№ ას-66-62-2017 6 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ნ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ა-ა, გ. გ-ე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დ. ა-ამ და გ. გ-ემ (შემდგომში „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ნ-ის (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისთვის უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის, 46 670 ლარის, გადახდის დაკისრება.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
5. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2016 წლის 14 ივლისს, თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ გადაწყდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ აპელანტი ეტაპობრივად იხდიდა სახელმწიფო ბაჟის თანხას. შედეგად, საქმის განხილვა გაუმართლებლად გაჭიანურდა. სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნა, რომ სამართალწარმოებაში დამკვიდრებული ზოგადი პრინციპის შესაბამისად, ერთი მხარის ინტერესის ხარჯზე არ უნდა მოხდეს მეორის ინტერესის გაუმართლებელი შეზღუდვა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის სამჯერადად გაგრძელებით სრულად იქნა გათვალისწინებული აპელანტის უფლება-ინტერესი, ხოლო მეოთხედ ვადის გაგრძელება არ ჩათვალა მიზანშეწონილად და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება სცილდება გონივრულობის ფარგლებს.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
7. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ, გამომდინარე იქედან, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი, ერთი შვილიშვილი, რომელიც დაავადებულია ცერებრალური დამბლით, აუტიზმით და იმყოფება მის კმაყოფაზე, მან სააპელაციო საჩივარში იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებაზე. საჩივარს თან დაურთო მტკიცებულებები ცნობების სახით, ასევე ცნობა მასზედ, რომ თავად დაავადებულია დიაბეტით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა და განუსაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მისთვის სახელმწიფო ბაჟის ერთიანად გადახდა იყო შეუძლებელი, ამიტომ განცხადებით ითხოვდა დამატებით ვადას დარჩენილი ბაჟის შესავსებად. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ მოხდა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მისი განმარტებით, მან სამჯერ შეავსო ხარვეზი და, შესაბამისად, წარადგინა პირველად - 500 ლარის, მეორედ - 800 ლარის და მესამედ - 300 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. დარჩენილი 266 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მან სასამართლოს სთხოვა 15 დღიანი ვადა, თუმცა სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი. აპელანტმა აღნიშნა, რომ ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებაში სასამართლო არ უთითებდა, რომ ხარვეზის ნაწილობრივ შევსების შემთხვევაში შეიძლება სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩენილიყო.
8. კერძო საჩივრის ავტორმა ყურადღება გაამახვილა სააპელაციო საჩივრის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ საქმე თავისი მნიშვნელობით არის განსაკუთრებული და მას გააჩნია საჩივრის მიმართ იურიდიული ინტერესი, რაც ასევე ვლინდება მის მიერ სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივ გადახდაში. მან დამატებით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბაჟიდან, რომლის მთლიანი ოდენობა შეადგენს 1866 ლარს, გადახდილია 1600 ლარი, დარჩენილია 266 ლარის გადახდა და აღნიშნული თანხის გამო ასეთი მნიშვნელობის მქონე საქმის განუხილველად დატოვება უტოლდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლების წართმევას თავად სასამართლოს მხრიდან და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას.
9. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას, ამასთან, მან, აგრეთვე, მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა.
10. კერძო საჩივრის ავტორმა, აგრეთვე, მოიშველია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის განმარტებისას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მრავალ საქმეზე იმსჯელა და დაადგინა, რომ სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება წარმოადგენს ამ პუნქტით დაცულ და უზრუნველყოფილ ერთ-ერთ უფლებას, ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურაზე ან ხარჯების ანაზღაურებაზე სამოქალაქო საკითხებთან მიმართებაში, მაღალი გადასახადების დაკისრებამ (სადაც აუცილებლად მოიაზრება საქმის განხილვისთვის საჭირო ბაჟის თანხაც) სასამართლო განხილვისას შესაძლებელია წარმოშვას პრობლემები სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის (ბაჟის) დაკისრებამ შესაძლოა იქონიოს ამკრძალავი ეფექტი, რითაც განმცხადებელს ფაქტობრივად შეეზღუდა მოხსენიებული პრინციპებით სარგებლობის უფლება, ეს ჩაითვლება 6.1 მუხლის დარღვევად(Ashingdane v. The United Kingdom, 28 May 1985). სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ უნდა არსებობდეს მხოლოდ თეორიულად, ის ამასთანავე უნდა იყოს ეფექტიანი. მაგალითად, თუ „ღარიბ“ მოსარჩელეს სურს მიმართოს სასამართლოს ღირებულ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ საქმის სირთულისა და დაკისრებული გადასახადის გამო ვერ ახერხებს მიმართვას, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ეს დახმარება, როგორც აუცილებელი პირობა განხორციელდეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ნ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.
14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მ. ნ-ემ, რომელმაც სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა უკიდურესად მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 384).
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა და 2016 წლის 22 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი, რომლითაც აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში 1866 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენა. ამავე განჩინებით, მხარეს განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის უარყოფითი შედეგების თაობაზე (იხ. ტ. 3, ს.ფ. 3-6).
16. ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის, 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის შემცირება (იხ. ტ. 3, ს.ფ. 13-14).
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს დაევალა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის - 1366 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენა, რისთვისაც განესაზღვრა 7 (შვიდი) დღე (იხ. ტ. 3, ს.ფ. 16-18).
18. სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ავტორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დადგენილი ხარვეზის სრულად აღმოფხვრის მიზნით ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის 20 (ოცი) დღით გაგრძელება (იხ. ტ. 3, ს.ფ. 23-24), რაც სააპელაციო პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 20 (ოცი) დღით (იხ. ტ. 3, ს.ფ. 25-27).
19. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან მე-17 დღეს აპელანტმა კვლავ წარადგინა განცხადება სასამართლოში და ხარვეზის შევსების ვადის კვლავ 20 (ოცი) დღით გაგრძელება მოითხოვა, ამავე დროს, განცხადებას დაურთო 800 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ტ. 3, ს.ფ. 30-31).
20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აპელანტს დარჩენილი 566 ლარის გადასახდელად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღე (იხ. ტ. 3, ს.ფ. 32-34).
21. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა კვლავ განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარადგინა 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ამავე დროს, იშუამდგომლა დარჩენილი 266 ლარის გადახდის მიზნით საპროცესო ვადის 15 (თხუთმეტი) დღით გაგრძელების შესახებ (იხ. ტ. 3, ს.ფ. 40-41), რაც სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი (იხ. ტ. 3, ს.ფ. 41-44).
22. კერძო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ ხარვეზის დარჩენილი ნაწილის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, მას წაერთვა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება.
23. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით მიუთითებს შემდეგს:
24. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს იმ მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. სასამართლოს ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლებით სარგებლობის ზემოხსენებული საკანონმდებლო შეზღუდვისაგან არსებობს გამონაკლისიც, თუმცა, იგი ასევე არ არის აბსოლუტური. მხარის მიმართ გარკვეული შეღავათის გამოყენების საკითხი, კანონით იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობების გარდა (სსსკ-ის 46-ე მუხლი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი), სასამართლოს შეხედულებით წყდება, რა დროსაც სასამართლო საკითხს ე.წ „პროპორციულობის ტესტის“ გამოყენებით აფასებს. ამ დროს სასამართლო იკვლევს მხარის ქონებრივ მდგომარეობას (რომელიც პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებს ემყარება) და დარღვეული უფლების დაცვის ინტერესს. ამგვარი საგამონაკლისო წესი დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, პირის უფლების შეზღუდვასა და სახელმწიფო ინტერესს შორის სამართლიან ბალანსს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მოქმედებაც ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ, აგრეთვე, სსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც თანაბრად ვრცელდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მიმართ). კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას, სასამართლომ მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვის მხედველობაში მიღებით უნდა გაითვალიწინოს მეორე მხარის ინტერესები და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობისა და მეორე მხარის ინტერესების ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.
25. ამასთან, ცხადია, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder v. The United Kingdom, № 4451/70. §32. 21 თებერვალი, 1975 წელი). თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვამ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ უნდა შეამციროს იმდენად ან იმ ფარგლებით, რომ დაირღვეს ძირითადი უფლების არსი (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, 28 მაისი, 1985 წელი). სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისთვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (იხ. Weissman and Others v. Romania, №63945/00, §34, 35, 24 მაისი, 2006 წელი). ასეთი ხარჯების გონივრულობა უნდა შეფასდეს მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, მომჩივნის უნარი, გადაიხადოს ის და სასამართლო პროცესის ეტაპი, რომელზედაც ვრცელდება ასეთი შეზღუდვა. უფრო მეტიც, შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობის გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (იხ. საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ, №38736/04, §41, 30 იანვარი, 2008 წელი).
26. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე არაერთხელ დააკმაყოფილა საჩივრის ავტორის შუამდგომლობა და გაუგრძელა მას სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დაწესებული საპროცესო ვადა. კერძოდ, 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსებისთვის დაწესებული ვადა გაუგრძელდა 7 (შვიდი) დღით, იმავე წლის 21 სექტემბრის განჩინებით - 20 (ოცი), ხოლო 21 ოქტომბრის განჩინებით - 7 (შვიდი) დღით. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტსაც, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი, ყოველ ჯერზე, როდესაც მოითხოვდა საპროცესო ვადის გაგრძელებას, განცხადებას დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ურთავდა სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივ გადახდის დამადასტურებელ ქვითრებს. კერძოდ, მან 2016 წლის 8 აგვისტოს გადაიხადა 500, 2016 წლის 11 ოქტომბერს - 800 და 2016 წლის 25 ნოემბერს - 300 ლარი, საერთო ჯამში აპელანტმა სააპელაციო პალატის 2016 წლის 22 ივლისის განჩინებით დაკისრებული 1866 ლარიდან გადაიხადა 1600 ლარი.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ ვინაიდან სააპელაციო პალატამ არაერთხელ გაუგრძელა აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა, ამ უკანასკნელის თხოვნის შესაბამისად, იგი მიიჩნევდა, რომ არსებობდა დაკისრებული ბაჟის გადავადების კანონით განსაზღვრული საფუძველი. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წარგენილი შუამდგომლობებით აპელანტი მოითხოვდა არა მარტო სახელმწიფო ბაჟის შემცირებას, არამედ ასევე გამოხატავდა სურვილს დაეფარა ხარჯები ეტაპობრივად, რასაც სასაართლოს მიერ განსაზღვრულ ვადებში ახორციელებდა კიდეც, აღნიშნული კი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადასტურებს კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მხარეს გააჩნია დავის მიმართ რეალური და მნიშვნელოვანი ინტერესი.
28. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო მხარეს აძლევდა ხარვეზის ეტაპობრივად შევსების შესაძლებლობას, ხოლო აპელანტი ყოველ ჯერზე იხდიდა დაკისრებული თანხის ნაწილს და, საბოლოოდ, 1866 ლარიდან მას გადასახდელი დარჩა მხოლოდ 266 ლარი (მან საერთო ჯამში გადაიხადა დაკისრებული თანხის უმეტესი, დაახლოებით 85 პროცენტი), სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზომა - ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იყო არაპროპორციული საშუალება, რომელიც არ შეესაბამებოდა დასახულ მიზანს - სასამართლოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. სააპელაციო პალატას შეეძლო ემსჯელა უფრო ნაკლებ რადიკალური ზომის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვის დასრულებამდე აპელანტისთვის დარჩენილი თანხის გადახდის გადავადების, გამოყენებაზე.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ შეძლო დაეცვა სამართლიანი ბალანსი, ერთის მხრივ, სასამართლო ხარჯების გადახდის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესსა და, მეორეს მხრივ, მომჩივნის ინტერესებს შორის - დაემტკიცებინა თავისი საჩივრის სამართლიანობა სასამართლოს გზით, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მ. ნ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება და საქმე მ. ნ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე