№ას-1007-968-2016 31 იანვარი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – სს „ე-ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – მ. დ-ე, ქ. ც-ე, ა. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ე-ამ“ (შემდეგში- მოსარჩელემ ან კერძო საჩივრის ავტორმა) მ. დ-ის, ქ. ც-ისა და ა. ს-ის (შემდეგში - მოპასუხეების) წინააღმდეგ აღძრული სარჩელით მოითხოვა მიყენებული ზიანის, 19 494 241 ლარის, ანაზღაურება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა, სახელმწიფო ბაჟის, 7000 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი საბუთის სასამართლოში წარდგენა;
5.2.სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოს განჩინებით აპელანტს, მისი შუამდგომლობის საფუძველზე, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით; განჩინება კანონით დადგენილი წესით მოსარჩელეს ჩაჰბარდა 2016 წლის 12 აგვისტოს; სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოსარჩელემ ხარვეზი არ შეავსო.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) მე-60 და 61-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2016 წლის 13 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 22 აგვისტოს. მითითებულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.
7. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტმა არ შეასრულა დავალებული საპროცესო მოქმედება, რაც, სსსკ-ის 385-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
8.სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ. საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:
8.1. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შეუვსებლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მხარისთვის უცნობი იყო ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების გამოტანის თაობაზე, ვინაიდან ეს განჩინება აპელანტს არ ჩაჰბარებია;
8.2. საქმეში განთავსებული გზავნილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 02.08.2016 წლის განჩინება ჩაჰბარდა ნ. მ-ეს, ორგანიზაციის მენეჯერს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი არ არის ამ დაწესებულების თანამშრომელი და მისთვის უცნობია ხსენებული პირის ვინაობა. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა მის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი 2016 წლის ივლისისა და აგვისტოს ინფორმაცია საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ნ. მ-ე ორგანიზაციის თანამშრომელთა სიაში არ არის.
9.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს შემდეგი დასაბუთებით:
11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
12. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა.
13. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს არ ჩაჰბარებია, კერძოდ, გზავნილის მიმღები სუბიექტი არ არის ორგანიზაციის თანამშრომელი.
13. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
14. კერძო საჩივრის ავტორმა სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებით შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ 2016 წლის 2 აგვისტოს განჩინება ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს არ ჩაჰბარებია, კერძოდ, შემოსავლების სამსახურში ორგანიზაციის მიერ წარდგენილი 2016 წლის ივლისისა და აგვისტოს ინფორმაცია საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ადასტურებს, რომ პირი, რომელმაც ჩაიბარა გზავნილი, არ არის ამ ორგანიზაციის თანამშრომელი.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის ხარვეზის შესახებ განჩინება ვერ ჩაითვლება ჩაბარებულად, შესაბამისად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობს, ამიტომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ე-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინება და საქმე, სს „ე-ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი