Facebook Twitter

№010210013310537

საქმე №ას-362-338-2017 19 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ- კ--ე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ- კ--ე, ნ- კ--ე, ანა კანდელაკი

(მოპასუხე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და დამატებითი გადაწყვეტილებით დამდგარი იურიდიული შედეგის ძალაში დატოვება

დავის საგანი (სარჩელის მიხედვით) – სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ--- კ--ემ (შემდეგში: მოსარჩელე ან განმცხადებელი) სარჩელი აღძრა ნ- კ--ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე), ნ- კ--ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) და ანა კანდელაკის (შემდეგში: მესამე მოპასუხე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა შემდეგი: ა) მეორე მოპასუხის მიერ ქ. ბ--ში, ო--კის ქ. №62-64-ში (შემდეგში: სამკვიდრო ქონება) მდებარე რ- კ--ის (შემდეგში: მამკვიდრებელი) დანაშთი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილში 2008 წლის 5 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა; ბ) სამკვიდრო ქონებაზე პირველსა და მეორე მოპასუხეს შორის 2013 წლის 16 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა 1/2 ნაწილში; გ) 2013 წლის 15 აპრილს პირველსა და მესამე მოპასუხეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა 1/2 ნაწილში; დ) მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი მფლობელობით სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის მიღებულად აღიარება.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუსის მიერ 2008 წლის 05 დეკემბერს მეორე მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ½ ნაწილში. სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი მიჩნეული იქნა მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი მფლობელობით მიღებულად.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დადგენილებით ნაწილში არ არის მითითება ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე. დადგენილია, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში [2015 წლის 05 ივნისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქააქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე].

4. 2016 წლის 23 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის აღმოფხვრის თაობაზე. განმცხადებელმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის ასახული პასუხი შემდეგ სასარჩელო მოთხოვნაზე: „ბათილად იქნას ცნობილი 1/2 ნაწილში სამკვიდრო ქონებაზე პირველსა და მეორე მოპასუხეს შორის 2013 წლის 16 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულება, ასევე 2013 წლის 15 აპრილს პირველსა და მესამე მოპასუხეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება.’’

5. განმცხადებლის განმარტებით: თუ გადაწყვეტილებაში აღნიშნული მითითებული არ იქნება, მაშინ ის ვერ მოიპოვებს საკუთრების უფლებას ქონების იმ წილზე, რაც გადაწყვეტილებით მიეკუთვნა. მისი მიუთითებლობა განმცხადებლის განმარტებით, გამოწვეულია უსწორობით და მან მოითხოვა აღნიშნული უსწორობის გასწორება.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით: განცხადება, უსწორობის აღმოფხვრის თაობაზე არ დაკმაყოფიდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლოს ინიციატივით საქმეზე მიღებული იქნა დამატებითი გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი პირველსა და მეორე მოპასუხეს შორის 2013 წლის 16 იანვარს სამკვიდრო ქონების ჩუქებაზე დადებული ხელშეკრულება 1/2 ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი პირველსა და მესამე მოპასუხეს შორის 2013 წლის 15 აპრილს სამკვიდრო ქონების ჩუქების ხელშეკრულება 1/2 ნაწილში.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმებისა და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ:1-4-ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

9. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოთვლის იმ სამ შემთხვევას, როცა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება. ერთ-ერთია ის შემთხვევა, როცა სასამართლომ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა - განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, არ შეიცავს მითითებას სადავო ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ. გადაწყვეტილება მოპასუხე მხარეთა მიერ სააპელაციო და საკასაციო გასაჩივრების შემდგომ კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 5 ივნისს.

11. დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელემ არ გამოიყენა სსსკ-ის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით მინიჭებული უფლება და 7 დღის ვადაში არ დასვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი. 7-დღიან ვადაში ხარვეზი არ შეუსწორებია არც სასამართლოს (თავისი ინიციატივით).

12. 2016 წლის 23 თებერვალს, მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა განცხადებით განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თხოვნით {სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი}. საქალაქო სასამართლომ არ განიხილა მხარის ეს განცხადება, თუმცა, მან საკუთარი ინიციატივით იმსჯელა სსსკ-ის 261-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, რითაც დაარღვია ამავე ნორმის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების გამოტანიდან 7 დღის ვადაში უნდა დასმულიყო ეს საკითხი.

13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ სსსკ-ის 261.2-ე ნორმით დადგენილი 7- დღიანი ვადა ვრცელდება მხოლოდ მხარეებზე, სასამართლო კი, ამ ვადით შეზღუდული არ არის და რომ, მას შეუძლია თავისი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუკი ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა ამ თვალსაზრისით სასამართლოსათვის გამონაკლისს არ უშვებს: „დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობას კანონი ანიჭებს ასევე სასამართლოს. ამასთან, ზემოხსენებული საკითხის დასმა სასამართლომაც, დაინტერესებული მხარის მსგავსად, 7 დღის ვადაში უნდა განახორციელოს. კანონი აქ რაიმე გამონაკლისს არ უშვებს. რაც შეეხება საკითხის დასმის ფორმას, თუ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ინიციატორი სასამართლოა, მან ეს საკითხი შეიძლება დასვას მხოლოდ მის მიერ მიღებული განჩინებით, ვინაიდან სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით (სსკ-ის 284.1 მუხლი). მაგალითად, თუ საკითხი ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს, სასამართლომ თავისი განჩინებით უნდა დაადგინოს, რომ ზემოხსენებული საფუძვლებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენით (სასამართლო სხდომაზე), რომლის თაობაზეც უნდა ეცნობოთ მხარეებს კანონით დადგენილი წესით (სსკ-ის 261.3 მუხლი), ხოლო, თუ საკითხი ეხება სსკ-ის 261- ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, სასამართლომ თავისი განჩინებით უნდა დაადგინოს, რომ სასამართლო ხარჯების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე ან ზეპირი მოსმენით (სასამართლო სხდომაზე), რის თაობაზეც, ასევე, უნდა ეცნობოთ მხარეებს (სსკ-ის 261.31 მუხლი).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თუ სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში არ გამოიტანა ერთ-ერთი ზემოხსენებული განჩინება, იგი არაა უფლებამოსილი ამ ვადის გასვლის შემდეგ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება“. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას აგრეთვე მიუთითა სადავო პროცესულაურ საკითხთან დაკავშირებით დადგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, იხ. სუსგ საქმე № ას-795-754-2013, 29 ნოემბერი 2013 წელი, ასევე შდრ. სუსგ №ას-480-454-2014, 8 მაისი 2015 და №ას-440-419-2015, 21 მაისი 2015 წელი].

15. გადაწყვეტილების გაუქმებისა და განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის დამატებითი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა.

16. კასატორის მოსაზრებით, არასწორია იმგვარი დასკვნის გაკეთება თითქოს სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივაა დაკმაყოფილებული და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მაშინ როდესაც დადგენილებით ნაწილში წერია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა. სამკვიდრო მოწმობა ნაწილობრივ იქნა ბათილად ცნობილი, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას კი, არ ნიშნავს, არამედ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. აღნიშნულს ადასტურებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 02 მაისის განჩინების (საქმე №2/ბ-238-14წ) მე-2 გვ. 2.1 პუნქტის დასაწყისიც. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხეებზე დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის თანხის ოდენობიდანაც ირკვევა, რომ სასამართლომ ჩუქების ხელშეკრულებების ბათილობაზეც იმსჯელა ანუ, როგორც განისაზღვრა სადაო ქონების ღირებულება და შესაბამისად, იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რაც სრულად დაეკისრათ მოპასუხეებს. აღნიშნული გადაწყვეტილების 2.13 პუნქტში მითითებულია ისიც, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სხვა ნორმებთან ერთად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლიც მიუთითა, რაც ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძვლად იქნა მითითებული და არა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლად. აგრეთვე იხ., ამავე გადაწყვეტილების 3.10-4.33. 4.34. 4.35. პუნქტები. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ჩუქების ხელშეკრულებების ბათილობაზე წინადადებების არარსებობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას იმ გარემოებად, რომ სასამართლომ ამ საკითხზე არ იმსჯელა, ვინაიდან როგორც სამოტივაციო ნაწილით ირკვევა ამ საკითხზე სასამართლოს ნამსჯელი აქვს. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ სამოტივაციო ნაწილში სასამართლო უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლს. უბრალოდ გადაწყვეტილების ტექნიკურად მომზადებისას სასამართლოს გამორჩა მიეთითებინა დადგენილებით ნაწილში სარჩელით მოთხოვნილ საკითხებზე დასკვნა.

17. რაც შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების 24. პუნქტში არსებულ სასამართლოს მსჯელობას, რომ კასატორს არ გაუსაჩივრებია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება, კასატორს მიაჩნია, რომ ვინაიდან სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა, რაზედაც მათ მოსამართლის თანაშემწემ განუმარტა, დასაბუთებული გადაწყვეტილება კი, იმ იმედით, რომ სარჩელი სრულად იყო დაკმაყოფილებული, არ წაუკითხავთ.

18. კასატორის მოსაზრებით, ყურადღებაა მისაქცევი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის განჩინების მე-7 გვერდზე მითითებული სამართლის ნორმების დარღვევებზე, სადაც ასევე მითითებულია სსკ-ის 56-ე მუხლის დარღვევაზე, ამავე განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებულ მე-9 გვერდზე მითითებულ გარემოებაზე; კერძოდ საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებაზე, რომ სასამართლომ „ჩუქების ხელშეკრულება არასწორად ჩათვალა ბათილ გარიგებად", ასევე მე-13 გვერდზე სახელმწიფო ბაჟის თანხის განაწილების თაობაზე….

19. კასატორის მოსაზრებით, ყურადღებას იმსახურებს ის გარემოებაც, რომ კასატორები უკანონოდ მიიჩნევდნენ მათზე დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის თანხის არა თუ ოდენობას, არამედ საერთოდ დაკისრებას, როგორც სოციალურად დაუცველების სტატუსის მქონე პირები. ბაჟის თანხის ოდენობითაც დასტურდება, რომ სასამართლომ იმსჯელა ჩუქების ხელშეკრულებების კანონიერებაზე და შესაბამისად, განსაზღვრა ბაჟის თანხის დაკისრების საკითხიც.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

21. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

22. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას მასზედ, რომ ვინაიდან მხარეებს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ 7-დღის ვადაში დამატებითი განჩინების მიღების საკითხი არ წამოუჭრიათ, სასამართლო უფლებამოსილი იყო თავისი ინიციატივით განჩინების გამოტანიდან ნებისმიერ დროს მიეღო დამატებითი განჩინება, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც სასამართლომ იმსჯელა, თუმცა არ აისახა შემაჯამებელ სასამართლო აქტში {სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი}. იმგვარად, რომ ამ საპროცესო საკითხის სხვაგვარი განმარტება დაუშვებელია საკასაციო საჩივრის თუნდაც იმ არგუმენტის მოშველიებით, რომ ვინაიდან დამატებითი გადაწყვეტილებით დადგენილ საკითხზე ნამსჯელი აქვს სასამართლოს ძირითადი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში და მხოლოდ გადაწყვეტილების ტექნიკურად მომზადების ეტაპზე დაშვებული ხარვეზის შედეგია იგი, არც ის პოზიციაა ვარგისი რომ ვინაიდან მოსარჩელე იმედოვნებდა, რომ სარჩელი დაკმაყოფილებული იყო, გადაწყვეტილებას არ გასცნობია და ა.შ (განჩინების პ:16-19). საკასაციო პალატა განარტავს, რომ ის დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის ვადა იმპერატიულადაა განსაზღვრული სსსკ-ის 261-ე მუხლით და თანაბრად ვრცელდება მხარეებსა და სასამართლოზეც. შესაბამიად, ნორმის იმგვარი ინტერეპრეტაცია თითქოს ეს ვადა სასამართლოს არ ზღუდავს ნებისმიერ დროს მიიღოს დამატებითი გადაწყვეტილება არ არის კანონის ნორმატიული ნებით ნაკარნახევი და ამგვარად, წარმოადგენს საპროცესო დარღვევას (სსსკ-ის 393.3 მუხლი).

23. საკასაციო პალატის არაერთი გადაწყვეტილებითაა განმარტებული, რომ „დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობას კანონი ანიჭებს ასევე სასამართლოს. ამასთან, ზემოხსენებული საკითხის დასმა სასამართლომაც, დაინტერესებული მხარის მსგავსად, 7-დღის ვადაში უნდა განახორციელოს. კანონი აქ რაიმე გამონაკლისს არ უშვებს. რაც შეეხება საკითხის დასმის ფორმას, თუ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ინიციატორი სასამართლოა, მან ეს საკითხი შეიძლება დასვას მხოლოდ მის მიერ მიღებული განჩინებით, ვინაიდან სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით (სსკ-ის 284.1 მუხლი). მაგალითად, თუ საკითხი ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს, სასამართლომ თავისი განჩინებით უნდა დაადგინოს, რომ ზემოხსენებული საფუძვლებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენით (სასამართლო სხდომაზე), რომლის თაობაზეც უნდა ეცნობოთ მხარეებს კანონით დადგენილი წესით (სსკ-ის 261.3 მუხლი), ხოლო, თუ საკითხი ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, სასამართლომ თავისი განჩინებით უნდა დაადგინოს, რომ სასამართლო ხარჯების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე ან ზეპირი მოსმენით (სასამართლო სხდომაზე), რის თაობაზეც ასევე უნდა ეცნობოთ მხარეებს (სსკ-ის 261.31 მუხლი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, თუ სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში არ გამოიტანა ერთ-ერთი ზემოხსენებული განჩინება, იგი არაა უფლებამოსილი ამ ვადის გასვლის შემდეგ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება“. (იხ. სუსგ საქმე # ას-795-754-2013, 29 ნოემბერი 2013 წელი, ასევე შდრ. სუსგ #ას-480-454-2014, 8 მაისი 2015 და #ას-440-419-2015, 21 მაისი 2015 წელი).

24. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხზე დადგენილია მყარი სასამართლო პრაქტიკა (სსსკ-ის 261-ე მუხლი), რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე მსჯელობაში, აგრეთვე, იხ., №ას-823-774-2015, მარტი, 2016 წელი,

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ- კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. გ- კ---ეს უკან დაუბრუნდეს რ-- პ--ის მიერ 2017 წლის 10 აპრილს საგადახადო დავალება N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1000 ლარი) – 700 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე