საქმე №ას-1085-1042-2016 10 მაისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს „ი-ის“ უფლებამონაცვლე სს „კ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. შ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 15 340 ლარის დაკისრება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ი-მა“ (უფლებამონაცვლე _ სს ფ-ი“, შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან შემნახველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. შ-ას (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან ტვირთმიმღები) მიმართ საწყობში ავტომობილის შენახვის ხარჯის _ 15 340 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე ახორციელებს ქ.ფოთში საავტომობილო-საკონტეინერო ტვირთების ტერმინალში შენახვის მომსახურებას. ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შეყვანილი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების განბაჟების მიზნით გამოიყენება მოსარჩელის საწყობი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, ხოლო შენახვა-მიბარების მომსახურების ტარიფები განსაზღვრულია შემნახველის 2012 წლის 1 ივნისის ბრძანებით. მოსარჩელის ინფორმაციით, შპს „ბ-ის“ (შემდგომში _ გადამზიდველი) გაცემული კონოსამენტით მოპასუხის სახელზე ჩამოყვანილ იქნა ავტომობილი (BMW Silver WIN: W...), რომელიც დღეისათვის მის საკუთრებადაა რეგისტრირებული. აღნიშნული ნივთი 2013 წლის 19 სექტემბერს ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შეყვანილ იქნა გადამზიდველის მიერ და შესანახად განთავსდა საწყობში. ნივთი საწყობში ინახებოდა 2015 წლის 30 ოქტომბრამდე და საწყობიდან გაყვანილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით. მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების საფასური გადახდილი არ არის, რომელმაც შეადგინა 15 340 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის წინააღმდეგ წარადგინა პროცესუალური ხასიათის შედავება, კერძოდ, მიუთითა, რომ არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, მისივე განმარტებით, მან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე ვერ შეძლო კუთვნილი ავტომობილის მიღება, რადგანაც გადამზიდავმა კომპანიამ დაარღვია გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ მიაწოდა ტვირთმიმღებს კონოსამენტი. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ საწყობში ნივთი გადამზიდველის მიერ განთავსდა და სწორედ ამ უკანასკნელის მიერ გაცემული კონოსამენტი ადასტურებდა ტვირთის მოპასუხისადმი კუთვნილებას. კონოსამენტის მიუწოდებლობის გამო კი, მოპასუხეს მოუხდა სასამართლო დავის წარმოება და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა ფაქტი, რომ გადამზიდავი მოპასუხის კუთვნილი ნივთის უკანონო მფლობელი იყო, შესაბამისად, მოსარჩელის ტერიტორიაზე ნივთის დიდი ხნის განმავლობაში გაჩერება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი არაა. 2013 წლის 18 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოპასუხეს აცნობა, რომ მიღებული იყო Z... კონტეინერი 2013 წლის 18 სექტემბერს და უნდა დალოდებოდა შემოსავლების სამსახურის შემდგომ შეტყობინებას, კონტეინერი გაიხსნებოდა 19 სექტემბერს. ვინაიდან გადამზიდავთან მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო ტვირთმიმღებმა კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურს სთხოვა კონოსამენტის ასლის ან მასში არსებული ინფორმაციის წერილობითი დადასტურების მიზნით დოკუმენტის გადაცემა, თუმცა, ტვირთმიმღებს ეცნობა, რომ კონტეინერი გადამზიდავი კომპანიის სახელზე იყო და მისი თანხმობის გარეშე მოთხოვნას ვერ დაუკმაყოფილებდნენ, ამდენად, მოპასუხე არ წარმოადგენს პირს, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 15 340 ლარის დაკისრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მიბარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასყიდლის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს თუ არა მოპასუხე. ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის მიბარების ხელშეკრულება არ დადებულა, არამედ, იგი გააფორმა გადამზიდველმა, რომელიც ტვირთის საზღვაო გადაზიდვის კონოსამენტში თავად იყო ტვირთმიმღებად რეგისტრირებული, შესაბამისად, მოპასუხე არ წარმოადგენდა შემნახველთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირს და მის მიმართ სარჩელი იყო უსაფუძვლო.
1.2. კასატორი, როგორც შემნახველი, არ ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოების დასკვნებს და თვლის, რომ მოპასუხე, რომელიც მიბარებული ტვირთის მესაკუთრეა, სწორედ ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს.
1.3. ვიდრე საკასაციო საჩივრის საფუძვლების კვლევას შევუდგებოდეთ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს, რომლებიც პირობითად, შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: პირველ მათგანს წარმოადგენს ამავე კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული იმგვარი კანონდარღვევები (მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმათა არსებითი დარღვევა), რომლებზეც მოდავე მხარემ უნდა მიუთითოს და ზემდგომი სასამართლოც პრეტენზიის დასაბუთებულობას კასატორის შედავებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესაბამისი დასკვნების ურთიერთშეჯერების გზით ადგენს, ხოლო, გადაწყვეტილების გაუქმების მეორე ჯგუფს განეკუთვნება იმგვარი შემთხვევები, რომელთა არსებობასაც, მიუხედავად მხარის მითითებისა, საკუთარი ინიციატივით ამოწმებს სასამართლო. ისინი პროცესში გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლებითაა მოხსენიებული და რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით, თავის მხრივ, ზემდგომი სასამართლო მომჩივანის პრეტენზიათა დასაბუთებულობის შემოწმებამდე, ყოველთვის არკვევს, სახეზე ხომ არ არის გადაწყვეტილების გაუქმების რომელიმე აბსოლუტური საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
1.4. სარჩელის თანახმად, შემნახველი საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს საავტომობილო-საკონტეინერო ტვირთების ტერმინალში შენახვის მომსახურებას, მისი საწყობი ქ.ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შეყვანილი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების განბაჟების მიზნით გამოიყენება, რომელიც ყველა პირისათვის ხელმისაწვდომია, ხოლო შენახვის ტარიფები განსაზღვრულია შესაბამისი ბრძანებით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გადამზიდველის მიერ მოპასუხის სახელზე გაცემული კონოსამენტის საფუძველზე მის საწყობში განთავსდა ნივთი (ავტომობილი), შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა, რომლის თანახმადაც, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. როგორც აღინიშნა, განხილვის საგანს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, კერძოდ კი, მიბარების საზღაურის ანაზღაურება წარმოადგენს, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 764-ე (1) და 775-ე მუხლები წარმოადგენენ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიბარების ხელშეკრულება ორმხრივ ხელშეკრულებათა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც რეალური გარიგებაა და დადებულად ითვლება მას შემდეგ, რაც მიმბარებელი შესანახად გადასცემს შემხახველს ნივთს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიულ დოქტრინაში მიბარება კონსესუალურ ხელშეკრულებადაც განიხილება. შემნახველი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე _ იურიდიული პირი, ხოლო შენახვა შეიძლება, როგორც სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, ისე _ ერთჯერადად ხორციელდებოდეს. რაც შეეხება მიმბარებელს, იგი შეიძლება იყოს, როგორც ხელშეკრულების საგნის მესაუთრე, ისე _ მფლობელი, რომელიც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ქონებაზე ფაქტობრივ ბატონობას. სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს მიბარების, როგორც სასყიდლიან, ისე _ უსასყიდლო სახეს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სარჩელში მოხმობილი ხელშეკრულება წარმოადგენს სასყიდლიან გარიგებას, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 764-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება.
1.5. სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, მოპასუხემ საპროცესო ხასიათის შედავება წარადგინა და განმარტა, რომ იგი არ იყო შემნახველის მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირი. ამ თვალსაზრისით მან მიუთითა გადამზიდველის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტზე (კონოსამენტის გადაუცემლობა) და აღნიშნა, რომ მას ბრალი არ მიუძღვოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნივთის შემნახველის საწყობში განთავსებაში.
1.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან სარჩელის წარმატებულობის საკითხის კვლევისას, უპირველესად პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: ვინ?; ვისგან?; რას?; რის საფუძველზე მოითხოვს? პირველი ორი კითხვა იძლევა პასუხს სათანადო მხარეზე, რომლის შემოწმებაც (ისევე, როგორც შემდგომი საკითხები: მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძველი) სასამართლოს პრეროგატივაა და ორიენტირებულია მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებაზე. აღნიშნული საკითხები ჯერ კიდევ საქმის მომზადების ეტაპზე უნდა დაისვას/გადაწყდეს, რათა სამართალწარმოების შემდგომი ეტაპი (სასამართლოს მთავარი სხდომა) სათანადო მხარეთა შორის შედავებული იმ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების სწორად დადგენას მიეძღვნას, რომლებიც მტკიცების საგანში შედიან და მიღწეულ იქნას მართლმსაჯულების მიზანი _ კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებით აღიკვეთოს მხარეთა სადავოდ ქცეული უფლების დარღვევა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს სათანადო მოპასუხის ინსტიტუტს და ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე (იხ. სსსკ-ის 85-ე მუხლი).
1.7. იმ საკითხის შესამოწმებლად, წარმოადგენს თუ არა მოპასუხე მიბარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის გადახდაზე ვალდებულ პირს, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.7.1. 2013 წლის 13 ივლისს შპს „A-სა“ (შემდგომში _ შუამავალი) და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება „საშუამავლო მომსახურების შესახებ“, რომლის საფუძველზეც შუამავალი უნდა დახმარებოდა კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის (BMW X5, 2001 silver WIN:W...) შეძენაში;
1.7.2. ვალდებულების შესასრულებლად შუამავალმა ხელშეკრულება დადო შპს „ბ-თან“ (შემდგომში _ გადამზიდველი), რომელსაც უშუალოდ უნდა უზრუნველეყო ზემოხსნებული ავტომობილის შესყიდვა და ტრანსპორტირება;
1.7.3. გადამზიდველმა შეიძინა შეთანხმებული ავტომობილი და ჩამოიყვანა საქართველოში. ტვირთის მიმღებად თავად იყო მითითებული;
1.7.4. 2013 წლის 18 სექტემბერს კონტეინერში მოთავსებული ავტომობილი შემოვიდა ქ.ფოთის საავტომობილო-საკონტეინერო ტვირთების ტერმინალში, ხოლო 19 სექტემბერს კონტეინერი დაიცალა და ავტომობილი განთავსდა მოსარჩელის საწყობში;
1.7.5. 2013 წლის 8 ოქტომბერს მოპასუხემ ავტომობილის მისაღებად, წერილობით მოითხოვა კონტეინერის კონოსამენტის ასლი, თუმცა იმ მოტივით, რომ ავტომობილი რეგისტრირებული იყო გადამზიდველის სახელზე, მას ამ მოთხოვნაზე უარი ეთქვა. ამის შემდეგ მოპასუხემ აღძრა სარჩელი გადამზიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა ავტომობილის გამოთხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან;
1.7.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 3 ივნისს. საბოლოოდ, მოპასუხეს ავტომობილი გადაეცა 2015 წლის 30 ოქტომბერს;
1.7.7. 2013 წლის 19 სექტემრიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე ავტომობილი იდგა კასატორის საწყობში.
1.8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარის პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით, სამართლებრივ კვალიფიკაციას ექვემდებარება მიბარებამდე არსებული სამართალურთიერთობები, კერძოდ, შუამავლის მეშვეობით ნივთის შეძენა (საკუთრების უფლების წარმოშობა) და მისი გადაზიდვა, ასევე, მოპასუხისათვის მოთხოვნის უფლების გადაცემის ფაქტი:
1.8.1. სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შუამავლის დახმარებით საზღვარგარეთ ავტომობილის შეძენა განხორციელდა მოპასუხის სახელითა და ხარჯზე, რამდენადაც საშუამავლო საქმიანობის ობიექტი სავაჭრო და სხვა სამოქალაქო ურთიერთობებში მხარეთა მოძიება და მათი დაახლოებაა, ანუ შუამავლობის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ადგილი, სამართლებრივი თვალსაზრისით, არა შემკვეთისათვის სასურველ ხელშეკრულებაში (განსხვავებით მაგ: დავალებისაგან, როდესაც მინდობილი პირი თავად დებს გარიგებას მარწმუნებლის სახელით, შეად. სკ-ის 709-ე მუხლი), არამედ ამ ხელშეკრულების მიღმაა, რადგანაც შუამავლის ვალდებულება კონტრაჰენტის მოძიება, შემკვეთთან მისი დაკავშირება და ამ გზით მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მიღწევაა, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ავტოაუქციონზე ხელშეკრულება მოპასუხემ საკუთარი სახელით გააფორმა შპს „ბ-თან“;
1.8.2. ამავდროულად უდავოა, რომ შპს „ბ-ი“ წარმოადგენდა გადამზიდველსაც, რომელსაც სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის შესაბამისად, ტვირთი უნდა გადაეზიდა დანიშნულების ადგილამდე _ ფოთის საზღვაო ნავსადგურამდე. გადაზიდვის ხელშეკრულების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც ხელშეკრულების დადება (იხ. სკ-ის 672-ე მუხლი), ისე _ მისი შესრულება სპეციალური დოკუმენტის _ ზედნადების ან სხვა დოკუმენტის (მაგალითად: კონოსამენტი) შედგენითა და უფლებამოსილი პირისათვის მისი გადაცემით დასტურდება. სამოქალაქო კოდექსის 681-ე მუხლის თანახმად, ტვირთის გადაცემისათვის გათვალისწინებულ ადგილზე ტვირთის მიტანისთანავე მიმღები უფლებამოსილია გადამზიდველს მოსთხოვოს ტვირთის მიღების დადასტურებით ზედნადების მეორე პირის გადაცემა და ამით ტვირთი ჩაითვლება გადაცემულად. თუ აღმოჩნდება ტვირთის დანაკლისი, ან ტვირთი არ არის 688-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში მიტანილი, მიმღებს შეუძლია გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები საკუთარი სახელით გამოიყენოს გადამზიდველის წინააღმდეგ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული დოკუმენტები წარმოადგენენ ხელშემკვრელი მხარის უფლებაგანმკარგავ აქტებს, რამდენადაც სწორედ დოკუმენტის ხელთმქონე პირი განიხილება ტვირთის მართლზომიერ მფლობელად. ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 682-ე-684-ე მუხლების სისტემური ანალიზით პალატა ასკვნის, რომ გადაზიდვის ხელშეკრულების დასრულებისას, თუ ტვირთის მიღების დაყოვნება გამოწვეულია ტვირთმიმღების ბრალით, ან სხვა, კანონით გათვალისწინებული ობიექტური საფუძვლით, გადაზიდვის დასრულების მიზნით გადამზიდავს, ბუნებრივია, შეუძლია, ტვირთმიმღების სასარგებლოდ და მისივე ხარჯით გააფორმოს მათ შორის მიბარების ხელშეკრულება, თუმცა, ამისათვის სავალდებულოა, არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. საკითხის სრულყოფილად შეფასებისათვის პალატა მოიხმობს საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, მხარეთა უფლება-მოვალეობანი ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების (თავი VIII) მიხედვით განისაზღვრება გაფორმების ადგილის კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომ სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ რა მოპასუხის მიერ შეძენილი ტვირთის თაობაზე გაფორმებული კონოსამენტის შინაარსი, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს გამოსაყენებელ სამართალზე. ამავე კოდექსის 118-ე-120-ე მუხლებით კი, მოწესრიგებულია კონოსამენტთან ან საზღვაო ზედნადებთან დაკავშირებული ურთიერთობანი, რომლებიც, სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებული რეგულაციებისაგან არსებითად არ განსხვავდება და დადგენილია, რომ სამართლებრივი ურთიერთობები ტვირთის გადამზიდავსა და მიმღებს შორის განისაზღვრება კონოსამენტით ან საზღვაო ზედნადებით. ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები, რომლებიც ჩამოყალიბებულია კონოსამენტში ან საზღვაო ზედნადებში, აუცილებელია შეასრულოს ტვირთის მიმღებმა, თუ კონოსამენტში ან საზღვაო ზედნადებში მითითებულია საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელშიც ეს პირობებია ჩამოყალიბებული. თავად კონოსამენტი არის ტვირთის განმკარგავი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებას და გადამზიდავის მიერ ტვირთის მიღებას ან დატვირთვას. კონოსამენტის წარდგენისას გადამზიდავი ვალდებულია გასცეს ტვირთი. ტვირთის გემზე მიღების შემდეგ გადამზიდავი ვალდებულია ტვირთის გამგზავნის მოთხოვნით გადასცეს მას კონოსამენტი (ან საზღვაო ზედნადები), რომელიც ადასტურებს, რომ გადამზიდავმა მიიღო კონოსამენტში მითითებული ტვირთი. 148-ე მუხლის თანახმად კი, დანიშნულების ნავსადგურში ტვირთის გადაცემის წინაპირობა კონოსამენტის დედნის წარდგენაა.
1.8.3. საქართველოს საზღვაო კოდექსის 114-ე მუხლი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვის რეგულაციისათვის მიუთითებს ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1978 წლის კონვენციაზე საზღვაო ტვირთზიდვის შესახებ. მოხმობილი კონვენციით კი, სხვა საკითხებთან ერთად, რეგულირდება გადამზიდავის პასუხისმგებლობა და პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეიძლება ხელშეკრულების ობიექტის მდგომარეობაზე მოეთხოვოს მას პასუხისმგებლობა, კერძოდ, კონვენციის მე-4 მუხლის (1) (2) თანახმად, ტვირთისთვის გადამზიდველის პასუხისმგებლობა კონვენციის საფუძველზე მოიცავს პერიოდს, რომლის განმავლობაში ტვირთი გადამზიდველის გამგეობაშია დატვირთვის ნავსადგურში, გადაზიდვის დროს და გადმოტვირთვის ნავსადგურში. მოცემული მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, ტვირთი გადამზიდველის გამგეობაში მიიჩნევა:
ა) იმ მომენტიდან, როცა მან მიიღო ტვირთი:
i) ტვირთის გამგზავნისგან ან ტვირთის გამგზავნის სახელით მოქმედი პირისგან; ან
ii) რომელიმე ორგანოსგან ან სხვა მესამე მხარისგან, რომელსაც დატვირთვის ნავსადგურში მოქმედი კანონის ან რეგულაციების თანახმად ტვირთი უნდა გადაეცეს გასაგზავნად;
ბ) იმ მომენტამდე, სანამ მან გადასცა ტვირთი:
i) ტვირთის მიმღებისთვის ტვირთის ჩაბარების გზით; ან
ii) იმ შემთხვევაში, როცა ტვირთის მიმღები ტვირთს არ იღებს გადამზიდველისაგან, - ტვირთის მიმღების გამგეობაში მისი გადაცემის გზით ხელშეკრულების ან კანონის, ან ვაჭრობის ამ დარგში არსებული ჩვეულების შესაბამისად, რომლებიც გადმოტვირთვის ნავსადგურში გამოიყენება; ან
iii) ტვირთის რომელიმე ორგანოსთვის ან სხვა მესამე მხარისთვის გადაცემით, რომელსაც გადმოტვირთვის ნავსადგურში გამოყენებადი კანონისა თუ რეგულაციების შესაბამისად უნდა გადაეცეს ტვირთი.
1.8.4. ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.7.5.-1.7.6. პუნქტებში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამზიდავს ტვირთმიმღებისათვის არ გადაუცია ტვირთის განმკარგავი დოკუმენტი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ უნდა დაადგინოს მიბარების ხელშეკრულებაზე პასუხისმგებელი სათანადო მოპასუხის ვინაობა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, იმსჯელოს პროცესში მის ჩაბმაზე, არასათანადო მოპასუხის მიმართ დადგენილ ფაქტებთან დაკავშირებით კი, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის დებულებით და მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
1.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სწორედ საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს ქვემდგომ სასამრთლოში, რომელმაც საპროცესო სამართლის წესების დაცვით უნდა განსაზღვროს სათანადო მოპასუხის საკითხი, მის მიმართ დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები და ამის შემდგომ გადაწყვიტოს უფლების საკითხი.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა იქნას გადაწყვეტილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი-ის“ უფლებამონაცვლე სს „ფ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური