საქმე №ას-1180-1141-2016 31 მარტი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ლ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – სარჩოს ოდენობის გაზრდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ა. ლ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან მოვალე) მიმართ სარჩოს ოდენობის გაზრდისა და მიუღებელი სარჩოს სხვაობის ანაზღაურების მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა 2007 წლის იანვრიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით სარჩოს მიუღებელი სხვაობის _ 34 074,48 ლარის, ხოლო 2016 წლის ივნისიდან ყოველთვიურად 625 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე მუშაობდა ზესტაფონის სალიანდაგო დისტანციის ლიანდაგის მონტიორის თანამდებობაზე. საწარმოო ტრავმის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანების შედეგად 60%-ით დაკარგა შრომის უნარი, რის გამოც, მოპასუხემ დაუნიშნა სარჩო ხელფასის 60%-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად 83 ლარს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ ადრე დაკავებულ თანამდებობაზე დასაქმებული მუშაკის ხელფასი გაიზარდა, მოვალე უარს აცხადებს გაზრდილი ხელფასის შესაბამისად სარჩოს გადაანგარიშებაზე და კვლავ 83 ლარს უნაზღაურებს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი/განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ არ არსებობს სამართლის ნორმა, რომელიც მას დაავალდებულებდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს სარჩო ლიანდაგის მონტიორის ხელფასის შესაბამისად. სამოქალაქო კოდექსის 407-ე-408-ე მუხლები, ასევე, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის #45 დადგენილება არ ითვალისწინებს სარჩოს გადაანგარიშების წესს სახელფასო განაკვეთის შესაბამისად. გარდა ამისა, 2007 წლიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით სარჩოს ანაზღაურების მოთხოვნა ხანდაზმულია, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. რაც შეეხება სარჩოს ოდენობის 625 ლარით განსაზღვრას, მოპასუხემ აღნიშნა, რომ სამედიცინო აქტის შესაბამისად, კრედიტორს პროფესიული შრომისუნარიანობა დაკარგული აქვს 60%-ით და არა 100%-ით, ასევე, სარჩო იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, შესაბამისად, 625 ლარის მოთხოვნა ამ მხრივაც გაუმართლებელია. მოვალის მტკიცებით, მოსარჩელე დაბადებულია 1949 წელს, იგი მიღწეულია საპენსიო ასაკს, რის გამოც იგი ვეღარ იმუშავებდა მოპასუხე ორგანიზაციაში ლიანდაგის მონტიორად. ამგვარი მიდგომა დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით დაეკისრა 2013 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 ივნისამდე მიუღებელი სარჩოს _ 9 885 ლარის, ხოლო 2016 წლის 1 ივნისიდან _ ყოველთვიურად მოსარჩელის თანრიგის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს 60%-ის გადახდა, რაც საქმის განხილვის დროისათვის შეადგენდა 375 ლარს.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს შრომითი მოვალეობის შესრულების შედეგად დასახიჩრებული მუშაკის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება, რომელიც მიმართულია ამავე თანრიგის მუშაკის ხელფასის პროპორციულად დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების, ასევე, მიუღებელი სხვაობის ანაზღაურებისკენ. ამ თვალსაზრისით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები და საკუთარი პოზიცია, მსგავსს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების შესაბამისად, ძირითადად იმაზე დაამყარა, რომ მოსარჩელე, საპენსიო ასაკის გამო, ვერ შეძლებდა ამავე თანამდებობაზე მუშაობას, შესაბამისად _ ვერც გაზრდილი ხელფასის მიღებას. კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება სამართლის ნორმათა არასწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, ასევე, პრეტენზიას აცხადებს სასამართლოს მხრიდან სადავო გარემოებათა საპროცესო სამართლის წესების დარღვევით დადგენის კუთხით.
1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. იმის შესამოწმებლად თუ რამდენად დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია იქნა წარმოდგენილი კასატორის მიერ, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ საკითხებზე:
1.2.1. მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში. 1986 წლის 19 სექტემბრიდან მას დაუდგინდა შრომითი უნარის შეზღუდვის მესამე ჯგუფი;
1.2.2. 2006 წლის მაისიდან აპელანტი მას უხდის სარჩოს, ლიანდაგის მონტიორის ხელფასის 60%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა 83 ლარს;
1.2.3. მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებული თანრიგის მუშაკის თანამდებობრივი სარგო 2006 წლიდან პერიოდულად იზრდებოდა და საბოლოოდ, 2013 წლიდან მან შეადგინა 625 ლარი;
1.2.4. მოსარჩელე 1949 წლის 25 მაისს დაიბადა და საპენსიო ასაკს _ 65 წელს 2014 წლის 25 მაისს მიაღწია;
1.2.5. დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე სარჩელი 2016 წლის 27 მაისსაა აღძრული.
1.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ძალა დამოკიდებულია კასატორის მხრიდან დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენაზე. ამგვარ პრეტენზიაში კი, იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს დაუშვა და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა-შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. იმ შემთხვევაში, თუკი საკასაციო საჩივარი ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე არ შეიცავს დასაშვებ შედავებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის ძალით, ამგვარ შეუდავებელ ფაქტებს საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ სავალდებულო ძალა გააჩნიათ. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას ზემოხსენებული ფაქტების წინააღმდეგ, შესაბამისად, საკასაციო პალატაც იზიარებს მათ.
1.4. რაც შეეხება წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, მხარე გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლად მიუთითებს სასამართლოს მხრიდან ზიანის არარსებობის ფაქტის არასწორად დადგენაზე, რადგანაც საქმის მასალებით, ასევე, მოვალის მხრიდან სარჩოს გაცემით დადასტურებულია ეს ფაქტი.
1.4.1. პალატა ეთანხმება კასატორის პოზიციას მისთვის ზიანის მიყენების თაობაზე, რომლის შედეგადაც მას შრომის უნარი, როგორც უკვე აღინიშნა, შეუმცირდა 60%-ით. სწორედ ამ ფაქტმა წარმოუშვა ყოფილ დამსაქმებელს სარჩოს ანაზღაურების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლომ, მართალია, სწორად მოიშველია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (რის თაობაზეც ქვემოთ შეჩერდება საკასაციო პალატა), თუმცა, არასწორი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ გარემოებებს (სსსკ-ის 105-ე მუხლი), ამ დარღვევის შედეგად კი, არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
1.4.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით აღიარებულია მოდავე მხარეთა თანასწორობის საწყისებზე საქმის განხილვის პრინციპი (ის. სსკ-ის მე-5 მუხლი), რაც წარმოშობს სასამართლოს ვალდებულებას სარჩელის საფუძვლიანობა მოპასუხის შედავების ფარგლებში შეამოწმოს. საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით სადავოდ არაა გამხდარი ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ საწარმოო ტრავმის მიღებამდე მხარეები იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში, არამედ, მოპასუხე სარჩოს გადაანგარშების უსაფუძვლობას ასაბუთებს ამგვარი ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლის ნორმის არარსებობით (საქართველოს პრეზიდენტის 09.02.1999წ. #48 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების, ასევე, საქართველოს მთავრობის 24.03.2007წ. #53 დადგენილების გაუქმების გამო), ამასთან, მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულიცაა.
1.4.3. პალატა არ იზიარებს მოპასუხის სამართლებრივ შედავებას და აღნიშნავს, რომ ორგანული კანონი _ შრომის კოდექსი აწესრიგებს შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხს (სწორედ ამაზე მიუთითებდა საქართველოს მთავრობის 24.03.2007წ. #53 დადგენილებაც, რომელიც ამ დროისათვის სამართლებრივი ძალის არმქონეა) და 44-ე მუხლით ადგენს, რომ შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული დანაწესი მითითებითია, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ წესებში უნდა იქნას მოძიებული. საგულისხმოა, რომ სამოქალაქო კოდექსი ზიანის ანაზღაურების ორ წესს ადგენს: ა) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები; ბ) დელიქტური ვალდებულებები, თუმცა, დაზარალებული პირის უფლებრივი რესტიტუციის განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარე, კანონი მათ თანაარსებობას დასაშვებად მიიჩნევს, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. პალატა მოიხმობს ამავე კოდექსის 992-ე და 408-ე მუხლებს და განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულად მიიჩნევა პირი, რომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) არის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი და ამ ქმედებას შედეგად მოჰყვა სხვა პირის მიმართ ზიანის მიყენება, შესაბამისად, ვალდებულ პირს ეკისრება იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა, რომ არა მისი სამართლებრივად გასაკიცხი ქმედება, ხოლო თუკი ამ ქმედებას მოჰყვა სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება და დაზარალებულს წაერთვა/შეუმცირდა შრომის უნარი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. განსახილველ შემთხვევაში, ნორმის აბსტრაქტული ელემენტების არსებობა მხარეთა შორის სადავო არ არის, შესაბამისად, უფლებამოსილ პირად (კრედიტორი) განიხილება კასატორი, ხოლო ვალდებულად (მოვალე) _ მისი მოწინააღმდეგე მხარე. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში ზიანის (სარჩოს) ოდენობა იანგარიშებოდა დაზარალებული პირის შრომის ანაზღაურებისა და შრომის უნარის დაკარგვის პროპორციული თანაფარდობით (იხ. მაგ: სუსგ-ებები: №ას-169-497-09, 24 ივლისი, 2009 წელი; №ას-1304-1224-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი). საგულისხმოა თავად უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) მოთხოვნის ფარგლებიც: სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
1.4.4. პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ბოლო დროს დამკვიდრებულ პრაქტიკაზე: საკასაციო სასამართლოს მიდგომით, ადრე მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის ფარგლებში წარმოშობილი ურთიერთობებიდან გამომდინარე, პრეზუმირებულად მიიჩნევა, რომ დაზარალებული იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული პირი აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობები (იხ. სუსგ-ებები: №ას-789-746-2015, 22 იანვარი, 2016 წელი; №ას-1216-1141-2015, 3 ივნისი, 2016 წელი, №ას-1220-1145-2015, 3 ივნისი, 2016 წელი). მართალია, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა ამ გარემოებაზეც, თუმცა, არ გაითვალისწინა საპენსიო ასაკის დადგომამდე კრედიტორის მოთხოვნის უფლების არსებობა, კერძოდ, მხარეთა შორის უდავოა, რომ 2013 წლის მდგომარეობით მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებულ თანამდებობაზე დასაქმებული მუშაკის ხელფასი შეადგენდა 625 ლარს, მოსარჩელემ კი, საპენსიო ასაკს 2014 წლის 25 მაისს მიაღწია, ხოლო სარჩოს გადაანგარიშებისა და მიუღებელი სხვაობის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში 2016 წლის 27 მაისსაა აღძრული (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.2.3.-1.2.5. პუნქტები).
1.4.5. ამ გარემოებათა შეფასებისას პალატა ითვალისწინებს მოპასუხის არსებით შედავებას ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით და ნაწილობრივ იზიარებს მას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი არა მარტო ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, არამედ განსაზღვრავს ამ ვადის ათვლის მომენტსაც და მას უკავშირებს დროს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო დელიქტით მიყენებული ზიანის ფაქტის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, მაგრამ აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმი არ ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ზიანის მიყენებით წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებები. პალატა თვლის, რომ ამავე კოდექსის 326-ე მუხლის ძალით, დელიქტით გამოწვეული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კანონის 130-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის აღძვრისა და საპენსიო ასაკის მიღწევის თარიღების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის 2013 წლის 27 მაისიდან 2014 წლის 25 მაისამდე მიუღებელი სარჩოს მოთხოვნის ნაწილში, რომლის ოდენობაც, შრომის უნარის შემცირებისა და გაზრდილი ხელფასის გათვალისწინებით ჯამში 3 504 ლარს შეადგენს.
1.5. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ამასთანავე, რადგანაც არ იკვეთება მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევის ან სხვა საპროცესო ნორმათა დარღვევის გამო საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების წინაპირობები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, პალატა უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება: ვინაიდან უდავოა, რომ საპენსიო ასაკის დადგომამდე გზრდილი ხელფასის შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი სარჩოს ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია, ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც იძულებით განხორციელებას ექვემდებარება (არ არის ხანდაზმული).
2. სასამართლო ხარჯები:
2.1. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მიუღებელი სარჩოს _ 34 074,48 ლარისა და ყოველთვიურად 625 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. სარჩელის აღძვრიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გასულია 10 თვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება შეადგენს 40 324,48 ლარს. საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნის 8,6% დაკმაყოფილდა (3 504 ლარი), ხოლო 91,4%-ის დაკმაყოფილებაზე მას ეთქვა უარი. საგულისხმოა, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებულია, შესაბამისად, მას სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია (სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები), მოპასუხემ კი, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 395,40 ლარი.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
2.3. კანონის აღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 8,6%-ის _ 280,32 ლარის, ხოლო მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ _ სააპელაციო საჩივარზე ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი ბაჟის 91,4%-ის _ 361,40 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა. ლ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. 2013 წლის 27 მაისიდან 2014 წლის 25 მაისამდე სარჩოს გაზრდილი ოდენობის დაკისრებაზე უარის თქმისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ა. ლ-ას სარჩელი სს „ს-ის“ მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. სს „ს-ას“ (ს/კ #...) ა. ლ-ას (პ/#...) სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 27 მაისიდან 2014 წლის 25 მაისამდე მიუღებელი სარჩოს _ 3 504 ლარის ანაზღაურება საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
5. ა. ლ-ას (პ/#...) სს „ს-ის“ (ს/კ#...) სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 361,40 ლარის გადახდა.
6. სს „ს-ას“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟიდან დაეკისროს 280,32 ლარის გადახდა.
7. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყტვეტილება დარჩეს უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური