№ ას-438-420-2016 6 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. მ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე მიშენება-დაშენების ან/და არსებითი გაუმჯობესების ხარჯების საბაზრო ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2014 წლის 19 მარტს გ. მ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. მ-ის (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოითხოვა საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10%-ის მოპასუხისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა.
2. მოსარჩელის ახსნა-განმარტების შესაბამისად, 1947 წლის 26 თებერვლის წერილობითი შეთანხმებით, ზ. მ-მა გ. მ-ს 12 000 მანეთის სანაცვლოდ მიჰყიდა სახლთმფლობელობა - მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 17,44 კვ.მ საცხოვრებელი ოთახი, რომელშიც დღემდე ცხოვრობენ გ. მ-ის მემკვიდრეები. მოსარჩელე სარგებლობს აღნიშნული საცხოვრებელი ფართით და იხდის ყველანაირ კომუნალურ გადასახადს, რის საფუძველზეც ითხოვს ქონებაზე საკუთრების უფლების მიღებას.
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო და თანხმობა განაცხადა დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10%-ის სანაცვლოდ მოპასუხისთვის საკუთრების უფლების გადაცემაზე.
4. 2014 წლის 12 ივნისს მოსარჩლემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ მისმა პაპამ მოპასუხის პაპისგან შეიძინა არსებული სახლთმფლობელობის მხოლოდ ერთი, 17.44 კვ.მ ოთახი. ახლანდელი სახლთმფლობელობა კი აშენებულია მის მიერ. ოთახის ამჟამინდელი ღირებულება საექსპერტო დასკვნის შესაბამისად შეადგენს 10 000 აშშ დოლარს, რომლის 10%-ის, 1000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის გადახდის სანაცვლოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის საკუთრების უფლების გადაცემა.
5. მოპასუხემ დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნაზე წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისთვის შეთავაზებული თანხა იყო მიუღებელი. ასევე შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მიუთითა, რომ ქ. თბილისში, უ-ის მე-... შეს. #...-ში მდებარე სადავო ქონების ერთი კვ.მ, აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, შეფასდა 400 აშშ დოლარად. ამრიგად, ვინაიდან, მხარეთა შორის შეთანხმება ვერ მოხდა, იგი მზად იყო, ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ, მოსარჩელისთვის გადაეხადა საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 90%. შესაბამისად, მოითხოვა, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მოსარჩელისთვის მფლობელობის უფლების შეწყვეტა.
6. შეგებებულ სარჩელზე შესაგებელი წარადგინა გ. მ-მა, სარჩელი ნაწილობრივ ცნო საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 90%-ის განსაზღვრის ნაწილში, თუმცა შეგებებული სარჩელის ავტორს არ დაეთანხმა კომპენსაციის თანხის განსაზღვრაში, რაც ერთ კვ.მ-ზე შეადგენდა 400 აშშ დოლარს. მისი განმარტებით, ე. მ-ის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნის მონაცემები ეწინააღმდეგებოდა მისი მოთხოვნით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მონაცემებს.
7. გ. მ-მა ასევე დაზუსტებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხისთვის საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობის შეწყვეტისთვის გაწეული ხარჯების (17.44 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულების 90%-ის - 9000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 17 280 ლარის), ასევე მის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენებისა და არსებითი გაუმჯობესების ხარჯის (87 638.68 ლარის), ჯამში 104 918 ლარის დაკისრება.
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნა, რასაც ემყარება მისი მოთხოვნა, წარმოდგენს არა საკვლევი ობიექტის რეალურ საბაზრო ღირებულებას, არამედ მისი ინტერესია მოპასუხემ გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებაა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. მ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და დადგინდა გ. მ-ისათვის 17,44 კვ.მ ფართის ღირებულების, 6 976 აშშ დოლარის 90 %-ის - 6 278 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის სანაცვლოდ ე. მ-ისთვის სადავო საცხოვრებელი სადგომის გამოთავისუფლებელ მდგომარეობაში გადაცემა; გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ე. მ-ს გ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საცხოვრებელი სადგომის გაუმჯობესების ხარჯის - 87 638.68 ლარის გადახდა.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ საცხოვრებელი სადგომის არსებითი გაუმჯობესების ხარჯის დაკისრების ნაწილში და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სადგომზე მიშენება-დაშენება და არსებითი გაუმჯობესება აწარმოა მოსარგებლე გ. მ-მა. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი სადავოდ ხდიდა მისთვის გაუმჯობესების ხარჯის 87 638.68 ლარის გადახდის დაკისრებას და განმარტავდა, რომ სასამართლომ გაუმჯობესების ხარჯის განსაზღვრისას გაიზიარა დამოუკიდებელ ექსპერტ დ. მ-ის 2015 წლის 9 იანვრის დასკვნა და არა ასევე თავად გ. მ-ის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2014 წლის 1 დეკემბრის დასკვნა, რომლითაც ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 77 080.93 ლარი.
13. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტი მიუთითებდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნებს შორის არსებულ წინააღმდეგობაზე, თუმცა მას ექსპერტიზის დასკვნა არსებითი გაუმჯობესების ხარჯის დადგენის მიზნით სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
14. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2014 წლის 29 დეკემბერს მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2014 წლის 1 დეკემბერის დასკვნის შესაბამისად, ქ. თბილისში, უ-ის ... შესახვევი №...-ში მის მიერ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების (მიშენება, დაშენება, გაუმჯობესების) ღირებულება, ჩატარებული აზომვითი სამუშაოების და 2014 წლის III კვარტლის დონეზე არსებული სამშენებლო რესურსების ფასების გათვალისწინებით დღგ-სა და ნორმატიული დანარიცხების ჩათვლით, შეადგენდა 77 080.93 ლარს.
15. 2015 წლის 14 იანვარს წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელზე მოსარჩელის მიერ დართული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის დ. მ-ის 2015 წლის 9 იანვრის დასკვნის თანახმად კი, ქ. თბილისში, უ-ის ... შესახვევი №...-ში მის მიერ ჩატარებული სამუშაოების (მიშენება, დაშენება, გაუმჯობესების) საბაზრო ღირებულება შეადგენდა 87 638.68 ლარს.
16. სასამართლომ წარდგენილი დასკვნების ურთიერთშეჯერებით დადგენილად მიიჩნია, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის დ. მ-ის 2015 წლის 9 იანვრის ექსპერტიზის დასკვნა არათუ ეწინააღმდეგებოდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2014 წლის 1 დეკემბრის დასკვნას, არამედ ემყარებოდა მას. ამასთან, აღნიშნული დასკვნით დამატებით შეფასდა წარმოებული ფარული სამუშაოების სახეები და ღირებულება.
17. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ადგილმდებარეობიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულების სპეციფიკა და სატრანსპორტო, თუ გაუთვალისწინებელი ხარჯების ოდენობა, რამაც სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის პირველი 1 დასკვნით განსაზღვრულ ღირებულებასთან ერთად მთლიანობაში შეადგინა 87 638,68 ლარი.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული არსებითი ხარჯების ოდენობა მართებულად განსაზღვრა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის დ. მჭ-ის 2015 წლის 9 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.
19. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ე. მ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
20. კასტორის აზრით, სააპლაციო სასამართლომ დასაბუთების გარეშე გაიზიარა ინჟინერ-ექსპერტ დ. მ-ის დასკვნა, რომელიც ეხებოდა გ. მ-ის მიერ წარდგენილი ფარული სამუშაოების სახეებსა და მოცულობებს. გაურკვეველია, თუ რითი დაასაბუთა მან დ. მ-ის მიერ დამატებითი სამუშაოების წარმოების დადასტურების ფაქტი.
21. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია სასამართლოს მიერ მოხსენიებული ექსპერტიზის დასკვნის შეფასების კანონიერება. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, დაფარულ სამუშაოებად ითვლება ისეთი სამშენებლო კონსტრუქციული სამუშაოები, რომლებიც დასრულებულ მდგომარეობაში სხვა მასალებით ან გრუნტით არის დაფარული (მაგ: ბეტონში მოქცეული არმატურა), შესაბამისად გაურკვეველია, თუ როგორ განისაზღვრა ფარული სამუშაოები და ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით განმარტებული წესის მიხედვით, როგორ შეიძლებოდა მათი შესრულებისა და ღირებულების ექსპერტის მიერ განსაზღვრა მხოლოდ დაინტერესებული პირის განმარტების საფუძველზე.
22. ამასთან, კასატორის აზრით, მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს მოსაზრება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლით დადგენილ, მოსარგებლის მიერ განხორციელებულ მიშენება-დაშენებაში შედის თუ არა ის სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიჩნეულია უკანონო მშენებლობად, ვინაიდან 2014 წლის 8 აპრილის დადგენილებით ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა გ. მ-ი და მისი მეუღლე სადავო ობიექტზე განხორციელებული უკანონო მიშენება-დაშენებისათვის დააჯარიმა, რაზეც, აპელანტის პრეტენზიის მიუხედავად, სააპელაციო პალატას არ უმსჯელია.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინებით ე. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე უკვე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ№ას-305-292-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; №ას-1227-1172-2013, 23 მაისი, 2014 წელი; №ას-455-434-2015, 24 ივნისი, 2015 წელი, რომლებიც შეეხება მოსარგებლის უფლებას აინაზღაუროს მის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ან/და არსებითი გაუმჯობესების ხარჯები (სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი); ასევე სუსგ №ას-1396-1317-2012, 25 იანვარი, 2015 წელი, რომლის შესაბამისად, წინამდებარე დავის წარმოშობის დროს მოქმედი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროში ექცევა მოსარგებლის მიერ სადავო საცხოვრებელ სადგომზე განხორციელებული უკანონო მიშენება-დაშენებები).
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე