Facebook Twitter

№330210015001035087

საქმე №ას-368-342-2017 24 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი – მ-- ნ--ე (მოსარჩელე, აპელანტი)

მეორე კასატორი – შპს „თ--- კომპანია“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება სამსახურში აღდგენისა და განაცდურის სამსახურში აღდგენამდე პერიოდში ანაზღაურების ნაწილში

მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ-- ნ-ე (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული ან პირველი კასატორი) 2012 წლის 07 მაისიდან დასაქმებული იყო შპს „თ--კომპანიაში“ (შემდეგში: მოპასუხე ან დამსაქმებელი ან მეორე კასატორი).

2. 28.04.2015 წლამდე მოსარჩელე მუშაობდა მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის კონდუქტორად.

3. 28.04.2015 წლის შრომითი ხელშეკრულებით მოსარჩელე 30.04.2015წ.-დან დაინიშნა მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 2400 ლარით (დარიცხული).

4. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 01.07.2016 წლამდე.

5. 26.06.2015 წლის ბრძანებით მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სასჯელის სახე - თანამდებობრივი დაქვეითება და იგი მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან დაქვეითებული იქნა კონდუქტორის თანამდებობაზე.

6. მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის 20.07.2015წ. ბრძანების საფუძველზე შეწყდა მოსარჩელესთან დადებული შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხე კომპანიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 26.06.2015 წლის ბრძანების ბათილად ცნობა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 26.06.2015წ.-დან.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინ მოსარჩელემ.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე კომპანიის 26.06.2015 წლის ბრძანება მოსარჩელის მიმართ დისციპლინარული სასჯელის გამოყენების შესახებ. დაეკისრა მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ 26.06.2015 წლიდან 01.07.2016 წლამდე ყოველთვიურად 2400 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება.

11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა განჩინების პპ: 1-6. აგრეთვე, დადგენილად მიიჩნია, რომ 26.06.2015 წლის ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების ინსპექტორების 22.06.2015წ. მოხსენებითი ბარათი N11635-01, რომლის შესაბამისად: შიდა აუდიტის და კონტროლის სამსახურის უფროსის დავალების საფუძველზე შესწავლილ იქნა მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილის - დასაქმებულის მიმართვა სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის მიერ „ბონუსების“ განაწილების და მისი შედგენის (გადაანგარიშების) არაჯეროვნად შესრულების თაობაზე, რაც იწვევდა კონდუქტორებში გაღიზიანებას და პრეტენზიებს. ამდენად, სამსახურებრივი მოკვლევის საფუძველი იყო დასაქმებულის დაინტერესება „ბონუსების“ განაწილების სისტემით, რაც მისი თქმით, კონდუქტორებში იწვევდა უკმაყოფილებას.

12. ინსპექტორებმა მოხსენებით ბარათში დასკვნის სახით მიუთითეს გარემოებებზე, რაც საბოლოოდ საფუძვლად დაედო დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დადებას: მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა დასაქმებულის მიერ გაკეთებული განცხადებების სინამდვილესთან შესაბამისობა - „მის მიერ გამოთქმული პრეტენზიები, სამსახურის საქმიანობასთან დაკავშრებით, უსაფუძვლოა“; საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ აპრილის თვეში სამუშაო პროცესში დასაქმებულსა და სამსახურის უფროსის მოადგილეს შორის მოხდა ხმამაღალი სიტყვიერი შელაპარაკება. მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიის დირექტორის 10.02.2015წ. ბრძანებით გამოცხადებული ჰქონდა საყვედური. მოსამართლის შეკითხვას თუ რა ზიანი მიადგა დამსაქმებელს დამსაქმებელის ქმედებით პასუხი ვერ გაეცა.

13. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა მოხსენებით ბარათში მითითებული საფუძვლით მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის თანამდებობრივი დაქვეითების - გამოყენების წინაპირობა, შემდეგ გარემოებათა გამო: მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ დირექტორმა კონტროლის საკითხებში ჩაატარა გაფართოებული თათბირი, თუმცა, თათბირზე ვერ გამოიკვეთა მ- ნ---ის მიერ გაკეთებული განცხადების რეალობა და ვერ დაფიქსირდა თანამშრომლები (კონდუქტორები), რომლებიც რეალურ პრეტენზიას გამოთქვამდნენ „ბონუსების“ განაწილების თაობაზე. ასევე, არ გამოიკვეთა თანამშრომელი, ვინც დაადასტურებდა უკმაყოფილებას სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის მიერ სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით. მ- ნ--ეს ეთხოვა, დაესახელებინა იმ თანამშრომელთა გვარები, რომლებიც პრეტენზიას გამოთქვამდნენ „ბონუსებთან“ დაკავშირებით, რაც მან ვერ მოახერხა. მან დაასახელა მხოლოდ ერთი კონდუქტორი - გ. ბ-, რომელსაც ჰქონდა პრეტენზია ბონუსების განაწილებასთან დაკავშირებით. ასევე, მოსარჩელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წინა ხელმძღვანელობის დროს კონდუქტორები ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიდნენ ინფორმაციას სამსახურის უფროსს გაყიდული ბილეთების რაოდენობის შესახებ.

14. მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ახსნა-განმარტებები ჩამოერთვა 23 უფროს კონტროლიორს, რომელთა განმარტების მიხედვით გამოიკვეთა შემდეგი: უფროსი კოდუქტორები ყოველდღიურ რეჟიმში წინა ხელმძღვანელობის დროს სამსახურის უფროსს გაყიდული ბილეთების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდნენ, რადგან ამის გაკეთება ფიზიკურადაც შეუძლებელია ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე. რაც შეეხება კონდუქტორების მიმართვას, უფროსი კონდუქტორებისადმი პრეტენზიით ბონუსთან დაკავშირებით, არ დადასტურდა, თუმცა იყო რამდენიმე კონდუქტორის მიერ ცალკეული შეკითხვა ბონუსების განაწილებასთან დაკავშირებით. კონდუქტორებს გაეცათ კომპეტენტური და ამომწურავი პასუხები, რის შემდეგაც, შეკითხვები აღარ ჰქონიათ. მოხსენებით ბარათში მოცემულია კონდუქტორ გ.ბ-ს ახსნა-განმარტება, რომელსაც, მოსარჩელის მითითებით, პრეტენზია ჰქონდა ბონუსების განწილებასთან დაკავშირებით. გ. ბ--ს განცხადებით, იგი მაისის თვეში იმყოფებოდა გაერთიანებაში ბონუსების განაწილების თაობაზე და უნდოდა შეხვედრა სამსახურის უფროს მ. ხ--უასთან ან დ. კვიტაიშვილთან. იმის გამო, რომ ისინი ადგილზე არ იყვნენ, იგი შევიდა სამსახურის უფროსის მოადგილესთან (მოსარჩელესთან) და ჰკითხა, თუ რატომ მოხდა ისე, რომ აპრილის თვის ბონუსი ჰქონდა 53%. მოსარჩელემ გ.ბ-–ს განუმარტა, რომ ხელმძღვანელობა და ჯგუფის უფროსები არაფერ შუაში არ იყვნენ და ყველაფერი მოხდა გაყიდული ბილეთების რაოდენობის გამო.

15. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა მოპასუხის თანამშრომელმა ვ. თადუმაძემ დაადასტურა, რომ ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც დასაქმებულები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ბონუსებთან დაკავშირებით და აღნიშნული პირების დეტალურ ინფორმირებას ახდენდა სამსახურის უფროსი მერაბ ხ--უა.

16. მოწმედ დაკითხული კონდუქტორის, გ. ხ-–ვილის განმარტებით, მას პირადად ჰქონდა პრობლემა 2015 წლის მარტის, თუ აპრილის თვეში ნაკლები ბონუსის დარიცხვასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც, მიმართა მ. ხ--უას, თუმცა, პასუხი ვერ მიიღო. მ. ხ---უამ მას განუცხადა, რომ ვინაიდან იგი უკმაყოფილო იყო ბონუსის განაწილებით, მისი საქმე მოსაკვლევად გადააგზავნა გენინსპექციაში და სხვა პასუხი მას არ მიუღია სამსახურის უფროსისგან (15.03.2016წ. სხდომის ოქმი, 10:06:38-10:09:29). მოწმის ჩვენებით ბონუსების დარიცხვასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა არა მარტო ის, არამედ ბევრი სხვა თანამშრომელიც (10:16:19-10:16:40). რაც შეეხება მოსარჩელეს, გ. ხ-–ვილის განმარტებით, მასთან ჰქონია სამსახურებრივად ურთიერთობა და მიუღია ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე (10:21:37- 10:22:37).

17. ამდენად, თავად მოხსენებითი ბარათის შინაარსიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან დასტურდებოდა, რომ დასაქმებულების მხრიდან არსებობდა გარკვეული სახის კითხვები ბონუსების განაწილების სისტემასთან დაკავშირებით, რომელსაც პასუხები გაეცა თავად საკითხის მოკვლევის პროცესში. ამასთან, საქმის მასალებით დადასტურდა ფაქტი მასზედ, რომ ცალკეული პირები და მათ შორის, მოხსენებით ბარათში მითითებული გ, ბ---–---–-, სვამდნენ კითხვებს ბონუსების განაწილების სიტემასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ მოკვლევის პროცესში დასაქმებულთა მხრიდან აღარ გამოთქმულა პრეტენზიები ბონუსების განაწილების საკითხზე, უპირობოდ არ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მათ ასეთი პრეტენზიები არც მანამდე არ ჰქონიათ და საკითხის გამორკვევის თხოვნით არ მიუმართავთ მ----- ნ--------ისთვის.

18. ამასთან, დაუშვებელია სამსახურის უფროსის მოადგილის მსგავსი საკითხებით დაინტერსება, თუნდაც უსაფუძვლოდ, გახდეს მის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების წინაპირობა. უფრო მეტიც, მისი მხრიდან შრომითი მოვალეობებისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებად უნდა შეფასდეს კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმირება თუნდაც ერთეული თანამშრომლების მიერ შრომის ანაზღაურების თაობაზე გამოთქმულ პრეტენზიებთან დაკავშირებით. მოსარჩელე დაწინაურებამდე თავად იყო რა კონდუქტორი, ივარაუდება, რომ კარგად იცნობდა კონდუქტორების ე.წ. „ბონუსების“ სისტემას და ბუნებრივია, რომ დაწინაურების შემდეგ აქტიურად ცდილობდა უკვე ამ პერიოდში არსებულ ურთიერთობებში გარკვევას და სურდა სისტემის სრულყოფა.

19. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოება, რომ არ დადასტურდა ბონუსების განაწილების საკითხებში რაიმე პრობლემის რეალურად არსებობის ფაქტი, შეფასებული ვერ იქნება მოსარჩელის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევად და არ წარმოადგენს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

20. კონდუქტურების ბედით სამსახურის უფროსის მოადგილის დაინტერესის გამო, მისი კონდუქტორად დაქვეითება არ შეიძლება შეფასდეს მართლზომიერ ქმედებად.

21. მოხსენებითი ბარათის თანახმად, საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ აპრილის თვეში სამუშაო პროცესში სამსახურის უფროსის მოადგილეებს შორის მოხდა ხმამაღალი სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც, მოსარჩელე დაემუქრა დ. კვიტაიშვილს, რომ თუ ჭკვიანად არ მოიქცეოდნენ ის და სამსახურის უფროსი, იგი მათ ბუნტს მოუწყობდა თავის ბიჭებთან ერთად. მოსარჩელეს და დ. კვიტაიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკების ფაქტს ადასტურებს სამსახურის წამყვანი სპეციალისტების განმარტებები, რომელიც მოცემულია ამავე მოხსენებით ბარათში. ამასთან, როგორც ერთ-ერთი მათგანის განმარტებით ირკვევა, მართალია, მოსარჩელე დ. კვიტაიშვილს ვითომდა დაემუქრა „ბუნტის“ მოწყობით, თუმცა, იქვე განუცხადა, რომ ეს იყო ხუმრობა და დატოვა ოთახი. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ნ. მუსერიძემ სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა სიტყვიერი შელაპარაკების არსებობის ფაქტი, თუმცა, მოწმის ჩვენებით არ დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა მძაფრ, არაეთიკურ ინციდენტს. მოწმის ჩვენებით, დავით კვიტაიშვილს და მოსარჩელეს შორის მოხდა უბრალო კამათი, რა დროსაც, მოსარჩელე პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ დ. კვიტაიშვილი და სამსახურის უფროსი არ აყენებდნენ საქმის კურსში (იხ.: 28.01.2016წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 16:08:41-16:09:50). მოწმედ დაკითხული თავად სადავო კონფლიქტის მონაწილე დ. კვიტაიშვილის განმარტებით, იყო მსუბუქი შელაპარაკება, რა დროსაც, მოსარჩელემ უთხრა, რომ თუ თავს არ დაანებებდნენ, ბუნტს მოუწყობდა და ჩაიცინა (28.01.2016წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 16:47:08- 16:48:57).

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია გარემოება მასზედ, რომ არსებული კამათით დაწესებულებაში არ შეფერხებულა ნორმალური სამუშაო პროცესი, იგი არ გადაზრდილა საჯარო კონფლიქტში და იგი არ შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით თანამდებობრივი დაქვეითების გამოყენებას.

23. დაუსაბუთებელია მოხსენებით ბარათში არსებული მითითება მოსარჩელის არაკომპეტენტურობაზე. მოხსენებითი ბარათის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ბოლომდე არ არის ჩახედული თავის უფლება-მოვალეობებში და ასევე, ფიქსირდება მისი არაკომპეტენტურობა მთელ რიგ საკითხებში, რითაც ნებსით თუ უნებლიეთ შეცდომაში შეყავს კომპანიის ხელმძღვანელობა. მის მიერ გამოთქმული პრეტენზიები სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

24. გარდა ამისა, მოსარჩელეს პრობლემები აქვს თანამშრომლებთან ურთიერთობისას (არის უხეში, უჭირს რეალობის აღქმა. მოსარჩელის მიერ გაჟღერებული პრეტენზიები არ დასტურდება არცერთი თანამშრომლის ახნა-განმარტებაში. იგი თავის განმარტებებში ხშირად გამოიყენებს სიტყვებს ზუსტად არ ვიცი, ჩახედული არ ვარ, არა მგონია, სავარაუდოდ, ვერ ვიხსენებ, მგონი და ა.შ.). ზემოთ ჩამოთვლილი ფრაზები შეეხება იმ პრეტენზიებს, რომელიც მას გააჩნია სამსახურის მიმართ. როგორც თვითონ აღნიშნავს ხოლმე, ბოლომდე არ არის ჩახედული სამსახურის საქმიანობაში, ითხოვს რაიმეს შეცვლას, ხოლო კონკრეტულად რის შეცვლას, ვერ სთავაზობს ხელმძღვანელობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის არაკომპეტენტურობას, შესაბამისი კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას დაკავებულ თანამდებობასთან (ტ.I, ს.ფ.85). მაშასადამე, მითითება მოსარჩელის არაკომპეტენტურობასა თუ მის პირად თვისებებზე მოხსენებით ბარათში ჩამოყალიბებულია ისევ და ისევ იმ კონტექსტში, რომ არ დადასტურდა მის მიერ გამოთქმული პრეტენზიები სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მსჯელობის უსაფუძვლობა მოცემულია გადაწყვეტილების 4.6.1. პუნქტში. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ სამსახურის უფროსის მოადგილე სადავო საკითხების გამოკვლევამდე თავს იკავებდა რადიკალური შეფასებებისაგან, თანამდებობიდან გამომდინარე მისი წინდახედულობის და სიფრთხილის გამოხატულებად უფრო შეიძლება შეფასდეს, ვიდრე არაკომპეტენტურობად.

25. მოხსენებითი ბარათით ხაზი გაესვა გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელეს 10.02.2015წ. ბრძანებით გამოცხადებული ჰქონდა საყვედური და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მის მიმართ გამოყენებულიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის სასჯელის სახე - თანამდებობრივი დაქვეითება.

26. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის შინაგანაწესის 8.2 მუხლი ითვალისწინებს თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი სახეების გამოყენების შესაძლებლობას: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური - შრომის ანაზღაურებიდან ერთჯერადად 10%-ის დაქვითვა, თანამდებობრივი დაქვეითება, სამსახურიდან გათავისუფლება.

27. შინაგანაწესის 8.3 მუხლის შესაბამისად, დისციპლინური სასჯელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმე, მისი ჩადენის გარემოებები, თანამშრომლის წინანდელი მუშაობა და დისციპლინა.

28. შინაგანაწესის 8.9 მუხლის თანახმად, დისციპლინური სასჯელი თანამშრომლის მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ სასჯელის შეფარდების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ შეეფარდება ახალი სასჯელი. ვადაზე ადრე დისციპლინური სასჯელის მოხსნა ხდება სტრუქტურული ერთეულის უფროსის წარდგინების საფუძველზე საწარმოს ხელმძღვანელის მიერ.

29. შინაგანაწესის 8.10 მუხლის შესაბამისად, დისციპლინური სასჯელის მოქმედების პერიოდში არ ხორციელდება თანამშრომლის დაწინაურება.

30. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე, რომელიც მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო კონდუქტორის თანამდებობაზე, სამსახურებრივად დაწინაურდა და 2015 წლის 28 აპრილს დაინიშნა მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. გათვალისწინებით იმისა, რომ საწარმოს შინაგანაწესი არ ითვალისწინებდა დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში თანამშრომლის დაწინაურების შესაძლებლობას, ივარაუდება, რომ დამსაქმებელმა მანამდე გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მიუხედავად დააწინაურა რა მოსარჩელე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, ამით გაუქმდა მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის მოქმედება.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოხსენებით ბარათში მოცემული მსჯელობა მასზედ, რომ მოსარჩელისათვის 2015 წლის ივნისში დისციპლინური სახდელის დაკისრებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დაწინაურებამდე დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობისას მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობა.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა 26.06.2015 წლის ბრძანებით მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით - თანამდებობრივი დაქვეითების გამოყენების წანამძღვრები, რაც აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.

33. მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის 20.07.2015წ. ბრძანების საფუძველზე შეწყდა მოსარჩელესთან დადებული შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

34. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ვინაიდან სარჩელით სადავოდ გამხდარი არ ყოფილა 20.07.2015 წლის ბრძანება მოსარჩელის კონდუქტორის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე, მოსარჩელეს არ გააჩნდა 26.06.2015წ. ბრძანების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი. აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღება გამახვილდა შემდეგზე: დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან უმოკლეს ვადაში, 30.06.2015 წლის წერილით მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიის გენერალურ დირექტორს აცნობა, რომ იგი არ ეთანხმებოდა მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მის მიმართ დისციპლინური სასჯელის სახით გამოყენებული იქნა თანამდებობრივი დაქვეითება და აპირებდა სასამართლოში სარჩელის შეტანას. ამავე წერილში მოსარჩელემ დამსაქმებელს აცნობა, რომ იგი არ აწერდა ხელს ახალ ხელშეკრულებას კონდუქტორის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე და მოითხოვა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე აღდგენილიყო ძველ თანამდებობაზე. ამდენად, მოსარჩელემ იმთავითვე გამოხატა პრეტენზია მის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენებაზე და აცნობა, რომ მისი მხრიდან არ მოხდებოდა კონდუქტორის შრომითი მოვალეობის შესრულება.

35. დადგენილია, რომ 13.07.2015 წელს მოსარჩელემ აღძრა სარჩელი სასამართლოში დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის 26.06.2015 წლის ბრძანების ბათილად ცნობისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოხელემ 17.07.2015 წელს აცნობა მოსარჩელეს, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაებარებინა მოპასუხისათვის. მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დასტური, რომლითაც ნათლად დასტურდება, რომ მოპასუხემ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაიბარა 17.07.2015 წელს.

36. შესაბამისად, დგინდება, რომ მოსარჩელის კონდუქტორის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე 20.07.2015 წლის ბრძანება გამოიცა სარჩელის აღძვრის და ამის თაობაზე მოპასუხის ინფორმირების შემდეგ. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სასარჩელო წესით დავობდა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების და მისი დაქვეითების მართლზომიერებაზე, ის გარემოება, რომ სარჩელით სადავოდ არ არის გამხდარი მოსარჩელის კონდუქტორის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე ბრძანება, წინამდებარე დავის განხილვისას სამართლებრივად მნიშვნელოვანი არ არის და მოსარჩელის იურიდიული ინტერესს 26.06.2015 წლის ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე საფრთხეს ვერ შეუქმნის.

37. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დისციპლინური სახდელის სახით თანამდებობრივი დაქვეითების უსაფუძვლოდ გამოყენება შრომის უფლების პირდაპირი ხელყოფაა. სშკ-ის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით თანამდებობრივი დაქვეითების არამართლზომიერად გამოყენებით მოპასუხემ დასაქმებულს წაართვა შესაძლებლობა განეხორციელებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო შესაბამისი შრომითი ანაზღაურება. შესაბამისად, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი განისაზღვრა მისი მიუღებელი ხელფასით შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე.

38. ამდენად, გათვალისწინებით იმისა, რომ სადავოდ გამხდარი 26.06.2015წ. ბრძანებით ის დაქვეითებულ იქნა თანამდებობიდან, რომელზეც დასაქმებული იყო ვადით, კერძოდ, 01.07.2016წ.-მდე, მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოიცავს სადავო ბრძანების გამოცემამდე სტატუსის აღდგენას, რაც დღევანდელი მოცემულობით შეადგენს მიუღებელ შემოსავალს და არა პირვანდელ თანამდებობაზე დაბრუნების შესაძლებლობას.

39. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეს ჩაერიცხა გამოუყენებელი შვებულების თანხა ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. უდავოა ის გარემოება, რომ მან დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების საწყის წერტილად მიუთითა 2015 წლის 26 ივლისი. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2015 წლის 26 ივლისიდან 2016 წლის 01 ივლისამდე პერიოდზე ყოველთვიურად 2400 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 408-ე მუხლი].

40. გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

41. პირველი კასატორის მოთხოვნას წარმოადგენს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება - თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება არამხოლოდ 2016 წლის ივლისამდე, არამედ სამსახურში აღდგენამდე.

42. მეორე კასატორის მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

43. პირველი საკასაციო საჩივრის მიხედვით უკანონო გათავისუფლებისას სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ მუშაკის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენაა. პირველი კასატორის მოსაზრებით, სადავო ბრძანების გამოცემამდე სტატუსის აღდგენა, დღვანდელი მოცემულობით შეადგენს მიუღებელ შემოსავალს და არა პირვნდელ თანამდებობაზე დაბრუნების შესაძლებლობას. დასაქმებულს გათავისუფლებისას დარჩენილი ჰქონდა ხელშეკრულების 11 თვე. პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ იგი არ მოითხოვს უვადოდ აღდგენას, არამედ მხოლოდ დარჩენილი პერიოდის განმავლობაში იმ უფლების დაბრუნებას.

44. მეორე საკასაციო საჩივრის პრეტენზია იმ გარემოებას ეფუძნება, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსის, ინსპექტირების განყოფილების მიერ შედგენილ მოხსენებით ბარათებს, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისათვის დისციპლინარული სასჯელის გამოყენებას. მეორე კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის დაქვეითების მიზეზები და აღნიშნა, რომ აღნიშნულს საფუძვლად დაედო მხოლოდ „ბონუსების“ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების საკითხის წამოჭრა და არა მისი კვალიფიკაცია. იგი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელე მუშაობდა კონდუქტორად და კარგად იცნობდა კონდუქტორების ე.წ. „ბონუსების“ სისტემას, მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ თავის ახსნა-განმარტებაში მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ „ბონუსების“ სისტემასთან მუშაობა არ წარმოადგენდა მის კომპეტენციას, მაშინ როგორ შეიძლებოდა იგი კომპეტენტური ყოფილიყო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი მის მიერ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (საჯარიმო ქვითრების) დაკარგვის გამო, მოსარჩელის არაკომპეტენტურობი საკითხი გახდა მისი დაქვეითების მიზეზიც.

45. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

46. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

47. პირველი საკასაციო საჩივრის პრეტენზია სამსახურში აღდგენას და სწორედ აღდგენამდე პერიოდის მიუღებელ შემოსავალს შეეხება. სამართლებრივი შეფასება სადავოდაა გამხდარი იმ თვალსაზრისით, რომ უკანონო ბრძანების გაუქმების ძირითადი სამართლებრივი და სამართლიანი შედეგი უნდა ყოფილიყო სწორედ სამსახურში აღდგენა, რადგან გათავისუფლების დროისათვის დარჩენილი 11 თვის განმავლობაში მოსარჩელეს ჰქონდა უფლება ემუშავა მოპასუხე კომპანიაში.

48. საკასაციო პალატა არ იზიარებს ზემოაღნიშნულ საკასაციო პოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ მყარადაა დადგენილი სასამართლო პრაქტიკა იმ მიმართულებით, რომ თუკი მხარე ვადიანი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული კომპანიაში და ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის კვალიფიკაციის დროისათვის გასულია სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადა, არ ხდება მუშაკის აღდგენა სამსახურში. თავის მხრივ, ზიანიც ანაზღაურდება სწორედ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, რამეთუ პრეზუმირდება, რომ სადავო ბრძანების არარსებობის შემთხვევაში, დაქმებული სწორედ სახელშეკრულებო პერიოდში შეასრულებდა კომპანიაში შრომით მოვალეობებს. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, საკასაციო პალატამ აღნიშნა: „დადგენილია, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული იყო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება (2014წ-ის 30 ივნისამდე) და დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მისი ვადის ამოწურვამდე - 2014წ.-ის 01 მარტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურიდან გათავისუფლებამდე არსებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, სამართლიანი იქნება მოპასუხე კომპანიას დაეკისროს დარჩენილი პერიოდის შრომითი ანაზღაურების ვალდებულება“ (იხ., საქმე №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი). იმავდროულად, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე არ ითხოვდა სამსახურში აღგენას.

49. მეორე კასატორის პრეტენზიას, მოსარჩელის არაკვალიფიციურობასა და არაკომპეტენტურობასთან მიმართებით, რაც მისი აზრით, დაედო საფუძვლად მოსარჩელის დაქვეითებას, საკასაციო პალატა არ იზიარებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიხედვითაც, 26.06.2015 წლის სადავო ბრძანებით მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სასჯელის სახე - თანამდებობრივი დაქვეითება და იგი მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან დაქვეითებული იქნა კონდუქტორის თანამდებობაზე. 26.06.2015 წლის ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების ინსპექტორების 22.06.2015წ. მოხსენებითი ბარათი N11635-01, რომლის შესაბამისად: შიდა აუდიტის და კონტროლის სამსახურის უფროსის დავალების საფუძველზე შესწავლილ იქნა მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილის - დასაქმებულის მიმართვა სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის მიერ „ბონუსების“ განაწილების და მისი შედგენის (გადაანგარიშების) არაჯეროვნად შესრულების თაობაზე, რაც იწვევდა კონდუქტორებში გაღიზიანებას და პრეტენზიებს. ამდენად, სამსახურებრივი მოკვლევის საფუძველი იყო დასაქმებულის დაინტერესება „ბონუსების“ განაწილების სისტემით, რაც მისი თქმით, კონდუქტორებში იწვევდა უკმაყოფილებას. ინსპექტორებმა მოხსენებით ბარათში დასკვნის სახით მიუთითეს იმ გარემოებებზე, რაც საბოლოოდ საფუძვლად დაედო დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დადებას:

- მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა დასაქმებულის მიერ გაკეთებული განცხადებების სინამდვილესთან შესაბამისობა - „მის მიერ გამოთქმული პრეტენზიები, სამსახურის საქმიანობასთან დაკავშრებით, უსაფუძვლოა“;

- საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ აპრილის თვეში სამუშაო პროცესში

დასაქმებულსა და სამსახურის უფროსის მოადგილეს შორის მოხდა ხმამაღალი სიტყვიერი შელაპარაკება.

- მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიის დირექტორის 10.02.2015წ. ბრძანებით გამოცხადებული ჰქონდა საყვედური.

50. მოსამართლის შეკითხვას თუ რა ზიანი მიადგა დამსაქმებელს დასაქმებულის მიერ, პასუხი ვერ გაეცა. საბოლოდ კი, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა მოხსენებით ბარათში მითითებული საფუძვლით მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის - თანამდებობრივი დაქვეითების - გამოყენების წინაპირობა, იხ., განჩინების პპ: 11-34 პუნქტები.

51. გარდა ამისა, დაუსაბუთებელია მეორე კასატორის პრეტენზია მასზედ, თითქოს სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელის დაქვეითების ნამდვილ მიზეზზე - დასაქმებულის არაკომპეტენტურობა. წინამდებარე განჩინების პპ: 25, 26-ის მიხედვით სააპელაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია მოხსენებით ბარათში არსებული მითითება მოსარჩელის არაკომპეტენტურობაზე და მოხმობილი აქვს შესაბამისი არგუმენტები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დადგენნილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ მეორე კასატორს დასაბუთებულ საპროცესო დარღვევაზე, რაც გაზიარებული შეიძლებოდა ყოფილიყო არ მიუთითებია (სსკ-ის 393.3 მუხლი). მაშასადამე, მათ საკასაციო პალატისათვის სავლდებულო ძალა გააჩნიათ (სსსკ-ის 407-ე მუხლი).

52. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ იმგვარ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

53. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომით სამართლებრივ დავებზე დადგენილია საქართველო უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

55. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ--- ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. მ- ნ--ეს უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 04 აპრილს საგადახადო დავალება N12956198 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. შპს „თ---კომპანიის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

4. შპს „თ-- კომპანიას“ უკან დაუბრუნდეს ნ-- ლ--–ის მიერ 2017 წლის 30 მარტს საგადახადო დავალება N23 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1320 ლარი) – 924 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე