№ას-197-186-2017 30 მაისი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.შ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი :
1. ქ. ბათუმში, ..... 102-ში მდებარე 649 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ .....) და მასზე განთავსებული 153.20 კვ.მ შენობა-ნაგებობა (შემდეგში სადავო უძრავი ქონება) 2009 წლის 10 მარტიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად ირიცხება {საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 311-ე-312-ე მუხლები}.
2. 2014 წლის 13 მაისს, აჭარის ა/რ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად დაკავების ფაქტის, დამკავებლის ვინაობის, დაკავების ვადისა და არამართლზომიერად დაკავებული ფართობის დამდგენმა კომისიამ შეადგინა აქტი (შემდეგში ადგილზე დათვალიერების აქტი), რომლის თანახმად, შ.შ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან არამართლზომიერი მფლობელი) 1984 წლიდან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჰქონდა დაკავებული სადავო უძრავ ქონებაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის 34 კვ.მ და იმავე სადავო უძრავი ქონების 47.5 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
3. მოპასუხის ხელმოწერით დადასტურებული 2014 წლის 13 მაისით დათარიღებული უძრავი ქონების დათვალიერებისა და 2014 წლის 19 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, სადავო ფართს მოპასუხე სამეწარმეო დანიშნულებით (ავტომანქანების სავარძლის შეკეთება-გადაკვრის მიზნით) იყენებდა (იხ. ს.ფ. 60-62).
4. შპს აუდიტორული კომპანიის „ი.ა.კ–ის“ 2014 წლის 27 მაისის აუდიტორული დასკვნის მიხედვით (შემდეგში აუდიტორული დასკვნა), სადავო უძრავი ქონების 1 კვ.მ შენობა-ნაგებობის წლიური სარგებლობის საფასური 5.25 ლარს, ხოლო იმავე სადავო ქონების 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური - 4.50 ლარს შეადგენდა.
5. 2014 წლის 18 ივლისს, აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან სამინისტრო) წერილობითი პრეტენზიით მიმართა მოპასუხეს და 2009 წლის 11 თებერვლიდან, 2014 წლის 3 ივლისამდე სადავო უძრავი ქონების ნაწილის არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2114.93 ლარის ანაზღაურება (დღეში 1.08 ლარის) და დაკავებული სადავო უძრავი ქონების 20 დღის ვადაში გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარება მოსთხოვა.
6. 2014 წლის 19 სექტემბერს მოპასუხემ გამოათავისუფლა და აჭარის ა/რ-ის (სახელმწიფო) ქონების მიღება-ჩაბარების კომისიამ ჩაიბარა სადავო უძრავი ქონება 47,5 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებულ 34 კვ.მ ნაგებობასთან ერთად (იხ. ს.ფ. 62), ხოლო არამართლზომიერი სარგებლობით გამოწვეული ზიანი მოპასუხემ არ ააუნაზღაურა.
7. სამინისტრომ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, ბიუჯეტის სასარგებლოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2 193.48 ლარისა და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეზე გადაცემამდე, ყოველდღიურად 1.08 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარდგენილი შესაგებლით გამორიცხა მოთხოვნა და მიუთითა, რომ სადავო უძრავი ქონებიდან, მას მხოლოდ 34. კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ჰქონდა დაკავებული. მისი განმარტებით, დაკავებული ფართს არა კომერციული დანიშნულებით, არამედ, სათავსად იყენებდა და ამის გამო არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42.1 მუხლი, „აჭარის ა/რ-ის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ა/რ-ის კანონის მე-19.3, სსკ-ის 316.1, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოსკანონის მე-7.1 და მე-7 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 976-ე, 982-ე, 987-ე, 991-ე მუხლები.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
10.1. სასამართლოს უდავო გარემოებად უნდა მიეჩნია, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების 34 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართთან ერთად, არამართლზომიერად სარგებლობდა 47,5 კვ.მ მიწის ნაკვეთითაც, რაც მოპასუხემ ადგილზე დათვალიერებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერით დაადასტურა;
10.2. უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხე სადავო უძრავ ფართს კომერციული მიზნებისთვის არ იყენებდა, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, კი ადგილზე დათვალიერების აქტითა და მიღება ჩაბარების-აქტებით, მოპასუხემ აღნიშნული გარემოებაც ხელმოწერით დაადასტურა;
10.3. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა აჭარის ა/რ-ის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით და არა სსკ-ით დადგენილი უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით;
10.4. სასამართლომ უგულებელყო საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა და არ იმსჯელა მიუღებელ შემოსავალზე, რომელსაც სამინისტრო მიიღებდა ქონების განკარგვის შემთხვევაში.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 107.48 ლარის გადახდა დაეკისრა.
11.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის კერძო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგებულიყო სსკ-ის კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობისათვის დადგენილი წესებიდან - უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით და არა საჯარო სამართლებრივი ნორმებით, რასაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებდა;
11.2. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ისარგებლა მოსარჩელის ქონებით. ამასთან, მას აღნიშნულ ფართში მოწყობილი ჰქონდა, როგორც საოჯახო ნივთების შესანახი სათავსი, ასევე, ახდენდა სამეწარმეო დანიშნულებით ავტომანქანის სავარძლის შეკეთება-გადაკვრას, თუმცა, მას მოსარჩელისათვის, ფართით სარგებლობის თანხა არ გადაუხდია, რითაც დაზოგა სარგებლობის საფასური, რაც ამ ფართის ქირაში გამოიხატა;
11.3. პალატამ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ კი, მიღება-ჩაბარების აქტით, სასამართლო სხდომაზე თავად მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის ჩვენებითა და საქმეში განთავსებული ფოტოსურათით, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე, ფლობდა სადავო უძრავი ქონების როგორც 34 კვ.მ-ს, ისე - ნაგებობაში შესასვლელ, ბეტონის საფარით მოწყობილ მიწის ნაკვეთს, რაც მთლიანად ნაგებობის ფართის ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთთან ერთად 47.5 კვ. მ -ს შეადგენდა;
11.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ 2014 წლის 13 მაისამდე არ იცოდა სადავო ქონებაზე სამინისტროს საკუთრების წარმოშობისა და მის წინაშე თავისი უფლებამოსილების ხარვეზის თაობაზე, შესაბამისად, პალატის განმარტებით, ამ დრომდე ფართის სარგებლობის საფასურის გადახდის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, სსკ-ის 984.1 მუხლის მიხედვით, უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო;
11.5. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოპასუხე 2014 წლის 13 მაისიდან 2014 წლის 19 სექტემბრამდე, 4 თვის განმავლობაში არამართლზომიერად ფლობდა სამინისტროს უძრავ ქონებას, რითაც დაზოგა ამ ფართის იჯარის თანხა, რაც სადავო უძრავი ქონების შენობა-ნაგებობის სარგებლობისათვის 59,48 ლარს (14,87X4=59.48), ხოლო მიწის ნაკვეთის სარგებლობისათვის, 48 ლარს (12X4=48) შეადგენდა. ამდენად, სსკ-ის 982-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სულ 107.48 ლარის გადახდა უნდა დაჰკისრებოდა.
12. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
12.1. სააპელაციო სასამართლომ სადავო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის საფასური არასწორად განსაზღვრა, ვინაიდან, მისი დასკვნებით, სადავო მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური 213.75 ლარი, ხოლო ერთი თვის საფასური, 12 ლარი იყო, მაშინ, როდესაც, 213.75 ლარიდან, თვიური სარგებლობის საფასური 17.81 ლარს შეადგენდა;
12.2. სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ მოპასუხემ 2014 წლის 13 მაისამდე არ იცოდა სადავო ქონების არამართლზომიერი მფლობელობის შესახებ. მას უნდა შეეფასებინა, თუ რომელი წლიდან დაიწყო მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება, ამ მხრივ კი, გასათვალისწინებელი იყო საჯარო რეესტრის მონაცემები, რომლითაც, უდავოდ დგინდებოდა, რომ სამინისტრომ, 2009 წლის 11 თებერვლიდან სადავო ქონება საკუთრებაში აღრიცხა;
12.3. სასამართლოს უნდა მიეჩნია, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო სადავო ქონების არამართლზომიერი ფლობის ფაქტი, ვინაიდან, მას არ გააჩნდა რაიმე მტკიცებულება, მასზედ, რომ ქონება რაიმე სამართლებრივი საფუძვლით ჰქონდა გადაცემული და მართლზომიერად განკარგავდა მას;
12.4. ყურადსაღებია, რომ დავის საგანს წარმოადგენს ქონების სარგებლობის საფასურის გადახდა, სადავო ქონების აჭარის ა/რ-ის საკუთრებაში აღრიცხვიდან (2009 წლის 11 თებერვალი) მის გამოთავისუფლებამდე. ამდენად, სასამართლოს, სადავო საკითხის გადაწყვეტისას, უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) მე-7 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კანონის ანალოგია, რადგან, მსგავს სადავო ურთიერთობას აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-13 ქვეპუნქტი;
12.5. უდავოა, რომ 2014 წლის 19 სექტემბერს, სამინისტრომ, სადავო უძრავი ფართები, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაიბარა, თუმცა, მოპასუხემ, კანონით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა და 2009 წლის 11 თებერვლიდან ფართის გამოთავისუფლებამდე, სარგებლობის საფასური არ გადაიხადა, ამდენად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, ხოლო ამავე კოდექსის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)“. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებისა და განმარტების კუთხით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.
15. საკასაციო სასამართლო იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, თვლის, რომ მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი ჩარევის შედეგად მიღებული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 982-ე და 408-ე მუხლის პირველი ნაწილის {„პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი“, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“} დანაწესიდან გამომდინარეობს.
16. სსკ-ის 982-ე მუხლის მიზანთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან“ (იხ. სუსგ #05.12.2013წ., საქმე #ას-472-448-2013).
17. სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები (სამართლებრივი წინაპირობები). კერძოდ: მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობს; მოსარჩელე 2009 წლის 11 თებერვლიდან სადავო უძრავი ქონების რეგისტრირებული მესაკუთრეა; ამ ქონებით 2014 წლის 19 სექტემბრამდე სარგებლობდა მოპასუხე; ის სამეწარმეო დანიშნულებით იყენებდა მოსარჩელის ქონებას, ისე რომ მას არც მესაკუთრისაგან და არც კანონის საფუძველზე არ ჰქონდა მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილება; მან დაზოგა საკუთარი ფულადი სახსრები, რადგანაც არ იხდიდა ფართით სარგებლობის საფასურს, ანუ გამდიდრდა მოსარჩელის ხარჯზე; მოპასუხემ ხელყო მოსარჩელის უფლება ესარგებლა თავისი ქონებით, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა ზიანი.
18. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს იმ შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ასევე გამოყენებული უნდა იქნეს სსკ-ის 984-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი {თუ ხელმყოფმა არ იცოდა უფლებამოსილების ხარვეზი, გარდა უხეში გაუფრთხილებლობისა, იგი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, თუ ანაზღაურების მოთხოვნის სასამართლოში განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს გამდიდრების ნიშნები} და ხელყოფის ათვლა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მოპასუხემ შეიტყო რეგისტრირებული მესაკუთრის შესახებ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. ეს ნორმა კეთილსინდისიერ პირს აძლევს უფლებას, დაეყრდნოს გამდიდრების საფუძვლის მოსპობას. კეთილსინდისიერება გამოირიცხება უხეში გაუფრთხილებლობით არცოდნის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს საერთოდ არ გააჩნდა ნივთით სარგებლობის უფლებამოსილება (არაუფლებამოსილი, არაკეთილსინდისიერი მფლობელი) და, აქედან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენების საფუძველიც არ არსებობდა.
19. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ, მოპასუხე სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი ფლობით უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ყურადსაღებია, რომ მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება, სადავო ქონების მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის დღიდან (2009 წლის 11 თებერვლიდან) დაიწყო. ამდენად, მოპასუხემ დაზოგა თანხა, რასაც ის მოცემული ოდენობის ფართის ქირაობის შემთხვევაში გადაიხდიდა.
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის, 2009 წლის 11 თებერვლიდან, 2014 წლის წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, 2193.48 ლარის, ასევე, 2014 წლის 4 სექტემბრიდან ქონების გამოთავისუფლებამდე, ყოველდღიურად 1.08 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, სადავო უძრავი ქონების 1 კვ.მ შენობა-ნაგებობის წლიური სარგებლობის საფასური 5.25 ლარს, ხოლო, იმავე სადავო ქონების 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური - 4.50 ლარს შეადგენდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე, სადავო უძრავი ქონებიდან ფლობდა შენობა-ნაგებობის 34 კვ.მ -სა და იმავე სადავო ქონების მიწის ნაკვეთის 47.5 კვ. მ-ს. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ სადავო ფართის ყოველღიური ქირა 1.08 ლარს შეადგენდა. ამდენად, 2009 წლის 11 თებერვლიდან 2014 წლის 19 სექტემბრამდე პერიოდზე, მოპასუხემ დაზოგა ნივთის სარგებლობისათვის ქირა 2193.48 ლარის ოდენობით (2031 დღე *1.08 ლარზე).
21. გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხეზე დაკისრებულია 107.48 ლარი და ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხეს დამატებით უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2086 ლარი, ასევე 2014 წლის 4 სექტემბრიდან ქონების გამოთავისუფლებამდე ყოველდღიურად 1.08 ლარი.
22. საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა, სრულად შეესაბამება მოცემული ტიპის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ-ები: # ას-678-649-2016, 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება; # ას-472-448-2013, 2013 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება).
23. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად არ შეაფასა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
24. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
25. კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამდენად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის - 2209.6 ლარის (2193.48+ 1.08*15) 12 პროცენტის - 265.1 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3 და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;
4. შ.შ–ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 2086 (ორიათას ოთხმოცდაექვსი) ლარის გადახდა, ასევე ქონების გამოთავისუფლებამდე და მისი მოსარჩელისათვის გადაცემამდე, ყოველდღიურად 1.08 ლარის გადახდა;
5. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
6. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
7. შ.შ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირველი, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის, 265.1 ლარის გადახდა;
8. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
9. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი