საქმე № 330210016001404134
საქმე №ას-420-393-2017 5 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს. ჟ.-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ.-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „პ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ჟ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება, რომელიც შეიძინა იძულებით აუქციონზე. ბინაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრობს მოპასუხე და თავისი ბინას ნებით არ ათავისუფლებს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატამ განიხილა აპელანტის წარმომადგენლის განცხადება საქმის განხილვის გადადების თაობაზე და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 216-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა მისი მოთხოვნის საფუძვლის არსებობა.
7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მითითება, რომ აპელანტის წარმომადგენელმა ჩაიტარა გარკვეული მკურნალობა, რამაც ხელი შეუშალა პროცესზე გამოცხადებაში, ვინაიდან აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება წარმომადგენლის განმარტებას, რომ იგი დროებით სამკურნალოდ მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ, პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტის წარმომადგენლისათვის 2017 წლის 16 იანვრიდან ცნობილი იყო საქმის განხილვის თარიღი და შესაძლებლობა ჰქონდა, დროულად ეცნობებია მხარისათვის, რათა მას სხვა წარმომადგენლის მეშვეობით დაეცვა საკუთარი ინტერესები. ამასთან, მოსამართლის თანაშემწესთან ზეპირის საუბრისას წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სხდომის დრო ის თბილისში იმყოფებოდა.
8. ამდენად, სააპელაციო პალატამ აპელანტის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 21 თებერვალს საქმის განხილვის შესახებ აპელანტს ამავე წლის 7 თებერვლის ეცნობა. 2017 წლის 16 იანვარს აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე, რაც ადასტურებს, რომ პროცესის შესახებ ამ დროისათვის მისთვის უკვე ცნობილი იყო.
10. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ საქმის განხილვაზე აპელანტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 229-ე მუხლით და მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დასაბუთებულად ჩათვალა.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ აპელანტი საქმის განხილვის დროისათვის იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და წარმომადგენელს მასთან კავშირი არ ჰქონდა, რის გამოც მან ვერ აცნობა პროცესზე თავისი გამოუცხადებლობის შესახებ. ამასთან, მას არ გააჩნდა უფლებამოსილების სხვისთვის გადანდობის ნებართვა და, შესაბამისად, მხარე ახალ წარმომადგენელს ვერ აიყვანდა. აპელანტის წარმომადგენელმა ორჯერ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, გადაედო პროცესი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 21 თებერვალს.
16. საქმის თარიღის შესახებ აპელანტს გაეგზავნა სასამართლო უწყება, რომელიც 2017 წლის 7 თებერვალს ჩაბარდა მის წარმომადგენელს (ტომი 2, ს.ფ 32), რომელის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით (ტომი 1, ს.ფ. 40).
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ, სსსკ-ის 70-78-ე მუხლების თანახმად, მხარის წარმომადგენლისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება თავად მხარისათვის მის გადაცემას უთანაბრდება. ამდენად, აპელანტი, თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, კანონის დაცვით გაფრთხილებული იყო სხდომის ჩანიშვნის შესახებ.
18. 2016 წლის 24 დეკემბერს და 2017 წლის 16 იანვარს აპელანტის წარმომადგენელმა მოითხოვა საქმის განხილვის გადადება იმ მოტივით, მისი მარწმუნებელი იმყოფება კანადაში, ხოლო თვითონ 2017 წლის აპრილამდე მიემგზავრება თურქეთში სამკურნალოდ. შესაბამისად, განმცხადებელმა მოითხოვა საქმის გადადება პირველ შემთხვევაში – 2017 წლის აპრილამდე, ხოლო მეორე განცხადებით, – განუსაზღვრელი ვადით.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.
20. კანონის მითითებული დანაწესი გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სხვა დროისათვის გადადოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სასამართლო სხდომა, თუ არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს საქმის განხილვის ვადის დახანებას და არ ემსახურება მის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებას, იგი ვალდებულია, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს საკუთარი მოტივების საფუძვლიანობა. მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც უარს ეტყვის მხარეს საქმის გადადებაზე, თუ ვერ დარწმუნდება სასამართლო პროცესის გადადების წინაპირობათა მართებულობაში. საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებაზე მსჯელობისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს საპროცესო ეკონომიის პრინციპი და მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინტერესი, ისარგებლოს ეფექტური, სწრაფი მართლმსაჯულებით.
21. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ დააკმაყოფილა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ, ვინაიდან მხარემ აღნიშნულისათვის საპატიო მიზეზის არსებობაზე ვერ მიუთითა.
22. დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ აპელანტს სრულიად გონივრული ვადა მიეცა სასამართლო პროცესისათვის მოსამზადებლად, მათ შორის, ადვოკატის მეშვეობით საკუთარი ინტერესების დასაცავად. აღსანიშნავია ისიც, რომ შუამდგომლობის ავტორს საქმის გადადება გონივრული ვადით არ მოუთხოვია. პროცესის რამდენიმე თვით გადადება იმ მოტივით, რომ მარწმუნებელი, რომლისთვისაც ცნობილი იყო მისი მონაწილეობით დავის სასამართლოში განხილვის თაობაზე და, მიუხედავად ამისა, არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, არ უკავშირდება თავის წარმომადგენელს, გამოიწვევდა საქმის განხილვის გაჭიანურებას და მოწინააღმდეგე მხარის უფლებების დარღვევას. ამასთან, მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ურთიერთობის დეტალები, კავშირის არ ქონა და ა.შ სასამართლოში მხარის გამოცხადების ვალდებულებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს და სასამართლოს შეფასების საგანი ვერ გახდება. თუ მარწმუნებელი არ უკავშირდება რწმუნებულს, აღნიშნულის შესაძლო სამართლებრივ შედეგებზე რისკსა და პასუხისმგებლობასაც თავად იღებს.
23. განმცხადებელს სარწმუნოდ არ დაუდასტურებია არც ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელი საპატიო მიზეზით ვერ შეძლებდა საქმის განხილვაზე გამოცხადებას. სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი სადავო ფაქტების მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ წარმომადგენელს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე მითითებისას თავის პოზიცია რაიმე მტკიცებულებით არ გაუმყარებია.
24. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და მისი წარმომადგენელი. მოწინააღმდეგე მხარემ კი, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
25. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
26. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
27. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
28. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს.
29. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ყველა ელემენტი, კერძოდ: 1. აპელანტი სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით; 2. მხარის გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნა არასაპატიოდ; 3. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
30. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ჟ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე