Facebook Twitter

საქმე №ას-256-244-2017 2 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – კ. კ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო-ი", ე. გ-ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, წილზე მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

კ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ო-ის" და ე. გ-ას მიმართ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და წილზე მესაკუთრედ აღიარების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით კ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. კ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით კ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტიელბა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა კ. კ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ კ. კ-ი და მისი წარმომადგენელი მ. რ-ე ესწრებოდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინების გამოცხადებას (იხ. ს.ფ.215). დადგენილია ასევე, რომ კ. კ-მა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბერს, ანუ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-3 დღეს, მიმართა განცხადებით 2016 წლის 8 ნოემბრისა და 25 ნოემბრის სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერის ჩაბარების თაობაზე (იხ. ს.ფ.230-231). ასეთ შემთხვევაში კასატორი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ გასაჩივრებული განჩინების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართათ არა უგვიანეს 2016 წლის 25 დეკემბრისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს განჩინების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ. 2014 წლის 30 დეკემბერს დიდმა პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2016 წლის 26 დეკემბერს და ამოიწურა 2017 წლის 16 იანვარს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2017 წლის 16 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი კასატორმა ფოსტას ჩააბარა 2017 წლის 25 იანვარს (ტ.2, ს.ფ.233-240) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კიმ კიმმა გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაიბარა 2017 წლის 6 თებერვალს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური