№ ას-195-184-2017 16 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I კერძო საჩივრის ავტორი – ა. ნ-ე (მოპასუხე)
II კერძო საჩივრის ავტორები - ი. ნ-ე, ა. ნ-ე, ლ. ჯ-ე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. წ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი. წ-ამ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ნ-ის (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით ა. ნ-ის წარმომადგენლის ვ. ლ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ი. ნ-ე, ა. ნ-ე და ლ. ჯ-ე (შემდგომში „მესამე პირები“) საქმეში ჩაბმული იქნენ მესამე პირებად მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.
4. მესამე პირებმა სარჩელი არ ცნეს.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ი. წ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა ქ. ქობულეთში, რ-ის ქუჩა, პირველი შეს. #...-ში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხემ და მესამე პირებმა - ა. ნ-ემ და ი. ნ-ემ.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ა. ნ-ის, ი. ნ-ისა და ა. ნ-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ი. ნ-ის, ა. ნ-ის და ა. ნ-ის სააპელაციო საჩივრები ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა როგორც მოპასუხის, ასევე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირების, წარმომადგენელი, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად, ისინი ვალდებული იყვნენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში და ჩაებარებინათ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. კერძოდ, მათ საქალაქო სასამართლოსთვის აღნიშნული მოთხოვნით უნდა მიემართათ არა უგვიანეს 2016 წლის 7 ივლისისა.
9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან აპელანტების წარმომადგენელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული მოთხოვნით მიმართა 2016 წლის 12 ივლისს, მათთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, 2016 წლის 8 ივლისს და ამოიწურა იმავე წლის 22 ივლისს, სააპელაციო საჩივარი კი მხარეებმა სასამართლოში წარადგინეს 2016 წლის 21 ნოემბერს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, შესაბამისად, არსებობდა სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველი.
10. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ასევე არ არსებობდა გასაჩივრებისთვის დაწესებული საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ აპელანტების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ და მესამე პირებმა შეიტანეს კერძო საჩივრები და მოითხოვეს მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ნ-ის, ი. ნ-ისა და ა. ნ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ლ. ჯ-ის მოთხოვნის ნაწილში ი. ნ-ისა და ა. ნ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
15. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
16. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული მუხლი იმპერატიულია და, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
18. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მათი წარმომადგენელი ესწრებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ს.ფ. 106-111), თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 (2016 წლის 27 ივნისი) და არაუგვიანეს 30-ე დღისა (2016 წლის 8 ივლისი) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით არც მხარეებს და არც მათ წარმომადგენელს სასამართლოსთვის არ მიუმართავთ. მოპასუხისა და მესამე პირების წარმომადგენელმა, ვ. ლ-ამ საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა 2016 წლის 12 ივლისს (იხ. ს. ფ. 135), ანუ სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა რამდენიმე თვის შემდეგ - 2016 წლის 21 ნოემბერს.
20. ამრიგად, ვინაიდან აპელანტებს - ა. ნ-ეს, ი. ნ-ესა და ა. ნ-ეს კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის მიმართვის ვალდებულება არ განუხორციელებიათ და სააპელაციო საჩივარი წარადგინეს საპროცესო ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრების შეტანის ვადის ათვლისას მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად დატოვა იგი განუხილველად დაუშვებლობის გამო.
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
22. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორებს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორთა მითითება ზემოაღნიშნული საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნას გაზიარებული.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
24. რაც შეეხება ი. ნ-ისა და ა. ნ-ის კერძო საჩივარს ლ. ჯ-ის მოთხოვნის ნაწილში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იგი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. ამრიგად, კერძო საჩივრის ინსტიტუტი ემსახურება იმ პირთა უფლებების დაცვას, რომელთაც სასამართლოს შუალედური განჩინების შედეგად შეელახათ ინტერესი.
26. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება ლ. ჯ-ეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მის მიმართ გამოტანილი არ არის.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 399-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისად, სასამართლო მხარის განცხადებით, ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სარჩელი (განცხადება) დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არ აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება.
29. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
30. მოხმობილი ნორმებიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ერთ-ერთი ავტორი ლ. ჯ-ე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინების გასაჩივრებაზე არაუფლებამოსილი პირია და აღნიშნული საფუძველი გამოვლინდა კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ, საკასაციო სასამართლო მიიჩნვს, რომ ი. ნ-ისა და ა. ნ-ის კერძო საჩივარი ლ. ჯ-ის მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. ნ-ის, ი. ნ-ისა და ა. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. ი. ნ-ისა და ა. ნ-ის კერძო საჩივარი ლ. ჯ-ის მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე