№ ას-175-164-2017 6 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზ. ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ზ. მ-ე, მ. მ-ე, ბ. ვ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ნ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზ. და მ. მ-ეებმა (შემდგომში „მოსარჩელეები“) განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და განმარტეს, რომ აპირებდნენ სარჩელის აღძვრას მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით. შესაბამისად, მოითხოვეს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქ. ბათუმში, კ. დასახლებაში მდებარე სავარაუდო მოპასუხე მ. ნ-ის საკუთრებაში რიცხულ 2592.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 768.48 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე ყადაღის დადება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა: სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე მ. ნ-ის საკუთრებაში რიცხულ ქ. ბათუმში, კ. დასახლებაში მდებარე უძრავ ქონებას - 2592.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 768.48 კვ.მ შენობა-ნაგებობას.
3. ზ. მ-ემ, მ. მ-ემ და ბ. ვ-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს თ. ფ-სა და მ. ნ-ის მიმართ და მოითხოვეს უსაფუძვლო გამდიდრების გზით მიღებული თანხის - 13 347,65 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის დაკისრება.
4. ბათუმის სასაქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს სააპელაციო საჩივარი, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბ. ვ-ის, ზ. მ-სა და მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე თ. ფ-ეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 13 347 აშშ დოლარის გადახდა; მ. ნ-ის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ფ-ემ და სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. მ. ნ-ეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, მის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება შევიდა ძალაში.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებით თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
8. 2015 წლის 25 ივლისს, მ. ნ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მის საკურებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ზ. მ-ის, მ. მ-ისა და ბ. ვ-ის სარჩელი მ. ნ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არსებობდა მ. ნ-ის საკუთრებაზე არსებული ყადაღის გაუქმების საფუძველი.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მ. ნ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო განმცხადებლის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 1991-ე მუხლით და განმარტა, რომ ვინაიდან ზ. მ-ის, მ. მ-ისა და ბ. ვ-ის სარჩელი მ. ნ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, განმცხადებლის მოთხოვნა ყადაღის მოხსნაზე საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
11. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მიერ არ გასაჩივრებულა მ. ნ-ის ნაწილში, რადგან დიდი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან იყო დაკავშირებული. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა მ. ნ-ის მეუღლის, თ. ფ-ის მიმართ და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, საჩივრის ავტორთა აზრით, იძულებითი აღსრულება მიქცეული იქნებოდა თანასაკურებაში არსებულ ქონებაზე თ. ფ-ის, როგორც მეუღლის წილზე, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის წილის თანაზიარად.
13. საჩივრის ავტორების განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ხელახლა გაუქმების საფუძვლიანობაზე, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, წარდგენილი განცხადება განუხილველად უნდა დაეტოვებინა ან უკიდურეს შემთხვევაში, უნდა შეეჩერებინა მისი განხილვა ამავე კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ზ. მ-ის, მ. მ-ისა და ბ. ვ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის, მ. მ-ისა და ბ. ვ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერება.
18. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა საჩივარს მართებულად ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
21. განსახილველ დავაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განჩინებით სავარაუდო მოსარჩელეთა - ზ. მ-ის, მ. მ-ისა და ბ. ვ-ის - განცხადება დაკმაყოფილდა და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ერთ-ერთი მოპასუხის, მ. ნ-ის საკუთრებაში რიცხულ ქ. ბათუმში, კ. დასახლებაში მდებარე უძრავ ქონებას - 2592.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 768.48 კვ.მ შენობა-ნაგებობას (იხ. ტ. 1, ს.ფ. 36-38).
22. დადგენილია ასევე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე თ. ფ-ეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 13 347 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე მ. ნ-ის მიმართ კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორთა არგუმენტს იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოპასუხეები - თ. ფ-ე და მ. ნ-ე - არიან მეუღლეები და თ. ფ-ის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, იძულებითი აღსრულება მიექცევა თანასაკურებაში არსებულ ქონებაზე თ. ფ-ის, როგორც მეუღლის წილზე. სასამართლომ არ უნდა გააუქმოს მ. ნ-ის ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
24. აღნიშნულის საპირისპიროდ საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას უშვებს მხოლოდ მოპასუხის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე დამდგარი საპროცესო შედეგი მოპასუხე მ. ნ-ის მიმართ თავისთავად გამორიცხავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, ვინაიდან სარჩელის იურიდიული ბედი (მოპასუხისთვის თანხის დაკისრება), რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც ყადაღა დაედო სადავო უძრავ ქონებას - გადაწყვეტილია, კერძოდ, მოსარჩელეებს სასამართლოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ ერთ-ერთი მოპასუხის - მ. ნ-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ეს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლოს განჩინებით დაყადაღებული იყო არა მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონება, არამედ მ. ნ-ის საკუთრებაში რიცხული ქ. ბათუმში, კ. დასახლებაში მდებარე უძრავი ქონება - 2592.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 768.48 კვ.მ შენობა-ნაგებობა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 1, ს.ფ. 4; განჩინება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ტ. 1. ს.ფ. 36-38).
25. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებისა და მისი აღსრულების საშუალებას წარმოადგენს, მოცემულ საქმეზე კი დავა მოსარჩელეებსა და მ. ნ-ეს შორის არსებითად დასრულებულია და სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით და დააკმაყოფილა მ. ნ-ის წარმომადგენლის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ. მ-ის, მ. მ-ისა და ბ. ვ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე