Facebook Twitter

საქმე № 330210116001464198

საქმე №ას-546-509-2017 24 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ქ.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, საიჯარო ქირის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი. ქ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებისა და საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა მხარეთა შორის 2016 წლის 1 აპრილის იჯარის ხელშეკრულება, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4780 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

4. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 7 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს განემარტა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მისი შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

5. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინების ასლი ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლის დეიდაშვილს 2017 წლის 20 მარტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო გზავნილი აპელანტს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და მას შესაძლებლობა ჰქონდა, დროულად გამოესწორებინა ხარვეზი. აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტს და მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შეუვსებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია. მითითებული გარემოება კი, სსსკ-ის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

7. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება ჩაბარდა 2017 წლის 20 მარტს და განსაზღვრული ჰქონდა 7 დღის ვადა. მხარემ აღნიშნა, რომ აპელანტმა ხარვეზის გამოსასწორებლად დოკუმენტაცია წარადგინა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, 2017 წლის 26 მარტს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

11. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 2017 წლის 7 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7 დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედნის წარდგენა. ამავდროულად, მხარეს განემარტა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მისი შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

13. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინების ასლი ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლის დეიდაშვილს 2017 წლის 20 მარტს (ს.ფ. 151). აღნიშნული ფაქტი მხარეს სადავოდ არ გაუხდია და დაადასტურა კიდეც კერძო საჩივარში.

14. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

15. შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 20 მარტიდან და ამოიწურა 2017 წლის 27 მარტს. აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც 2017 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

16. 2017 წლის 4 აპრილს სააპელაციო სასამართლოში დაფიქსირდა ადვოკატის განცხადება აპელანტის სახელით, რომლითაც მხარემ მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 3 დღით იმ მოტივით, რომ აპელანტ საზოგადოებას შეექმნა ფინანსური პრობლემები. განცხადებაზე დართული „მ.-ის“ საფოსტო ბილის მიხედვით, აღნიშნული განცხადება ადვოკატმა საფოსტო კომპანიას ჩააბარა 2017 წლის 26 მარტს.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ ზემოაღნიშნული ბილის საფუძველზე აპელანტმა ხარვეზის გამოსწორების მიზნით სააპელაციო პალატას მიმართა საპროცესო ვადის დაცვით.

18. უპირველესად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 4 აპრილს განმცხადებელია ადვოკატი, რომელსაც, მართალია, გააჩნდა მინდობილობა, დაეცვა მოსარჩელის უფლებები სასამართლოში, თუმცა აღნიშნულ პირი წარმოადგენს სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატს, რაც დასტურდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედ ადვოკატთა სიაში არსებული მითითებით. ამდენად, აღნიშნული ადვოკატი არ იყო უფლებამოსილი, დაეცვა მხარის ინტერესები სამოქალაქო დავაში. არაუფლებამოსილი პირის მიმართვა კი, ხარვეზის გამოსწორებულად ჩათვლის ან თუნდაც საპროცესო ვადის გაგრძელების საფუძველი ვერ გახდება.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ ფაქტსაც, რომ 2017 წლის 4 აპრილის (ფოსტისათვის მიმართვის ვადაა 2017 წლის 26 მარტი) განცხადებით აპელანტის ხარვეზი არ შევსებულა, არამედ განმცხადებელი ითხოვდა საპროცესო ვადის გაგრძელებას კომპანიის ფინანსური პრობლემების გამო. მითითებული შუამდგომლობის საფუძვლიანობის დასადასტურებლად განცხადებას არც ერთი მტკიცებულება არ დართვია, რაც უდავოდ ზეგავლენას იქონიებდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების პერსპექტივაზე. საპროცესო ვადის გაგრძელების სსსკ-ით გათვალისწინებული მექანიზმები ეფუძნება მხარის ობიექტურ აუცილებლობას, დამატებითი ვადის მიცემით, ხელი შუწყოს დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესრულებას, თუმცა ამგვარი აუცილებლობის ობიექტურობის მტკიცება, სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის თანახმად, განმცხადებელს ეკისრება.

20. მოცემულ შემთხვევაში მხარეს აღნიშნული გარემოების სარწმუნოდ დადასტურების ვალდებულება არ შეუსრულებია.

21. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტს ხარვეზი არასაპატიო მიზეზით არ გამოუსწორებია და მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

22. განსახილველი კერძო საჩივრის საფუძვლიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს კერძო საჩივრის ავტორის მიერ საკასაციო სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარდგენა, ვინაიდან სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტს გონივრული ვადა მიეცა, ამ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი დოკუმენტები კი დარჩება განუხილველად (სსსკ-ის 63-ე მუხლი).

23. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ა.-ის მიერ №0 საგადახდო დავალებით 2017 წლის 12 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 468 ლარი.

24. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. შპს „ბ.-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ა.-ის მიერ №0 საგადახდო დავალებით 2017 წლის 12 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 468 ლარი.

4. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე