Facebook Twitter

საქმე № 010210115001004440

საქმე №ას-372-346-2017 5 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „პ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ფ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. ფ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „პ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე ამხანაგობა), მ. ა--–--ის (შემდგომში – ამხანაგობის თავმჯდომარე), ლ. კ.-ისა და მ. მ.-ის (შემდგომში – მოპასუხეები) მიმართ მოპასუხეთათვის სოლიდარულად 64000 აშშ დოლარისა და 2009 წლის 31 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 300 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 16 იანვარს მოსარჩელესა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობას დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე ამხანაგობა გაასხვისებდა, ხოლო მოსარჩელე შეიძენდა ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე 80 კვ.მ კომერციულ ფართს.

3. შეთანხმების თანახმად, 1 კვ.მ კომერციული ფართის ღირებულება შეადგენდა 800 აშშ დოლარს, ფართის სრული ღირებულება კი შეადგენდა 64000 აშშ დოლარს. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ამხანაგობა მოსარჩელეს ფართს ვერ გადასცემდა 2009 წლის 31 აგვისტომდე, ყოველი მომდევნო თვე გადაიხდიდა ჯარიმას 300 აშშ დოლარის ოდენობით.

4. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სრულად გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 64 000 აშშ დოლარი, თუმცა ამხანაგობას შეთანხმებული ფართი საკუთრებაში არ გადაუცია.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ 64 000 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში, რაც მოპასუხე ამხანაგობამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღისა და დროის თაობაზე კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მოპასუხე ამხანაგობის თავმჯდომარე (ს.ფ 233).

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამ უკანასკნელის სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია და ბათუმის საქალაქო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით წარდგენილია 2017 წლის 10 იანვარს (ს.ფ 262).

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ-ის) 374-ე 369-ე მუხლების, 2591 მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან, აპელანტი ამხანაგობის თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის, დროისა და გასაჩივრების წესის თაობაზე, იგი ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან (2016 წლის 15 ნოემბრიდან) არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა (2016 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით), გამოცხადებულიყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2016 წლის 16 დეკემბერს, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

11. ამხანაგობის თავმჯდომარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლის მოთხოვნით განცხადებით მიმართა 2016 წლის 28 დეკემბერს (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ) და ჩაიბარა იმავე დღეს, თუმცა მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადა დაიწყო არა ჩაბარებიდან, არამედ 2016 წლის 16 დეკემბრიდან და დასრულდა 2016 წლის 29 დეკემბერს, 24:00 საათზე.

12. ამდენად, სააპელაციო პალატის განმარტებით, 2017 წლის 10 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის ფოსტით გაგზავნილი ამხანაგობის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხე ამხანაგობის სახელით მისმა თავმჯდომარემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ როგორც ამხანაგობის თავმჯდომარემ, ისე წარმომადგენელმა რამდენჯერმე მიაკითხა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში, თუმცა ვერ ჩაიბარა, რადგან აღნიშნული საპროცესო დოკუმენტი მზად არ იყო. გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება მოხერხდა მხოლოდ 2016 წლის 28 დეკემბერს, საიდანაც სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადა აპელანტს არ დაურღვევია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.

17. სსსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

18. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.

19. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამდენად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

20. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება; 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

21. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი მოპასუხე ამხანაგობის თავმჯდომარეს ეცნობა (ტომი 2, ს.ფ. 233).

22. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემული საქმის მე-2 ტომის №249 გვერდზე წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, 2016 წლის 28 დეკემბერს ამხანაგობის თავმჯდომარემ პირადად ჩაიბარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი.

23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ ამხანაგობის წარმომადგენელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში მიმართავდა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, თუმცა გადაწყვეტილება მზად არ იყო.

24. კერძო საჩივარში მითითებული ეს გარემოება არც ზემოთ დასახელებული ხელწერილიდან და არც სხვა მტკიცებულებიდან არ ირკვევა. არ არის შევსებული ხელწერილში მითითებული სპეციალური გრაფა იმის შესახებ, მხარეს სასამართლო გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდა სასამართლოს მიერ დროულად მისი მოუმზადებლობის გამო. აღნიშნული ფაქტის დადასტურება კი, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, აპელანტი მხარის მოვალეობას წარმოადგენდა.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა თავისი არგუმენტის სარწმუნოდ დასაბუთება ვერ შეძლო და ამისათვის მხოლოდ მისი განმარტება საკმარისი არ არის.

26. ამდენად, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის შემდეგი დღიდან – 2016 წლის 16 დეკემბრიდან სწორად აითვალა და მართებულად განმარტა, რომ მხარემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 14-დღიანი ვადის ამოწურვის – 2016 წლის 29 დეკემბრის შემდეგ – 2017 წლის 10 იანვარს. შესაბამისად, არსებობდა სსსკ-ის 369-ე და 374-ე მუხლებით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ განცხადებაში მითითებულ არგუმენტს, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სადავო გადაწყვეტილების ასლის მისაღებად საქალაქო სასამართლოს მიმართა 2016 წლის 14 დეკემბერს და ვერ ჩაიბარა იგი სასამართლოს მიზეზით, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აითვალოს 2016 წლის 28 დეკემბრიდან, როდესაც მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება გადაეცა.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2016 წლის 14 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მიმართა ამხანაგობის თავმჯდომარის, როგორც ფიზიკური პირის (ამხანაგობის თავმჯდომარე, როგორც ფიზიკური პირი ამავე საქმეში ჩაბმულია დამოუკიდებელ მოპასუხედ) წარმომადგენელმა. საქმის მასალებზე დართული მინდობილობით კი დასტურდება (ტომი 2, ს.ფ 35), რომ აღნიშნული წარმომადგენელი უფლებამოსილია, დაიცვას მხოლოდ მოპასუხე ფიზიკური პირის ინტერესები და ამხანაგობის სახელით მოქმედების უფლება არ გააჩნია.

29. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული დოკუმენტი ადასტურებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღემდე გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართა არა ამხანაგობის, არამედ მოპასუხე ფიზიკური პირის წარმომადგენელმა. სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილია ამხანაგობის სახელით, რომელსაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თანხის გადახდა დაეკისრა. ამდენად, ამხანაგობის თავმჯდომარე, როგორც ფიზიკური პირი და დამოუკიდებელი მოპასუხე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გაასაჩივრებდა.

30. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მართებულად დარჩა განუხილველად და კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „პ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე