№010210015001006733
საქმე №ას-258-246-2017 11 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა- მ-ი, გ- კ-ა (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ- ა-ა (მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დოკუმენტის სიყალბის დადგენა, სამართლებრივი ურთიერთობის არარსებულად აღიარება, მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა, სამკვიდროს მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ.ქ--ში, რის ქ.№333-ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართი 470 კვ.მ და შენობა-ნაგებობა ფართით 44.9 კვ.მ. და 29.4 კვ.მ. რეგისტრირებული ს/კ: … (შემდეგში: უძრავი ქონება), ეკუთვნოდა შ. ა-ს, რომელიც გარდაიცვალა 1994 წლის 11 ნოემბერს (შემდეგში: მამკვიდრებელი).
2. ნ- ა--ა (შემდეგში: მოსარჩელე) მამკვიდრებლის ძმის შვილია.
3. მამკვიდრებლის მშობლები გარდაცვლილნი არიან. ასევე, გარდაცვლილია მისი ძმა (მოსარჩელის მამა) გ- ა--ი, რომელიც გარდაიცვალა 1997 წლის 8 ოქტომბერს.
4. ა- მ--ი (შემდეგში: პირველი მოპასუხე) და გ- კ-ა (შემდეგში: მეორე მოპასუხე) არიან 2000 წლის 30 ნოემბერს გარდაცვლილი ი- ა-ის (შემდეგში: მამკვიდრებლის ფაქტობრივი მეუღლე) შვილები.
5. პირველმა და მეორე მოპასუხეებმა მემკვიდრეობით მიიღეს მამკვიდრებლის ფაქტობრივი მეუღლის სამკვიდრო ქონება.
6. მამკვიდრებელი და მისი ფაქტობრივი მეუღლე დაქორწინებულები არ ყოფილან.
7. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მის სამკვიდროს დაეუფლა მოსარჩელე.
8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა პირველი და მეორე მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა: (1) მამკვიდრებელსა და მის ფაქტობრივ მეუღლეს შორის ქორწინების მოწმობა სერია IV-ТИ №3…, სააქტო ჩანაწერი №198, გაცემის თარიღი: 1995 წლის 24 მარტი, ქორწინების თარიღი: 1986 წლის 27 დეკემბერი, ყალბად აღიარება; (2) მამკვიდრებელისა და მისი ფაქტობრივი მეუღლის ქორწინების სამართლებრივი ურთიერთობის არარსებულად აღიარება; (3) ა- ა-ის ასულ მ---ისა და გ- ა--ის ასულ კ-ასათვის მამკვიდრებლის ფაქტობრივი მეუღლის მიმართ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა; (4) მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების (უძრავი ქონება) ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღების ფაქტობრივი გარემოების დადგენილად აღიარება.
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით წარდგენილი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც ქორწინების მოწმობა - ასლი - სერია IV-TИ №30.. მამკვიდრებელსა და მის ფაქტობრივ მეუღლეს შორის აღიარებულ იქნა ყალბად; აღიარებულ იქნა ქორწინების არარსებობა მამკვიდრებელსა და მის გარდაცვლილ მეუღლეს შორის; აღიარებულ იქნა, რომ პირველი და მეორე მოპასუხეები არ არიან მამკვიდრებლის მემკვიდრეები; დადგენილ იქნა ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება;
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ:1-6-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
12. დავის მოსაწერიგებლად სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც 1970 წლის რედაქციით საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსის მე-19 მუხლით, ასევე, საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 1106-ე მუხლით, რომელთა ნორმატიული დანაწესით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს, მხოლოდ, შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებული ქორწინება.
13. უდავო იყო, რომ მამკვიდრებელსა და მის ფაქტობრივ მეუღლეს ქორწინება რეგისტრირებული არ ჰქონდათ. ამის შესაბამისად, მათი თანაცხოვრება მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს, იურიდიული თვალსაზრისით, ვერ წარმოშობდა. პალატამ დაადგინა, რომ მამკვიდრებელსა და მისი ფაქტობრივი მეუღლის ქორწინების მოწმობის ასლი ნამდვილი არ არის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 137-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სადავო საბუთის ნამდვილობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს, რომელსაც რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ქორწინების მოწმობის ასლის ნამდვილობას დაადასტურებდა, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, არ არსებობდა სადავო საბუთის დედანი და ამის შესაბამისად, მისი სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შესაძლებლობა მხარეებსა და სასამართლოს არ გააჩნიათ.
14. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ სადავო საბუთი წარმოადგენს არა თავდაპირველად გაცემული ქორწინების მოწმობის ასლს, არამედ, განმეორებით, 1995 წლის 24 მარტს გაცემული მოწმობის ასლს.
15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 1995 წლის 24 მარტისათვის მოქმედი, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1971 წლის 9 მარტის №133 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქციის 113-ე მუხლის თანახმად: განმეორებითი მოწმობების გაცემის შესახებ განცხადების მიხედვით სააქტო ჩანაწერების შემოწმება წარმოებდა მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერების წიგნებსა და მეტრიკულ წიგნებში. განცხადება განმეორებითი მოწმობის გაცემაზე კი გატარდებოდა განცხადებათა აღრიცხვის წიგნში. ამავე ინსტრუქციის 118-ე მუხლის მიხედვით, თუ სააქტო ჩანაწერი არ აღმოჩნდებოდა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ რაიონულ, საქალაქო ბიუროში (განყოფილებაში) ან თბილისის ქალაქის მმაჩის არქივში, განმცხადებელს შეეძლო მიემართა მმაჩის რესპუბლიკური (საოლქო) არქივისათვის სააქტო ჩანაწერის მეორე ეგზემპლარის შესამოწმებლად. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სააქტო ჩანაწერი არც აქ აღმოჩნდებოდა, განმცხადებელს მიეცემოდა ცნობა ჩანაწერის არარსებობის შესახებ. ამის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმეორებითი მოწმობა გაიცემოდა, მხოლოდ, არსებული სააქტო ჩანაწერის საფუძველზე. სააქტო ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში, განმცხადებელს მიეცემოდა არა განმეორებითი მოწმობა, არამედ შესაბამისი ცნობა ჩანაწერის არარსებობის შესახებ. უდავოა, რომ მამკვიდრებელსა და მის ფაქტობრივ მეუღლეს შორის ქორწინების სააქტო ჩანაწერი არ არსებობდა. არარსებული ჩანაწერის საფუძველზე განმეორებით მოწმობას მარეგისტრირებელი ორგანო კი, ვერ გასცემდა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული საბუთი ნამდვილი არ იყო. მნიშვნელოვანად იქნა მიჩნეული ისიც, რომ არ მოიპოვებოდა განმეორებითი მოწმობის გაცემის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის დამადასტურებელი ჩანაწერიც. სადავო საბუთზე დასმული იყო ბეჭდის ტვიფრი, თუმცა, მასზე არსებული წარწერები და სიმბოლოები არ იკითხებოდა, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დამატებით, ადასტურებდა საბუთის სიყალბეს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დოკუმენტის არანამდვილობა დასტურდებოდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2015 წლის 27 აპრილის დადგენილებითაც, რომლითაც გამოძიება შეწყდა არამარეაბილიტირებელი მოტივით - სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, თუმცა, დადასტურდა, რომ სადავო ქორწინების მოწმობა ნამდვილი არ ყოფილა.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქორწინების მოწმობა მამკვიდრებელსა და მის ფაქტობრივ მეუღლეს შორის ნამდვილი არ იყო ე.ი. ყალბი იყო. მაშასადამე, მოპასუხეები არ წარმოადგენდნენ მამკვიდრებლის მემკვიდრეებს, რამდენადაც, მამკვიდრებლის მემკვიდრე მისი ფაქტობრივი მეუღლე ვერ იქნებოიდა [სსკ-ის 1336-ე მუხლი].
17. უდავოა, რომ მამკვიდრებელს პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია, მისი ძმა, მოსარჩელის მამა კი, გარდაცვლილი იყო. ამდენად, მამკვიდრებლის ერთადერთ მემკვიდრეს მოსარჩელე წარმოადგენდა.
18. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მამკვიდრებლის სამკვიდრო მიღებული ჰქონდა [სსკ-ის 1421.3 მუხლი], სახელდობრ, საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელე მამკვიდრებლის სამკვიდროს ნაწილს, მოძრავ ნივთებს დაეუფლა. ეს კი ნიშნავს, რომ მან სამკვიდრო სრულად მიიღო.
19. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
20. კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არ შეაფასა მოსარჩელის იურდიული ინტერესის არსებობა აღიარებითი სარჩელის მიმართ {სსსკ-ის 180-ე მუხლი}. აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის მნიშვნელობასა და მისი აუცილებლობის შესახებ კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში მოცემულ განმარტებებზე.
21. კასატორი არ ეთანხმება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მამკვიდრებელსა მის ფაქტობრივ მეუღლეს შორის ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტის სიყალბის შესახებ და აღნიშნავს, რომ ნოტარიუსისა და სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელთა დაკითხვის ოქმებით არ დასტურდება, რომ მოწმობა არის ყალბი. რაც შეეხება გამოძიების მასალებს, არ არის წარმოდგენილი კანონიერ ძალაში მყოფი განაჩენი, რომლითაც დადგენილი იქნებოდა დოკუმენტის სიყალბე. საქმეში წარმოდგენილი ქ-ის რაიონული და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც მამკვიდრებლის მეუღლე მონაწილეობდა როგორც მამკვიდრებლის მეუღლე. ასევე საქმეში წარმოდგენილია თვით მამკვიდრებლის განცხადება, რომლითაც იგი სასამართლოს ატყობინებს, რომ სასამართლოში საქმის წარმოებას გააგრძელებს მისი მეუღლე.
22. კასატორები სადავოდ ხდიან მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების ფაქტორივი დაუფლების ფაქტს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. მხარის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმეებმა ვერ დაადასტურეს სარწმუნოდ ეს ფაქტი. პროცესზე გაირკვა, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა ქ---ში მეგობრობის ქუჩაზე, ხოლო მამკვიდრებლის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარეობს რ---–ის ქუჩაზე. ასევე, დადგინდა, რომ მამკვიდრებელი არ ცხოვრობდა მეგობრობის ქუჩაზე, მშობლების სახლში, არამედ ცხოვრობდა ცალკე, რ-–ის ქუჩა №333-ში. ის ნივთები რომელზეც მიუთითებდა მოსარჩელე მოწმეთა ჩვენებებით მდებარეობდა მეგობრობის ქუჩაზე არსებულ სახლში და არ ეკუთვნოდა მამკვიდრებელს, რასაც სააპელაციო სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება.
სამოტივაციო ნაწილი:
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
24. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
25. განსახილველ შემთხვევაში, კასატორები სადავოდ ხდიან მოსაჩელის იურიდიული ინტერესის არსებობას აღიარებითი სარჩელის მიმართ და მიუთითებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინებაში გაკეთებულ ნორმის განმარტებაზე. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობასთან მიმართებით და სსსკ-ის 180-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის განმარტების მიზნით, თავადაც მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინებას (№ას-121-117-2016), რომელშიც აღნიშნულია, რომ: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესს სამემკვიდრეო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება წარმოადგენდა, მას გააჩნდა დაყენებული აღიარებითი მოთხოვნის მიმართ დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესი.
26. რაც შეეხება კასატორების მომდევნო ორ პრეტენზიას, რომელთაგან ერთ-ერთი ქორწინების მოწმობის არაავთენტურობას, ხოლო მეორე - სამკვიდროს ფაქტობრივ დაუფლებას შეეხება, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ამ ნაწილში, პრეტენზიის დასაბუთების მიზნით, კასატორები ვალდებულნი იყვნენ მიეთითებინათ იმგვარი საპროცესო ნორმების დარღვევებზე, რომლებმაც გამოიწვიეს ამ საქმეზე სხვაგვარი იურიდიული შედეგის დადგომა [სსკ-ის 393.3 მუხლი]. კასატორების მხრიდან კი, ამგვარი დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო პალატისათვის [სსკ-ის 407.2 მუხლი]. ხოლო, რაც შეეხება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მეუღლეთა უფლებამოვალეობების იურიდიული საფუძვლების განმარტებისას ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ აღნიშნა: „მოქმედი სსკ-ის 1151-ე მუხლი მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას და მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის მომენტთან მიმართებაში, მითითებული ნორმის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება მის ნორმატიულ შინაარსს. იხ., სუსგ №ას-7-7-2016,16 მარტი, 2016 წელი. ვინაიდან მოცემულ საქმეზე დადგენილი იქნა, რომ მამკვიდრებელი მის ფაქტობრივ მეუღლეთან არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მის დანაშთ სამკვიდროზე მოპასუხეთა რაიმე უფლება ლეგიტიმური ვერ იქნებოდა.
27. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესსა და მეუღლეთა ფაქტობრივი ქორწინების სამართლებრივ შედეგთან მიმართებით ნამსჯელი აქვს საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავის გადაწყვეტილებებში, რომელთა ნაწილი ასახულია წინამდებარე მსჯელობაშიც.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-- მ--ისა და გ- კ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ა--მ--სა და გ-- კ-ას უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 27 მარტს საგადახადო დავალება N12.. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (800 ლარი) – 560 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე