და 2016 წლის 30 მაისს დანიშნული სხდომის უწყების შინაარსი აცნობა ქ. კ-ს, რომელიც გზავნილში მ. კ-ის ოჯახის წევრად (ბიძაშვილად) არის მითითებული (იხ. ტ. 1, ს.ფ. 89). საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ იმავე მისამართზე სასამართლო მოხელის მიერ გაგზავნილი შეტყობინებებით მ. კ-ს მისი ოჯახის წევრის (ბიძაშვილის) ქ. კ-ის მეშვეობით არაერთხელ ეცნობა სხვა სასამართლო სხდომების თაობაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 43, 76), რაც მას სადავოდ არასდროს გაუხდია. ამრიგად, დადასტურებულია, რომ მ. კ-ის სახელზე გაგზავნილი უწყების მიღების ყოველ ჯერზე გზავნილის მიმღები, ქ. კ-ი იღებდა ვალდებულებას ადრესატისთვის ეცნობებინა უწყების შინაარსი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორის მითითება ქ. კ-ის ახსნა-განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც ქ. კ-ი განმარტავს, რომ მან კურიერს უარი განუცხადა გზავნილის მიღებაზე, ვერ მიიჩნევა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან აღნიშნული არგუმენტი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მხარის ინფორმირება სხდომის დანიშვნის თაობაზე. შესაბამისად, დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია სასამართლო სხდომაზე მისი კანონით დადგენილი წესით მოუწვევლობის შესახებ.
36. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებდა უ. კ-ის სასარჩელო (სააპელაციო) მოთხოვნას.
37. ვინაიდან საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს აპელანტის (უ. კ-ის) მოწინააღმდეგე მხარის (ნ. კ-ის) სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, კვლავ მიუბრუნდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმას, რომლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სასამართლო დაემყარება მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნიშნავს არა სარჩელში მითითებული გარემოებების ავტომატურად დადგენილად მიჩნევას, არამედ იმის შემოწმებას, სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებებით (მათი დადგენილად მიჩნევით) გაბათილდება თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი სადავო ნაწილის დასკვნები, რომლებიც აპელანტის წინააღმდეგ არის მიმართული. ანუ სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას მხედველობაში უნდა მიიღოს აპელანტის ახსნა-განმარტება (რომელიც შეიძლება არც იყოს მოსარჩელე), ხოლო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით აპელანტის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს (ანუ აპელანტი მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე). ამ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასება არ ხდება, და მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო.
38. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც უ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის თანხის დაკისრების ნაწილში), მოსარჩელემ გაასაჩივრა დაუკმაყოფილებელ ნაწილში და მოითხოვა სესხის ძირითადი თანხისა 40000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს, 120 000 აშშ დოლარის (ჯამში 160 000 აშშ დოლარის) მოპასუხისთვის დაკისრება. აპელანტმა საჩივარში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: 1) 2010 წლის 19 დეკემბერს მასსა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 40 000 აშშ დოლარზე; სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2011 წლის მაისის ბოლომდე. 2) ხელშეკრულება ითვალისწინებდა ასევე პირგასამტეხლოზე შეთანხმებას; 3) მოვალემ ხელშეკრულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად; 4) სულ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი ჰქონდა 160 000 აშშ დოლარი (სესხის ძირი თანხა 40 000 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.3% - 120 000 აშშ დოლარი).
39. სააპელაციო საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებების გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა სააპელაციო მოპასუხეს (მ. კ-ს), მაგრამ ვინაიდან იგი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, ამიტომ ასეთ შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს პრეზუმფცია, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო. ასეთ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად (დამტკიცებულად) უ. კ-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რომლებიც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იურიდიულად ამართლებდნენ აპელანტის მოთხოვნას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მითითება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის თანხის გადაცემის ფაქტის დაუდასტურებლობის პირობებში სასამართლოს არ ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სცდება მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების ფარგლებს.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე, 387-ე მუხლებით, ამასთან, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივრის შემოწმებისას აპელანტის მიერ მოთხოვნილი შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (120 000 აშშ დოლარი) მართებულად შეამცირა 20 000 აშშ დოლარამდე, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
41. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
42. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივარში მოცემული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას დაუსაბუთებელია და იგი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონიერად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მართებულად დატოვა იგი ძალაში. შესაბამისად, მ. კ-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
44. რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
45. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ნ. კ-ის მიერ წარდგენილი განცხადებების ასლები, გ. კ-ის პირადობის მოწმობის ასლები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 2016 წლის 13 ოქტომბრის განცხადების პასუხი, საფოსტო კონვერტის ასლები, უზენაესი სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების სარეგისტრაციო ბარათის ასლი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწის 2016 წლის 1 ოქტომბრის #2ბ/1984-10 განცხადების პასუხი), მთლიანობაში „11“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 193-195, 197-200, 202-205).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. კასატორ ნ. კ-ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (თბილისის სააპელაიო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ნ. კ-ის მიერ წარდგენილი განცხადებების ასლები, გ. კ-ის პირადობის მოწმობის ასლები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 2016 წლის 13 ოქტომბრის განცხადების პასუხი, საფოსტო კონვერტის ასლები, უზენაესი სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების სარეგისტრაციო ბარათის ასლი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწის 2016 წლის 1 ოქტომბრის #2ბ/1984-10 განცხადების პასუხი), მთლიანობაში „11“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 193-195, 197-200, 202-205);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე