Facebook Twitter

№ ას-374-348-2017 1 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ე-ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ე-მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე-ის“ (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის, ყოველთვიურად 8711.35 ლარის გადახდა 2015 წლის 15 სექტემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინებით შპს „ე-ის“ სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენლების შუამდგომლობის საფუძველზე არაერთხელ გადაიდო წინა სასამართლო სხდომები. 2017 წლის 2 თებერვალს აპელანტის წარმომადგენლებმა წარდგენილი განცხადებით კვლავ მოითხოვეს საქმის განხილვის გადადება 2017 წლის 27 თებერვალს იმ მოტივით, რომ ერთ-ერთი წარმომადგენელი, ნ. ჩ-ი კვლავ ვერ ახერხებდა სხდომაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ამავდროულად, აპელანტმა იკისრა ვალდებულება, რომ თუ მითითებული თარიღისთვის ნ. ჩ-ი ვერ გამოცხადდებოდა სხდომაზე, კომპანია აიყვანდა სხვა წარმომადგენელს. ამრიგად, საქმეზე დაინიშნა მთავარი სხდომა 2017 წლის 27 თებერვალს, 14 საათზე, რის თაობაზეც, კანონით დადგენილი წესით ეცნობათ მხარეებს.

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მთავარ სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის, შპს „ე-ის“ დირექტორი კ. ლ-ე, რომელმაც იშუამდგომლა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე კომპანიის წარმომადგენლის, ნ. ჩ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და განმარტა, რომ ადვოკატის გარეშე ვერ შეძლებდა ორგანიზაციის ინტერესების დაცვას.

8. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარის შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული შესაბამისი სამედიცინო ცნობის წარდგენით. ამასთან, იმის გამო, რომ აპელანტს ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება - ნ. ჩ-ის სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შემთხვევაში უზრუნველეყო სხვა წარმომადგენლის გამოცხადება, ხოლო ფაქტობრივად გამოცხადებულმა წარმომადგენელმა - ორგანიზაციის დირექტორმა უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტის ქმედება დაუსრულებლად მოითხოვოს ერთი და იგივე მიზეზით საქმის განხილვის გადადება, მეტყველებდა მის განზრახვაზე, გაეჭიანურებინა საქმის განხილვა და მის წინააღმდეგ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 387-ე, 372-ე მუხლებით და განმარტა, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძველი.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ე-ის“ წარმომადგენელმა ნ. ჩ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

11. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, 2017 წლის 27 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო პროცესზე მონაწილეობის მიღების მიზნით იგი მიემგზავრებოდა თბილისიდან. გზაში გახდა შეუძლოდ, დაეწყო გულის მწვავე შეტევა, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება 112. იმის გამო, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება აგვიანებდა (ზუსტი მისამართის მითითება მხარემ ვერ შეძლო, რადგან იმყოფებოდა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე), ხოლო ტკივილი უფრო და უფრო მწვავდებოდა, ნ. ჩ-მა მძღოლს სთხოვა თბილისში დაბრუნება და ნახევრად უგონო მდგომარეობაში იგი მოათავსეს ე.წ ინგოროყვას კლინიკაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ვინაიდან თავად არ შესწევდა ლაპარაკის უნარი, სთხოვა მძღოლს დაერეკა შპს „ე-ის“ ნებისმიერი თანამშრომლისათვის და ეცნობებინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ორგანიზაციის დირექტორი ამ ამბის შეტყობისთანავე თავად მივიდა სასამართლოში და წარადგინა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ კომპანიის ადვოკატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იმყოფებოდა საავადმყოფოში, რის გამოც იშუამდგომლა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ კი უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და ადვოკატს პროცესის გაჭიანურებაში დასდო ბრალი.

12. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნ. ჩ-ის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ორგანიზაციას შეთანხმებისამებრ უნდა მოეწვია სხვა ადვოკატი. საჩივრის ავტორის განცხადებით, სხვა ადვოკატის აყვანის საჭიროება არ წარმოშობილა, რადგან იგი მიდიოდა სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისად, წინასწარ ვერ შეატყობინებდა სასამართლოს, რომ გზაში გულის შეტევა მოუვიდოდა. ამრიგად, ვინაიდან მხარის პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აპრილის განჩინებით შპს „ე-ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

14. 2017 წლის 26 აპრილს კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული სხვა სამოქალაქო საქმის (საქმე #2/5499-17) გადაწყვეტამდე მოცემული საქმის წარმოების შეჩერება, ვინაიდან, მისი განცხადებით, აღნიშნული საქმის შედეგი პირდაპირ კავშირშია განსახილველ დავასთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ე-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის შუადგომლობა განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

17. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და ამ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

18. შპს „ე-ის“ სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 27 თებერვალს 14:00 საათზე დაინიშნა მთავარი სასამართლო სხდომა, რომლის თარიღისა და მასზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ კანონით დადგენილი წესით (ტელეფონოგრამის მეშვეობით) ეცნობა პროცესის მონაწილე ორივე მხარეს (იხ. ტ. 3. ს.ფ. 76-77).

19. დადგენილია, რომ 2017 წლის 27 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი ნ. ჩ-ი. სხდომაზე გამოცხადდა აპელანტი ორგანიზაციის დირექტორი, კ. ლ-ე, რომელმაც სასამართლოს წარუდგინა განცხადება კომპანიის ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნით (იხ. ტ. 3, ს.ფ. 81). ამასთან, განმარტა, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა ადვოკატის გარეშე დაეცვა ორგანიზაციის ინტერესები (იხ. ტ. 3, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, CD დისკი, 14:45:22-14:48:08). იმის გამო, რომ აპელანტმა უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე და დატოვა სასამართლო სხდომა, სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის შესაბამისად, იგი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლად მიიჩნია. დადგენილია, რომ გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის, შპს „ე-ის“ წარმომადგენელმა, ი. ჩ-ემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. დასახელებული ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის რეგულირებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ხოლო 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია ასევე სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობა, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ განუხილველად დარჩეს სარჩელი.

22. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია როგორც აპელანტის ჯეროვანი ინფორმირების, ისე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობების არსებობა (აპელანტის გამოუცხადებლობა; მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა).

23. კერძო საჩივრის ავტორი, აპელანტის წარმომადგენელი, მიღებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.

24. მხარის ამ პრეტენზიის შესწავლის მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების (მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების) გაუქმების საფუძვლები და დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება (განჩინება) უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები; ე) მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ჩამოთვლილთაგან „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წინაპირობების არარსებობა. რაც შეეხება მხარის მითითებას მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

25. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.

26. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ საჩივარზე დართული შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი საუნივერისტეტო კლინიკის“ მიერ 2017 წლის 28 თებერვალს გაცემული #3655 ცნობით ირკვევა, რომ პაციენტი ნ. ჩ-ი (აპელანტის წარმომადგენელი) 2017 წლის 27 თებერვალს 13:10 საათზე მოთავსდა სტანციონარში არასტაბილური სტენოკარდიისა და არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზით. დასკვნაში აღნიშნულია, რომ პაციენტს დილით აღენიშნებოდა ძლიერი ტკივილი გულმკერდში, ირადიაციით მარცხენა ხელში და ბეჭში, რომელსაც ჰქონდა პერიოდული ხასიათი, დინამიკაში პროგრესირდა და გახდა გაუსაძლისი. ჩივილების ბინის პირობებში კუპირება ვერ მოხერხდა, რის გამოც მიყვანილი იქნა კლინიკაში შემდგომი კვლევისა და მკურნალობის მიზნით. მკურნალი ექიმის მიერ ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა როგორც „მწვავე“ - პაციენტს კლინიკაში შესვლისას აღენიშნებოდა ძლიერი ტკივილი გულმკერდში, ირადიაციით მარცხენა ბეჭში, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, ტკივილის კუპირება მოხერხდა ნიტროგლიცერინით, მაგრამ დინამიკაში განმეორდა, გადამოწმდა კარდიოსპეციფიური ფერმენტი ტროპონინი, მიმდინარეობდა სრული ანტიიშემიური მკურნალობა. კლინიკაში ყოფნისას ჩატარებული მკურნალობის ფონზე ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 2017 წლის 28 თებერვალს, 18:00 საათზე (იხ. ტ. 3, ს.ფ. 99-100).

27. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული სამედიცინო ცნობის შეფასების შედეგად უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 27 თებერვალს დღის პირველ ნახევარში აპელანტის წარმომადგენლის ნ. ჩ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ იგი იმავე დღეს, 14:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას ვერ შეძლებდა.

28. ამავე დროს, სასამართლო საჭიროდ თვლის შეაფასოს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის სასამართლოსთვის შეტყობინების შესახებ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის სასამართლოს მიერ მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. კერძოდ, საჩივრის ავტორის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მაშინ, როდესაც იგი თბილისიდან ქუთაისისკენ ავტომანქანით მიემართებოდა შპს „ე-ის“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე დასასწრებად. მაშინ, როდესაც ავტომანქანა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდა, მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. აღნიშნული გარემოება დასტურდება საჩივრის ავტორის მიერ უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112-ის“ ადმინისტრაციის უფროსის მიერ გაცემული ინფორმაციით, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ნ. ჩ-მა გამოიძახა 2017 წლის 27 თებერვალს, 11:40 საათზე, რა დროსაც იგი გადაადგილდებოდა ქუთაისის მიმართულებით (იხ. ტ. 3, ს.ფ. 120). ამავე დროს, საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ მან მოახერხა აპელანტი ორგანიზაციის თანამშრომლების ინფორმირება (სატელეფონო კავშირით) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სტანციონარში მოთავსების შესახებ - დადგენილია, რომ ორგანიზაციის დირექტორმა, რომელიც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, წარადგინა შუამდგომლობა კომპანიის ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სხდომის გადადების თაობაზე (იხ. ტ. 3. ს.ფ. 81-85).

29. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა სწორედ მაშინ, როდესაც იგი თბილისიდან ქუთაისისკენ მიემართებოდა სასამართლო პროცესზე დასასწრებად, ხოლო დროის სიმცირის გამო (პაციენტი სტანციონარში მოათავსეს 2017 წლის 27 თებერვალს 13:10 საათზე, ხოლო სასამართლო პროცესი დანიშნული იყო იმავე დღეს 14:00 საათზე) გონივრული ალბათობით აპელანტი ორგანიზაცია ვერ შეძლებდა ახალ ადვოკატთან მინდობილობის გაფორმებასა და მის სასამართლო პროცესზე წარდგენას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ორგანიზაციის დირექტორის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული შუამდგომლობა უნდა ჩაითვალოს მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს დროულ ინფორმირებად, რაც მოცემულ შემთხვევაში აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებაა.

30. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, ყველა პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო კოდექსის 93-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. აღნიშნული საპროცესო ნორმები თანაბრად იცავს პროცესის მონაწილე ორივე მხარეს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით წარმოადგინონ და განახორციელონ თავიანთი უფლებები და კანონიერი ინტერესები სასამართლოში. კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს მხარეს აირჩიოს თავად დაიცვას საკუთარი უფლებები, თუ წარმომადგენლის მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტი ორგანიზაციის დირექტორმა უარი განაცხადა ადვოკატის გარეშე კომპანიის წარმომადგენლობაზე, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო სასამართლოს შეექმნა აპელანტის წარმომადგენლის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

31. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მიერ უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ შუამდგომლობას სხვა სამოქალაქო დავის გადაწყვეტამდე მოცემული საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუადგომლობა განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

32. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში მსჯელობს აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერებაზე. შესაბამისად, იგი არ არის უფლებამოსილი გასცდეს კერძო საჩივრის შემოწმების ფარგლებს და არსებითად იმსჯელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლიანობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შუამდგომლობაზე სააპელაციო სასამართლომ არსებითად უნდა იმსჯელოს საქმის განსახილველად დაბრუნების შემდგომ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ე-ის" კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შპს „ე-ის" შუადგომლობა განსახილველად გადაეგზავნოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს;

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე