გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-24-კს-03 18 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 29 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “კ. ს-მა” და მოითხოვა კონტროლის პალატის 1999წ. 17 დეკემბრის აქტის და კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2000წ. 21 ივნისის ¹6-სხ-ა-1-05/333 წერილის ბათილად ცნობა. 2002წ. 10 ივნისს მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და თავისი მოთხოვნები დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე: კონტროლის პალატის თავმჯდომარის 1999წ. 21 სექტემბრის ¹442-ე ბრძანების შესაბამისად შემოწმდა შპს “კ. ს-ის” საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა 1997წ. 1 იანვრიდან 1999წ. ივნისამდე. 1999წ. 17 დეკემბრის აქტით შპს-ს დამატებით დაერიცხა 1541452,7 ლარი, მათ შორის: სალაროში გამოვლენილ დანაკლისის თანხის სახით 112147,6 ლარი (56073,8 ლარი _ ძირითადი თანხა, 56073,8 ლარი _ სანქცია), მოგების გადასახადის სახით – 716660 ლარი (ძირითადი თანხა _ 367999,7 ლარი, სანქცია-საურავი _ 348660,3 ლარი) დღგ-ს სახით 712645,3 ლარი (ძირითადი _ 365928,2 ლარი, სანქცია-საურავი _ 346717,1 ლარი).
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ კონტროლის პალატა “კონტროლოს პალატის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი დაარიცხოს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხები, აღნიშნული უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ საგადასახადო ორგანოებს. საგადასახადო კოდექსი, მართალია ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსით მინიჭებული უფლებების გადაცემას სხვა ორგანოებზე, მაგრამ კონტროლის პალატაზე ასეთი უფლებამოსილება გადაცემული არ არის, მან გადაამეტა მისი კომპეტენციის ფარგლებს. კონტროლის პალატას თუნდაც ჰქონოდა უფლება თანხების დარიცხვისა ამ შემთხვევაშიც, აღნიშნული თანხების დარიცხვის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა, რადგან:
ა) აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თხევადი გაზის კრედიტორიული დავალიანების დასაფარავად ე. ო-ის მიერ გატანილი თანხების გასვლის ორდერების რეკვიზიტების სრულად შეუვსებლობის გამო საწარმოსაგან 112147,6 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღება უკანონოა, “საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში სალაროს მეურნეობის გაძღოლის შესახებ” ეროვნული ბანკის 1996წ. 20 დეკემბრის ¹52 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 3.5 მუხლის შესაბამისად სალაროდან ფულის გაცემა სალაროს გასავლის ორდერში ან მის შემცვლელ საბუთებში მიმღების ხელმოწერის გარეშე სალაროში ფულის ნაშთის არარსებობის გასამართლებლად არ მიიღება. ეს თანხა ჩაითვლება დანაკლისად და ამოიღება მოლარისაგან ორმაგი ოდენობით. ამავე დროს ეს დებულება გაუქმებულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999წ. 31 დეკემბრის ¹328-ე ბრძანებით დამტკიცებული დებულებით, რომლითაც პასუხისმგებლობა განსაზღვრული არ არის.
ბ) “ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, თხევად გაზზე არ ვრცელდება სახელმწიფო რეგულირებადი ფასები და მისი რეალიზაცია ხდება თავისუფალი საბაზრო ფასებით. შპს “ს-ი” და მისი ფილიალები არიან თხევადი გაზის უშუალო იმპორტიორები და საბითუმო რეალიზატორები და ისინი პროდუქციას ყიდიან საბითუმო ფასებში. შესაბამისად არ არის სწორი შემოწმების აქტში აღნიშნული გარემოება, რომ მოსარჩელე თხევად გაზს რეალიზაციას უკეთებდა საბაზრო ფასთან შედარებით შემცირებული სახით და ამ გზით სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდა მოგების გადასახადის სახით 716660 ლარი, დღგ-ს სახით _ 712645,3 ლარი. შემმოწმებლების მიერ თხევადი გაზის სარეალიზაციო საბითუმო საბაზრო ფასი განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის 1-5 ნაწილების მოთხოვნათა დარღვევით, მათ არ იხელმძღვანელეს “საქონლის (სამუშაოს, მომსახურებით) საბაზრო ფასის განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ” ეკონომიკის მინისტრის 1997წ. 18 სექტემბრის ¹71-ე ბრძანებით.
გ) მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ შემოწმების აქტით არასწორად დაერიცხა მოგების გადასახადი და საჯარიმო სანქციები 1998წ. მოგების 13000 ლარით შემცირებისთვის, რადგან ბანკის პროცენტისა და მოსამსახურეებზე გაწეული ხარჯები სწორად მას უნდა გაეწია და შესაბამისად ისინი განეკუთვნებიან საწარმოს ხარჯებს და მოგების გადასახადი შემცირებული არ ყოფილა.
ამავე დროს მოსარჩელე თვლიდა, რომ სარჩელი წარმოდგენილი იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადებში და იგი დასაშვებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.
მოსარჩელე შპს ”კ. ს-მა” 2002წ. 12 აგვისტოს განცხადებით მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით კონტროლის პალატის 1999წ. 17 დეკემბრის შემოწმების აქტის მოქმედების დროებითი შეჩერების თაობაზე საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე იმ საფუძვლით, რომ დაყადაღდა შპს-ს ფილიალების ანგარიშები, რამაც პარალიზება გაუკეთა მათ საქმიანობას და სახელმწიფო ბიუჯეტი ზარალდება რამოდენიმე ასეული ათასობით შემოსავლით.
სასამართლო კოლეგიამ 2002წ. 15 აგვისტოს განჩინებით სსკ-ს 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეაჩერა კონტროლის პალატის 1999წ. 17 დეკემბრის შემოწმების აქტის მოქმედება. კოლეგიამ მიუთითა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა არსებით ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარეს და გააძნელებს მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას.
სასამართლო კოლეგიის განჩინება 2002წ. 1 ნოემბერს კერძო საჩივრის შეტანით გაასაჩივრა კონტროლის პალატამ და მიუთითა, რომ განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ეყრდნობა ზოგადი ხასიათის მსჯელობას და თუ კონკრეტულად რა გარემოებების საფუძველზე იქნა მიღებული იგი, არაფერია მინიშნებული. კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ შპს “კ. ს-მა”Qშემოწმების აქტით დარიცხული თანხის ნაწილი 9490 ლარი ჩარიცხა ბიუჯეტში, რითაც ფაქტიურად აღიარა აქტში დაფიქსირებული დარღვევების მართლზომიერება.
სასამართლო კოლეგიამ 2003წ. 29 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიიჩნია დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატის წარმომადგენლის ი. ჩ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიამ კონტროლის პალატის 1999წ. 17 დეკემბრის აქტი შეაჩერა სსკ-ს 198-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მაგრამ სასამართლოს კოლეგიას განჩინებაში არ უმსჯელია და არ აქვს მითითებული, თუ რა არსებით ზიანს აყენებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა და რატომ გაძნელდება მომავალში გადაწყვეტილების აღსრულება. სკ-ს 194-ე და 285-ე მუხლების თანახმად, განჩინებაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლომ უნდა მიუთითოს იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასარჩელო მხარის მოთხოვნით აჩერებს ადმინისტრაციული აქტის ან მისი ნაწილის მოქმედებას, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ადმინისტრაციული აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო კოლეგიას გასაჩივრებულ განჩინებაში ფაქტობრივად არ უმსჯელია, თუ რა მოტივებს დაეყრდნო განჩინების გამოტანისას, არ უმსჯელია, თუ რა არსებით ზიანს მიაყენებს შპს-ს სასარჩელო უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა და რატომ გაძნელდება მომავალში გადაწყვეტილების აღსრულება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ თავად შპს ”კ. ს-ი” განცხადებაში მოთხოვნის რაიმე რეალური საფუძველი და მტკიცებულება მითითებული არა აქვთ და მითითება იმაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი კარგავს რამოდენიმე ასეული ათასობით შემოსავალს, არ დასტურდება საქმეში არსებული მასალებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ”კ. ს-ის” განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არის უსაფუძვლო, არ ემყარება რაიმე რეალურ მტკიცებულებებს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 15 აგვისტოსა და 2003წ. 29 იანვრის განჩინებები უნდა გაუქმდეს და შპს ”კ. ს-ს” განცხადების დაკმაყოფილებაზე სარჩელის უზრუნველყოფის სახით კონტროლის პალატის 1999წ. 17 დეკემბრის შემოწმების აქტის შეჩერების შესახებ უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კონტროლის პალატის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 15 აგვისტოსა და 2003წ. 29 იანვრის განჩინებები;
3. შპს ”კ. ს-ის” განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.