№330210016001244018
საქმე №ას-454-426-2017 05 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ--–ვილი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე – ფ--ა (მოპასუხე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და მისით სარგებლობის უფლების აკრძალვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ–ვილი (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი ან მესაკუთრე) წარმოადგენს ქ. თ--ისში, დასახლება ლ--, მე-5 კვარტალი, კორპუსი N 2, ბინა N107-ში მდებარე უძრავი ქონების (ფართი 75,86 კვ.მ) (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება ან სადავო ბინა) მესაკუთრეს,
2. ფ---ა (შემდეგში: მოპასუხე) არის მესაკუთრის ვაჟიშვილის - ბ--–ვილის მეუღლე, რომლებსაც ერთად ცხოვრების დროს შეეძინათ შვილი - 2011 წელს დაბადებული ნ–ვილი (შემდეგში: არასრულწლოვანი ბავშვი ან არასრულწლოვანი შვილი).
3. მოპასუხე არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რესურსების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით მიეცა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა, იგი ცხოვრობს სადავო ბინაში და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.
4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო ბინის გამოთხოვა და მოპასუხისათვის უძრავი ნივთით სარგებლობის აკრძალვა.
5. სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მოპასუხე დაუფლებულია მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთს, რომელიც პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ეკუთვნის მოსარჩელეს და არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებს მას.
6. მოთხოვნის განხორციელების შემწყვეტ შედავებაში, მოპასუხემ მიუთითა უძრავი ქონებით სარგებლობის მართლზომიერ საფუძველზე, სახელდობრ, აღნიშნა, რომ იგი არის მოსარჩელის რძალი (ვაჟიშვილის - ბ-–ვილის (შემდეგში: მოსარჩელის მეუღლე) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე) და არასრულწლოვან შვილთან, ერთად ცხოვრობს ბინაში, თავის დროზე, მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების შესაბამისად.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
8. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელიც დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით.
9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა წინამდებარე განჩინების პპ: 1-3;
10. იმავდროულად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს და მის მეუღლეს საკუთრებაში უძრავი ქონება არ გააჩნიათ. მოპასუხის მეუღლე არსად მუშაობს და არც რამე შემოსავალი გააჩნია. მოპასუხე ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს სადავო ბინაში. მოსარჩელე წასულია საზღვარგარეთ სამუშაოდ. შესაბამისად, იგი არ სარგებლობს სადავო უძრავი ნივთით.
11. სააპელაციო სასამართლომ დავის სამართლებრივი მოწესრიგებისას მიუთითა „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (შემდეგში: კონვენციის) მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტზე და აღნიშნა, რომ კონვენცია წევრი ქვეყნებისათვის სამი განსხვავებული სახის ვალდებულებას ადგენს: (ა) თუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს სხვადასხვა ინტერესები უპირისპირდება, ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, რომ გარანტირებულად და უპირატესად მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და გათვალისწინებულ იქნეს; (ბ) თუ სამართლებრივ ნორმას ერთზე მეტი განმარტება შეიძლება მიეცეს, არჩეულ უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე ეფექტურად ემსახურება (განმარტების ფარგლებს გვთავაზობს ის უფლებები, რომლებიც კონვენციაში და დამატებით ოქმებშია მოცემული); (გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს ბავშვის ინტერესებზე ამ გადაწყვეტილების შესაძლო ზეგავლენის შედეგები (დადებითი თუ უარყოფითი) და გადაწყვეტილებაში პირდაპირ უნდა აისახოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უპირატესად შეფასდა და მხედველობაში იქნა მიღებული.
12. „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ კონცეფცია მიზნად ისახავს კონვენციის მიერ აღიარებული ყველა უფლებით სრულ და ეფექტურ სარგებლობას და ბავშვის კომპლექსურ განვითარებას. ზრდასრულების განსჯა „ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა“, კონვენციით გათვალისწინებული ბავშვის ყველა უფლების პატივისცემას ვერ უკუაგდებს. არ არსებობს კონვენციაში გათვალისწინებული უფლებების იერარქია. ყველა უფლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის და არცერთი უფლების უარყოფა არ შეიძლება „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ ნეგატიური განმარტებით.
13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პრეცედენტულ სამართალზეც, სახელდობრ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებებზე საქმეში ს.ლ. და ჯ.ლ. ხ-იის წინააღმდეგ.
14. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის მშობლებს საკუთრებაში უძრავი ქონება არ გააჩნიათ და იგი დედასთან ერთად, ბებიის კუთვნილ ბინაში ცხოვრობს, ამავე დროს მოსარჩელის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მოპასუხის გამოსახლება უკანონო მფლობელობიდან გამოიწვევს მისი მცირეწლოვანი შვილის გამოსახლებასაც, მიუხედავად იმისა, რომ სასარჩელო განცხადებით მოთხოვნა ბავშვის მიმართ არ დაუყენებიათ. ამგვარ მოცემულობაში, არასრულწლოვანის უფლებასთან მიმართებით, რომ ბებიის მიერ უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრებლით, არ იკვეთება მესაკუთრის უპირატესი ინტერესი მოპასუხის (რძლის) და არასრულწლოვანი შვილიშვილის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვაში.
15. მითუმეტეს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სისტემური ანალიზის მიხედვით, შვილიშვილზე ზრუნვის ვალდებულება პაპა-ბებიის მოვალეობაცაა. მით უფრო, იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ ბავშვის მამა არ მუშაობს და არ აქვს შემოსავალი. პალატის განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება გაგებული იყოს იმგვარად, რომ იგი ყოველგვარი გარემოებების გარეშე, უპირობოდ, საკუთრების უფლებას გადასწონიდეს ან/და უცვლელად იქნეს გამოყენებული ბავშვის სრულწლოვანებამდე. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ისეთი მდგომარეობა, როდესაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გამოთხოვას, სადაც მოპასუხესთან ერთად ცხოვრობს მოსარჩელის შვილიშვილი (ექვსი წლის). საცხოვრებელი ბინიდან დედის გამოსახლება, იმავდროულად გამოიწვევს მისი მცირეწლოვანი შვილის გამოსახლებასაც.
16. მხედველობაში იქნა მიღებული ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ბავშვის მამა - მოსარჩელის ვაჟიშვილი არ მუშაობს, და არ გააჩნია შემოსავალი, ხოლო სსკ-ის 1225-ე მუხლით პაპას და ბებიას გააჩნიათ მათი არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულება, როდესაც ბავშვი მშობლებისაგან ვერ იღებს სარჩოს.
17. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მცირეწლოვან შვილს, რომლის გამოსახლება თანხვედრაშია დედის გამოსახლებასთან და მოწინააღმდეგე მხარეს შორის, არ არის მხოლოდ მესაკუთრესა და უკანონო მფლობელს შორის ურთიერთობა, არამედ იგი მოიცავს ასევე ბებიისა და შვილიშვილის ურთიერობასაც (ურთიერთრჩენის თვალსაზრისით) და სწორედ ამიტომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები ,,წინ უსწრებს“ საკუთრების უფლებას. გათვალისწინებული იქნა სხვა გარემოებებსაც (მაგ. ბავშვის მამა არ მონაწილეობს შვილის რჩენა-აღზრდაში), თუმცა სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ რომელიმე გარემოების შეცვლის შემთხვევაში, აღნიშნული არ შეიძლება გამოყენებული იყოს უსასრულოდ, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.
18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილსა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილზე და მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოცემულ შემთხვევაში არ გამოიკვეთა მესაკუთრის უპირატესი ინტერესი მოპასუხის და მასთან ერთად მცხოვრებ მცირეწლოვანის ინტერესთან მიმართებით, მოსარჩელე არამართლზომიერად იყენებდა მესაკუთრის უფლებებს და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებლად შეფასდა.
19. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
20. კასატორის პრეტენზია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორ სამართლებრივ შეფასებას ეფუძნება. სახელდობრ, კასატორის მოსაზრებით, ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს ემსჯელა მესაკუთრის უფლებაზე [სსკ-ის 170-172-ე მუხლები}, სასამართლომ იმსჯელა არასრულწლოვანი ბავშვის უფლებაზე იყოს უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ადგილით და დავის მოსაწერიგებლად გამოიყენა ბავშვის უფლებათა ევროპული კონვენცია. იმავდროულად, დავის მოსაწესრიგებლად არასწორად მიეთითა პრეცედენტული სამართალი: საქმე ს.ლ და ჯ.ლ ხ--------იის წინააღმდეგ.
21. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 1125-ე მუხლი, რომელიც პაპისა და ბებიის ალიმენტვალდებულებას აწესებს, კონკრეტულ საქმეში, კი განსახილველი იყო არა ალიმენტის დანიშვნა ბებიის მხრიდან, არამედ, მესაკუთრის სარჩელი სხვისი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ და უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად იმსჯელა მითითებულ საკითხზე.
სამოტივაციო ნაწილი:
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
23. სსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
25. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
26. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება (განჩინების პპ: 1-3; 14) და სწორი იურიდიული კვალიფიკაცია მიანიჭა მათ.
28. თავის მხრივ, კასატორი არ ეთანხმება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და სამართლებრივ ასპექტში მისი საკასაციო პრეტენზია შემდეგ ძირითად საკითხებადაა ჩამოყალიბებული: (1) სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და იმსჯელა არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი გარემოთი უზრუნველყოფის საკითხზე; (2) სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და სავინდიკაციო სარჩელთან ერთდ განიხილა ბებიის საალიმენტო ვალდებულება [სსკ-ის 1225-ე მუხლი]; (3) სასამართლომ უგულვებელყო სსკ-ის 170-172-ე მუხლით დაცული სიკეთე - მესაკუთრის უფლება თავისუფლად ისარგებლოს საკუთრებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ხელშეშლა საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობაში;
29. პირველი ორი საკასაციო პერეტენზია საქმის განხილვის პროცედურული წესების დარღვევას შეეხება, რასთან დაკავშირებითაც, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევა. არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი გარემოთი უზრუნველყოფისა და მისი აუცილებლობით ნაკარნახევ მწვავე სოციალურ საჭიროებაზე სააპელაციო პალატამ იმსჯელა სწორედ მოპასუხის მოთხოვნის შემწვეტი შესაგებლის შინაარსიდან გამომდინარე (განჩინების პ: 6), რომელშიც მოპასუხე მიუთითებდა, რომ იგი არის მოსარჩელის რძალი (ვაჟიშვილის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე) და არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ბინაში, საიდანაც გამოსახლების მოთხოვნა მიმართული იყო მისკენ.
30. მაშასადამე, საქმის წარმოება წარიმართა მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების სრული დაცვით და სასამართლომ საპროცესო ნორმების დაცვით შემოწმა მოპასუხის სტადია (მოპასუხის მატერიალური შედავება) [სსკ-ის მე-3, მე-4, 102-ე 105-ე მუხლები]. რაც შეეხება, სასამართლოს მხრიდან ბების საალიმენტო ვალდებულებაზე მსჯელობას, რაც კასატორის მოსაზრებით, არ იყო დავის საგანი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ იმსჯელა სავინდიკაციო სარჩელზე, რომლის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 170-ე -172-ე მუხლები), ხოლო ბებიის მხრიდან კანონისმიერი ვალდებულების შესრულების აუცილებლობაზე [სსკ-ის 1225-ე მუხლი] მსჯელობა იქონია სწორედ მოთხოვნის შემწყვეტი შედავების ფარგლებში (მატერიალური შესაგებელი, განჩინების პ:6). მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის, მოპასუხის სტადიაზე განხორციელებული მატერიალური თუ საპროცესო შედავების კვალიფიკაცია სასამართლოს ვალდებულებაა.
31. რაც შეეხება შედავებულ იურიდიულ შედეგს - უარყოფილი სასარჩელო მოთხოვნა, რაშიც, კასატორი სსკ-ის 170-172-ე მუხლებით უზრუნველყოფილი სიკეთის (მესაკუთრის უფლება) უგულვებელყოფას ხედავს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, არასწორი კვალიფიკაცია განხორციელებული არ არის და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (განჩინების პპ: 1-3;16), ამ კონკრეტულ ვითრებაში, იძლეოდა სწორედ იმ იურიდიულად განმაპირობებელ შედეგს, რომლის მიხედვითაც, არ იყო გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელი იყო. მოპასუხეს არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ბინა და ის თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს სადავო ბინაში, რომელითაც მესაკუთრე არ სარგებლობს. ამასთან, ბებიის არამხოლოდ კანონისმიერი, არამედ, ზნეობრივი მოვალეობაა იზრუნოს არასრულწლოვან შვილიშვილზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არამართლზომიერად იყენებდა მესაკუთრის უფლებებს, რის გამოც, სარჩელი წარუმატებელი აღმოჩნდა.
32. სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებობს სასამართლო პრაქტიკა. სახელდობრ, ერთ-ერთ საქმეში მესაკუთრის სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა მოპასუხის (რძლის, ვაჟიშვილის მეუღლის) არასრულწლოვან შვილებთან ერთად საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებას, არ დაკმაყოფილდა. დავაში დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე მოპასუხის და მისი ორი არასრულწლოვანი შვილის გამოსახლებას სადავო ბინიდან მოითხოვდა იმ მოტივით, რომ მოპასუხე მას არ უვლიდა მას. მოპასუხეს არ გააჩნდა სხვა საცხოვრებელი ბინა და იგი თავის ორ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობდა სადავო ბინაში. სასამართლომ აღნიშნა: „მოცემულ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. გარდა ამისა, პაპა ვალდებულია შეასრულოს თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილების აღზრდისა და რჩენის ფუნქციები, ვინაიდან ასეთ დახმარებს არასრულწლოვანი ბავშვები ვერ იღებენ მამის გარდაცვალების გამო [სსკ-ის 1225-ე მუხლი]. აღზრდისა და რჩენის ფუნქციებში იგულისხმება არა მხოლოდ პაპის საალიმენტი ვალდებულებები, არამედ მისი მოვალეობაც, რომ შვილიშვილებს შეუქმნას ცხოვრობისათვის ჯანსაღი გარემო. იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხეს და მის არასრულწლოვან შვილებს არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი სახლი, ასევე იმ გარემოებასაც, რომ პაპის ზნეობრივი მოვალეობაა იზრუნოს შვილიშვილებზე, მიჩნეული იქნა, რომ მოსარჩელე არამართლზომიერად იყენებდა მესაკუთრის უფლებებს“ (იხ., სუსგ Nას- 545-728-08, 12 სექტემბერი, 2008 წელი).
33. სხვა სამოქალაქო საქმეში კი, სადაც დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების (საყოფაცხოვრებო ნივთები) გამოთხოვა იყო, სასამართლომ დადგინა, რომ ბავშვები ცხოვრობდნენ დედის სახლში და სარგებლობენ იქ არსებული საყოფაცხოვრებო ნივთებით და „ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის“ [1989 წლის 20 ნოემბერი] 27-ე მუხლისა და სსკ-ის მიხედვით განმარტა, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. ამდენად, ისეთი საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები, როგორიცაა სარეცხი მანქანა და ტელევიზორი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა ყოფილიყო გამოთხოვილი მოწინააღმდეგე მხარეთა მფლობელობიდან (საქმე №ას-480-454-2014, 8 მაისი, 2015 წელი).
34. ნიშანდობლივია, რომ მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვასა და საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას, თუმცა, განსახილველ დავასა და ზემოთმოხმობილ სასამართლო პრაქტიკას აერთიანებთ არასრულწლოვანი ბავშვის უფლების განხორციელებაში (იზრდებოდნენ ოჯახურ გარემოში, დედ-მამასთან და ჰქონდეთ საცხოვრებელი ადგილი და შესაბამისი პირობები) შესაბამისი პირების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების არსებობა, როგორიცაა უპირატესად, თავად მშობლები და იმავდროულად, პაპა - ბებია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, მოპასუხის სტადიის შეფასებისა და უწინარესად, სამართლებრივი კვაფიკაციის ვალდებულების გათვალისწინებით, მოხმობილი სასამართლო პრაქტიკა, განსახილველ საქმეზე საკუთრების უფლების შეზღუდვის პროპორციულობისა და გონივრულობის თვალსაზრისით, რელევანტურია.
35. საგულისხმოა ისიც, რომ სსკ-ის 1225-ე მუხლის მიზანია არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების დაცვა, გამოდის ზრუნვის მოვალეობის მქონე პირთა ნების თავისუფალი გამოვლენის სფეროდან და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აყვანილია კანონისმიერი ვალდებულების რანგში. ამას გარდა, საგულისხმოა ისიც, რომ სსკ-ი, როგორ რომანულ-გერმანული სამართლის სისტემის ნაწილი, ირჩევს ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას და ამდენად, სამართლის ნორმებში ყოველი კონკრეტული სიტუაცია დეკლარირებული ვერ იქნება. ამ მიმართებით, კი ყურადსაღებია და ზოგადად, სამართლის ნორმის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სსკ-ის განმარტების მეთოდები (სისტემური, ისტორიული, ლოგიკური, პრეცედენტული და ა.შ). საკასაციო პალატა სსკ-ის 1225-ე მუხლის სწორი, თანმიმდევრული, დასაბუთებული და ლოგიკური განმარტების შედეგად, ასკვნის, რომ მისი რეგულირების მიზანი მხოლოდ არასრულწლოვანისათვის მატერიალური საზრდოს დანიშვნა არაა, არამედ, მისი მოქმედების მასშტაბი უფრო ფართოა და მოიცავს არასრულწლოვანის უზრუნველყოფას საცხოვრებელით, მაშინ როდესაც, არასრულწლოვანს ამ სიკეთის მიღება თავის მშობლებისაგან არ შეუძლია.
36. კონკრეტულ საქმეზე დადგენილია იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რომ დავის ერთ მხარეზე არსებობს მოსარჩელის საკუთრების დაცვის ლეგიტიმური ინტერესი [სსკ-ის 170-172-ე მუხლების, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ევრო კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის სამართლებრივი საფუძვლით}, ხოლო ამ უფლების საპირწონედ, წარმოდგენილია მესაკუთრის არასრულწლოვანი შვილიშვილის მწვავე საჭიროება საცხოვრებელ ბინაზე (თავშესაფარზე), სადაც იგი შეძლებს ოჯახურ გარემოში - დედასთან ერთად ცხოვრებასა და გაზრდას.
37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები, მოზარდის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სიკეთით, რომელიც ბავშვს მისცემს ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
38. იმავდროულად, საკასაციო პალატა ხაზს უსამს მოსარჩელის საკუთრების უფლების მაღალი ხარისხით დაცულობას და იზიარებს კასატორის მოსაზრებას, პრეცედენტული სამართლის: საქმე ს.ლ და ჯ.ლ ხ-იის წინააღმდეგ, მითითების აუცილებლობის არარსებობის თაობაზე, განსახილველ ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამობის საფუძვლით. თუმცა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ამ ვითარებასა და ამ დროს, როდესაც ბავში არასრულწლოვანია, არსებობს საკუთრების კონსტიტუციური უფლების დროებითი შეზღუდვის მწვავე სოციალური საჭიროება, ნაკარნახევი მესაკუთრის შვილიშვილის ობიექტური აუცილებლობით. მაშასადამე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მესაკუთრის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან სადავო ბინის გამოთხოვის შესახებ, არის ლეგიტიმური და წარმოადგენს საკუთრების უფლებაში ჩარევის პროპორციულ, გონივრულ და აუცილებელ ზომას.
39. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან განჩინებაში ასახულია სადავო სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით არსებული სასამართლო პრაქტიკა.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---ვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ლ-–ვილს უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 03 აპრილს საგადახადო დავალება N12 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე