Facebook Twitter

საქმე № 330210015783790

საქმე №ას-250-238-2017 11 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ო. ა.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „თ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ა.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, 2011 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 9793.81 ლარის ანაზღაურება, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა შეადგენს 5661.71 ლარს, პროცენტი – 3477.87 ლარს, ჯარიმა – 500 ლარს, ხოლო დაზღვევა – 154.23 ლარს; 2011 წლის 30 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 1021.85 ლარის ანაზღაურება, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 498.73 ლარი, პროცენტი – 323.12 ლარი, ჯარიმა – 200 ლარი; მიუღებელი შემოსავლის სახით, 2011 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე – 498.73 ლარზე 2015 წლის 16 აპრილიდან 12 თვის განმავლობაში წლიური 39% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 16.20 ლარს; 2011 წლის 30 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 5676.35 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგებს 3089.32 ლარი, პროცენტს – 1887.03 ლარი, ჯარიმას – 700 ლარი; მიუღებელი შემოსავლის სახით, 2011 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე – 3089.32 ლარზე 2015 წლის 16 აპრილიდან 12 თვის განმავლობაში წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 92.67 ლარს.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულებები, რომელთა ძალით მოპასუხეს გადაეცა სესხი გარკვეული პირობებით. მსესხებელმა დაარღვია თანხის გადახდის გრაფიკი და ვადები. შესაბამისად, მოსარჩელეს წარმოეშვა მოპასუხისაგან ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვალდებულების დარღვევის თარიღები არასწორად მიუთითა. არსებული გადახდის ისტორიით ირკვევა ბოლო გადახდების თარიღები, რაც, სამივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ფაქტის გათვალისწინებით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

4. მოპასუხის მოსაზრებით, დავა ეხება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის გარკვეული ნაწილი ხანდაზმულია, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდაა გაზრდილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიერ შეცილებულია მხოლოდ ხანდაზმულობის საფუძვლით. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ 2011 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან (№..) და 2011 წლის 30 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობის შესახებ მსჯელობის ნაწილში. შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასების საგანია გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება აღნიშნულ ნაწილში.

8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის შედავება და მიიჩნია, რომ 2011 წლის 21 სექტემბრის (№..) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

10. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2011 წლის 21 სექტემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სესხის ეტაპობრივად დაფარვა – 2014 წლის 20 სექტემბრამდე ვადაში. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ ვადაში.

11. სსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი გადახდების ისტორიის საფუძველზე მიუთითა, რომ მოპასუხემ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის მიზნით, თანხა ბოლოს გადაიხადა 2012 წლის 20 აპრილს, არასრულად, 6.26 ლარის ოდენობით.

12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რომ სსკ-ის 137-ე მუხლის კონტექსტში ყველა გადახდა გულისხმობს მოვალის მიერ მოთხოვნის აღიარებას, რაც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს. შესაბამისად, მოპასუხის მიერ 2012 წლის 20 აპრილს განხორციელებული გადახდით ბანკის მოთხოვნის უფლებაზე ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა.

13. სსკ-ის 141-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის ხელახლა ათვლა 2012 წლის 20 აპრილის – ბოლო გადახდის დღის მომდევნო დღიდან – 21 აპრილიდან დაიწყო. დადგენილია, რომ სარჩელი სასამართლოს მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლამდე – 2015 წლის 21 აპრილს წარედგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის შედავება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია.

14. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ 2012 წლის 20 აპრილს წარმოებული გადახდა მოპასუხის მიერ არ არის შესრულებული და იგი განხორციელებულია თავად მოსარჩელის მიერ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის მიზნით.

15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სასამართლოსათვის ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა, რომ 2012 წლის 20 აპრილს განხორციელებული გადახდა არა მოპასუხის, არამედ დაინტერესებული პირის – მოსარჩელის მიერაა შესრულებული, თუმცა აღნიშნული სახის მტკიცებულება მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა. შესაბამისად, აპელანტმა ვერ გააქარწყლა 2012 წლის 20 აპრილს მოპასუხის მიერ მოთხოვნის აღიარების ფაქტობრივი გარემოება, რაც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას გამორიცხავს.

16. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ უშუალოდ მოსარჩელის მიერ მოპასუხის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის შემთხვევაშიც, მიიჩნევა, რომ ვალდებულება სწორედ მსესხებელმა შეასრულა. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა 2011 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულების 5.2. პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, „ბანკის“ მიერ „მსესხებლის“ ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა ხდება „მსესხებლის“ დავალებით ან დავალების გარეშე უაქცეპტო წესით, თუ ამ ხელშეკრულებით ან/და მის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ამავე ხელშეკრულების 5.3. პუნქტის შესაბამისად კი, „ბანკი“ უფლებამოსილია, „მსესხებლის“ მიერ თანხის გადახდის მორიგი თარიღის დადგომისას მოახდინოს გადასახდელი ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტების, პირგასამტეხლოს ... და სხვა სარგოების უაქცეპტო წესით ჩამოწერა „მსესხებლის“ ნებისმიერი ანგარიშიდან და ნებისმიერ ვალუტაში“. მაშასადამე, აღნიშნული შეთანხმებით, მსესხებლის მიერ მოხდა თანხის გადახდის თვალსაზრისით საკუთარი უფლებამოსილების დელეგირება ბანკზე, ანუ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მოქმედების ნების გადაცემა ბანკისათვის. შესაბამისად, ბანკის მიერ განხორციელებული მოვალის ანგარიშიდან თანხის უაქცეპტო ჩამოჭრა, გულისხმობს თავად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებას.

17. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, 2011 წლის 30 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ აპელანტის შედავება და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არც აღნიშნულ ნაწილში არ არის ხანდაზმული.

18. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2011 წლის 30 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების 4.1. მუხლის საფუძველზე ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე.

19. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული მუხლის მიხედვით, მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება უვადო ხელშეკრულებას წარმოადგენს. იგი, თავისი არსით, განსხვავდება ვადიანი საკრედიტო ხელშეკრულებისაგან, სადაც ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელია და იგი მოიცავს, როგორც ძირი თანხის ნაწილის დაფარვას, ასევე, პროცენტისა და დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდას.

20. განსახილველ შემთხვევაში საკრედიტო ბარათის სპეციფიკის გათვალისწინებით, მხარეთა შორის დაიდო ისეთი სახის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რა დროსაც მსესხებელი საბანკო დაწესებულებისაგან განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, თუმცა, დროებით სარგებლობაში იღებს თანხას, რისთვისაც იხდის წლიურ საპროცენტო სარგებელს. ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხა კი შეადგენს ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს, წინა პერიოდში დარიცხულ პროცენტს და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამდენად, მსესხებელი საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტამდე ძირითად თანხას გამსესხებელ საკრედიტო დაწესებულებას კი არ უბრუნებს და ამით პერიოდულ ვალდებულებებს კი არ ასრულებს, არამედ აღნიშნულ თანხას კვლავ საკრედიტო ბარათის ანგარიშზე დებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებით მსესხებელი სესხის ძირ თანხას განკარგავს იქამდე, სანამ ხელშეკრულება არ შეწყდება.

21. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 365-ე მუხლზე და ჩათვალა, რომ 2011 წლის 30 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითად თანხასთან (498.73 ლარი) მიმართებით მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ შეფასდება, რადგან ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულება მსესხებელს გამსესხებლის მოთხოვნისთანავე წარმოეშობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც კრედიტორის მოთხოვნიდან აითვლება.

22. რაც შეეხება საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნის ხანდაზმულობას, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მოსარჩელეს მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა არ დაურღვევია, კერძოდ, დადგენილია, რომ 2011 წლის 30 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების 2.1.10 და 2.1.12 პუნქტების შესაბამისად, კლიენტის მიერ ათვისებული საკრედიტო ლიმიტის გადახდა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან 25-ე დღეს, ხოლო ვალდებულების მოცულობის დაანგარიშება ბანკის მიერ ხდებოდა ყოველი თვის 27 რიცხვში. მოცემულ შემთხვევაში პირადი ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში ბოლო ანგარიშსწორება მოპასუხემ განახორციელა 2012 წლის 5 მარტს 310 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ამავე წლის 27 მარტს მოხდა ვალდებულების მოცულობის დაანგარიშება და დაანგარიშებული ვალდებულების შესრულება მოპასუხის მიერ 2012 წლის 27 მარტიდან 25-ე დღეს – 2012 წლის 21 აპრილს უნდა განხორციელებულიყო, რაც არ მომხდარა. აღნიშნული მსჯელობის გათვალიწინებით, სწორედ აღნიშნული თარიღიდან (2012 წლის 21 აპრილიდან) მოხდა მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა. სარჩელი სასამართლოს წარედგინა მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლამდე – 2015 წლის 21 აპრილს. შესაბამისად, 2011 წლის 30 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე აპელანტის შედავება, ასევე, საფუძველს მოკლებულია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

24. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა ეწინააღმდეგება სსკ-ის 130-ე მუხლის დანაწესს. გამსესხებელს მსესხებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შესახებ უნდა შეეტყო 2012 წლის მარტში, როცა მსესხებელმა თანხა უკანასკნელად გადაიხადა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოთხოვნის წარმოშობის მომენტი, რაც დაუკავშირა 2012 წლის 21 აპრილს მოპასუხის ანგარიშზე 6,26 ლარის ჩარიცხვას. ამასთან, აღნიშნული თანხის ჩარიცხვა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებად არ უნდა შეფასდეს, რადგან მითითებული ოდენობა ჩარიცხა მოსარჩელემ. კასატორს ამგვარი ნება არ გამოუვლენია. მოპასუხის ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა შეეძლო მხოლოდ უშუალოდ ამ უკანასკნელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.

25. კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება 2011 წლის 30 დეკემბრიდან, საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევაზე უარის თქმის ნაწილში, რომლის თანახმად სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტად მიუთითა 2012 წლის 21 აპრილი, თუმცა მოპასუხემ ვალდებულება დაარღვია 2012 წლის 5 მარტს. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, 2015 წლის 21 აპრილისათვის, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო. გადახდის გრაფიკითა და საკრედიტო ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მოპასუხემ არაერთხელ დაარღვია გადახდის გრაფიკი. მან ბოლო ანგარიშსწორება განახორციელა 2012 წლის 5 მარტს, რის შესახებაც მოსარჩელემ შეიტყო 2012 წლის 27 მარტს, რასაც მოსარჩელის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2012 წლის 27 მარტიდან, როდესაც მოსარჩელემ შეიტყო ვალდებულების დარღვევის თაობაზე.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის – 481 ლარის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

27. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

28. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 21 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებულ იქნა სესხის ეტაპობრივად დაფარვა 2014 წლის 20 სექტემბრამდე. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად, დათქმულ ვადაში არ შეასრულა.

29. საქმეში წარმოდგენილი გადახდების ისტორიის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის მიზნით, თანხა ბოლოს გადაიხადა 2012 წლის 20 აპრილს, არასრულად, 6.26 ლარის ოდენობით.

30. 2011 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად, „ბანკის“ მიერ „მსესხებლის“ ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა ხდება „მსესხებლის“ დავალებით ან დავალების გარეშე უაქცეპტო წესით, თუ ამ ხელშეკრულებით ან/და მის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ამავე ხელშეკრულების 5.3. პუნქტის შესაბამისად კი, „ბანკი“ უფლებამოსილია, „მსესხებლის“ მიერ თანხის გადახდის მორიგი თარიღის დადგომისას მოახდინოს გადასახდელი ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტების, პირგასამტეხლოს ... და სხვა სარგოების უაქცეპტო წესით ჩამოწერა „მსესხებლის“ ნებისმიერი ანგარიშიდან და ნებისმიერ ვალუტაში“.

31. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2011 წლის 30 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების 4.1. მუხლის საფუძველზე ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე.

32. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოთხოვნის წარმოშობის მომენტი, რაც დაუკავშირა 2012 წლის 21 აპრილს მოპასუხის ანგარიშზე 6,26 ლარის ჩარიცხვას. ამავდროულად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება 2011 წლის 30 დეკემბრიდან, საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევაზე უარის თქმის ნაწილში.

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

35. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81.).

36. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება კასატორის არგუმენტი, რომ 2012 წლის 21 აპრილს მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია და გადახდა განახორციელა თავად მოსარჩელემ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის მიზნით.

37. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ზემოთ მოყვანილი მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების 5.2, 5.3 პუნქტები უფლებამოსილებას ანიჭებს გამსესხებელს, მსესხებლისაგან შესაბამისი ნების გამოვლენის გარეშე, მოახდინოს სესხთან დაკავშირებული თანხის გადახდა მსესხებლის ანგარიშიდან. ამდენად, მოსარჩელის სადავო ქმედებას გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი მხარეთა შორის არსებული შეთანხმების სახით.

38. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მოსარჩელემ სადავო გადახდა განახორციელა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის მიზნით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ში მოქმედებს მტკიცების სტანდარტი, რომლის საფუძველზე თითოეულ მხარეს ევალება იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება, რომლებზეც ის თავის პოზიციას აფუძნებს (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

39. მითითებული ნორმების ანალიზის შესაბამისად, სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.

40. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

41. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

42. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობას არ შეიცავს მხარის პრეტენზია არც საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2011 წლის 30 დეკემბრიდან მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის შესახებ.

43. დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ზემოაღნიშნული საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოქმედებს იმგვარი სახელშეკრულებო რეჟიმი, რომლის დროსაც მსესხებელი ძირითად თანხას გამსესხებელ საკრედიტო დაწესებულებას არ უბრუნებს, არამედ აღნიშნულ თანხას კვლავ საკრედიტო ბარათის ანგარიშზე დებს.

44. სსკ-ის 365-ე მუხლზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ 2011 წლის 30 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითად თანხასთან მიმართებით მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ შეფასდება, რადგან ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულება მსესხებელს გამსესხებლის მოთხოვნისთანავე წარმოეშობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც კრედიტორის მოთხოვნიდან აითვლება.

45. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

46. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

47. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუსგ ) და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

48. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

50. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

51. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაეკისროს მისთვის ამავე სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 481 ლარის 30%-ის – 144,3 ლარი გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ა.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ო. ა.-ს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 144,3 ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე