№ ას-526-502-2016 1 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ბ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ ი-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა და სადავო ქონების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ. ბ-მა (შემდგ-ში „მოსარჩელე“, „საკასაციო საჩივრის ავტორი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ ი-ის (შემდგ-ში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა და მის სახელზე რეგისტრაცია.
2. მოსარჩელის ახსნა-განმარტების შესაბამისად, იგი ხაშურის რაიონის სოფ. გ-ში მდებარე 1502.9 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს და უვლის 1982 წლიდან. 2013 წლის 27 აგვისტოს გაცემული #979 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე აღნიშნული ნაკვეთი მოსარჩელეს გადაეცა საკუთრებაში. ხაშურის მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდგ-, გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა მოსარჩელე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა 1982 წლის 6 ივნისს გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.
3. 2013 წლის 31 ოქტომბერს მოპასუხემ განცხადებით მიმართა ხაშურის საკრებულოს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გაუქმება. აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 ნოემბრის #11 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მის სახელზე 2013 წლის 27 აგვისტოს გაცემული #979 საკუთრების უფლების მოწმობა. მოსარჩელემ აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს, თუმცა 2015 წლის 22 მაისის განჩინებით საქმეზე შეწყდა წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.
4. მოსარჩელის აზრით, ვინაიდან მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მოხდა უფრო ადრე, ვიდრე მოპასუხის სახელზე, უპირატესობა უნდა მინიჭებოდა პირველად რეგისტრაციას, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო ქონების მესაკუთრედ მისი ცნობის საფუძველი.
5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთს 1982 წლის 6 ივნისის ანდერძით ვერ მიიღებდა, რადგან მისი ბებია გარდაიცვალა სწორედ 1982 წლის 6 ივნისს და შესაბამისად, ანდერძში ვერ მოიხსენიებდა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა მოპასუხის გარდაცვლილ მეუღლეს, გ. ბ-ს, რომელმაც იგი მიიღო 1992 წელს. მოპასუხის განცხადებით, 2000 წლის 2 მაისის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთის გ. ბ-ისთვის ჩამორთმევაზე უსაფუძვლობის გამო. შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მართებულად ცნო ბათილად მოსარჩელის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა.
6. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს №979 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე გ. ბ-ს საკუთრებაში გადაეცა ხაშურის რაიონის სოფელ გ-ში მდებარე 1502.9 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
9. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 15 ნოემბრის №11 გადაწყვეტილებით განმცხადებლის, ნ ი-ის მიერ წარდგენილი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძელზე ბათილად იქნა ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2013 წლის 27 აგვისტოს გ. ბ-ის სახელზე გაცემული №979 საკუთრების უფლების მოწმობა.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ბ-მა გაასაჩივრა სასამართლოში. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განჩინებით სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ბ-ს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე წარმოეიშვა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს №979 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 15 ნოემბრის №11 გადაწყვეტილებით გაუქმებულია. აღნიშნულ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილ სარჩელზე კი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განჩინებით შეწყდა წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობდა უძრავ ქონებაზე გ. ბ-ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ბ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
13. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, მას ბებიამ უანდერძა უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც მოიცავდა სადავო მიწის ნაკვეთსაც. სასამართლომ კი არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ აღნიშნული ნაკვეთი ვერ გახდებოდა ანდერძის საგანი. სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა, რომ ვინაიდან 2013 წლის 27 აგვისტოს გაცემული #979 საკუთრების უფლების მოწმობა ამჟამად გაუქმებულია, აღარ არსებობს სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი.
14. საქართველოს კონსტიტუციით საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. ამასთან, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრეა რეგისტრირებული.
15. კასატორის განცხადებით, სასამართლომ ასევე არასწორი შეფასება მისცა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებას, ვინაიდან აღნიშნულ საქმეში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა გ. ბ-ი, ხოლო დავის საგანი მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა იყო. ამრიგად, ამ საქმეში განსხვავებული დავის საგანი და მხარეები იყვნენ.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათს არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იძენს უდავოობისა და სავალდებულოობის თვისებას და მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ აქვთ უფლება სადავო გახადონ აღნიშნული გადაწყვეტილებით უკვე დადგენილი ფაქტები.
21. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ერთ სამოქალაქო საქმეზე დადგენილ ფაქტებს სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, სადაც იგივე მხარეები მონაწილეობენ პრეიუდიციულ მნიშვნელობას ანიჭებს (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). სსსკ 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 მაისის კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული ფაქტები (რასაც დაამყარა გადაწყვეტილება), ვინაიდან განსახილველი დავის მხარეები და სასარჩელო მოთხოვნა განსხვავდება კანონიერ ძალში შესულ გადაწყვეტილებაში ასახული მხარეებისა და დავის საგნისაგან.
23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებულ პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ როგორც საქმეში არებული კანონიერ ძალაში შესული ხაშურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ირკვევა, მოსარჩელე გ. ბ-ი (რომელიც ასევე მოსარჩელეა წინამდებარე დავაში) წარდგენილი სამოქალაქო სარჩელით ითხოვდა გ. ბ-ის (რომელიც წინამდებარე დავაში მოპასუხედ მითითებული ნ ი-ის აწ/გარდაცვლილი მეუღლეა) საკუთრებაში არსებული სწორედ იმ მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას, რომლის მესაკუთრედ ცნობასაც განსახილველი სარჩელით ითხოვს მოსარჩელე. სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც გ. ბ-ის უფლებამონაცვლეს მოცემულ დავაში წარმოადგენს მოპასუხე ნ ი-ი, ხოლო დავის საგანია მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების მესაკუთრედ ცნობა, რომლის კანონიერი მესაკუთრეობის უფლება აღიარებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს წინამდებარე დავის მიმართ პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს არ აქვს საპროცესო შესაძლებლობა იმჯელოს მოსარჩელის საკუთრების უფლების კანონიერებაზე, რადგან ეს საკითხი სხვა სამოქალაქო დავის პირობებში უკვე გადაწყვეტილია.
24. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქმეში არსებულ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განჩინებაზე, რომლის შესაბამისად, გ. ბ-ის სარჩელზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების აღიარების კომისიის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც გაუქმდა მოსარჩელის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა, შეწყდა წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
25. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მიიჩნიეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომლის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი კასატორს ეკისრებოდა. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ და პირიქით. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას იმის თაობაზე, თუ რატომ არ უნდა იქნას გაზიარებული ზემოთ ხსენებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები, რომლის შესაბამისად, უდავოა, რომ გ. ბ-მა დაკარგა საკუთრების უფლება ხაშურის რაიონის სოფ. გ-ში მდებარე 1502.9 კვ.მ სადავო მიწის ნაკვეთზე.
26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-648-615-2014, 27 აპრილი, 2015 წელი; სუსგ №ას-324-309-2016, 10 იანვარი, 2017 წელი).
28. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ გ. ბ-ს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს გი. ჩ-ის (პ/ნ: ...) მიერ 2016 წლის 2 ივნისს №10322012 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე