Facebook Twitter

საქმე №ას-40-36-2017 14 მარტი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. დ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ს-ა" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ს-ის" მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით გ. დ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. დ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით გ. დ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული კერძო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ გ. დ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით გ. დ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული კერძო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2017 წლის 27 თებერვალს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა გ. დ-ის დედას მ. დ-ს (იხ. ს.ფ.237-238).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 3 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2017 წლის 28 თებერვალს და ამოიწურა 2017 წლის 2 მარტს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუმდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. დ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური