საქმე№ა-1785-შ-46-2017 15 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – „ე."
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ-ი"
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის სავაჭრო სასამართლოს მე-3 პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის სავაჭრო სასამართლოს მე-3 პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით 2014 წლის 1 მაისიდან შეწყდა ხელშეკრულება; შპს „ბ-ს" „ე."-ის სასარგებლოდ დაეკისრა 738 119.52 აშშ დოლარის ღირებულების თანხა ევროში გადახდის დღეს არსებული კურსით, და ასევე ის პროცენტები, რომლებიც მას დაერიცხა გადახდის დაგვიანების გამო 2014 წლის 1 მაისიდან, ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან; შპს „ბ-ს" „ე."-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 652 800 აშშ დოლარის ღირებულების თანხა ევროში, გადახდის დღეს არსებული კურსით; შპს „ბ-ს" „ე."-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ევროს გადახდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-700 მუხლის შესაბამისად და სასამართლო ხარჯების დაფარვა 82.44 ევრო, აქედან დღგ 13.52 ევრო; გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
„ე."-ის წარმომადგენელმა ჯ. გ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის სავაჭრო სასამართლოს მე-3 პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება თანხის დაკისრების თაობაზე.
2017 წლის 8 მაისს „ე."-ის წარმომადგენელმა ჯ. გ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული შუამდგომლობის განუხილველად დატოვება, რადგან სურს საქმის უკან გახმობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ „ე."-ის წარმომადგენლის ჯ. გ-ის განცხადება შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მისი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს წარმოებაშია „ე."-ის შუამდგომლობა შპს „ბ-ის" მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. „ე."-ის წარმომადგენელმა ჯ. გ-მა იშუამდგომლა საქმის გამოხმობის შესახებ. პალატამ შეამოწმა ჯ. გ-ის უფლებამოსილება და მიიჩნევს, რომ წარმომადგენელს შეუძლია გამოიხმოს შუამდგომლობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ე."-ის წარმომადგენლის ჯ. გ-ის მოთხოვნა საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის სავაჭრო სასამართლოს მე-3 პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის გამოხმობის შესახებ, ანალოგიის წესის გამოყენებით განხილულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის „ე."-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის – ჯ. გ-ის მოთხოვნა შუამდგომლობის გამოხმობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო „ე."-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლით, 275-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
„ე."-ის წარმომადგენლის ჯ. გ-ის განცხადება შუამდგომლობის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს; „ე."-ის შუამდგომლობა შპს „ბ-ის" მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დარჩეს განუხილველად; საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.მოსამართლე: ნინო ბაქაქური