Facebook Twitter

№ ას-45-41-2017 28 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ა. ც-ე, ვ. მ-ი, შ. ც-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ. მ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ც-ის, ვ. მ-ისა და შ. ც-ის (შემდგომში „მოპასუხეები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის და ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით. ასევე შეგებებული სარჩელი აღძრეს მოპასუხეებმა ვერა მ-სა და თ. მ-ს შორის გარიგების დადებულად ცნობისა და მართლზომიერ, კეთილსინდისიერ მფლობელად ცნობის შესახებ.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ მხარეები, მათ შორის, მოპასუხეების წარმომადგენელი, რომელმაც დასაბუთებული გადაწყვეტილება მოითხოვა და ჩაიბარა 2016 წლის 29 ივლისს. შესაბამისად, აპელანტებისთვის გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო იმავე წლის 30 ივლისს და ამოიწურა 2016 წლის 12 აგვისტოს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მათ სასამართლოში წარადგინეს 2016 წლის 15 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადი დარღვევით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიული შინაარსისაა და და გასაჩივრების 14 დღიანი ვადის გაგრძელებას ან აღდგენას არ უშვებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების საპატიოდ ცნობისა და მისი აღდგენის შესახებ.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მათი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააპელაციო საჩივრის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მხარეს არ უნდა წაერთვას სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

12. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

13. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

15. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

16. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 29-ე დღეს მოპასუხეების წარმომადგენელმა, ნ. ნ-ამ (რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებდა 2015 წლის 21 ივლისს მის სახელზე განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 118), მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით და იმავე დღეს ჩაიბარა იგი (იხ. ს.ფ. 191). ასევე სადავო არ არის, რომ აპელანტებმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით - 2016 წლის 12 აგვისტოს ნაცვლად, იმავე წლის 15 აგვისტოს.

17. კერძო საჩივრის ავტორები სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდიან იმ საფუძვლით, რომ მათ წარმომადგენელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, არ ჰქონდა შესაძლებლობა სააპელაციო საჩივარი წარედგინა კანონით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც მათ შეეზღუდათ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.

18. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და დარღვეული საპროცესო ვადის აღდგენის საფუძვლად ვერ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორთა ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს შემდეგს:

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სააპელაციო გასაჩივრების უფლების რეალიზაციისათვის სპეციალურ დანაწესს გვთავაზობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული სპეციალური ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია. ანუ, იმ პირობებშიც, კი თუ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდება გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სასამართლოში საჩივრის საპატიო მიზეზით წარდგენის შეუძლებლობა, კანონი არ უშვებს დარღვეული საპროცესო ვადის აღდგენას.

20. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უფლება საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან რეგლამენტაციას, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის, საზოგადოებისა და პირის მოთხოვნილებებისა და რესურსების მიხედვით. საქმეზე „აშინგდეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ განსაზღვრა უფლების შეზღუდვის ზოგადი ფარგლები: შეზღუდვები შეესაბამება ადამინის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს იმ შემთხვევაში, თუ: ა) ემსახურება კანონიერ მიზანს, ბ) დაცულია გონივრული თანაბარზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის (Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, §57, 28 მაისი, 1985 წელი). ამ პირობების დაცვა აუცილებელია, რადგან შეზღუდვები არ უნდა ამცირებდეს პირისათვის ნებადართულ ხელმისაწვდომობას იმ ზღვრამდე, რომ თავად უფლების არსი შეილახოს.

21. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შესაძლებლად მიიჩნევდა საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში მხარის მიერ გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენას, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

22. დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორები საპროცესო ვადის დარღვევის მიზეზად მიუთითებენ წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე. საქმეში არსებული შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ მიერ 2016 წლის 15 აგვისტოს გაცემული ცნობით ირკვევა, რომ ნ. ნ-ას (აპელანტების წარმომადგენელი) 2016 წლის 12 აგვისტოს აღენიშნებოდა ჰიპერმენორეა (გაძლიერებული სისხლდენა), რის გამოც ჩაუტარდა მკურნალობა წოლითი რეჟიმით და ექიმის მიერ ასევე გაეწია წოლითი რეჟიმის რეკომენდაცია (იხ. ს.ფ. 207). ამრიგად, დადასტურებულია, რომ ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღეს - 2016 წლის 12 აგვისტოს იმგვარად გაუარესდა, რომ გონივრული ალბათობით იგი ვერ შეძლებდა სასამართლოსთვის მიმართვას საჩივრის ჩაბარების მიზნით ან მის გაგზავნას ფოსტის მეშვეობით, თუმცა ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლებოდა გამხდარიყო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ნ. ნ-ა იცავდა სამი ფიზიკური პირის - ა. ც-ის, ვ. მ-ისა და შ. ც-ის ინტერესებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ, ობიექტური მიზეზების გამო, იგი პირადად ვერ შეძლებდა სასამართლოში მისვლას და საპროცესო დოკუმენტაციის მიტანას, ეს ვალდებულება შეეძლო შეესრულებინა მისი დაცვის ქვეშ მყოფ რომელიმე პირს, მით უფრო მაშინ, როდესაც სააპელაციო საჩივრის შეტანისთვის საპროცესო კანონმდებლობით მათთვის განსაზღვრული იყო თოთხმეტდღიანი ვადა. დადგენილია, რომ მათ ამ ვადაში აღნიშნული ვალდებულება არ განუხორციელებიათ.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად გასაჩივრების ვადის გასვლის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. ც-ის, ვ. მ-ისა და შ. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე