საქმე №ას-1192-1152-2016 17 მარტი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ბ. ქ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ბ. ქ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი ან გამყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან მყიდველი) მიმართ 180 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 12 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, გამყიდველს მყიდველისათვის უნდა გადაეცა რკინის მასალები, ხოლო მყიდველს უნდა გადაეხადა საფასური _ 180 000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მყიდველს საპასუხო ვალდებულება არ აქვს შესრულებული.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, მოსარჩელეს არ გადაუცია მისთვის ნასყიდობის საგანი, ბუნებაში არ არსებობს მათ შორის ხელშეკრულებაში მითითებული მიღება-ჩაბარების აქტი, შესაბამისად, მას ანგარიშსწორების ვალდებულება არ წარმოშობია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შემძენს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 180 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აპელანტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გამყიდველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2013 წლის 12 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. მყიდველის სახელით ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საზოგადოების დირექტორმა ნ. ბ-ემ.
1.2.2. ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 180 000 აშშ დოლარის ღირებულების მეორადი გამოყენების რკინის კონსტრუქციები და სხვა ლითონების დეტალები. 3.2 პუნქტის შესაბამისად, მყიდველს ღირებულება უნდა გადაეხადა ამ მასალების მიღებიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში. 3.3. პუნქტით კი, განისაზღვრა, რომ ნასყიდობის საგნის გადაცემის თაობაზე მხარეებს შორის უნდა გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან მოხდებოდა ამ ხელშეკრულების 3.2 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ექვსთვიანი პერიოდის ათვლა;
1.2.3. ნასყიდობის საგანი მყიდველს არ გადაცემია. ამ ფაქტის დამადასტურებელი, არც ხელშეკრულებით განსაზღვრული და არც სხვა სარწმუნო მტკიცებულება გამყიდველს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მოსარჩელის მიერ ნასყიდობის საგნის გადაცემის ფაქტის დადგენის მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულნი იქნენ მოწმეები, თუმცა, მათი ჩვენებების ურთიერთშეჯერებით არ დგინდებოდა მოპასუხის მიერ ნასყიდობის საგნის მიღების ფაქტი. მოწმეები მიუთითებდნენ ვინმე ს. ვ-ზე, რომელმაც, მათი განმარტებით, აწარმოა მოლაპარაკება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას და მასალების წაღების პროცესსაც ის ესწრებოდა და ხელმძღვანელობდა, ხოლო, სარჩელის თანახმად, მყიდველი იყო შპს „მ-ი“. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოწმეების მიერ მითითებული ს. ვ-ი მოპასუხის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, პარტნიორს, თანამშრომელს ან გარიგებით წარმომადგენელს წარმოადგენდა, საქმეში არ მოიპოვებოდა და ასეთის არსებობაზე ვერც მოსარჩელე მიუთითებდა. თავად ს. ვ-ის მოწმედ დაკითხვის თაობაზე გამყიდველს არ უშუამდგომლია.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნაცვლად ამავე ნორმის მე-2 ნაწილისა, რამდენადაც დავის საგანს წარმოადგენდა არა გამყიდველის, არამედ, მყიდველის მხრიდან ვალდებულების შესრულება. სასამართლოს ზემოხსენებული ნორმის კონტექსტში ყურადღება არ გაუმახვილებია იმ საკითხზე, მიღებული აქვს თუ არა მყიდველს ქონება. ასეთ ვითარებაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 483-ე მუხლით, ასევე, 505-ე მუხლის დანაწესით;
1.4.2. სასამართლომ ძირითადად ყურადღება გაამახვილა ნასყიდობის საგნის მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობის საკითხზე, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მოწმეთა ჩვენებებით, განმეორებით დაეკითხა ისინი და მათი ჩვენებების საკმარისად შეფასების შემთხვევაში, დადგინდებოდა შემძენისათვის ქონების გადაცემის ფაქტი;
1.4.3. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ავანსად გადახდილია 20 000 აშშ დოლარი, რაც ასევე ადასტურებს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას,ხოლო მოპასუხეს არც დამოუკიდებელი და არც შეგებებული სარჩელით ამ თანხის დაბრუნება არ უთხოვია, რაც ასევე მოწმობს შემძენის მიერ ნასყიდობის საგნის მიღების ფაქტს.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების ფარგლებში, მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც საკუთარ პოზიციას ამ გარემოებაზე ამყარებს და მის ახსნა-განმარტებას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე. საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით ირკვევა, რომ მოპასუხემ სადავო გახადა ნასყიდობის საგნის მიღება და სწორედ ეს ფაქტი წარმოადგენს მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, რომლის სარწმუნოდ დადასტურების ტვირთის მოსარჩელეს ეკისრებოდა. ამ მხრივ, უდავოა, რომ გამყიდველს ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული მტკიცებულება _ მიღება-ჩაბარების აქტი სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რაც შეეხება არაპირდაპირ მტკიცებულებებს, ამგვარს წარმოადგენს მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმეთა ჩვენებები. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, კასატორს არ მოუთხოვია მოწმეთა განმეორებით დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება და იგი საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება, ხოლო თავად მოწმეთა ჩვენებები, საკასაციო პალატის დასკვნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დაცვითაა შესწავლილი.
1.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ ძირითად ნორმას სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმადაც, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე _ მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის სინალაგმატურ ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე _ ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება). კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არც ერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე _ მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშვება გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა (იხ. სუსგ-ებები: №ას-671-642-2016, 20 იანვარი, 2017 წელი; №ას-793-760-2016, 20 იანვარი, 2017 წელი). თავის მხრივ, უდავოა, რომ გაფორმებული ხელშეკრულება, წარმოადგენდა გადახდის განვადებით ნასყიდობას, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 505-ე-508-ე მუხლებით რეგულირდება, თუმცა, არც ამ შემთხვევაში გამოირიცხება ამავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გამყიდველის წინმსწრები ვალდებულება. განსხვავებით ზოგადად ნასყიდობისაგან, გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების სპეციფიკა ისაა, რომ შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ფასის სრულად გადახდამდე (იხ. სუსგ №ას-463-445-2016, 8 ივლისი, 2016 წელი).
1.7. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებით დადასტურებულ სხვა პირის სასარგებლოდ გამყიდველის მიერ განხორციელებულ შესრულებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ფარდობითი (რელატიური) ურთიერთობაა, შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით, რომელიც ვალდებულებას ასრულებს კრედიტორის წინაშე. სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლი ითვალისწინებს იმ სამართლებრივ მარეგულირებელ მექანიზმს, რომელიც განსაზღვრავს ერთი მხრივ უფლებამოსილ პირებს, ვის მიმართაც მოვალემ უნდა შეასრულოს ვალდებულება, კერძოდ, ეს პირები არიან: უშუალოდ კრედიტორი, ასევე, კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირები, ხოლო, მეორე მხრივ, კანონი განსაზღვრავს არაუფლებამოსილი პირების მიერ ვალდებულების შესრულების მიღების წესებს, რა დროსაც ვალდებულება შესრულებულად ითვლება. ეს ის შემთხვევებია, როდესაც არსებობს არაუფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შესრულების მიღების თაობაზე კრედიტორის თანხმობა ან როდესაც ამ შესრულებით კრედიტორი იღებს სარგებელს. განსახილველ შემთხვევაში არც პირველი და არც მეორე შემთხვევის არსებობა საქმის მასალებით არ დგინდება (იხ. სუსგ №ას-951-989-2011, 10 ნოემბერი, 2011 წელი).
1.8. პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის, 380-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ვერ იმსჯელებს კასატორის მიერ მითითებულ ავანსად გადახდილი თანხის საკითხზე და მას ვერ დაუდებს გამყიდველის მხრიდან ვალდებულების შესრულების ფაქტს საფუძვლად, რამდენადაც ამ გარემოებაზე მხარეს არც სარჩელში და არც საქმის მომზადების ეტაზე არ მიუთითებია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ უმსჯელია მისი, როგორც ახალი ფაქტობრივი გარემოების მიღებაზე.
1.9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, სწორადვე მოიძია და განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი და გამყიდველის მხრიდან ნასყიდობის საგნის შემძენისათვის გადაცემის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო მართებულად არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი შემძენისაგან საპასუხო შესრულების მიღების თაობაზე.
1.10. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარეთა ურთიერთვალდებულების შესრულების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცველად დატოვების თოაბაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 25.01.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6 000 ლარის 70% _ 4 200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ბ. ქ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 25.01.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6 000 ლარის 70% _ 4 200 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური