საქმე №ას-122-114-2017 3 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. წ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. წ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი. წ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. წ-ის (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის - ... წლის ... იანვარს დაბადებული ლ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარი სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2016 წლის 28 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანობამდე.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა ალიმენტის ოდენობის 30 (ოცდაათი) ლარით განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. წ-ის დაეკისრა ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის გადახდა, განსახილველ შემთხვევაში კი აპელანტი დაკისრებული ალიმენტის შემცირებას ითხოვდა 30 (ოცდაათ) ლარამდე. შესაბამისად, გადაწყვეტილება სადავოდ იყო გამხდარი მისთვის ყოველთვიურად 40 ლარის დაკისრების ნაწილში.
7. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე, 365-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატებოდა (12 თვის განმავლობაში გადასახდელი თანხა 480 (40x12=480) ლარია), არსებობდა მისი დაუშვებლად ცნობის კანონით განსაზღვრული საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. წ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
9. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით სასამართლომ უხეშად დაარღვია მისი უფლებები. გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო დაკისრებული ალიმენტის იმ ნაწილში, რისი გადახდის საშუალებაც მას არ ჰქონდა, ვინაიდან არის ინვალიდი და თუკი სასამართლო დააკისრებდა 70 ლარის გადახდას, ვერ შეძლებდა საჭირო მედიკამენტების შეძენას და თან ბინის ქირის გადახდას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. წ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. გასაჩივრებული განჩინებით ზ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
14. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. წ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, ზ. წ-ს არასრულწლოვანი შვილის - ... წლის ... იანვარს დაბადებული ლ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2016 წლის 28 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე (იხ. ს.ფ. 45-56).
15. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისთვის დაკისრებული ალიმენტის შემცირება 40 ლარით (ს.ფ. 62-70).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპელანტი სადავოდ ხდის ნაწილობრივ, კერძოდ, 40 ლარის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულების გამოანგარიშება სწორედ ამ თანხის მიხედვით უნდა მოხდეს.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
18. მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და კანონით. კანონი კი ქონებრივი დავის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისთვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.
19. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ალიმენტის შემცირების ნაწილში სააპელაციო საჩივრის ღირებულება 480 ლარით (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო მხოლოდ 40 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც ერთ წელზე გაანგარიშებით შეადგენს სწორედ ზემოაღნიშნულ თანხას) და მართებულად დატოვა იგი განუხილველად დაუშვებლობის გამო.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ. წ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე