Facebook Twitter

№330210015760755

საქმე №ას-442-414-2017 24 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ-ი“ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება (თავდაპირველი სარჩელით), პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში: შემსყიდველი ან მოპასუხე ან კასატორი) 2013 წლის 09 დეკემბერს გამოაცხადა ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერი ქ. თბილისში, სოფელ გ--ში, გ---ის ქუჩებზე (ფ-ის, ს--ის, რ-–ის და კ- გ-–ელის ქუჩები) საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.

2. 2013 წლის 09 დეკემბერს ტენდერში გაიმარჯვა შპს „ლ-მა“ (შემდეგში: მიმწოდებელი ან მოსარჩელე).

3. მხარეთა შორის 2014 წლის 10 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (შემდეგში: ხელშეკრულება).

4. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 279 985.17 ლარით გადასახადების ჩათვლით. სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღით.

5. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. თუკი სამუშაოების დასრულების შემდეგ 1 წლის განმავლობაში აღმოჩნდება რაიმე წუნი, თუკი ის გამოწვეულია უხარისხო და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას ეს ხარვეზები საკუთარი ხარჯებით.

6. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების, ასევე სამუშაოს ვადის გადაცილების შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-8 პუნქტით გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები. კერძოდ: 8.2. პუნქტის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა (გარდა მიწოდების ვადის დარღვევისა) ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით; 8.3 პუნქტის თანახმად, ვადის გადაცილებისას მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ხოლო თუკი ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო შეადგენს ვალდებულების შესრულებული ნაწილის - 0.5%-ს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

7. შემსყიდველმა 2014 წლის 17 აპრილს მიიღო ნაწილი სამუშაოები და გადაიხადა 36056.60 ლარი.

8. ხელშეკრულებით დადგენილი ვადა (90 დღე) გაგრძელდა მხარეთა შეთანხმებით, 2014 წლის ოქტომბრამდე. შემსყიდველის 2014 წლის 27 ოქტომბრის წერილის შინაარსით შემსყიდველი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას იყენებს 2014 წლის 21 ოქტომბრიდან, რაც თავისთავად ნათელს ხდის, რომ თუკი ხელშეკრულება არ იყო მოქმედი (ვადა არ ჰქონდა გაგრძელებული) ვერ მოხდებოდა მისი შეწყვეტაც. ასევე, მითითებული ვადის გაგრძელებას წინ უსწრებდა თავად თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე მხარის თხოვნა გაგრძელებულიყო ხელშეკრულების ვადა გონივრული პერიოდით ხელშეკრულების 90 დღიან პერიოდში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო.

9. 2014 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა 2014 წლის აგვისტოს თვეში.

10. მიმწოდებელმა ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა 2014 წლის აგვისტოში და აღნიშნული პერიოდის შემდგომ შესრულებული სამუშაოს ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხების დადგენის მიზნით ხდებოდა საექსპერტო კვლევების ჩატარება და საექსპორტო ბიუროსთან წერილობითი ფორმით ამომწურავად ტექნიკური სამუშაოების ტექნიკური დეტალების დაზუსტება.

11. მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა შემსყიდველის მიმართ და მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 216,279.44 ლარის ანაზღაურება. შემსყიდველმა სარჩელთან ერთად განსახილეველად წარადგინა შეგებებული სარჩელი 198,801.78 ლარის გადახდის მოთხოვნით.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 216 279.44 ლარის გადახდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

13. გადაწყვეტილების გაუქმების, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელსაც უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით.

14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ:1-10.

15. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შემსყიდველის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ შესრულებული სამუშაოები, რომელიც საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებს მოიცავდა, ნაწარმოებია პროექტისა და ტექნიკური ნორმების მოთხოვნათა დარღვევით, რაც მისი მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 22 სექტემბრის N-- და შპს „ლ---ას“ 2014 წლის 29 სექტემბრის N03/858 წერილებით დასტურდება.

16. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი (პროექტისა და ტექნიკური ნორმების მოთხოვნათა დარღვევით) შესრულების ფაქტობრივი გარემოება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. სახელდობრ, ხელშეკრულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ხარისხი სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო, ხოლო თუ სამუშაოების დასრულების შემდეგ 1 წლის განმავლობაში აღმოჩნდებოდა რაიმე წუნი, რომელიც გამოწვეული იქნებოდა უხარისხო და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულებას იღებდა ეს ხარვეზები საკუთარი ხარჯებით აღმოეფხვრა.

17. ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს უფლება ჰქონდა ხელშეკრულება ცალმხრივად შეეწყვიტა თუ: ა) მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ორჯერ დაარღვევდა; გ) შემსყიდველისათვის ცნობილი გახდებოდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ამავე მუხლის 10.6 პუნქტის თანახმად კი, შემსყიდველმა ვალდებულება იკისრა ამ მუხლის 10.5 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში მიმწოდებლისათვის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება აენაზღაურებინა.

18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ბოლომდე იქნა მიყვანილი და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები 2014 წლის აგვისტოს თვეში დასრულდა. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მტკიცების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის 2014 წლის 01 სექტემბრის წერილი, რომლის თანახმად, „საკანალიზაციო ქსელის ვიზუალური შესწავლისას დადგინდა, რომ 119 989.99 ლარის სამუშაოები აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს“, ხოლო დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის 2015 წლის 4 მარტის N2/0011 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საექსპერტო გამოკვლევა წარმოებული იქნა სადავო ობიექტზე გასვლით, ჩატარებული სამუშაოები შემოწმდა ადგილზე, რის შედეგადაც ექსპერტმა დაასკვნა, რომ საკანალიზაციო სისტემა და შესაბამისი ჭები 2014 წლის 10 მაისიდან 2015 წლის 27 თებერვლის ჩათვლით გამართულად მუშაობენ და მოსახლეობა აღნიშნულით კმაყოფილია.

19. მიმწოდებლის მიერ ვალდებულების ჯეროვანად შესრულების გასაქარწყლებლად შემსყიდველმა წარმოადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 22 სექტემბრის N---------- წერილი (და არა საექსპერტო დასკვნა), რომლითაც დგინდება, რომ ექსპერტმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი წერილების, ფოტომასალის და N--------- ექსპერტის დასკვნის ერთობლივი განხილვა-შესწავლის შედეგად, მიიჩნია, რომ „წარმოდგენილ ფოტომასალაზე ასახული სიტუაციის მიხედვით, საკანალიზაციო მილების მოწყობის სამუშაოები (დასურათების პერიოდი) შესრულებულია პროექტისა და ტექნიკური ნორმების მოთხოვნათა დარღვევით (სურათებზე არ ჩანს ქვიშის ბალიშის ქვედა, ზედა ფენები), რის გამოც, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება ხარვეზის გამოსწორებამდე დაუშვებელია“.

20. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი წერილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 01 სექტემბრის წერილითა და დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის 2015 წლის 4 მარტის N2/0011 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოებების გასაქარწყლებლად ვერ გამოდგება, შემდეგი მოსაზრებების გამო: 2014 წლის 22 სექტემბრის N-- წერილის შინაარსით დგინდება, რომ ექსპერტს საკითხი ადგილზე არ შეუსწავლია, სადავო სამუშაოები ადგილზე არ დაუთვალიერებია და საკუთარი მოსაზრება, მხოლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიწოდებული წერილების, ფოტომასალისა და N- ექსპერტის დასკვნის განხილვა-შესწავლას დაამყარა.

21. სააპელაციო პალატის მითითებით 2014 წლის 22 სექტემბრის N-- წერილი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა ნორმებით იხელმძღვანელა ექსპერტმა, როდესაც დაასკვნა, რომ საკანალიზაციო მილების მოწყობის სამუშაოები შესრულებულია პროექტისა და ტექნიკური ნორმების მოთხოვნათა დარღვევით. ამასთან, აღნიშნული წერილის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ არსებითად ის გარემოება მიიჩნია, რომ თავად ექსპერტის განმარტებით, წარმოდგენილი ფოტომასალის და სურათების პერიოდი (ფოტოსურათების გადაღების დრო) არ დგინდება, რის გამოც, სასამართლოსათვის პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, თუ რა პერიოდის სამუშაოები იქნა შეფასებული ექსპერტის მიერ (ფოტოსურათებზე ასახულია დასრულებული სამუშაო, თუ არა?!), რაც წარმოდგენილი მტკიცების არსებითი ნაკლია. საგულისხმოა გარემოება, რომ ამავე წერილში (2014 წლის 22 სექტემბრის N----------) ექსპერტი განმარტავს, რომ „წარმოდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელია დღეს არსებული მდგომარეობის დადგენა, ასევე, უცნობია სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ გამოასწორა თუ არა ფოტომასალაში და წერილებში ასახული ხარვეზები. კონკრეტული უბნის პროექტთან და ტექნიკური ნორმების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად საჭიროა ამ უბანზე მოწყობილი მილგაყვანილობისა და ჭების საკონტროლო გაშიშვლება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გაირკვეს, გამოსწორებულია თუ არა ხარვეზი და რამდენად აკმაყოფილებს შესრულებული სამუშაოები პროექტისა და ტექნიკური ნორმების მოთხოვნებს.“ სააპელაციო სასამართლომ აღნნიშნა, რომ ექსპერტის აღნიშნული მითითებების საპირისპიროდ, საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ შემსყიდველმა ექსპერტის მითითებები შეასრულა და კონკრეტული უბნის პროექტთან და ტექნიკური ნორმების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად შესაბამისი ღონისძიებები (მილგაყვანილობისა და ჭების საკონტროლო გაშიშვლება) განახორციელა.

22. რაც შეეხება, შპს „ლ--ას“ 2014 წლის 29 სექტემბრის N03/858 წერილს, რომლითაც ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს ეცნობა, რომ მიმწოდებლის მიერ არ იქნა გამოსწორებული ხარვეზები, პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნული წერილის შემდგომ, მოსარჩელის მიერ შექმნილი კვალიფიციური მტკიცებულებით - 2015 წლის 4 მარტის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ საკანალიზაციო სისტემა და შესაბამისი ჭები გამართულად მუშაობს, რაც შპს „ლ--ას“ წერილში გამოთქმულ მოსაზრებებს სრულად აქარწყლებს.

23. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ გაზიარებული იქნებოდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 22 სექტემბრის N--- წერილსა და შპს „ლ---ას“ 2014 წლის 29 სექტემბრის N03/858 წერილში მითითებული გარემოებები ხარვეზების არსებობის შესახებ, ისინი შედეგზე გავლენას მაინც ვერ მოახდენდა, ვინაიდან ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო არსებული ხარვეზები სამუშაოების დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში აღმოეფხვრა. მოცემულ შემთხვევაში, კი, 2015 წლის 4 მარტის მდგომარეობით ხარვეზების არარსებობა (აღმოფხვრა) დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის საექსპერტო კვლევით იყო დადასტურებული, რომელიც არ იყო გაქარწყლებული.

24. სააპელაციო პალატამ დავის მოსაწესრიგებლად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 639-ე, 641-ე და 648-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის 2015 წლის 4 მარტის #2/0011 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საკანალიზაციო სისტემა და შესაბამისი ჭები გამართულად მუშაობს, რაც იმგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა, რომ მიმწოდებლის მიერ განხორციელებული შესრულება უნაკლოა. აღნიშნული კი, წარმოშობს მოთხოვნის უფლებას შემსყიდველის მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების შესახებ.

25. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

26. საკასაციო პრეტენზია საქმის არაკანონიერი სასამართლო შემადგენლობის მიერ განხილვას შეეხება, სახელდობრ, კასატორის მოსაზრებით, მხარეთა შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება [საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში: სზაკ-ი) მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი]. ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება (საკანალიზაციო ქსელის მოწყობა), რაც „ადგილობღივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. თუმცა, სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ გარემოებაზე არ მსჯელობს და არ აფასებს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაობი არის თუ არა საჯარო სამართლებრივი ხასიათის და თავისი პოზიციის გასამყარებლად უთითებს საქართველოს უზენაესის სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე (იხ: გასაჩივრებული განჩინების მე-14 გვერდი), რომელსაც კავშირი არ აქვს მოცემულ დავასთან მიმართებაში. ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას გამოიყენება ნარდობის ხელშეკრულების გათვალისწინებული ნორმები არ გულისხმობს, რომ სადავო სამართალთაურთიერთობა კერძო სამართლებრივია, როგორც ჩანს სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. ამდენად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას სამოქალაქო სამართლის ნორმების გამოყენებას უშვებს თავად ადმინისტრაციული კანონმდებლობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მსჯელობა არსებითად ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ხელშეკრულების არსს და არსებულ საკანონმდებლო რეგულაციას. კასატორის მოსაზრებით, საინტერესოა 1) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებები (ტეროტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფა, ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარება, იხ: ამავე მუხლის ამავეპუნქტის „თ" ქვეპუნქტი) მიეკუთვნება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო უფლებამოსილებას. 2) საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს თუ არა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და მის საფუძველზე დაწყებული დავა ექვემდებარება თუ არა ადმინისტრაციულიო წესით განხილვას.

27. კასატორი სადავოდ ხდის შესრულებული სამუშაოების ხარისხს და აღნიშნავს, რომ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 6 აგვისტოს N--------- დასკვნასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2014 წლის 14 აგვისტოს გაეგზავნა N06-18/14226527 წერილი, რათა დაედასტურებინათ ექსპერტის მიერ შესწავლილი სამუშაოები (119 989.99 ლარის ღირებულებით) შესრულებულია თუ არა ტექნიკური ნორმების შესაბამისად და შემოწმებული სამუშაოები უზრუნველყოფს თუ არა საკანალიზაციო ქსელის სრულყოფილ ფუნქციონირებას. აღნიშნული წერილის საპასუხოდ საქმეში წარმოდგენილია სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის 2014 წლის 1 სექტემბრის N5004031014 წერილი, სადაც აღწერილია შემდეგი: „წარმოდგენილი მასალებისა და გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლისას დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოების უმეტესი ნაწილი წარმოადგენდა „ფარულ სამუშაოებს", რომელთა აზომვა მოცემული პერიოდისთვის შეუძლებელი იყო. ვინაიდან წარმოდგენილი წერილით ნათლად ვერ დგინდებოდა შესრულებული სამუშაოების ვარგისიანობა. ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა 2014 წლის 12 სექტემბერს კვლავ მიმართა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, რათა განემარტათ ექსპერტის მიერ შესწავლილი რომელი სამუშაოებია შესრულებული ტექნიკური ნორმების შესაბამისად და შემოწმებული ქსელის რომელი მონაკვეთი უზრუნველყოფს სრულყოფილ ფუნქციონირებას, რათა შემდგომ სამართლიანად გადაწყვეტილიყო შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების საკითხი. აღნიშნული წერილის პასუხად საქმეში წარმოდგენილია სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 22 სექტემბრის N---------- წერილი, სადაც მითითებულია შემდეგი: „წარმოდგენილ ფოტომასალაზე ასახული სიტუაციის მიხედვით, საკანალიზაციო მილების მოწყობის სამუშაოები შესრულებულია პროექტისა და ტექნიკური ნორმების მოთხოვნათა დარღვევით, რის გამო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება ხარვეზების გამოსწორებამდე დაუშვებელია".

28. საქმეში წარმოდგენილი შპს „ლ--------------ას“ 2014 წლის 29 სექტემბრის N03/858 წერილით კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს ეცნობა, რომ მიმწოდებელმა არ გამოასწორა ხარვეზები.

29. მიუხედავად ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და შპს „ლ---ის" არაერთგზის გაფრთხილებისა, მიმწოდებლის მიერ დარღვევით შესრულდა გარკვეული სახის სამუშაოები, ხოლო ხარვეზებისა და დეფექტების აღმოფხვრა ხდებოდა არასრულყოფილად. როგორც ზემოთ აღინიშნა, ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დავალებით შპს "ლ-ის" მიერ ბოლოს ობიექტის ადგილზე გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მხარის მიერ არსებული ხარვეზები არ გამოსწორებულა. მაშასადამე, მიმწოდებელმა დაარღვია ვალდებულება.

30. კასატორი განჩინების გაუქმების საპროცესოსამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევს სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებს.

სამოტივაციო ნაწილი:

31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

32. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

33. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზია შეეხება საქმის განმხილველი სააპელაციო სასამართლოს მიერ განსჯადობის დარღვევას [სსკ-ის 393.3 მუხლი]. ამასთანავე, კასატორს მიაჩნია, რომ განხორციელებულია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება [სსკ-ის 393-ე, 394-ე და საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას განსჯადობის წესების დარღვევასთან მიმართებით და უწინარესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა [სსკ-ის 327-ე და 629-ე მუხლები]. ნიშანდობლივია, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა თავისი არსით წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას და ადმინისტრაციული ხელშეკრულებისაგან განსხვავებით არ უკავშირდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას [სსკ-ის 319-ე 327-ე მუხლები]. ადმინისტრაციული ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, სადაც ხელშემკრველი სუბიექტები აღიჭურვებიან საჯარო სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მქონე სუბიექტებად. მართალია კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას აღნიშნულთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძველი 193, 194. ტ.2.). თუმცა, კასატორის პრეტენზიას ვარგისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებლი ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერებას და მოითხოვდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას (იხ., სარჩელი). მაშასადამე, იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა, ხელშეკრულება მის მონაწილე სუბიექტს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობით არ აღჭურავს. არც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან საჯარო ქმედების (რეალაქტის) განხორციელების მოვალეობა არ წარმოიქმნება და მით უფრო, აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობა არც ადმინისტრაციული კანონმდებლობით წესრიგდება. მაშასადამე, განსახილველი სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ხოლო საქართველოს ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო სამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. აღნიშნული დასკვნა კი, კასატორის პრეტენზიის გაზიარების ვარგის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოშობს. აღნიშნულთან დაკავშირებით დადგენილი სასამართლო პრაქტიკა იხ., №ას-318-301-2017,05 მაისი, 2017 წელი; Nბს-364-360(გ-14), 10 ივლისი, 2014 წელი.

34. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას შესრულებული სამუშაოს ხარისხთან მიმართებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არც აღნიშნულ პრეტენზიას გააჩნია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ეს სააპელაციო სასამართლოს მიერაა დადგენილი (განჩინების პპ: 16-18) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი (პროექტისა და ტექნიკური ნორმების მოთხოვნათა დარღვევით) შესრულების ფაქტობრივი გარემოება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. სახელდობრ, ხელშეკრულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ხარისხი სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო, ხოლო თუ სამუშაოების დასრულების შემდეგ 1 წლის განმავლობაში აღმოჩნდებოდა რაიმე წუნი, რომელიც გამოწვეული იქნებოდა უხარისხო და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულებას იღებდა ეს ხარვეზები საკუთარი ხარჯებით აღმოეფხვრა.

35. ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს უფლება ჰქონდა ხელშეკრულება ცალმხრივად შეეწყვიტა თუ: ა) მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ორჯერ დაარღვევდა; გ) შემსყიდველისათვის ცნობილი გახდებოდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ამავე მუხლის 10.6 პუნქტის თანახმად კი, შემსყიდველმა ვალდებულება იკისრა ამ მუხლის 10.5 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში მიმწოდებლისათვის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება აენაზღაურებინა.

36. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ბოლომდე იქნა მიყვანილი და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები 2014 წლის აგვისტოს თვეში დასრულდა. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მტკიცების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის 2014 წლის 01 სექტემბრის წერილი, რომლის თანახმად, „საკანალიზაციო ქსელის ვიზუალური შესწავლისას დადგინდა, რომ 119 989.99 ლარის სამუშაოები აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს“, ხოლო დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის 2015 წლის 4 მარტის N2/0011 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საექსპერტო გამოკვლევა წარმოებული იქნა სადავო ობიექტზე გასვლით, ჩატარებული სამუშაოები შემოწმდა ადგილზე, რის შედეგადაც ექსპერტმა დაასკვნა, რომ საკანალიზაციო სისტემა და შესაბამისი ჭები 2014 წლის 10 მაისიდან 2015 წლის 27 თებერვლის ჩათვლით გამართულად მუშაობენ და მოსახლეობა აღნიშნულით კმაყოფილია.

37. მაშასადამე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საკასაციო პრეტენზიის არცერთ ნაწილში, სახელდობრ, პირველი საკასაციო პრეტენზიის ნაწილში, რომელიც სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ საქმის განხილვას შეეხება და რომელიც შესრულებული სამუშაოების ხარისხს შეეხება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან რაიმე პროცედურული წესების დარღვევა, ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან არასწორი სამართლებრივი შეფასება.

38. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ფულადი ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერებასთან დაკავშირებით დადგენილია სასამართლო პრაქტიკა. იხ, იხ., №ას-318-301-2017,05 მაისი, 2017 წელი;

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

41. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე