საქმე № 010210016001362929
საქმე №ას-377-351-2017 5 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „პ.–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. დ.-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების ნაწილის ბათილად ცნობა, საიჯარო თანხის დაკისრება, საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა, ფართის გამოთავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქ. დ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „პ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოიოთხოვა: 2011 წლის 1 ივლისს მხარეებს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების 7.3 პუნქტის ბათილად ცნობა; 2011 წლის 1 ივლისს მოსარჩელეს, შუქრი დევაძესა და მოიჯარეს – მოპასუხეს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა, ასევე, მოპასუხის დავალდებულება, გამოათავისუფლოს უძრავი ქონება და თავისუფლ მდგომარეობაში ჩააბაროს მოსარჩელეს; მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 12 ნოემბრიდან სარჩელის აღძვრამდე, ანუ 2016 წლის 12 იანვრამდე, საიჯარო თანხის – 13000 ლარისა და ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან, ანუ 2016 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით მხარეთა შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც არასაცხოვრებელი ფართი ერთი წლის ვადით გადაეცა მოპასუხეს. იჯარის ყოველთვიური ქირა შეადგენდა 2000 ლარს.
3. მოპასუხემ საიჯარო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დაარღვია იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და საიჯარო ქირა არ გადაიხადა.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარების დავალდებულების მოთხოვნის ნაწილში, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, მიეცა ვადა მის შესავსებათ და განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
8. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განჩინება გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და 2017 წლის 3 თებერვალს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში არსებული მინდობილობით.
9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით, 372-ე მუხლით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და დაადგინა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დაწესებული ხარვეზის შევსება შეეძლო 2017 წლის 13 თებერვლის ჩათვლით.
10. აპელანტის მიერ განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შევსებულა. მხარეს არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის ხარვეზის გამოსასწორებლად დაწესებული ვადის გაგრძელების შესახებ.
11. სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
12. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
14. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, რადგან აპელანტმა დროულად – 2017 წლის 13 თებერვალს ჩააბარა ფოსტას კორესპონდენცია ხარვეზის გამოსწორების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
16. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონშესაბამისობა.
17. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
18. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
19. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ ხარვეზი დაუდგინა აპელანტს და დაავალა 10 დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის, მისი ელექტრონული ვერსიისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 520 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.
20. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც ეთანხმება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს (მის უფლებამოსილ წარმომადგენელს) ჩაბარდა 2017 წლის 3 თებერვალს.
21. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
22. ამდენად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა აპელანტისათვის დაიწყო 2016 წლის 4 თებერვლიდან და ამოიწურა 13 თებერვალს.
23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში აპელანტს სასამართლოსათვის არ მიუმართავს. მართალია, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მომენტში სააპელაციო სასამართლო არ ფლობდა ინფორმაციას მხარის მიერ სადავო ხარვეზის გამოსწორების მიზნით მიმართვის თაობაზე, თუმცა საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი და CD დისკი. აღნიშნულ დოკუმენტებზე დართული საფოსტო საბუთის – შპს „სწრაფის“ მიერ შედგენილი ანგარიშსწორების ფორმით დასტურდება, რომ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოსათვის გასაგზავნი კორესპონდენცია ფოსტას ჩააბარა 2017 წლის 13 თებერვალს.
24. სსსკ-ის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
25. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო პალატას არ შეუფასებია აპელანტის მიერ ხარვეზის გამოსწორების ვადაში წარდგენილი დოკუმენტები, შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები.
26. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შემოწმებისას სააპელაციო პალატამ უნდა შეაფასოს ის გარემოება, შეავსო თუ არა აპელანტმა ხარვეზი სრულად და იმსჯელოს მხარის შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „პ.–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე