№ას-273-261-2017 20 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენით
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. ჭ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ე. ჭ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“, „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა დ. მ-ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი შვილის, 2005 წლის 21 მაისს დაბადებული ქეთა მ-ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
3. მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო თელავის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 15 სექტემბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი; დ. მ-ს არასრულწლოვანი შვილის, ქ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარი სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. რაიონული სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ; საქმე განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. ჭ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით ე. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
10. 2017 წლის 3 აპრილს საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა სანოტარო წესით დამოწმებული მორიგების აქტი და მოითხოვა მორიგების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
11. 2017 წლის 24 თებერვლის შეთანხმება მორიგების შესახებ დადებულია შემდეგ მხარეებს შორის:
1. ე. ჭ-ი (პ/ნ: ...);
2. დ. მ-ი (პ/ნ ...).
ზემოაღნიშნული შეთანხმებით:
1. მხარეები აღიარებენ და ადასტურებენ, რომ:
1.1. ე. ჭ-ი 2016 წლის თებერვალში თელავის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხე დ. მ-ს არასრულწლოვანი შვილის, ... წლის ... მაისს დაბადებული ქ. მ-ის რჩენა-აღზრდისთვის ყოველთვიურად, ალიმენტის სახით დაეკისროს ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან მის სრულწლოვანებამდე.
2. მხარეები თანხმდებიან, რომ:
2.1. დ. მ-ი იღებს ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის - ... წლის ... მაისს დაბადებული ქ. მ-ის რჩენა-აღზრდისთვის ე. ჭ-ს 2017 წლის 1 თებერვლიდან ყოველთვიურად ალიმენტის სახით გადაუხადოს 300 (სამას) ლარი ქეთა მ-ის სრულწლოვანებამდე;
2.2. ალიმენტის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ჩაითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას;
2.3. ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული;
2.4. ალიმენტის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადამხდელი დ. მ-ი პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც;
2.5. ალიმენტის - ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში დ. მ-ი იღებს ვალდებულებას, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, კერძოდ, გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელი ალიმენტის 10%, ანუ 30 (ოცდაათი) ლარი;
2.6. არც ზეპირი გარიგებით, არც წერილობითი ხელშეკრულებით, მხარეთა შორის არანაირი ვალდებულება მორიგების აქტის შემდგომ აღარ წარმოიშობა, მორიგების აქტი დამტკიცებულ იქნას სასამართლო წესით და დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება.
3. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტი იდება მათი ნების საფუძველზე და ისინი არ იმყოფებიან იძულების ან მოტყუების ქვეშ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენისას მხარეებს განემარტათ, რომ წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში მოცემული მორიგების პირობების 2.6 პუნქტის შინაარსი არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რაც გამოიწვევს რომელიმე მხარის უფლების შეზღუდვას მომავალში შესაბამისი საფუძვლების წარმოშობის შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობის გაზრდის ან შემცირების თაობაზე მიმართოს სასამართლოს.
15. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დაკმაყოფილდეს ე. ჭ-ის შუამდგომლობა და დამტკიცდეს, ერთის მხრივ, ე. ჭ-სა (პ/ნ: ...) და, მეორეს მხრივ, დ. მ-ს (პ/ნ ....) შორის 2017 წლის 24 თებერვალს დადებული შეთანხმება (მორიგების აქტი) შემდეგი პირობებით:
ა) დ. მ-ი იღებს ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის - ... წლის ... მაისს დაბადებული ქ. მ-ის რჩენა-აღზრდისთვის ე. ჭ-ს 2017 წლის 1 თებერვლიდან ყოველთვიურად ალიმენტის სახით გადაუხადოს 300 (სამასი) ლარი ქ. მ-ის სრულწლოვანებამდე;
ბ) ალიმენტის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ჩაითვლება, თუ: 1) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; 2) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას;
გ) ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული;
დ) ალიმენტის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადამხდელი დ. მ-ი პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც;
ე) ალიმენტის - ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში დ. მ-ი იღებს ვალდებულებას, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, კერძოდ, გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელი ალიმენტის 10%, ანუ 30 (ოცდაათი) ლარი;
ვ) არც ზეპირი გარიგებით, არც წერილობითი ხელშეკრულებით, მხარეთა შორის არანაირი ვალდებულება მორიგების აქტის შემდგომ აღარ წარმოიშობა, მორიგების აქტი დამტკიცებულ იქნას სასამართლო წესით და დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება.
ზ) მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტი იდება მათი ნების საფუძველზე და ისინი არ იმყოფებიან იძულების ან მოტყუების ქვეშ.
2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინება და თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება;
3.განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე