№ ას-1214-1173-2016 23 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. თ-ი (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჟ-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ. ჟ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. თ-ის (შემდგომში „მოპასუხე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფისა და ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე. ასევე შეგებებულ სარჩელი აღძრა თ. თ-მა გ. ჟ-ის მიმართ ქორწინების შეწყვეტისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ჟ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონების 1/3-ის მესაკუთრედ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9000 ლარისა და 3000 ევროს გადახდა; შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა; მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრის მომენტიდან არასრულწლოვანი შვილის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად ალიმენტის – 300 ლარის გადახდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის გამო დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება.
8. 2016 წლის 7 ნოემბერს გ. ჟ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც მან უზენაესი სასამართლოს მიერ 2016 წლის 2 ნოემბერს მიღებული განჩინებით შეიტყო, რომ საკასაციო სასამართლომ მხარის მიერ დასაბუთებული განჩინების ჩაბარების თარიღად მიიჩნია 2016 წლის 18 ივლისი (რეალურად კი ამ დღეს მოსარჩელეს ჩაბარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი) და შესაბამისად, კანონიერად ჩათვალა ვადის დარღვევის გამო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, 2016 წლის 4 ნოემბერს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების თარიღის დაზუსტების მიზნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის 2016 წლის 7 ნოემბრის წერილობითი პასუხით განმცხადებელს ეცნობა, რომ მან 2016 წლის 18 ივლისს ჩაიბარა არა საქალაქოო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის დასაბუთებული გადაწყვეტილება, არამედ აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. შესაბამისად, დასტურდებოდა სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის ფაქტი.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება და გ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა.
10. საპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საქმის წარმოების განახლების საფუძველს წარმოადგენდა ახალი მტკიცებულება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწის 2016 წლის 7 ნოემბრის განცხადების პასუხი, რომლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი კანონით დადგენილ სამ დღიან ვადაში მომზადდა და გადაეცა მხარეს, ხოლო დასაბუთებული გაადწყვეტილება გადაეცა 2016 წლის 4 აგვისტოს. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. თ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განმცხადებელი მის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების 2016 წლის 4 აგვისტოს ჩაბარების თაობაზე უთითებდა 2016 წლის 5 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოში წარდგენილ კერძო საჩივარშიც და ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებაც (ხელწერილი), მისი განმარტებით, საქმეში იდო. ამრიგად, რომც ჩაითვალოს, რომ საქმე გვაქვს ახლად აღმოჩენილ გარემოებასთან, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევითაა შეტანილი, რადგან 2016 წლის 5 ოქტომბერს მხარისთვის უკვე ცნობილი იყო აღნიშნული გარემოება, ხოლო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეტანილია ამ საფუძვლის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ - 7 ნოემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მართლზომიერება.
16. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით გ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება მხარეს ჩაბარდა 2016 წლის 18 ივლისს, ხოლო მან სააპელაციო საჩივარი წარადგინა იმავე წლის 16 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით (იხ. ტ. 3, ს.ფ. 3-6).
17. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო პალატის დასკვნა მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების 2016 წლის 18 ივლისს გადაცემის შესახებ და დაასკვნა, რომ კერძო საჩივრის ავტორმა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით (ხელწერილითა და გადაწყვეტილების დამოწმებული ასლით) საწინააღმდეგოს დადასტურება ვერ შეძლო (იხ. ტ. 3, ს.ფ. 55-60).
19. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გ. ჟ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებლის მოსაზრებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწის მიერ 2016 წლის 7 ნოემბერს გაცემული ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იყო, რომ გ. ჟ-მა საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა არა 2016 წლის 18 ივლისს, არამედ იმავე წლის 4 აგვისტოს, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტით დასტურდებოდა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის ფაქტი, რაც მის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მიღებული კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს ქმნიდა (იხ. ტ. 3. ს.ფ. 105-106).
20. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, წარდგენილი დოკუმენტი მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად და საქმეზე განაახლა წარმოება, რაც კერძო საჩივრით სადავოდ გახადა მოწინააღმდეგე მხარემ. საჩივრის ავტორის განცხადებით, იმ ფაქტის შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად, განმცხადებლისთვის გაცილებით ადრე იყო ცნობილი. კერძოდ, იგი 2016 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილ კერძო საჩივარში მიუთითებდა საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების 2016 წლის 4 აგვისტოს ჩაბარების თაობაზე და ამის დამადასტურებელი ხელწერილიც წარადგინა სასამართლოში, შესაბამისად, იმ პირობებშიც კი, თუ მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას სასამართლო მიიჩნევდა ახლად აღმოჩენილ გარემოებად, განმცხადებელს დარღვეული ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ერთ თვიანი ვადა.
21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიების შემოწმების მიზნით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
22. მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
23. ზემოაღნიშნული ნორმით კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ამასთან, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; და ბოლოს, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლები კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას: პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და, მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე.
24. ამდენად, განმცხადებელი, რომელიც მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას, ვალდებულია, ამტკიცოს და სარწმუნოდ დაადასტუროს, როგორც მტკიცებულების სათანადოობა - რომ ამ მტკიცებულების საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე წარდგენით მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა შესაძლებელი, ისე მისი არაბრალეულობა ამ მტკიცებულების მანამდე მოპოვების შეუძლებელობის თაობაზე.
25. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აფასებს რა განმცხადებლის მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილ მტკიცებულებას - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ 2016 წლის 7 ნოემბერს გაცემულ ინფორმაციას - მისი შინაარსის გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტს, გ. ჟ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 ივლისის დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა იმავე წლის 4 აგვისტოს, ხოლო 2016 წლის 18 ივლისს მხარემ ჩაიბარა აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თუმცა ვერ გაიზიარებს სასამართლოს მოსაზრებას, რომ მხოლოდ მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულების წარდგენა უნდა მიჩნეულიყო ახლად აღმოჩენილ გარემოებად და საქმის წარმოების განახლების საკმარის საფუძვლად.
26. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებაზე აპელანტმა იმავე წლის 5 ოქტომბერს წარადგინა კერძო საჩივარი, რომელშიც მიუთითებდა გასაჩივრებული განჩინების უსაფუძვლობასა და მის მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების სათანადოობაზე, რომლითაც, მისი მოსაზრებით, დასტურდებოდა სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენა. ხოლო მას შემდეგ, რაც შეიტყო უზენაესი სასამართლოს მიერ მისთვის არასასურველი განჩინების შესახებ, განჩინების გამოტანიდან რამდენიმე დღეში (2016 წლის 4 ნოემბერს) მიმართა საქალაქო სასამართლოს და გამოითხოვა ინფორმაცია მის მიერ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ, რაც საფუძვლად დაუდო კიდეც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებას.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ აპელანტმა დარღვეული უფლების თაობაზე შეიტყო 2016 წლის 15 სექტემბერს, როდესაც სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით წარდგენის გამო დატოვა განუხილველად, ხოლო განმცხადებელმა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ მის კერძო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების (2016 წლის 2 ნოემბრის) შემდეგ, 2016 წლის 7 ნოემბერს მოიპოვა მისთვის სასარგებლო ინფორმაციის შემცველი მტკიცებულება და მიმართა სასამართლოს ამ მტკიცებულების საფუძველზე საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განცხადების განხილვისას უნდა ემსჯელა არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტის სათანადოობაზე - მისი საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე წარდგენით იქნებოდა თუ არა შესაძლებელი აპელანტისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება, არამედ უნდა შეემოწმებინა სახეზე იყო თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული იმპერატიული მოთხოვნა - განმცხადებლის არაბრალეულობა ამ მტკიცებულების მანამდე მოპოვების შეუძლებელობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აქვე შენიშნავს, რომ თავად განცხადების ავტორს საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებაში არ მიუთითებია, თუ რამ შეუშალა ხელი საქმის განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს წარედგინა ზემოაღნიშნული მტკიცებულება.
28. ამრიგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე, კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პირობებს ქმნის.
29. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადა, იგი შეადგენს ერთ თვეს და იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები (სსსკ 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).
30. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ გარდა საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებული ზემოაღნიშნული პირობების შემოწმებისა, საქმის ხელახლა განხილვისას ასევე უნდა შეაფასოს წარდგენილი განცხადება აკმაყოფილებს თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 დეკემბრის განჩინება და საქმე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე