3გ-ად-25-კ-ს-03 16 აპრილი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 25 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა შპს “ე-მა".
განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003წ. 11 თებერვლის ¹1 დადგენილებით “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის “ბ" ქვეპუნქტის, მე-5 და მე-11 მუხლების პირველი პუნქტების საფუძველზე სემეკმა დაადგინა ელექტროენერგეტიკული სექტორის შიდა ტარიფები, რომლითაც შპს “ე-ს" შეუმცირდა გენერირებული ელექტროენერგიის ტარიფი.
განმცხადებლის განმარტებით, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლი ითვალისწინებს ტარიფების დადგენის პრინციპებს, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას სატარიფო შეღავათების სფეროში იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია მომხარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიანტების ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე.
განცხადებაში მითითებული იყო, რომ სემეკის აღნიშნული დადგენილებით დაირღვა შპს “ე-ის" უფლებები, რადგანაც მისთვის გამოყოფილი ტარიფი გათვალისწინებული იყო იმ აუცილებელი დანახარჯებისათვის, რომელიც საჭიროა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის შენახვისა და ელექტროენერგიის გენერირებისათვის, აგრეთვე, მისი სარეაბილიტაციო პროექტის თანადაფინანსებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ევრობანკის) სესხის მომსახურებისათვის.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ტარიფის შემცირებით საფრთხის ქვეშ დგებოდა ევრობანკის სესხის უზრუნველყოფა, რაც გამოიწვევდა ევრობანკის მიერ რეაბილატაციის პროექტის გაუქმებას.
განმცხადებელმა მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სემეკის 2003წ. 11 თებერვლის ¹1 დადგენილების შეჩერება, რადგანაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა, ანუ სადავო აქტის შეჩერებაზე უარის თქმა დიდ ზიანს მიაყენებდა შპს “ე-ს" და შემდეგ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდებოდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 26 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს “ე-ის" განცხადება სემეკის 2003წ. 11 თებერვლის ¹1 დადგენილების შეჩერების თაობაზე.
აღნიშნულ განჩინებაზე შპს “ე-მა" შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც ითხოვა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 26 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით სარჩელის აღძვრამდე სემეკის 2003წ. 11 თებერვლის 31 დადგენილების შეჩერება.
კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
სემეკის 2003წ. ¹11 დადგენილებით შპს “ე-ს" შეუმცირდა ელექტროენერგიის გენერაციისათვის დადგენილი ტარიფი. “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შპს “ე-ი" წარმოადგენს ლიცენზიანტს, რომელსაც აღებული აქვს წარმოების ლიცენზია. თავის მხრივ, ლიცენზიანტს წაყენებული აქვს მოთხოვნები და პირობები, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ხდება ლიცენზიის გაუქმება ან შეჩერება, ანუ “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონის 33-ე მუხლის თანახმად გენერაციის ლიცენზიანტი ავალდებულებს შპს “ე-ს" ელექტროენერგიის რეალიზაციის ხელშეკრულების პირობების ან მომსახურების დამტკიცებული ფასების შესაბამისად უზრუნველყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტისათვის წარმოების საშუალებების ხელმისაწვდომობა მიღების პუნქტში გადამცემი ქსელისა და მიერთებული საშუალებების უსაფრთხო საიმედო და ეკონომიკური დისპეტჩერიზაციის მიზნით. “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონის 43-ე მუხლის თანახმად არსებობს ტარიფების დადგენილი პრინციპები, რომლებიც თავიანთი ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას აძლევენ ლიცენზიანტებს. ამასთან, ტარიფი ითვალისწინებს კაპიტალდაბანდებების ამონაგების კეთილგონიერ და სამართლიან დონეს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ჰესისთვის დადგენილი ისედაც მცირე ტარიფი ძლივს ინარჩუნებს შპს “ე-ის" ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს. ტარიფების შემცირება ხელს უშლის შპს “ე-ის" მიერ სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებას, ვინაიდან 2001წ. 21 დეკემბერს ხელმოწერილ იქნა განახლებული სასესხო ხელშეკრულება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და შპს “ლ-ას” შორის, აგრეთვე, საგარანტიო ხელშეკრულება საქართველოსა და ევრობანკს შორის. სასესხო ხელშეკრულებით სასესხო კომპანიას ევალება, უზრუნველყოს შპს “ე-ის" მიერ სემეკისათვის ისეთი სატარიფო განაცხადის წარდგენა, რომელიც საფუძვლიანად დაადასტურებს ტარიფის დადგენის აუცილებლობას და რომელიც შპს “ე-ს” მისცემს საპროექტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ფინანსური ვალდებულებების შესრულებისა და 2002წ. 1 იანვრიდან 1 კვტ სთ-სთვის ელექტროენერგიის საშუალო საბითუმო ფასის არანაკლებ 0.0015 აშშ დოლარის მიღწევის საშუალებას და ამ დროიდან იგი გაიზრდება ან დარჩება აღნიშნულ დონეზე. საპროექტო კომპანია კი აღნიშნულ სატარიფო განაცხადებს ყოველი წლის 1 მარტისათვის განსახილველად წარუდგენს ბანკს.
აღნიშნული საკითხი შეთანხმებული იყო სემეკთან და ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ. ამდენად, ტარიფების შეცვლის დროს შპს “ე-ისთვის” არ მოხდა ევრობანკის მოთხოვნების გათვალისწინება, რაც რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად პროექტის განხორციელებას და გამოიწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას სახელმწიფო გარანტორის მიმართ.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სემეკისათვის ახალი დადგენილებით განსაზღვრული შპს “ე-ის” ტარიფი ვერ უზრუნველყოფს შპს “ე-ისა” და შპს “თ-ის" შენახვისა და ელექტროენერგიის გენერირებისათვის საჭირო ხარჯებს, აგრეთვე, სარეაბილიტაციო პროექტის თანადაფინანსებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხის მომსახურებას, რაც სადგურს მიიყვანს სრულ გაჩერებამდე და უმძიმეს ზარალს მიაყენებს საქართველოს საერთო ენერგოსისტემას.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა აზრს დაუკარგავს შემდგომში მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგანაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შპს “ე-ი" შემცირებული ტარიფით ვერ დაფარავს ხარჯებს, საექსლუატაციო დანახარჯებს, ვერ ჩაატარებს მიმდინარე და კაპიტალურ რემონტს, ვერ გასცემს ხელფასებს, ვერ გადაიხდის საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს, რაც გამოიწვევს ლიცენზიის შეჩერებას, ხოლო აღნიშნულიდან გამომდინარე, ელექტროსადგურის გაჩერებას. გარანტორი სახელმწიფო დადგება ფინანსური პასუხისმგებლობის წინაშე ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან და ყოველდღიურად მიღებული ზარალის გამოსწორება შემდგომში შეუძლებელი იქნება.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული გარემოებების გამო უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძლიერებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, რის გამოც შპს “ე-მა" მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე შეჩერებულიყო სემეკის 2003წ. 11 თებერვლის ¹1 დადგენილების მოქმედება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2003წ. 4 მარტს განიხილა შპს “ე-ის" კერძო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი. კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სემეკის 2003წ. 11 თებერვლის ¹1 დადგენილებას საფუძვლად უდევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002წ. 30 დეკემბრის ¹1/3/136 გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი “ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ" სემეკის 2002წ. 15 ოქტომბრის ¹12 დადგენილება იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდ ტარიფებს. აღნიშნული დადგენილება ძალადაკარგულად ჩაითვალა საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სემეკის 2003წ. 11 თებერვლის ¹1 დადგენილება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების მოთხოვნისას სრულყოფილად დასაბუთებული უნდა იყოს ამ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, უნდა არსებობდეს დასაბუთებული ეჭვი ნორმატიული აქტის კანონიერების თაობაზე და აშკარა უნდა იყოს მისი კანონთან შეუსაბამობა, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა არსებით ზიანს უნდა აყენებდეს განმცხადებელს, შეუძლებელს ხდიდეს მისი კანონიერი უფლებების ან ინტერესების დაცვას და შემდეგ _ გადაწყვეტილების აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოტივაციას, რომ შპს “ე-სა" და სემეკს შორის დავის სასამართლოში განხილვამდე, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სემეკის 2003წ. 11 თებერვლის ¹1 დადგენილების შეჩერება გამოიწვევს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილებისა და მოხმარების სფეროში სახელმწიფო რეგულირებადი ტარიფის სრულ გაუქმებას, რის გამოც კანონით დაცულ საჯარო უფლებებსა და ინტერესებს მიადგებათ ზიანი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “ე-ის" განცხადებაში მითითებული გარემოებები ვერ ასაბუთებენ სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების მიღების აუცილებლობას და უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა ვერ დააბრკოლებს შემდგომ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “ე-ის" კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ე-ის" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 26 თებერვლისა და 4 მარტის განჩინებები.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.