საქმე№ას-332-311-2017 8 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ. ბ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „თ-მა" სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ბ-ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სს „თ-ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ბ-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბ. ბ-ას სს „თ-ის" სასარგებლოდ 2016 წლის 24 მარტიდან დაეკისრა 3995.73 ლარის 36%-ის, ე.ი.119.87 ლარის; 1290.77 ლარის 36%-ის, ე.ი. 38.72 ლარის, სახელმწიფო ბაჟის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; სს „თ-ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბ. ბ-ას სს „თ-ის" სასარგებლოდ 2016 წლის 24 მარტიდან დაეკისრა 3995,73 ლარის წლიური 10%-ის გადახდა ვალდებულების შესრულებამდე არაუმეტეს, 2016 წლის 24 მარტიდან ორი წლის ვადისა; ბ. ბ-ას სს „თ-ის" სასარგებლოდ 2016 წლის 24 მარტიდან დაეკისრა 1290,77 ლარის წლიური 10%-ის გადახდა ვალდებულების შესრულებამდე, არაუმეტეს, 2016 წლის 24 მარტიდან ორი წლის ვადისა;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ბ. ბ-ამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით ბ. ბ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული და ამავე კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ბ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით ბ. ბ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული და ამავე კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
საპროცესო ვადის დადგენის შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება რომ, კორესპოდენცია 2017 წლის 10 აპრილს ჩაბარდა კასატორის შვილს ბ. ბ-ას (ტ.1, ს.ფ.262-263).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2017 წლის 11 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 18 აპრილს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ბ. ბ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად; საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური