Facebook Twitter

საქმე №ას-268-256-2017 24 მარტი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ჭ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ა-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ჭ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე) მიმართ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 7 800 ლარის, ასევე, გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი ხარჯის _ 150 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება იძულებით იყო დადებული, ამასთან, სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 7 800 ლარის, ასევე, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოებისათვის გაწეული ხარჯის _ 150 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, თითქოს აპელანტს უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა. შესაძლოა მისი ოჯახის წევრს, დედას მართლაც ჩაბარდა სასამართლო უწყება, თუმცა, ამ უკანასკნელმა გასულ წელს ესპანეთში გაიკეთა მენჯ-ბარძაყის რთული ოპერაცია, იღებს დღემდე ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს, რის გამოც, შესაძლოა, დავიწყებოდა უწყების ადრესატისათვის გადაცემა. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ აპელანტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე. სასამართლოს შეეძლო დაერეკა მხარისათვის და ეცნობებინა პროცესის თაობაზე რაც არ განუხორციელებია, თუმცა, საგულისხმოა, რომ სხდომის დღეს აპელანტს დაემართა ტახიკარდიული შეტევა, გამოძახებული ჰყავდა სასწრაფო დახმარება საჭიროებდა სტაციონარში გადაყვანას, რაც ისედაც გამორიცხავდა სასამართლოში გამოცხადების შესაძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჭ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

1.3. საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით, ამავე წლის 10 ნოემბერს, 11:00 სათზე დაინიშნა სააპელაციო საჩივრის განხილვა;

1.3.2. 2016 წლის 28 ივლისს აპელანტს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა უწყება სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე;

1.3.3. საფოსტო შეტყობინების თანახმად, 2016 წლის 29 ივლისს აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ჩაიბარა მისი ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა, დედამ _ ქ. ჭ-ემ;

1.3.4. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ამასთან, სასამართლოს არ მოეპოვებოდა ცნობა მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

1.4. კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებამდე პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე:

1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობისას, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განუხილველად დატოვოს სარჩელი/სააპელაციო საჩივარი, ნორმის ფორმალური წინაპირობების გარდა უნდა შემოწმდეს ასევე სახეზე ხომ არ გვაქვს ზემოხსენებული საპროცესო ინსტიტუტების გამომრიცხავი წინაპირობები (სსსკ-ის 233.1 მუხლი). ფაქტია, რომ ამგვარი ცნობები სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვის ეტაპზე არ მოეპოვებოდა.

1.4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონტექსტში ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ უწყება მას პირადად არ ჩაბარებია და სასამართლო დამატებით არ დაკავშირებია ტელეფონის მეშვეობით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით აღიარებულია სამართალწარმოების ქართულ ენაზე განხორციელება (სსსკ-ის 9.4. მუხლი), შესაბამისად, აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარზე დართულ არასახელმწიფო ენაზე შედგენილ მტკიცებულებებს, რომლითაც მხარეს სურს დაადასტუროს უწყების მიმღები პირის ავადმყოფობის ფაქტი, შესაბამისად, იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე მცხოვრებმა ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა ჩაიბარა სასამართლო უწყება, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარის დაბარება კანონიერად განხორციელდა, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც უწყება აპელანტის დედას კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, სასამართლოს არანაირი ვალდებულება აღარ გააჩნდა ტელეფონით კვლავ დაკავშირებოდა აპელანტს და შეეხსენებინა სასამართლოს სხდომის თაობაზე.

1.4.3. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულის მიუხედავად მაინც არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმების წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომელიც სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების გარდა მიუთითებს ასევე სხვა საპატიო მიზეზზე, რომლის შესახებაც მხარეს არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

1.4.4. წარმოდგენილ კერძო საჩივარს ერთვის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათი, რომლითაც ირკვევა, რომ 2016 წლის 10 ნოემბერს 09:31 საათზე სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა აპელანტთან ბინაში და პაციენტს (აპელანტი) დაუდგინდა ალკოჰოლური მოწამვლა; ტემპერატურა 38,5; დიაგნოზი: ტახიკარდიული შეტევა, საჭიროებს გადაუდებელ სტაციონარულ მკურნალობას, პაციენტმა უარი განაცხადა სტაციონარში გადაყვანაზე. მართალია, ზემოხსენებული სამედიცინო ბარათი ხელმოწერილია ბრიგადის უფროსი ექიმის მიერ, თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ეს გარემოება არ შეიძლება აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს. პალატა დამატებით მოიხმობს დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკასაც, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ გააუქმა მხარის გამოუცხადებლობის მოტივით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განმარტა შემდეგი: მხოლოდ ის გარემოება, რომ სამედიცინო ცნობა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ არაა ხელმოწერილი, არ შეიძლება მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს. შესაბამისად, კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულება აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (იხ. სუსგ-ებები: №ას-955-917-2014, 24 ივლისი, 2015 წელი; №ას-187-179-2016, 6 მაისი, 2016 წელი).

1.5. ამდენადმ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია და არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ჭ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური