საქმე №ას-1186-1147-2016 16 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ც. შ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ჯ. მ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. შ-ის (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი შვილის, ... წლის ... იანვარს დაბადებული ა. შ-ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაიზარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და მოპასუხეს სარჩელის აღძვრიდან ალიმენტის სახით დაეკისრა 160 (ას სამოცი) ლარის გადახდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. შ-ისთვის დაკისრებული იქნა ყოველთვიურად 120 ლარის გადახდა, განსახილველ შემთხვევაში კი აპელანტი დაკისრებული ალიმენტის 160 ლარამდე გაზრდას ასაჩივრებდა, შესაბამისად, გადაწყვეტილება სადავოდ იყო გამხდარი მისთვის ყოველთვიურად 40 ლარის დაკისრების ნაწილში.
7. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე, 365-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატებოდა (12 თვის განმავლობაში გადასახდელი თანხა 480 (40x12=480) ლარია), არსებობდა მისი დაუშვებლად ცნობის კანონით განსაზღვრული საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ც. შ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
9. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო საჩივრის დავის საგანის ღირებულება შეადგენს 1920 ლარს (160 ლარი x 12 თვეზე), ამასთან, დავა გამომდინარეობს საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან, რაც საქმის განმხილველ მოსამართლეს უნდა გაეთვალისწინებინა. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა და არ გაითვალისწინა მოპასუხის ოთხსულიანი ოჯახის გაუსაძლისი მატერიალური მდგომარეობა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით მნიშვნელოვნად დააზარალა მოპასუხის ოჯახის მწირი ბიუჯეტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
13. გასაჩივრებული განჩინებით ც. შ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
14. საკასაციო სასამართლო სავსებით ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
15. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ამავე სასამართლოს 2014 წლის 7 თებერვლის №2/19163-13 გადაწყვეტილებით ც. შ-ისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა (120 ლარი) შეიცვალა და მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილის, ... წლის ... იანვარს დაბადებული ა. შ-ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 160 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან, 2015 წლის 15 დეკემბრიდან (იხ. ს.ფ. 103-113).
16. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისთვის დაკისრებული ალიმენტის 40 ლარით გაზრდის გამო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 117-127).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპელანტი სადავოდ ხდის ნაწილობრივ, კერძოდ, 40 ლარის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულების გამოანგარიშება სწორედ ამ თანხის მიხედვით უნდა მოხდეს.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
19. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ც. შ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 480 ლარით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო მხოლოდ 40 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც ერთ წელზე გაანგარიშებით შეადგენს სწორედ ზემოაღნიშნულ თანხას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ც. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, რაც ამ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
20. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, ვინაიდან მოცემული დავა არის საოჯახო-სამართლებრივი და არა ქონებრივი სახის დავა.
21. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ, მართალია, მოცემული დავა საოჯახო-სამართლებრივია, მაგრამ, ამავდროულად, იგი ქონებრივი ხასიათის დავაა, ვინაიდან ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე და, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთხოვნას საფუძვლად საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, იგი ქონებრივ-სამართლებრივია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი და სწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ც. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე