Facebook Twitter

№ ას-1171-1126-2016 1 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – თ. მ-ე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ა. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მოძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ. მ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შემოსავლების სამსახურის (შემდგომში „მოპასუხე“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“), აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროსა და ა. გ-ის მიმართ და მოითხოვა მოძრავი ნივთის, ავტომობილ „ოპელ ფრონტერას“ (გამოშვების წელი - ..., სარეგისტრაციო ნომერი - ..., მაღალი გამავლობის, ფერი - რუხი) მესაკუთრედ ცნობა და აღნიშნული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

2. სარჩელის თანახმად, 2014 წლის 21 თებერვალს ა. გ-ემ 800 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოსარჩელეს საკუთრებაში გადასცა ავტომანქანა „ოპელ ფრონტერა“, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებს არ გაუფორმებიათ. იმავე დღეს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით ავტომანქანა მართვისა და განკარგვის უფლებით განუსაზღვრელი ვადით გადაეცა მოსარჩელეს.

3. ა. გ-ის საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის მიზნით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სადავო ავტომანქანას დაედო ყადაღა და აუციონის წესით მიექცა სარეალიზაციოდ.

4. მოსარჩელის განცხადებით, მინდობილობის გაფორმებისას მასსა და ა. გ-ეს შორის ფაქტობრივად დაიდო ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად, არსებობდა მისი მესაკუთრედ ცნობისა და ქონების ყადაღისგან გათავისუფლების საფუძველი.

5. წარდგენილი შესაგებლით იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოცემულ საქმეში იგი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს.

6. შემოსავლების სამსახურმა წარდგენილი შესაგებლით ასევე არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ქონება კანონის შესაბამისად დაყადაღდა, ვინაიდან იგი წარმოადგენდა არა მოსარჩელის, არამედ ა. გ-ის საკუთრებას. მოსარჩელეს სადავო ავტომანქანა არ ჰქონდა აღრიცხული და რეგისტრირებული მის სახელზე, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის #150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით სავალდებულოა, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ ფლობის ფაქტი არ არის საკმარისი მასზე საკუთრების უფლების დასადგენად.

7. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხედ იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო, ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოსარჩელე ცნობილ იქნა ავტომობილის „ოპელ ფრონტერა“ (გამოშვების წელი -..., სარეგისტრაციო ნომერი - ..., მაღალი გამავლობის, ფერი - რუხი) მესაკუთრედ; ყადაღა მოეხსნა და შეწყდა სააღსრულებო წარმოება აღნიშნული ავტომანქანის მიმართ.

8. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ ა. გ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით 2014 წლის 24 სექტემბერს დაყადაღდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა ,,ოპელ ფრონტერა“ სახელმწიფო ნომრით „....“, გამოშვების წელი - ....

11. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნული ავტომანქანა მოსარჩელემ ა. გ-ისგან შეიძინა 2014 წლის 21 თებერვალს და იმავე დღეს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე ა. გ-ემ (საკუთრების მიმნდობი) მართვის და განკარგვის, მათ შორის, ავტომანქანის საკუთარ სახელზე გადაფორმების უფლებით, განუსაზღვრელი ვადით გადასცა ავტომანქანა მოსარჩელეს (მინდობილ მესაკუთრეს). ამდენად, სადავო მოძრავი ნივთი დაყადაღების მომენტში წარმოადგენდა თ. მ-ის საკუთრებას.

12. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 148-ე, 149-ე მუხლებით და განმარტა, რომ ავტომანქანა წარმოადგენს რა მოძრავ ნივთს, მასზე უნდა გავრცელდეს ამ კატეგორიის ნივთებთან დაკავშირებული საკუთრების გადაცემის სამართლებრივი რეჟიმი და შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლის მომენტის განსაზღვრის საკითხი (ანუ კერძო-სამართლებრივი შედეგი - სანივთო უფლების წარმოშობის მომენტი) უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსით მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესის შესაბამისად.

13. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოცემული ნორმის შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი, ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. გ-ემ ავტომანქანა მიჰყიდა თ. მ-ეს. სადავო არ იყო ისიც, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ზეპირი გარიგების დადების შემდეგ თ. მ-ეს პირდაპირ მფლობელობაში გადაეცა ავტომანქანა და დაიწყო ამ ნივთით სარგებლობა. ამდენად, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების საგანსა და ნასყიდობის ფასზე. სადავოს არ წარმოადგენდა ის გარემოებაც, რომ მყიდველმა ნასყიდობის საფასური სრულად გადაიხადა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ არსებობდა მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისთვის აუცილებელი ორივე წინაპირობა (ნამდვილი უფლება და ნივთის გადაცემა).

14. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ, მართალია, კანონით დადგენილია სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, თუმცა აღნიშნული თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ არის სამოქალაქოსამართლებრივი აქტი, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება. აღნიშნული მსჯელობა სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ. სუსგ #ას-143-139-2016, 22 აპრილი, 2016 წელი; სუსგ#ას-914-954-2011, 27 ოქტომბერი, 2016 წელი).

15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დგინდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ავტომანქანაზე, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი მესაკუთრედ ცნობისა და ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შემოსავლების სამსახურმა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

17. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ა. გ-ის ქონებას - ავტომანქანა „ოპელ ფრონტერას“, რომელზე საკუთრებაც დგინდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ამონაწერით. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 31 იანვრის #150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-7 მუხლის თანახმად, მესაკუთრე ან მოსარგებლე ვალდებულია განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობის შემთხვევაში რეგისტრაცია უფლების წარმოშობიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. ამრიგად, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების უფლება აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის ორგანოში, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია.

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია, თუმცა ამავე მუხლის მე-2 ნაწილი იქვე მიუთითებს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. ამასთან, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლი იმპერატიულად ადგენს სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების წესს და მას უკავშირებს სატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას. ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე რეალურად წარმოადგენდა ავტომანქანის მესაკუთრეს, მას უნდა შეესრულებინა კანონის მოთხოვნა და ავტომანქანა დაერეგისტრირებინა თავის სახელზე.

19. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები სადავო ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დასადგენად. მხარის მიერ წარდგენილი მინდობილობა კი, რომლის საფუძველზეც ა. გ-ემ თ. მ-ეს მართვის და განკარგვის უფლებით განუსაზღვრელი ვადით გადასცა სადავო ავტომანქანა, არ არის მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის საკმარისი სამართლებრივი საფუძველი.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

24. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონის 91 მუხლის არასწორად განმარტების თაობაზე და მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომელიც ადგენს მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესს, სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების შეძენისათვის სავალდებულოდ არ მიიჩნევს ამ მოძრავი ნივთების შემძენთა რეგისტრაციას სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (იხ. სუსგსაქმე №ას-406-389-2016, 8 ივლისი, 2016 წელი; №ას-824-775-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; №ას-914-954-2011, 27 ოქტომბერი, 2011 წელი; სუსგ №ას-1363-1381-2011, 31 იანვარი, 2012 წელი; სუსგ №ას-971-912-2012, 26 ივლისი, 2012 წელი; სუსგ №ას-33-32-2014, 24 მარტი, 2014 წელი; სუსგ №ას-658-625-2014, 5 დეკემბერი, 2014 წელი; სუსგ №ას-1189-1119-2015, 23 მარტი, 2016 წელი).

25. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას“ (იხ. სუსგ №ას-658-625-2014, 5 დეკემბერი, 2014 წელი; სუსგ №ას-123-115-2015, 23 აპრილი, 2015 წელი).

26. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელეს არ გაუვლია სავალდებულო რეგისტრაცია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სადავო ავტომანქანაზე საკუთრება არ შეუძენია. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი (სსკ-ის 186.1 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცა ნივთი მოსარჩელეს (შემძენს), რაც მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძველია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე, როგორც სადავო ავტომანქანის მესაკუთრე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილია მოითხოვოს სადავო ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლება.

27. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებული 2014 წლის 21 თებერვალს განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობის შინაარსს, რომლითაც ირკვევა, რომ თ. მ-ეს, როგორც „მინდობილ მესაკუთრეს“ მინდობილობით მიენიჭა შემდეგი უფლებები: მართოს და განკარგოს მოძრავი ნივთი (გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, დააგირაოს, დააზღვიოს, ხელი მოაწეროს საჯარიმო ქვითარს, გამოიყვანოს საჯარიმო სადგომიდან, გადასცეს სხვა პირებს შემდგომი გადანდობის უფლებით, გაიფორმოს ავტომანქანა საკუთარ სახელზე ან თავის სახელზე გადაფორმების გარეშე გადაუფორმოს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, აწარმოოს საბანკო და საგადასახადო ოპერაციები აღნიშნულ ავტომანქანასთან დაკავშირებით, აიღოს სანომრე ნიშნები, ტექპასპორტი საზღვარგარეთ გაყვანის უფლებით, მოხსნას აღრიცხვიდან, იყოს მისი წარმომადგენელი შსს მომსახურების ნებისმიერ სააგენტოში, ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციაში, ნებისმიერ კერძო და სახელმწიფო ბანკში) და შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებული იქნება ამ დავალების შესრულებასთან. ამრიგად, მინდობილობის შინაარსიდან ცალსახად დასტურდება, რომ თ. მ-ისთვის ავტომანქანის გადაცემა არ მომხდარა დროებითი სარგებლობის მიზნით. მას ჰქონდა ავტომანქანის საკუთარ სახელზე გაფორმების, გაყიდვის, გაცვლის, გაჩუქებისა და დაგირავების უფლებამოსილება, რაც მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემას ადასტურებს. შესაბამისად, დასტურდება მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელი სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული ორივე წინაპირობის - ნამდვილი უფლებისა და ნივთის გადაცემის არსებობის ფაქტი.

28. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება (იხ. სუსგ №ას-680-651-2016, 4 ნოემბერი, 2016 წელი; სუსგ №ას-262-253-2012, 25 ივნისი, 2012 წელი; სუსგ №ას-305-293-2012, 7 მაისი, 2012 წელი; სუსგ №ას-1522-1529-2011, 29 დეკემბერი, 2011 წელი; სუსგ №ას-1777-1755-2011, 4 ივნისი, 2012 წელი; სუსგ №ას-1101-1050-2014, 6 თებერვალი, 2015 წელი; სუსგ №ას-1685-1579-2012, 28 იანვარი, 2013 წელი).

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

31. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე