Facebook Twitter

საქმე №ას-18-16-2017 6 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – დ. გ-ი (სავარაუდო მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. მ-ი (სავარაუდო მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისისა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ხ. მ-მა განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და განმარტა, რომ აპირებდა სარჩელის აღძვრას დ. გ-ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მასში მითითებული, შეუსაბამოდ მაღალი, პირგასამტეხლოს გამო. განმცხადებელმა მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და 2015 წლის 8 მაისს ნოტარიუს მერი მერაბიშვილის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელის მოქმედების შეჩერება.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით ხ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილისა და 19 მაისის განჩინებები და განმცხადებლის მოთხოვნა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; ნოტარიუს მ. მ-ის მიერ 2015 წლის 8 ივნისს გაცემულ #151270454 სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით, კერძო აღმასრულებლის - ე. ღ-ის წარმოებაში არსებულ #A15042537 სააღსრულებო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა წარმოება.

5. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის უფლება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების თაობაზე ლეგიტიმური იყო და შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესს. სასამართლოს აზრით, თუ არ შეჩერდებოდა აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება, იმ სანოტარო აქტისა თუ მოქმედების ლეგიტიმურობაზე მსჯელობას, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა იგი, შეიძლებოდა აზრი დაკარგვოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად და სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად მიიჩნია.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მოწინააღმდეგე მხარემ, დ. გ-მა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისის განჩინება და აღნიშნული განჩინების უცვლელად დატოვების თაობაზე იმავე სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინება.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლით განსაზღვრულია უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურა. კერძოდ, 1971 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამდენად, უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე საპროცესო კანონი ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია 1971 მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც მითითებას აკეთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლზე, სადაც ერთმნიშვნელოვანი დათქმაა ზემდგომი სასამართლოს განჩინებით საქმის განხილვის დასრულებაზე (419-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

11. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო 2016 წლის 25 ივლისის განჩინება. შესაბამისად, აღნიშნული განჩინება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს დ. გ-ის საჩივრის განხილვისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინებების კანონიერების შემოწმების საფუძველი. შესაბამისად, წარდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისისა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებების გაუქმების შესახებ დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე