საქმე № 330210014689427
საქმე №ას-551-513-2017 3 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ა. გ.-ი (მოპასუხე)
მოსარჩელე – შპს „მ.-ი“
მოპასუხე – შპს „ქ.-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების განხორციელების ფაქტის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „მ.-იმ“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ქ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 2014 წლის 10 ნოემბრის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა დირექტორთა საბჭოს შემადგენლობის ცვლილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე, 2014 წლის 10 ნოემბრის კრებაზე მოსარჩელის გამოთქმული თანხმობის საფუძველზე, დირექტორთა საბჭოს წევრობიდან გათავისუფლებულად იქნეს ცნობილი ა. გ.-ი და ა.-ი და სანაცვლოდ კომპანიის ახალ დირექტორებად დანიშნულად იქნეს ცნობილი ნ.-ი და კ.-ი, ხოლო კომპანიის ფინანსური დირექტორის უფლებამოსილება მინიჭებულად იქნეს ცნობილი რ.-ისათვის.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე საზოგადოების 45% წილის მფლობელი პარტნიორია, ხოლო მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე – შპს „კ.-ა“, ა. გ.-ი და შპს „თ.“ (შემდგომში – მესამე პირები) არიან 5,43%, 5% და 44,57% წილის მფლობელი პარტნიორები. კომპანიის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს კოლეგიური ორგანო – დირექტორთა საბჭო, რომელიც შედგება 6 წევრისაგან. წესდების მიხედვით, სამი წევრი ინიშნება შპს „თ.-ისა“ და „კ.-ას“ მიერ, ხოლო სამი წევრი – მოსარჩელის მიერ.
3. პარტნიორთა რიგგარეშე კრებამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭოს ორი ახალი წევრის დანიშვნის თაობაზე, რაც ეწინააღმდეგება კომპანიის მოქმედ წესდებას და არღვევს პარტნიორთა წესდებით უზრუნველყოფილ უფლებას.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
განმცხადებლის მოთხოვნა:
6. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, აეკრძალოს მოპასუხესა და მის პარტნიორებს მოპასუხე საზოგადოების წესდებაში ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილების მიღებისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ისეთი ცვლილების განხორციელების უფლებამოსილება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს: 1. საზოგადოების მმართველობითი ორგანოების სტრუქტურასა და დაკომპლექტების წესზე; 2. დირექტორთა საბჭოს წევრების რაოდენობაზე; 3. დირექტორთა საბჭოსა და პარტნიორთა კრების უფლებამოსილებებზე; 4. საზოგადოების მმართველი ორგანოების მიერ წესდებით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების წესსა და გადაწყვეტილების მისაღებად წესდებით დადგენილ საჭირო ხმათა უმრავლესობის პროცენტულობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაზეც მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის განჩინება და მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, მოპასუხესა და მის პარტნიორებს აეკრძალათ მოპასუხე საზოგადოების წესდებაში ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილების მიღება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ისეთი ცვლილების განხორციელება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს: 1. მოპასუხე საზოგადოების მმართველობითი ორგანოების სტრუქტურასა და დაკომპლექტების წესზე; 2. დირექტორთა საბჭოს წევრების რაოდენობაზე; 3. დირექტორთა საბჭოსა და პარტნიორთა კრების უფლებამოსილებებზე; 4. საზოგადოების მმართველი ორგანოების მიერ წესდებით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების წესსა და გადაწყვეტილების მისაღებად წესდებით დადგენილ საჭირო ხმათა უმრავლესობის პროცენტულობაზე.
საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილისა და 24 ოქტომბრის განჩინებები დარჩა უცვლელად.
საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
12. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ა. გ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 25 მაისს 2016 წლის 8 აპრილის განჩინება საჩივრის ავტორს გაეგზავნა შემდეგ მისამართზე – ი. ქ. №.., რ.-ი. აღნიშნულ მისამართზე გზავნილი ადრესატს 2016 წლის 31 მაისს ჩაბარდა.
15. 2017 წლის 5 აპრილს საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა საჩივრით და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმება. მან აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნული განჩინების შესახებ, ვინაიდან მითითებული საპროცესო დოკუმენტი არც მას და არც მის მარწმუნებელს არ ჩაუბარებია.
16. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, 1971, 372-ე მუხლებით, 373-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, მე-60 მუხლის პირველი ნაწილით, მე-60 მუხლის მეორე ნაწილით, 61-ე, 59-ე, 63-ე მუხლებით და საქმის მასალებით დაადგინა, რომ საჩივრის ავტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 29 ივნისს მის მიერ შეტანილ შესაგებელში მიუთითა მისამართი – ი. ქ. №.., რ.-ი. იგივე მისამართია მითითებული მის მიერ წარდგენილ სარჩელში. სწორედ აღნიშნულ მისამართზე გაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის განჩინება და 2016 წლის 31 მაისს ჩაბარდა. შესაბამისად, მითითებულ განჩინებაზე საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი 5-დღიანი ვადა მისთვის 2016 წლის 6 ივნისს ამოიწურა (მე-5 დღე არასამუშაო დღე იყო).
17. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ 2017 წლის 31 მარტს საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა გადაიღო საქმის ასლი სრული მოცულობით – სამ ტომად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მის მიერ წარმოდგენილ საჩივარს არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რაც საქმეში მე-2 ტომის ს.ფ. 182-ზე წარმოდგენილ საფოსტო უკუგზავნილზე მითითებულ ინფორმაციას გააქარწყლებდა.
18. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ 2016 წლის 8 აპრილის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს „ქ.-მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. საკასაციო პალატამ 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
19. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ და იგი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
21. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინებაზე შეტანილი საჩივრის დასაშვებობის საკითხი.
22. წარმოდგენილი საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ წინამდებარე საჩივარი შეტანილ იქნა კანონის მოთხოვნის დარღვევით, შესაბამისად, იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
23. სსსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისთვის გადაცემის მომენტიდან.
24. კანონის მითითებული დანაწესი განამტკიცების მხარის უფლებას, საჩივრის შეტანის გზით სადავოდ გახადოს სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოყენებული სარჩელის ან გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერება, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა განუსაზღვრელი არ არის და შემოფარგლულია საჩივრის წარდგენისათვის კანონმდებლის მიერ დადგენილი კონკრეტული ვადით. აღნიშნული ვადა აითვლება მხარის მიერ მის მიმართ მიღებული ზემოთ დასახელებული შინაარსის განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან და გრძელდება 5 დღის განმავლობაში. მითითებული ვადის დარღვევისას მხარე კარგავს საჩივრის წარდგენის უფლებას.
25. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის განჩინება და მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა.
26. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი საჩივრის ავტორს გაეგზავნა მის მიერ საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე და შპს „სკს-ს“ 2016 წლის 3 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად, ადრესატს ჩაბარდა 2016 წლის 31 მაისს (ტ. 2, ს.ფ 182). აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგოდ მხარეს სარწმუნო მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც რაიმე ობიექტურ გარემოებაზე არ მიუთითებია.
27. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
28. ამდენად, სააპელაციო პალატის განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 1 ივნისს და ამოიწურა 6 მაისს (5 მაისი იყო არასამუშაო დღე), ხოლო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2017 წლის 5 აპრილს (ტ. 3, ს.ფ 102).
29. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას წარმოდგენილი საჩივრის შეტანის ვადის ათვლის წესი არ დაურღვევია, საჩივარი მხარის მიერ წარდგენილ იქნა 5-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. გ.-ის საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე