№330210015725200
საქმე №ას-318-301-2017 05 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს---“ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს ღირებულების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2014 წლის 27 ივნისს ქ. თბილისის მერიას (შემდეგში: შემსყიდველი ან მოპასუხე ან კასატორი) და „ს---“-მ (შემდეგში: მიმწოდებელი ან მოსარჩელე) შორის წერილობით გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის მიხედვით, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, მერიამ შეისყიდა ქ. თბილისში 40 ახალი შუქნიშნის ობიექტი თანამდევი მომსახურებით (დამონტაჟება და მართვის ცენტრთან მიერთება), საერთო ღირებულებით - 2 453 779 ლარი ყველა გადასახადის ჩათვლით (შემდეგში: ხელშეკრულება). ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ორ ეტაპად, კერძოდ, პირველი 20 ობიექტის მიეწოდება-მონტაჟი შემსრულებელს უნდა დაესრულებინა 2014 წლის 01 სექტემბრამდე, ხოლო დარჩენილი 20 ობიექტის - 2014 წლის 01 ნოემბრამდე.
2. ხელშეკრულების 8.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ხოლო თუ ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო შეადგენს ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. 2014 წლის 01 სექტემბერს მიმწოდებელმა წერილობით აცნობა შემსყიდველს, რომ პროდუქციის მომწოდებელი უკრაინელი პარტნიორის შპს ,,რ-----------–-----ის” (შემდეგში: უცხოური კომპანია) 24 ივლისის შეტყობინებით, დასამონტაჟებელი აპარატურის ნაწილი (კონტროლერის კარადა) მზადდებოდა უკრაინაში, დ----–-ის ოლქის ქ.მ------აში საწარმო ,,ვ---–-------”-ის მიერ, სადაც მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები უკრაინის ხელისუფლებასა და სეპარატისტებს შორის; აღნიშნულიდან გამომდინარე, საქონლის მიწოდება შეუძლებელი იყო. ამასთან, უკრაინელი პარტნიორის მიერ მოძიებული ალტერნატიული მწარმოებლისაგან კარადების მოწოდება შესაძლებელი იქნებოდა აგვისტოს ბოლოსათვის. ამიტომ მიმწოდებელმა შემსყიდველს შესთავაზა, შექმნილი ფორსმაჟორული გარემოების გათვალისწინებით, ცვლილება შესულიყო პროდუქციის მიწოდებისა და მონტაჟის ვადებში და დაედგინათ ახალი გრაფიკი, რომლითაც ხელშეკრულების შესრულების საერთო ვადები არ შეიცვლებოდა, კერძოდ, ხუთი ობიექტის მონტაჟი განხორციელდებოდა - არაუგვიანეს 2014 წლის 01 სექტემბრისა; 15 ობიექტის - არაუგვიანეს 2014 წლის 30 სექტემბრისა; დარჩენილი 20 ობიექტის - არაუგვიანეს 2014 წლის 01 ნოემბრისა.
4. ამ შეთავაზებაზე შემსყიდველმა 20.08.2014წ. წერილით უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ სატენდერო წინადადებასა და ხელშეკრულებაში მითითებული არ იყო, რომ მოსაწოდებელი საქონელი მოპასუხეს მხოლოდ უკრაინაში უნდა შეეძინა; ამასთან, ფორს-მაჟორული მდგომარეობა არ იყო შექმნილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს ადგილას.
5. 2014 წლის 18 სექტემბერს მიმწოდებელმა კვლავ მიმართა შემსყიდველს იმაზე მითითებით, რომ 2014 წლის 01 სექტემბრისათვის დასრულებული იყო ექვსი შუქნიშნის დამონტაჟება, 20 ობიექტზე სამუშაოები დასრულდებოდა არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები საერთოდ დასრულდებოდა არაუგვიანეს 2014 წლის 01 ნოემბრისა. ამიტომ, შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით, მიმწოდებელმა კვლავ ითხოვა მიწოდების გრაფიკში ცვლილებების შეტანა.
6. 2014 წლის 19 სექტემბრის წერილით შემსყიდველმა კვლავ უარი უთხრა მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადების ცვლილებაზე.
7. მიმწოდებელმა სამუშაოები შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადის გადაცილებით. კერძოდ, პირველი ეტაპის 20 ობიექტზე, ნაცვლად 2014 წლის 1 სექტემბრისა, სამუშაოები დაასრულა 2014 წლის 9 ოქტომბერს, 21 ოქტომბერს და 5 ნოემბერს, ხოლო მეორე ეტაპის 20 ობიექტზე - ნაცვლად 2014 წლის 1 ნოემბრისა - 15 და 26 დეკემბერს.
8. სამუშაოთა შესრულების ვადის გადაცილების გამო, შემსყიდველმა მიმწოდებელს დაარიცხა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ჯამურად 553 881,09 ლარი.
9. მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა შემსყიდველის მიმართ და მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების სახით იმ ოდენობით თანხის - 553 881,09 ლარის ანაზღაურება, რაც შემსყიდველმა პირგასამტეხლოს სახით დაარიცხა (დაუკავა) და არ აუნაზღაურა.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 498 492.99 ლარის გადახდა.
11. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელსაც უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინებით.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ:1-8.
13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დადგენილია მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოები შეასრულა ვადის გადაცილებით - პირველი ეტაპის სამუშაოები 20 ობიექტზე, ნაცვლად 2014 წლის 01 სექტემბრისა, დაასრულა - 2014 წლის 09 ოქტომბერს, 21 ოქტომბერს და 05 ნოემბერს, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები 20 ობიექტზე - ნაცვლად 2014 წლის 01 ნოემბრისა, დაასრულა - 15 და 26 დეკემბერს. შესაბამისად, შემსყიდველმა მიმწოდებელს სამუშაოთა შესრულების ვადის გადაცილების გამო, დაარიცხა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში - 553881,09 ლარი და აღნიშნული თანხა გაუქვითა (დაუკავა) შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების თანხაში [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 417-ე, 394-ე, 442-ე, 51-ე მუხლები]. შემსყიდველის განმარტებით, მიმწოდებელი კომპანიის დირექტორი წერილობითი განცხადებებით მიმართავდა მას და ითხოვდა დაკისრებული საჯარიმო სანქციების - დარიცხული პირგასამტეხლოების გაქვითვას შესრულებული სამუშაოების ორგანიზაციისათვის ასანაზღაურებელი თანხიდან; ასევე მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ, ამ წერილების საფუძველზე, თანხების გაქვითვის თაობაზე, ეთხოვა მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს. მხარეთა შორის წარმოშობილი დავა სააპელაციო პალატამ მოაწესრიგა სსკ-ის 629-ე მუხლით. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2014 წლის 19 სექტემბრის წერილით შემსყიდველმა მიმწოდებელს უარი განუცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადების ცვლილებაზე [სსკ-ის 398-ე მუხლი]. ხელშეკრულების 11.2. პუნქტის თანახმად, „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, ემბარგოს და დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
14. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ შემსყიდველისათვის შესყიდვის ობიექტის შეთანხმებულ ვადაში მიუწოდებლობა გამოწვეული არ იყო ფორს-მაჟორული გარემოებით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დასკვნით, ადგილი არ ჰქონია ფორსმაჟორულ გარემოებას. ამასთან, სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა, რომ შესყიდვის ობიექტი მხოლოდ უკრაინაში უნდა შეძენილიყო და ამ თვალსაზრისით მოპასუხე ქ. თბილისის მერიის პოზიცია სწორად იქნა მიღებული მხედველობაში. შესაბამისად, ვალდებულება დაირღვა, რაც წარმოშობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს {სსკ-ის 394-ე, 417-ე, 418-ე მუხლები].
15. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო პირველი ინსტანციის სასამართლომ შეამცირა ათჯერ - 55 388,1 ლარამდე [სსკ-ის 420-ე მუხლი], რაც გაიზიარა სააპელაციო პალატამ [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 390-ე მუხლი].
16. იმავდროულად, მხედეელობაში იქნა მიღებული, რომ მიმწოდებელმა ვადის დარღვევით, მაგრამ შეასრულა სამუშაოები, რომელიც შემსყიდველმა მიიღო, რითაც მიმწოდებელს წარმოეშვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება [სსკ-ის 629-ე მუხლი], ხოლო პირგასამტეხლოს შემცირების საფუძლით მითითებული თანხის სრული ოდენობით დაკავებას არ გააჩნდა საამისოდ აუცილებელი მატერიალური საფუძველი. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ შემცირებულ პირგასამტეხლოს ოდენობასა და მოთხოვნილ თანხას შორის დარჩენილი სხვაობის - 498 492,99 ლარის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა შემსყიდველს.
17. განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ/აპელანტმა.
18. კასატორის მოსაზრებით, მხარეთა შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება [საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში: სზაკ-ი) მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი]. იმავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრი უფლებამოსილება, რომელსაც ის დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს. ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ აპელატმა დააყენა საკითხი აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია. მაშასადამე, კასატორს მიაჩნია, რომ სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სსსკ-ის 394.„ა“ მუხლის საპროცესოსამართლებრივი საფუძველი.
19. გარდა ამისა, კასატორი განჩინების გაუქმების საპროცესოსამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევს სსსკ-ის 393-ე მუხლსაც. იგი აღნიშნავს, რომ მიმწოდებელმა დაარღვია ვალდებულება. სასამართლოს კი, უნდა ემჯელა არსებობდა თუ არა ფორს-მაჟორული გარემოება და მაშასადამე, პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი.
20. იმავდროულად, კასატორს მიაჩნია, რომ დაირღვა სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები, რადგან, მოსარჩელე მხოლოდ იმაზე მოუთითებდა, რომ ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა გამორიცხავდა ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრებას, თუმცა იგი არ მიუთითებდა პირგასამტეხლოს არაგონვრულობაზე, სადავოდ არ ხდიდა პირგასამტეხლოს ოდენობას და არც მის შემცირებაზე მიუთითებდა.
21. ამასთან, სასამართლომ დაარღვია მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიც [სსკ-ის 417-ე, 418-ე, 319-ე, 420-ე მუხლები]. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მეწარმე სუბიექტისათვის დაკისრებული ან დასაკისრებელი პირაგასმტეხლოს შემცირების აუცილებლობა არ უნდა დადგეს, რადგან გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობა გამომდინარეობს კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში სუსტი მხარის ინტერესების დასაცავად, ხოლო ვინაიდან მეწარმე გამოცდილია სახელშეკრულებო პირობათა განსაზღვრაში, მის მიმართ არ ვრცელდება სსკ-ის 420-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
23. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
24. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის გაცნობის შდეგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზია შეეხება საქმის განმხილველი სააპელაციო სასამართლოს მიერ განსჯადობისა და სამართალწარმოების პრინციპების დარღვევას [სსკ-ის მე-3, მე-4, მე-11 და 393.3 მუხლები]. ამასთანავე, კასატორს მიაჩნია, რომ განხორციელებულია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება [სსკ-ის 394-ე და 420-ე მუხლები, სსსკ-ის 393.1 და 393.2 მუხლები].
25. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას განსჯადობის წესების დარღვევასთან მიმართებით და უწინარესად, ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის ნარდობად კვალიფიკაციას [სსკ-ის 327-ე და 629-ე მუხლები], რომელიც საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის.
26. ნიშანდობლივია, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა თავისი არსით წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას და ადმინისტრაციული ხელშეკრულებისაგან განსხვავებით არ უკავშირდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას [სსკ-ის 319-ე 327-ე მუხლები]. ადმინისტრაციული ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, სადაც ხელშემკრველი სუბიექტები აღიჭურვებიან საჯარო სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მქონე სუბიექტებად.
27. ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებლი ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერებას. მაშასადამე, იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა, ხელშეკრულება მის მონაწილე სუბიექტს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობით არ აღჭურავს. არც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან საჯარო ქმედების (რეალაქტის) განხორციელების მოვალეობა არ წარმოიქმნება და მით უფრო, აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობა არც ადმინისტრაციული კანონმდებლობით წესრიგდება.
28. მაშასადამე, განსახილველი სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ხოლო საქართველოს ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო სამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. აღნიშნული დასკვნა კი, კასატორის პრეტენზიის გაზიარების ვარგის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოშობს. აღნიშნულთან დაკავშირებით დადგენილი სასამართლო პრაქტიკა იხ., სუსგ Nბს-364-360(გ-14), 10 ივლისი, 2014 წელი.
29. კასატორის მეორე არგუმენტი სამართალწარმოების შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დარღვევას შეეხება. ამგვარ დარღვევად კი, კასატორი მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ პირგასამტეხლოს განაკვეთის (მოცულობა) გონივრულობაზე მსჯელობა იქონია მოსარჩელის კვალიფიციური პოზიციის წარმოუდგენლობის მიუხედავად. კასატორის მოსაზრებით, სარჩელით სადავო იყო, ზოგადად, პირგასამტეხლოს (მთლიანობაში) დარიცხვის კანონიერება და არა მისი ოდენობის გონივრულობა. შესაბამისად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეემცირებინა მისი მოცულობა [სსკ-ის 420-ე მუხლი]. მაშასადამე, საკასაციო პალატამ უნდა იმსჯელოს საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული (დარიცხული) პირგასამტეხლოს განაკვეთის გონივრულობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იყო თუ არა ლეგიტიმური იმ ვითარებაში, როდესაც მხარე მხოლოდ პირგასამტეხლოს დარიცხვას ხდიდა სადავოდ და მის ოდენობას არ შედავებია.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში სასამართლო მხოლოდ ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრს. ამ პროცესში, მონაწილეობენ მოთხოვნის კრედიტორი, რომლის მიმართაც დარღვეულია ვალდებულება და მოვალე/მოპასუხე, რომელიც მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებას - პირგასამტეხლოს მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ განაკვეთად. ამ დროიდან, უკვე სასამართლო იწყებს პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას. საგულისხმოა, რომ ამ პროცესში მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. თუმცა, საგულისხმოა, რომ თუ მხარე სადავოდ არ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას (გონივრულობას), მაგრამ საერთოდ გამორიცხავს მისი დაკისრების წინაპირობების არსებობას, უპრიანია სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობაც შედავებულად მიიჩნიოს და შეაფასოს მისი გონივრულობა; ასეთ ვითარებაში, ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს მხარის ნება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არათუ პირგასამტეხლოს ოდენობას ხდის სადავოდ, არამედ საერთოდ პირგასამტეხლოს დაკისრებას არ ეთანხმება. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
31. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, გარკვეულწილად განსხვავებული ფაქტობრივი მოცემულობაა სახეზე, სახელდობრ, მოსარჩელე მოთხოვნის არათუ კრედიტორი, არამედ მოვალეა, რომელიც პირგასამტეხლოს დარიცხვისა და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაში მის გამოქვითვას მიიჩნევს სადავოდ [სსკ-ის 417-ე, 418-ე, 394-ე, 51-ე 442-ე მუხლები] - პრაქტიკულად, შესამოწმებულია მხარეთა შორის განხორციელებული მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის კანონიერება, რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ ცვლის სასამართლოს მიხედულებას შესამოწმებელ საკითხთან მიმართებით.
32. რაც შეეხება, სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებს მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.
33. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სამუშაოები, ორი თვის დაგვიანებით, თუმცა ბოლომდე იქნა მიყვანილი და შესრულება შემკვეთმა მიიღო. ამ ვითარებაში კი, 55 388,1 ლარის სახით პირგასამტეხლოს გამოქვითვა სავსებით უზრუნველყობდა ზიანის იმ მინიმალურ სახეს, რის მაკომპენსირებელ ნორმატიულ საშუალებასაც სსკ-ის 417-ე მუხლი ამავე კოდექსის 394-ე მუხლთან ერთობლიობაში წარმოადგენს. აღნიშნული კი, გამორიცხავს კასტორის პოზიციის გაზიარების საფუძველს სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს არამართლზომიერ ჩარევასთან მიმართებით
34. მაშასადამე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საკასაციო პრეტენზიის არცერთ ნაწილში, სახელდობრ, პირველი საკასაციო პრეტენზიის ნაწილში, რომელიც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს შეეხება, არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან რაიმე პროცედურული წესების დარღვევა ან არასწორი სამართლებრივი შეფასება.
35. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასების პროცედურულ და მატერიალურ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით დადგენილია სასამართლო პრაქტიკა. იხ, სუსგ №ას-862-828-2016, 24 თებერვალი, 2017 წელი; სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; სუსგ №ას-853-817-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე