№010230016700029648
საქმე №ას-399-372-2017 11 მაისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ- ბ--ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ- წ-–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ- წ-ის (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნაწილობრივ შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება და რ- ბ--ის (შემდეგში: კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 3 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 2011 წლის 5 ნოემბრიდან აღსრულებამდე პერიოდისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასაბრუნებელი თანხის 0,1%-ით. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე). სააპელაციო პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე 2016 წლის 22 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მოწინააღმდეგე მხარემ, რომელმაც მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების განმარტება შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
3. სასამართლომ იმსჯელა პირგასამტეხლოს დარიცხვაზე არა მხოლოდ აღსრულების ეროვნულ ბიუროში ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე, კერძოდ 2014 წლის 4 ივლისამდე, არამედ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე 2014 წლის 04 ივლისის შემდგომი პერიოდისთვისაც, კერძოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც თავისთავად გულისხმობს აღსრულების ეროვნულ ბიუროში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის წარდგენის დღეს. საქმის წარმოების განახლების შემდეგ აღმასრულებელმა ძირითად თანხაზე დარიცხული საურავი დაიანგარიშა 2011 წლის 05 ნოემბრიდან 2014 წლის 04 ივლისამდე, კერძოდ კრედიტორის მიერ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენამდე და არა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად. განმცხადებელი უთითებს, რომ სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი გადაწყვეტილება არ სრულდება იმ ფორმით, რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო, ამასთან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული პასუხის თანახმად, განმცხადებელს განუმარტეს, რომ „სააღსრულებო წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა, კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს“.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა. თბლისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.1. პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდს ("2011 წლის 5 ნოემბრიდან აღსრულებამდე პიროდისათვის") განიმარტა შემდეგი სახით: 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.1. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი მოიცავს 2011 წლის 5 ნოემბრიდან ნოტარიუს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე (#140693656) შეჩერებული სააღსრულებო წარმოების განახლებამდე პერიოდს.
5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 262-ე მუხლით და აღნიშნა, რომ განსამარტი სარეზოლუციო ნაწილით პირგასამტეხლოს დარიცხვის დასრულების მომენტად განისაზღვრა აღსრულების პერიოდი ("....პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 2011 წლის 5 ნოემბრიდან აღსრულებამდე პერიოდისთვის......"), თუმცა აღსრულების პერიოდი გულისხმობს ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 3 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღასრულებლად წარდგენის მომენტს - 2014 წლის 3 ივლისს, თუ ამ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის შესახებ 2015 წლის 15 ოქტომბრის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების განახლების მომენტს. აღნიშნული ბუნდოვანია და იწვევს აზრთა სხვადასხვაობას მისი აღსრულების თვალსაზრისით. ფაქტია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო (იხ. განცხადებაზე თნდართული აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის #109430 წერილი), განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დარიცხვის დასრულების მომენტად განიხილავს (2011 წლის 5 ნოემბრიდან) 2014 წლის 4 ივლისამდე პერიოდს, ხოლო კრედიტორი (განმცხადებელი), მ-- წ-–ი, 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დარიცხვის დასრულების მომენტად მოიაზრებს (2011 წლის 5 ნოემბრიდან) 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის მომენტს.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.1. პუნქტის განმარტების ფარგლებში სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- ნოტარიუსის მიერ გაცემული #140693656 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება დაიწყო 2014 წლის 3 ივლისს.
- მოვალემ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა 2014 წლის 5 სექტემბერს.
- სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 3 ივლისს გაცემული საააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
- სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა თბლისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მაისის განჩინებით, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 20 ივლისს.
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ შეიცვალა თბლისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 10 თებერვლიდან.
იმ, დროისათვის, როდესაც რ- ბ--მა სარჩელით (მათ შორის სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით) მიმართა სასამართლოს (2014 წლის 5 სექტემბერი), ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 2014 წლის 3 ივლისიდან უკვე დაწყებული იყო სააღსრულებო წარმოება, რომელიც მოგვიანებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, როგორც უკვე აღინიშნა შეჩერდა თბლისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის განჩინებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება 2011 წლის 5 ნოემბრიდან 2015 წლის 5 მარტამდე პერიოდისათვის პირგასამტეხლოს სახით ფიქსირებულად 5,000 აშშ დოლარის დარიცხვის ნაწილში შეიცვალა იმ არგუმენტით, რომ 2011 წლის 5 ნოემბრიდან 2015 წლის 5 მარტამდე პერიოდზე, ფაქტობრივად 40 თვიან ვადაგადაცილებულ პერიოდზე პირგასამტეხლოს 5,000 აშშ დოლარით განსაზღვრა არ იყო გონივრული, მაშინ, როცა 2015 წლის 5 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის ამავე გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს დარიცხვა გათვალისწინებული იყო ძირითადი თანხის 0,1%-ით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდად გათვალისწინებული იქნა, არა მარტო 2015 წლის 5 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდი, არამედ 2011 წლის 5 ნოემბრიდან 2015 წლის 5 მარტამდე პერიოდიც. პირგასამტეხლოს დარიცხვის დასრულების მომენტის განსაზღვრა (გადაწყვეტილების) აღსრულებამდე პერიოდზე მითითებით გულისხმობს სწორედ სააღსრულებო ფურცელში სასამართლოს გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილებების კვალობაზე იმ სააღსრულებო წარმოების განხორციელებას, რომელიც შეჩერებული იქნა სწორედ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით.
ამდენად, კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების შინაარსიდან ნათელია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდში მოიაზრება არა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენა - 2014 წლის 4 ივლისამდე პერიოდი, არამედ იგულისხმება ნოტარიუს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე შეჩერებული სააღსრულებო წარმოების განახლებამდე (სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცელში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) პერიოდი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი მოიცავს 2011 წლის 5 ნოემბრიდან ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე (#140693656) შეჩერებული სააღსრულებო წარმოების განახლებამდე პერიოდს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი იქნა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 262-ე მუხლით და არასწორად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება განმარტებას საჭიროებდა პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდის განჭვრეტის თვალსაზრისით. უფრო მეტიც, სააპელაციო პალატის დასკვნა არასწორია პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით. უმართებულოა დასკვნა თითქოს პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდში მოიაზრება არა ნოტარიუსის მიერ გაცემული საარსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენა, არამედ სააღსრულებო ფურცელზე შეჩერებული სააღსრულებო წარმოების განახლებამდე პერიოდი (სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცელში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით).
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ . თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ--- წ-ის (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნაწილობრივ შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება და რ-- ბ--ის (შემდეგში: კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 3 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 2011 წლის 5 ნოემბრიდან აღსრულებამდე პერიოდისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასაბრუნებელი თანხის 0,1%-ით. აღნიშნული გადაწყვეტილება შვიდა კანონიერ ძალაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე). სააპელაციო პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე 2016 წლის 22 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით განხორციელებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.1 პუნქტის განმარტების შედეგად {სსსკ-ის 262-ე მუხლი] დადგინდა, რომ 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.1. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი მოიცავს 2011 წლის 5 ნოემბრიდან ნოტარიუს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე შეჩერებული სააღსრულებო წარმოების განახლებამდე პერიოდს.
11. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ დასკვნას და მიაჩნია, რომ სსკ-ის 262-ე მუხლის ნორმატიული საფუძვლით არასწორად განხორციელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.1 პუნქტის განმარტება.
12. საგულისხმოა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 14 ნოემბრის მიწერილობა (ს.ფ. 227, ტ.2), რომლის შინაარსიდან გამომდინარე ირკვევა, რომ აღმასრულებელმა დაიწყო სააღსრულებო წარმოება კრედიტორის 2014 წლის 04 ივლისის განცხადების და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლითაც განსზღვრული იყო აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2011 წლის 05 ნოემბრიდან აღსრულებამდე. იმავდროულად, აღინიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 სექტემბრის განჩინების საფუძველზე შეჩერდა ამ სააღსრულებო წარმოების განხორციელება. მოგვიანებით, ცვლილება შევიდა სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა შეიცვალა, რაც ნაწილობრივ შიცვალა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და საბოლოოდ, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 2011 წლის 05 ნოემბრიდან აღსრულებამდე.
13. ნიშანდობლივია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვით იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.
14 მაშასადამე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის დასრულების მომენტის განსაზღვრა (გადაწყვეტილების) აღსრულებამდე პერიოდზე მითითებით გულისხმობს სწორედ სააღსრულებო ფურცელში სასამართლოს გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილებების კვალობაზე იმ სააღსრულებო წარმოების განხორციელებას, რომელიც შეჩერებული იქნა სწორედ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, რასაც შედეგობრივი თვალსაზრისით მივყავართ იქამდე, თითქოს პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი მოიცავდეს 2011 წლის 5 ნოემბრიდან ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე შეჩერებული სააღსრულებო წარმოების განახლებამდე პერიოდსაც, უმართებულოა და არ გამომდინარეობს აღსრულების პროცესის მარეგულირებული სპეციალური ნორმატიული რეგულირებიდან. როგორც სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი ადგენს და იმავდროულად, აღსრულებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნავს (განჩინების პ: 12) განგრძობითი პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდში არ მოიაზრება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების პერიოდი - ანუ ის დროის მონაკვეთი, როდესაც სააღსრულებო წარმოების განხორციელება შეჩერებული იქნა სწორედ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ- ბ--ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება;
3. მ-- წ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე