Facebook Twitter

№ას-636-607-2016 21 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენით

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. კ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. გ-ის (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. 2015 წლის 11 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე მცხეთის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა დროებითი განკარგულების გაცემა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ე. გ-ის დედისთვის, მ. კ-ისთვის დაბრუნების შესახებ.

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება და მ. კ-ს დაერთო ნება - 2014 წლის 24 მარტს დაბადებული ე. გ-ი წაეყვანა თავის საცხოვრებელ ადგილას კასპის რაიონის სოფ. საქადაგიანოში.

5. 2015 წლის 8 აპრილს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა დროებითი განკარგულების გაუქმება.

6. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მაისის განჩინებით რ. გ-ის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა; შეიცვალა 2015 წლის 16 მარტის დროებითი განკარგულება და რ. გ-ს ნება დაერთო შვილი, ... წლის ... მარტს დაბადებული ე. გ-ი წაეყვანა თავის საცხოვრებელ ადგილას მცხეთის რაიონის სოფ. წ-ი 15 დღის განმავლობაში, ხოლო 15 დღის მანძილზე ბავშვის ადგილსამყოფელად განისაზღვრა დედის, მ. კ-ის საცხოვრებელი ადგილი - კასპის რაიონის სოფ. ს-ო.

7. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ... წლის ... მარტს დაბადებული ე. გ-ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი - კასპის რაიონის სოფ. ს-ო; მოპასუხეს დაეკისრა ... წლის ... მარტს დაბადებული ე. გ-ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის, 150 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან.

8. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის განჩინება დროებითი განკარგულების შეცვლის შესახებ.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

12. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით საქმეზე ჩატარდა ზეპირი მოსმენა 2017 წლის 24 მარტს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის საოქმო განჩინებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მაისის დროებითი განკარგულების შესრულების მიზნით, კასატორს დაევალა ბავშვის, ... წლის ... მარტს დაბადებული ე. გ-ის 10 დღით წაყვანა დედის, მ. კ-ის საცხოვრებელ ადგილზე. ამავე დროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა დედის საცხოვრებელ ადგილზე არსებულ სოციალურ გარემოში მცირეწლოვნის ადაპტაციის პროცესზე მონიტორინგის განხორციელება ფსიქოლოგის ჩართულობით და აღნიშნულთან დაკავშირებით შუალედური დასკვნის სასამართლოსთვის წარდგენა. ამავე საოქმო განჩინებით, მხარეებს განესაზღვრათ 20 დღე მორიგებისათვის.

14. 2017 წლის 18 აპრილს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა კასპის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის 2017 წლის 18 აპრილის #1606 დასკვნა ე. გ-ის ფსიქოლოგიურ შეფასებასთან ერთად (რომელიც გაცემულია შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2017 წლის 7 აპრილს).

15. 2017 წლის 21 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, მოითხოვეს მისი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

16. 2017 წლის 21 აპრილის მორიგების აქტი დადებულია შემდეგ მხარეებს შორის:

1. მ. კ-ი (პ/ნ: ...);

2. რ. გ-ი (პ/ნ: ...);

მხარეები თანხმდებიან, რომ:

1. ე. გ-ი დაბადებული ... წლის ... მარტს, წლის იმ პერიოდში, რა დროსაც ბავშვს მოუწევს ბაგა-ბაღში სიარული, ყოველი კვირის ორშაბათიდან პარასკევს საღამომდე, იქნება დედასთან, დედის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, პარასკევს საღამოდან კვირას საღამომდე კი მამასთან მისი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით;

2. ზამთრის (საახალწლო) არდადეგების პერიოდში ბავშვი, ე. გ-ი, ყოველი კვირის ორშაბათიდან პარასკევს საღამომდე იქნება მამასთან, რ. გ-თან მის საცხოვრებელ მისამართზე და პარასკევს საღამოდან კვირა საღამომდე დედასთან, მ. კ-თან მისი საცხოვრებელი მისამართის შესაბამისად;

3. ზაფხულის არდადეგების პერიოდში ბავშვი, ე. გ-ი ყოველი კვირის ორშაბათიდან პარასკევს საღამომდე იქნება მამასთან, რ. გ-თან მის საცხოვრებელ მისამართზე და პარასკევს საღამოდან კვირა საღამომდე დედასთან, მ. კ-თან მისი საცხოვრებელი მისამართის შესაბამისად; გამონაკლისის სახით, მხარეები თანხმდებიან, რომ ყოველი წლის 1 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით ბავშვი იქნება დედასთან მისი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად (ქალაქგარეთ გაყვანის უფლებით) და 19 აგვისტოდან სექტემბრის ბაღის დაწყებამდე ბავშვი იქნება მამასთან მისი საცხოვრებელი მისამართის შესაბამისად (ქალაქგარეთ გაყვანის უფლებით);

4. ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის ყველა საჭირო ხარჯებს მშობლები ინაწილებენ თანაბრად;

5. ამ ეტაპისთვის, მდგომარეობის შეცვლამდე, მ. კ-ი უარს აცხადებს ალიმენტის მოთხოვნაზე;

6. მორიგების აქტის 1-3 პუნქტების შესრულების მიზნით, ბავშვის წამოყვანას ადგილიდან უზრუნველყოფს ის მშობელი, რომელსაც თავისთან მიჰყავს ბავშვი;

7. მ. კ-ი და რ. გ-ი კისრულობდნენ ვალდებულებას, რომ მათ ოჯახებში ვიზიტის განმავლობაში მეორე მშობელი არ გახდეს მათი ოჯახის წევრების ან ნათესავების მხრიდან შეურაცხყოფის, დამამცირებელი ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ობიექტი;

8. მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში, დაზარალებული მშობელი უფლებამოსილია მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს.

9. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი იღებს ვალდებულებას, რომ ნებისმიერი ინციდენტის შემთხვევაში დაუყონებლივ გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიება.

მორიგების ნებისმიერი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.

მორიგების აქტი ძალაში შედის 2017 წლის 24 აპრილს.

მორიგების აქტს მხარეებთან ერთად ხელს აწერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

21. მოცემულ შემთხვევაში, ვიანიდან მხარეებმა დავის მორიგების გზით დასრულების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს საქმის არსებითად განხილვამდე მომართეს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორ რ. გ-ს (პ/ნ: ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 14 ივნისს #1 და 2016 წლის 14 ივლისს #5 საგადახდო დავალებებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150-150 ლარი, ჯამში - 300 (სამასი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დაკმაყოფილდეს რ. გ-ისა და მ. კ-ის შუამდგომლობა და დამტკიცდეს, ერთის მხრივ, მ. კ-სა (პ/ნ: ...) და, მეორეს მხრივ, რ. გ-ს (პ/ნ: ...) შორის 2017 წლის 21 აპრილს დადებული შეთანხმება (მორიგების აქტი) შემდეგი პირობებით:

1.1. ე. გ-ი დაბადებული ... წლის ... მარტს, წლის იმ პერიოდში, რა დროსაც ბავშვს მოუწევს ბაგა-ბაღში სიარული ყოველი კვირის ორშაბათიდან პარასკევს საღამომდე, იქნება დედასთან, დედის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, პარასკევს საღამოდან კვირას საღამომდე კი მამასთან მისი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით;

1.2. ზამთრის (საახალწლო) არდადეგების პერიოდში ბავშვი, ე. გ-ი, ყოველი კვირის ორშაბათიდან პარასკევს საღამომდე იქნება მამასთან, რ. გ-თან მის საცხოვრებელ მისამართზე და პარასკევს საღამოდან კვირა საღამომდე დედასთან, მ. კ-თან მისი საცხოვრებელი მისამართის შესაბამისად;

1.3. ზაფხულის არდადეგების პერიოდში ბავშვი, ე. გ-ი ყოველი კვირის ორშაბათიდან პარასკევს საღამომდე იქნება მამასთან, რ. გ-თან მის საცხოვრებელ მისამართზე და პარასკევს საღამოდან კვირა საღამომდე დედასთან, მ. კ-თან მისი საცხოვრებელი მისამართის შესაბამისად; გამონაკლისის სახით, მხარეები თანხმდებიან, რომ ყოველი წლის 1 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით ბავშვი იქნება დედასთან მისი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად (ქალაქგარეთ გაყვანის უფლებით) და 19 აგვისტოდან სექტემბრის ბაღის დაწყებამდე ბავშვი იქნება მამასთან მისი საცხოვრებელი მისამართის შესაბამისად (ქალაქგარეთ გაყვანის უფლებით);

1.4. ბავშვის აღზრდა-განვითარებისთვის ყველა საჭირო ხარჯებს მშობლები ინაწილებენ თანაბრად;

1.5. ამ ეტაპისთვის, მდგომარეობის შეცვლამდე, მ. კ-ი უარს აცხადებს ალიმენტის მოთხოვნაზე;

1.6. მორიგების აქტის 1.1-1.3 პუნქტების შესრულების მიზნით, ბავშვის წამოყვანას ადგილიდან უზრუნველყოფს ის მშობელი, რომელსაც თავისთან მიჰყავს ბავშვი;

1.7. მ. კ-ი და რ. გ-ი კისრულობდნენ ვალდებულებას, რომ მათ ოჯახებში ვიზიტის განმავლობაში მეორე მშობელი არ გახდეს მათი ოჯახის წევრების ან ნათესავების მხრიდან შეურაცხყოფის, დამამცირებელი ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ობიექტი;

1.8. 1.7 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში, დაზარალებული მშობელი უფლებამოსილია მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს;

1.9. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი იღებს ვალდებულებას, რომ ნებისმიერი ინციდენტის შემთხვევაში დაუყონებლივ გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიება;

მორიგების ნებისმიერი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს;

მორიგების აქტი ძალაში შედის 2017 წლის 24 აპრილს.

2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინება, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის დროებითი განკარგულება და 2015 წლის 18 მაისის განჩინება დროებითი განკარგულების შეცვლის შესახებ და შეწყდეს საქმის წარმოება.

3. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

4. კასატორ რ. გ-ს (პ/ნ: ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 14 ივნისს #1 და 2016 წლის 14 ივლისს #5 საგადახდო დავალებებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150-150, ჯამში - 300 (სამასი) ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე