საქმე №ა-4287--შ-119-2016 8 მაისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – სახელმწიფო საწარმო „საერთაშორისო აეროპორტი „ბ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე –შპს “ფ-ა" (“F-a")
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
უკრაინის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “ფ-ას" (“F-a”) (საქართველო) სახელმწიფო საწარმო „საერთაშორისო აეროპორტი „ბ-ის“ (უკრაინა) სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების დავალიანების - 1 197,38 აშშ დოლარის, აგრეთვე ვადის დარღვევის საურავის - 452,61 აშშ დოლარის, ვადაგადაცილებული თანხის 3 %-ის წლიური -12,40 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო განხილვის ხარჯის - 1 426,61 აშშ დოლარის ანაზღაურება, სულ 3 089 აშშ დოლარი (სამი ათას ოთხმოცდაცხრა აშშ დოლარი); უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების ნაწილის დაკმაყოფილებაზე; მოსარჩელეს დაეკისრა საარბიტრაჟო მოსაკრებელი - 13,39 აშშ დოლარის ოდენობით.
სახელმწიფო საწარმომ „საერთაშორისო აეროპორტი „ბ-ი“ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა უკრაინის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება თანხის დაკისრების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით სახელმწიფო საწარმო „საერთაშორისო აეროპორტი „ბ-ი“ შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად; განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული შუამდგომლობა, საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინება და შუამდგომლობაზე დართული მასალების ასლები შპს “ფ-ას" 2017 წლის 27 მარტს და ამავე წლის 31 მარტს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე, (იხ.ს.ფ.119-126) მაგრამ სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ სასამართლო შეტყობინებები მხარეს ვერ ჩაბარდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, შპს “ფ-ას" ეცნობა ამავე პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინების თაობაზე საჯარო შეტყობინების გზით, რომელიც განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე.
მოწინააღმდეგე მხარე შპს “ფ-ას" კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმო „საერთაშორისო აეროპორტი „ბ-ის“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “ფ-ას" (საქართველო) სახელმწიფო საწარმო „საერთაშორისო აეროპორტი „ბ-ის“ (უკრაინა) სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების დავალიანების - 1 197,38 აშშ დოლარის, აგრეთვე ვადის დარღვევის საურავის - 452,61 აშშ დოლარის, ვადაგადაცილებული თანხის 3 %-ის წლიური -12,40 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო განხილვის ხარჯის - 1 426,61 აშშ დოლარის ანაზღაურება, სულ 3 089 აშშ დოლარი (სამი ათას ოთხმოცდაცხრა აშშ დოლარი); უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების ნაწილის დაკმაყოფილებაზე; მოსარჩელეს დაეკისრა საარბიტრაჟო მოსაკრებელი - 13,39 აშშ დოლარის ოდენობით.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, უკრაინის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, მოცემული თვალსაზრისით შუამდგომლობა ასევე აკმაყოფილებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფო საწარმოს „საერთაშორისო აეროპორტი „ბ-ი“ შუამდგომლობაზე გადახდილი აქვს 150 ლარი. აქედან გამომდინარე, შპს “ფ-ას" უნდა დაეკისროს სახელმწიფო საწარმო „საერთაშორისო აეროპორტი „ბ-ის“ სასარგებლოდ მის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
სახელმწიფო საწარმოს „საერთაშორისო აეროპორტი „ბ-ი“ შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ფ-ას" (“F-a”) (საქართველო) სახელმწიფო საწარმო „საერთაშორისო აეროპორტი „ბ-ის“ (უკრაინა) სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების დავალიანების - 1 197,38 აშშ დოლარის, აგრეთვე ვადის დარღვევის საურავის - 452,61 აშშ დოლარის, ვადაგადაცილებული თანხის 3 %-ის წლიური -12,40 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო განხილვის ხარჯის - 1 426,61 აშშ დოლარის ანაზღაურება, სულ 3 089 აშშ დოლარი (სამი ათას ოთხმოცდაცხრა აშშ დოლარი); უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების ნაწილის დაკმაყოფილებაზე; მოსარჩელეს დაეკისრა საარბიტრაჟო მოსაკრებელი - 13,39 აშშ დოლარის ოდენობით;
შპს “ფ-ას" სახელმწიფო საწარმოს „საერთაშორისო აეროპორტი „ბ-ი“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდა; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე