Facebook Twitter

საქმე №ას-157-147-2017 24 მარტი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. ღ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჩ-ა, დ. თ-ა (მოსარჩელე)

მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ. ჩ-ამ და დ. თ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ე. ღ-ას (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ შვილიშვილთან _ ბ. ჩ-ასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანხმობა განაცხადა მოსარჩელეებმა ბავშვი წაიყვანონ თავიანთ სახლში არასრულწლოვნის მიერ ოთხი წლის ასაკის მიღწევის შემდეგომ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს განესაზღვრათ შვილიშვილთან ურთიერთობის წესი შემდეგნაირად: თავდაპირველად, სამი თვის განმავლობაში წაიყვანონ შვილიშვილი თავისთან ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, დედის თანდასწრებით; მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში _ ყოველი კვირის შაბათსა და კვირას 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, დედის დასწრების გარეშე, ხოლო, შემდგომ პერიოდში _ პარასკევს 7:00 საათიდან კვირას 14:00 საათამდე ღამის თევის უფლებით. არასრულწოვნის დედისაგან წაყვანა-დაბრუნება დაეკისრათ მოსარჩელეებს.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი ღამის თევის უფლებით წაყვანისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან სამ დღეში მოპასუხემ ადვოკატს შეუწყვიტა მინდობილობა, რადგანაც აპირებდა გადაწყვეტილების გასაჩივრებას სხვა წარმომადგენლის მეშვეობით. მიუხედავად ამისა, წარმომადგენელმა ჩაიბარა რაიონული სასამართლოს გზავნილი და აღნიშნულის შესახებ მხარისათვის არ უცნობებია. წარმომადგენელმა ამ ქმედებით დაარღვია მხარის უფლება, რაც დასტურდება წარმომადგენლის წერილობითი განცხადებით. ის გარემოება, რომ აპელანტმა არ იცოდა მისი ყოფილი რწმუნებულის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტის თაობაზე, დასტურდება თავად აპელანტის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით მიმართვით. გარდა ამისა, გაურკვეველია რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამშემწემ რატომ განუმარტა მოპასუხეს, რომ სწორედ მისი მიმართვის დღისათვის იქნებოდა მზად დასაბუთებული გადაწყვეტილება, როდესაც იგი მომზადებული და გაგზავნილი იყო მოპასუხის ყოფილი წარმომადგენლისათვის. მოსამართლის თანაშემწისა და მოპასუხის ყოფილი წარმომადგენლის ქმედებით დაირღვა აპელანტის უფლებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ღ-ას კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 და 369-ე მუხლების გამოყენება-განმარტებისა და ამ კუთხით ფაქტობრივი გარემოებების შეფასების სისწორე.

1.3. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.3.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა თავად მოპასუხე და მისი წარმომადგენელი, რომლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტიც საქმეშია;

1.3.2. ამ სხდომაზე სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, შესაბამისად, ამომწურავად განმარტა მისი ჩაბარებისა და გასაჩივრების ვადა და წესი;

1.3.3. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2016 წლის 2 ნოემბერი, ხოლო 30-ე დღე _ 12 ნოემბერი (შაბათი);

1.3.4. საქმეში წარმოდგენილია განცხადება, რომლითაც მოპასუხემ მოითხოვა გადაწყვეტილების ჩაბარება, თუმცა, ეს განცხადება დათარიღებულია 2016 წლის 28 ოქტომბრით (კანონით განსაზღვრული 20-დღიანი ვადის დაუცველად). გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი გზავნილი, რომლითაც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით გააგზავნა გადაწყვეტილება მხარეებთან. გზავნილი დათარიღებულია 2016 წლის 5 ნოემბრით და მოპასუხის სახელით, 2016 წლის 8 ნოემბერს გადაწყვეტილება ჩაიბარა ადვოკატმა გ. ძ-ამ, ხოლო 2016 წლის 14 ნოემბრის ხელწერილით სასამართლო გადაწყვეტილება ჩაიბარა უშუალოდ აპელანტმა;

1.3.5. სააპელაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ იგი მომზადებულია და სასამართლოში წარდგენილია 2016 წლის 24 ნოემბერს, რომელსაც ხელს აწერს აპელანტის ახალი წარმომადგენელი _ ხ.ხ-ი და ერთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა;

1.3.6. რაიმე მტკიცებულება, რაც გ. ძ-ას სახელზე გაცემული მინდობილობის გაუქმების ფაქტს დაადასტურებდა, საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი, თუმცა, მოპასუხემ კერძო საჩივარს დაურთო გ.ძ-ას მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომლის შესწავლითაც ირკვევა, რომ ე.ღ-ამ მასთან შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რის გამოც, მას ყოფილი მარწმუნებლისათვის არ უცნობებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე.

1.4. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ, საქმეში წარმოდგენილ, გ.ძ-ას მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელ ხელწერილზე დაყრდნობით დაადგინა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტის უფლებამოსილ წარომადგენელს ჩაბარდა 2016 წლის 8 ნოემბერს, შესაბამისად, აპელანტს დარღვეული ჰქონდა კანონით იმპერატიულად განსაზღვრული 14-დღიანი ვადა.

1.5. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები და ყურადღებას გაამახვილებს მის პოზიციაზე, რომლის თანახმადაც გადაწყვეტილების მიმღებ პირს უფლებამოსილება ჰქონდა შეწყვეტილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლი მხარეს უფლებას ანიჭებს, საქმე წარმომადგენლის მეშვეობით აწარმოოს სასამართლოში, ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელი წარმომადგენელს აღჭურავს წარმოდგენილი პირის უფლება-მოვალეობებით (სსსკ-ის 98-ე მუხლში მოცემული გამონაკლისების მხედველობაში მიღებით), მათ შორის, სასამართლო შეტყობინების ჩაბარების უფლებით (იხ. სსსკ-ის 70-ე მუხლი). გასათვალისწინებელია, რომ მხარესა და მის წარმომადგენელს შორის ურთიერთობის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 709-ე-723-ე მუხლებია, რომლის ფარგლებშიც, დასაშვებია დავალების ხელშეკრულების როგორც ზეპირი ფორმით დადება, ისე _ მისი შეწყვეტა, თუმცა, საპროცესო სამართლის მიზნებისათვის დადგენილია გამონაკლისები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის _ მინდობილობის წერილობით გაფორმებას და ასევე განსაზღვრავს მისი შეწყვეტის წესს, კერძოდ, ამავე კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას.

1.5.1. საკასაციო პალატა ფაქტების ერთობლიობაში შეფასებით (აპელანტის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით სასამართლოსათვის მიმართვა, გ.ძ-ას წერილობითი განმარტება) იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას გ.ძ-ასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე და მიუხედავად საპროცესო წესის დაუცველობისა, თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, იგი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ წესისაგან გამონაკლისი დაშვებულია და კანონი სასამართლოს უდგენს ვალდებულებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩააბაროს გადაწყვეტილება იმ მხარეს, რომელიც ამავე კოდექსის 46-ე მუხლის სუბიექტები არიან ან იმყოფებიან პატიმრობაში და არ ჰყავთ წარმომადგენელი (იხ. სსსკ-ის 2591.2 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხე არც ერთ ზემოხსენებულ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა, შესაბამისად, საერთოდ გაურკვეველი რჩება რაიონული სასამართლოს მოქმედება საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტილების გაგზავნის თაობაზე რა საპროცესო წესს ემყარებოდა. ამ დარღვევის შედეგად კი, საკასაციო პალატას სავარაუდოდ მიაჩნია, რომ აპელანტი თუკი თავად ჩაიბარებდა გადაწყვეტილებას, მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლით გარანტირებული უფლებით სარგებლობის ფაქტის შესახებ შესაძლებელობა ექნებოდა, ეცნობებინა სასამართლოსათვის.

1.6. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესისა და ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.3.3.-1.3.5. პუნქტებში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, აპელანტს მის მიერ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნა (რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე იყო შაბათი, 12 ნოემბერი, გადაწყვეტილება აპელანტმა პირადად ჩაიბარა ორშაბათს, 14 ნოემბერს, თუმცა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცახდებიდან 31-ე დღეს 14-დღიანი საპროცესო ვადის ათვლის შემთხვევაშიც კი, ვადის უკანასკნელი დღე იყო 26 ნოემბერი, შაბათი, რის გამოც, სსსკ-ის 61.2 მუხლის შესაბამისად, ეს ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, ორშაბათს, 28 ნოემბერს, სააპელაციო საჩივარი კი, სასამართლოში წარდგენილია 24 ნოემბერს. საპროცესო ვადის გამოთვლის წესთან დაკავშირებით დამატებით იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის #ას-1161-1106-2014 განჩინება).

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან (სსსკ-ის 368-ე მუხლი) საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ღ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური