საქმე №ას-54-50-2017 31 მარტი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. თ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქვემდგომი სასამართლოს დავალდებულება, დააკმაყოფილოს აპელანტის განცხადება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. თ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ #...) გამოთხოვა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ იგი სახელმწიფოს მიერ ქონების ექსპროპრიაციის წესით ჩამორთმევას არ ეთანხმება, შესაბამისად, არ მიუღია შეთავაზებული კომპენსაცია, ამასთანავე, გზის მშენებლობა საფრთხეს უქმნის, როგორც თავის, ისე _ ოჯახის წევრების სიცოცხლეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის დაევალა ქობულეთში, სოფელ ს-ში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 283 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ #...) გათავისუფლება და მოსარჩელისათვის გადაცემა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ქვემდგომი სასამართლოს დავალდებულება, დააკმაყოფილოს მისი განცხადება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით _ დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარსადგენად აპელანტმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გაგზავნისა და საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც არასწორად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, რადგანაც მოპასუხემ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით, თუმცა ამ მოქმედებას შედეგი არ მოჰყოლია. გასაჩივრების ვადის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით კერძო საჩივრის ავტორმა წარადგინა სააპელაციო საჩივარი, სადაც აღნიშნა, რომ გასაჩივრების მიზეზებს მიუთითებდა მას შემდეგ, რაც გადაეცემოდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლომ საქმე ისე გადააგზავნა სააპელაციო სასამართლოში, რომ მოპასუხისათვის გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია, ხოლო სატელეფონო საუბრისას მას განუმარტავდნენ, რომ საქმეთა სიმრავლის გამო, ვერ ხერხდებოდა დასაბუთებული გადაწყვეტილების დროულად მომზადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. თ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
1.2. საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით კი, საქმის მასალებით დადგენილია, რომ:
1.2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სრულად. სასამართლო სხდომას, რომელზეც მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა, ესწრებოდა მოპასუხე. საქმეში წარმოდგენილი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით ირკვევა, რომ მხარეს განემარტა მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების/ჩაუბარებლობისა და გასაჩივრების წესი;
1.2.2. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის დაცვით სასამართლოს მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა მ. თ-ემ და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება. განცხადებას არ ერთვის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთანავე, ამგვარი მტკიცებულება ვერც საქმის მასალებში იქნა მოძიებული საკასაციო სასამართლოს მიერ, თუმცა, სასამართლოს მხრიდან რაიმე რეაგირების (რწმუნებულების წარმოდგენის მოთხოვნა, შეტყობინების უშუალოდ მხარისათვის გაგზავნა და სხვა) განხორციელება საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. რაც შეეხება მოსარჩელე მხარეს, სასამართლომ მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაუგზავნა დასაბუთებული გადაწყვეტილება. მართალია, გზავნილი დათარიღებულია 2016 წლის 19 ოქტომბრით, თუმცა, რეალურად იგი 2016 წლის 24 ოქტომბერს ჩაბარდა ფოსტას;
1.2.3. სააპელაციო სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპის შემოწმებისას სადავო არ გაუხდია მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში წარდგენის ფაქტი, არამედ, 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით დაადგინა ხარვეზი და აპელანტს დაავალა:
ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა იმდენი ასლის დართვით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში;
ბ) სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის _ 10 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარდგენა;
გ) სააპელაციო საჩივრის ელ.ვერსიის წარდგენა;
1.2.4. საქმეში არსებულ სააპელაციო საჩივარში მხარე აცხადებს, რომ დასაბუთებულ პრეტენზიებს წარადგენს მას შემდეგ, რაც ჩაბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება;
1.2.5. ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრულ ვადაში აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, აქვე განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს კვლავ არ ჰქონდა მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარებული, რის გამოც, მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოესწორებინა ხარვეზი განჩინებით დადგენილ სხვა ნაწილებში. განმცხადებელმა იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებისა და ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე;
1.2.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ არა თავად, არამედ, პირველი ინსტანციის სასამართლოს კანცელარია გადასცემდა მხარეს გადაწყვეტილების ასლს. ამ უკანასკნელს დაუსაბუთებელი სააპელაციო საჩივრის წარდგენისას არ მოუთხოვია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარება, შესაბამისად, მისი შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი. რაც შეეხებოდა მ. თ-ის წერილობით მიმართვას, საქმეში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის გამო, იგი სამართლებრივი მნიშვნელობის მქონედ არ იქნა მიჩნეული და საბოლოოდ, პალატამ, ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
1.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიჩნევს, რომ აპელანტის მიმართ დარღვეულია „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევრპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, მართალია, იძლევა სააპელაციო სამართალწარმოების განხორციელებაზე უარის თქმის შესაძლებლობას, თუმცა, ნორმის განმარტება არ შეიძლება მხარის საპროცესო უფლებების საზიანოდ განხორციელდეს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მოთხოვნათა დაცვით მიმართა და ითხოვა გადაწყვეტილების ჩაბარება, თუმცა, ფაქტია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია. ამ მხრივ, ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ მინდობილობის საქმეში არარსებობის გამო, მ.თ-ის მიმართვა სამართლებრივი ძალის მატარებელი არაა, რადგანაც მინდობილობა არ მოიპოვება საქმეში. საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი და სხვა, რაც დაადასტურებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს რეაგირებას არაუფლებამოსილი პირის განცხადებაზე, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლი ადგენს, რომ მხარეებს, თავიანთი განცხადების საფუძველზე, გადაეცემათ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლები არა უგვიანეს 3 დღისა განცხადების შემოტანიდან. გადაწყვეტილების ასლებს ხელს აწერს სასამართლოს კანცელარიის მდივანი და უსვამს სასამართლოს ბეჭედს, თუმცა, ეს ნორმა არ უნდა იქნას განმარტებული იმგვარად, რომ გადაწყვეტილების ასლის გადაცემა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს ვალდებულებაა და იმ ვითარებაში, როდესაც საქმე სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია, მას ეკრძალება მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისთვის ჩაბარების თაობაზე. ნორმის ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება მხარის გარანტირებულ შესაძლებლობას, ისარგებლოს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებით.
1.4. საკასაციო პალატა აქვე არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ მხარემ არა თავდაპირველად, არამედ, ხარვეზის დადგენის შემდეგ იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს წინაშე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე, რადგანაც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოპასუხემ არაუფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით მოითხოვა საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ჩაბარება და ამ მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია, მან წარადგინა სააპელაციო საჩივარი, სადაც განმარტა, რომ გასაჩივრების მიზეზებზე მიუთითებდა მას შემდეგ, რაც ჩაბარდებოდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, ის მოსაზრება, რომ მხარეს სააპელაციო პალატისათვის სააპელაციო საჩივრითვე უნდა ეთხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა, სამართლებრივ ლოგიკასაა მოკლებული, ვინაიდან მხარეს საკუთარ განცხადებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან რეაგირების ლეგიტიმური მოლოდინი გააჩნდა, ხოლო სააპელაციო პალატამ, შუამდგომლობის ზემოხსენებული მოტივებით დაუკმაყოფილებლობის გამო, პრაქტიკულად, შეუზღუდა, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე, ისე _ მე-2 მუხლით გარანტირებული უფლებები.
1.5. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, აპელანტს ასევე არასწორად ეთქვა უარი საპროცესო ვადის გაგრძელებაზე, რამდენადაც, გარდა ზემოთ განხილული საკითხებისა, მან დადგენილი ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში გამოასწორა დროულად, ხოლო სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობდა დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელების საფუძველი, მოკლებულია ფაქტობრივ-სამართლებრივ მოტივაციას.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით პალატამ არასწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რის გამოც, ეს განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან (სსსკ-ის 368-ე მუხლი) საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური